რა ღირებულებებით ზრდის შვილებს მოდელი თეკლა ჩიჯავაძე - გზაპრესი

რა ღირებულებებით ზრდის შვილებს მოდელი თეკლა ჩიჯავაძე

მოდელმა თეკლა ჩიჯავაძემ, ისევე, როგორც ბევრმა სხვა ადამიანმა, 20 ივნისის აქციის შესახებ თავისი აზრი გამოხატა და მეორე დღესვე სოციალურ ქსელში დაწერა: "გუშინ, თავიდან მშვიდობიანი სახე ჰქონდა ყველაფერს, რომ არა პარლამენტში შევარდნის დაუოკებელი სურვილი! რა საჭირო იყო პარლამენტში შევარდნა, ამითი რა მოხდებოდა?! მშვიდობიანი გზით გვინდოდა პროტესტის გამოხატვა და მაინც "ნაციონალებმა" სათავისოდ გამოიყენეს ეს აქცია! და ისევ ხალხი დაზარალდა!

წადით "ნაცებიც" და "ქოცებიც" და ვინმე ნორმალური ადამიანი გამოჩნდეს, თორემ უკვე გაუსაძლისია ამ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ქართველები ერთმანეთს ვეტაკებით რუსის გამო!"

დატვირთული გრაფიკისა და გადაღებების მიუხედავად, თეკლა მაინც ახერხებს აქციაზე ყოველდღე მისვლას და მიიჩნევს, რომ ეს ყველა მოქალაქის ვალია.

- 20 ივნისის ღამესაც პარლამენტის წინ იდექით. გაიხსენეთ, რა მოხდა?

- შემაძრწუნებელია, როცა აგრესიული პოლიტიკის მქონე, ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის წარმომადგენელი შენს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც შენი ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, ზის და გელაპარაკება თავის ენაზე. ამ ყველაფერს კი ჩვენი მთავრობა გულხელდაკრეფილი ისმენს. ეს ჩვენი, ქართველების უდიდესი შეურაცხყოფაა და გასაკვირი არცაა, რომ ხალხი გარეთ გამოვიდა. მომხდარის შემდეგ გავაანალიზე, რომ მთავრობა ისევ წარსულში გვაბრუნებს და ეს ძალა სასწრაფოდ არის შესაცვლელი. სირცხვილია, ქართველი ესროდა ქართველს რუსის გამო. 20 ივნისი ჩემთვის მძიმე გასახსენებელია. იქ ვიყავი, როდესაც ცრემლსადენი გაზი გაუშვა პოლიციამ. შუა და უკანა რიგებში მდგარი ადამიანები ვერ ვაანალიზებდით, რატომ გვესროდა სპეცრაზმი გაზის შუშხუნებს, რადგან ჩვენ წინა რიგებში მომხდარ გაწევ-გამოწევაში არ ვმონაწილეობდით, ვიდექით მშვიდობიანად. მთავრობამ კი არ დაგვინდო. მერე არც ეს იკმარეს და რეზინის ტყვიებიც დაგვიშინეს, თან დამიზნებით, სახის არეში. გაირკვა, რომ ეს ტყვიები აკრძალულია და არ შეიძლება ხალხის წინააღმდეგ მისი გამოყენება. რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა, ეს უდიდესი დანაშაულია და აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ამ სისასტიკეში მიიღო მონაწილეობა, პირველ რიგში, გახარიამ უნდა დატოვოს პოსტი. დაუჯერებელი იყო, რაც იქ ხდებოდა, რადგან ჩვენი პროტესტი სავსებით სამართლიანი და მოსალოდნელი იყო მომხდარის შემდეგ.

- რადგან ასე აქტიურად და ღიად გამოხატავთ თქვენს აზრს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მინდა გკითხოთ როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, ყველაზე უფრო რა არ მოგწონთ? რაზე გაქვთ მძაფრი რეაქცია?

- "ქართული ოცნების" ბევრი გადაწყვეტილება არ მომწონდა, მაგრამ სულ რომ არაფერი დაეშავებინათ აქამდე, გავრილოვის გამო ქართველი ხალხის ასე სასტიკად დარბევის ამბავიც საკმარისია იმისთვის, რომ სავსებით შეგძულდეს ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც სათავეში გვიდგას. უკვე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ მთავრობა იმართება ერთი პირისგან, რომელსაც არ აქვს ქართული მენტალური ხასიათი, ქვეყანასა და ხალხს არათუ პროგრესისკენ, არამედ რეგრესისკენ მიათრევს. მათი არასწორი ნაბიჯების შედეგად ხალხი ღარიბდება, რაც თავისთავად, ქვეყნის გაღარიბებას იწვევს და ეს ყველაფერი ქაოსს ქმნის.

GzaPress- როგორც ვიცი, ყოველდღე მიდიხართ აქციაზე. პირველი 2 დღის თქვენეული შეფასება ვიცი, რაც პოსტებშიც აისახა და ამას აღარ გაგამეორებინებთ (ვგულისხმობ იმას, რომ "ნაციონალებმა" სათავისოდ გამოიყენეს ეს სიტუაცია). ახლა როგორია თქვენი თვალით დანახული მდგომარეობა რუსთაველზე?

- ყველაზე ძნელი მოსათმენია უსამართლობა. მივდივარ აქციაზე, რათა ვიბრძოლო სამართლიანობისთვის და გამოვხატო მშვიდობიანი პროტესტი. პირველი ორი დღე იყო უდიდესი ემოციის მატარებელი და ეს ემოცია არ ნელდება იმ უსამართლობის მიმართ, რაც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს. იქ ვდგავართ ყველანი, ვინც ვაანალიზებთ, რომ მომხდარი საზიანოა და ასე არ უნდა გაგრძელდეს. უნდა შეიცვალოს მთავრობა, რომ წინსვლა და ჩვენს ქვეყანაში კეთილდღეობის დამყარება შევძლოთ. "ქართულმა ოცნებამ" ერთი ხელის მოსმით ზიანი მიაყენა ტურიზმს, გაუფასურდა ლარიც და მართლა ოცნებად გვიქცია მოგზაურობა. თითქოს ერთ ტერიტორიაზე გვკეტავენ და სურთ, გაღარიბებულ ხალხზე იბატონონ. 2012 წელს მთავრობის ცვლილება ძალიან სწორი და წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში, საჭიროა, რომ 8 წელში ერთხელ შეიცვალოს მთავრობა, რადგან მათი მმართველობა ტირანიაში არ გადაიზარდოს. "ქართული ოცნების" დრო წარსულს ჰბარდება, მათმა პოლიტიკურმა მიდგომამ ქვეყანა სიღარიბესა და რუსულ მენტალიტეტში დააბრუნა, რაც ყველაზე დიდ პროტესტს იწვევს ხალხში. დიახ, ხალხმა პროტესტის ნიშნად პარლამენტში შევარდნა სცადა და ეს მოსალოდნელი იყო იმ აღშფოთების ფონზე, რაც იქ მძვინვარებდა. ამაზე ხელისუფლებას თავიდანვე უნდა ეფიქრა და ამ შემთხვევაში, ისევ მათზეა პასუხისმგებლობა, რასაც ღიად გაურბიან, თუნდაც მედიასთან. უდიდესი პოლიტიკური შეცდომაა, როცა ეპატიჟები და ქართული ღვინით უმასპინძლდები იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომელიც საზღვარს ყოველდღე უტიფრად სწევს. რუსეთი ოკუპანტია და არა სტუმარი, რომლის მიღებაც ქართველ ხალხს გაუხარდება. მათ პოლიტიკას წლებია, ვებრძვით და ეს შეცდომა "ქართულ ოცნებას" არასოდეს ეპატიება. რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენს მთავრობას ეკისრება ამ კონკრეტულ მომენტში. ისიც უნდა ითქვას, რომ უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება. მჯერა, ეს სისტემა გაამართლებს - რადგან ხალხი ჭრელია, პარლამენტიც უნდა იყოს ჭრელი და ყველას სათქმელი უნდა ითქვას ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში.

- მე მჯერა, რომ ჩვენი შვილები იცხოვრებენ მშვიდობიან და განვითარებულ ქვეყანაშიო, - წერთ. რაკი ეს თემები დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, რაკი ისმის საყვედურები იმის შესახებაც, რომ დღეს ბევრს აკლია პატრიოტიზმის შეგრძნება, როგორ გგონიათ, როგორ უნდა ვასწავლოთ მშობლებმა შვილებს სამშობლოს სიყვარული, ერთგულება... თვითონ რა ღირებულებებით ზრდით შვილებს?

- მყავს 3 წლის გოგო და 2 თვის ბიჭი. მათ, პირველ რიგში, ვასწავლი ჰუმანურობას, სიყვარულსა და ყველაფერ ღირებულს, რაც გაგვაჩნია ადამიანებს. დედა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფიგურაა ყველას ცხოვრებაში და ყოველთვის ვეცდები, ვიყო მათთვის საუკეთესო მეგობარი. პატრიოტიზმი კი, ჩემი აზრით, არ ისწავლება, ეს ყველა ჩვენგანში თავისით ჩნდება გარემოდან გამომდინარე. ჩვენი შვილები თავად სწავლობენ იმ ადგილის სიყვარულს, სადაც იბადებიან და იზრდებიან. მე ჩემს ქვეყანას ვაფასებ და მიყვარს არა იმიტომ, რომ მშობლებმა ასე მასწავლეს, არამედ იმიტომ, რომ ის უნიკალურია და მიყვარს, როგორიც არის. აქ დავიბადე, გავიზარდე და შეუძლებელია, საქართველო არ მიყვარდეს!

ნინო ჯავახიშვილი