ძიუდოისტი ერთი ოჯახით დასახლებული სვანური სოფლიდან - გზაპრესი

ძიუდოისტი ერთი ოჯახით დასახლებული სვანური სოფლიდან

2 ოქროს, 1 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი - ასეთია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შედეგი ევროპულ თამაშებზე. მედლების მფლობელები გახდნენ: ოქრო - ლუხუმ ჩხვიმიანი, გურამ თუშიშვილი; ვერცხლი - ვარლამ ლიპარტელიანი, ბრინჯაო - ამირან პაპინაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ლუკა მაისურაძე. ჩვენი რესპონდენტი მინსკიდან წარმატებით დაბრუნებული 26 წლის ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანია.

- მესტიის რაიონის სოფელ ლაყვრში დავიბადე და გავიზარდე. ეს მიკარგული ადგილია, რომლის შესახებ ბევრმა სვანეთში მცხოვრებელმაც არ იცის.

- რამდენი მოსახლეა?

- იმ ადგილას ჩემი ოჯახის გარდა, არავინ ცხოვრობდა. ჩვენგან 5 კილომეტრის რადიუსში იყო 30 ოჯახი და ჩვენგან ყველაზე ახლოს 2 კილომეტრის მოშორებით 4 ოჯახი ცხოვრობდა, ანუ ირგვლივ მეზობელი არ მყავდა. ოჯახში სამი დედმამიშვილი ვიზრდებოდით. მყავს და და ძმა. მე და ჩემს ძმას ფიზიკურად მამა გვავარჯიშებდა, მეორე კლასამდე სკოლაში გვერდით სოფელში, 2 კილომეტრის იქით დავდიოდი, ხოლო შემდეგ უკვე ზუგდიდში გადამიყვანეს. სვანეთში ხშირად იმართება სხვადასხვა დღესასწაული და დღეობა, რომელზეც შეჯიბრებები იმართება. მათში მეც ვმონაწილეობდი, ვჭიდაობდი და უმეტესწილად, ვიმარჯვებდი ხოლმე. ზუგდიდის სკოლაში რომ გადავედი, იქ ჩემმა უბნელებმა გამოთქვეს აზრი, რომ ბიჭებს გვევარჯიშა. მეც მქონდა ამის სურვილი და ერთ ადგილას მივედით, სადაც მსურველებს ძიუდოში ხანში შესული ვასო კვიციანი ავარჯიშებდა. მე და ჩემმა ძმამ, რომელიც ჩემზე 2 წლით უფროსია, მასთან ვარჯიში დავიწყეთ. რამდენიმე წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ეს ადამიანი გარდაიცვალა და სხვასთან მოგვიწია გადასვლამ. ზუგდიდში ვსწავლობდი, იქვე ვცხოვრობდი და ვვარჯიშობდით. 15 წლის რომ გავხდი, "ჭაბუკების საქართველო" მოვიგე. ამ გამარჯვების შემდეგ, აუცილებლად უნდა წამოვსულიყავი თბილისში, სადაც ნაკრებთან ერთად უნდა მევარჯიშა. თბილისში სახლი არ გვქონდა, ამიტომ მე, ჩემმა ძმამ და კიდევ ორმა სპორტსმენმა მეგობარმა ერთად, ჩვენი ნათესავის სახლში დავიწყეთ ცხოვრება და ოჯახები, როგორც შეეძლოთ, შორიდან გვეხმარებოდნენ. 15 წლის ბავშვს, რომელსაც დედაქალაქში არავინ მყავდა, არავის ვიცნობდი, არც გზა ვიცოდი, მარტოს მომიწია ფეხის ადგმამ. ყოველდღიურობაში ავითვისეთ ბევრი რამ და გავაცნობიერეთ, რომ დამოუკიდებლად უნდა დაგვეწყო ცხოვრება. "ჭაბუკების საქართველოს" მოგების შემდეგ, 2009 წელს ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკებს შორის მესამე და ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე ჭაბუკებს შორის კვლავ მესამე ადგილების მფლობელი გავხდი. თბილისში, გლდანში არსებობს ოლიმპიური მზადების ცენტრი, რომელსაც ინტერნატსაც ეძახიან. იქ აქტიურად მოასპარეზე სპორტსმენებს, რომლებიც ნაკრების წევრებად მოიაზრებიან, ცხოვრების შესაძლებლობა აქვთ. საქართველოში რომ დავბრუნდი, 2010 წლიდან დღემდე, ანუ უკვე 9 წელია გლდანში, ამ სპორტსკოლაში ვცხოვრობ. რა თქმა უნდა, ოჯახის გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდი და დღემდე ასეა, მაგრამ თუ რამეს მივაღწიე ჩემი კარიერის განმავლობაში, ეს ყველაფერი დამოუკიდებლად შევძელი. მეამაყება, რომ თუ რამეს მივაღწიე, ეს ყველაფერი ჩემი შრომის შედეგია.

- მთაში დაბადებულ-გაზრდილი ადამიანისთვის, ყველაზე რთული დედაქალაქში რა ეტაპი იყო?

- ქალაქის აკლიმატიზაციასთან შეგუების შემდეგ, ბევრ ხალხთან ურთიერთობებში შესვლა და "გახსნა" რთულია, მით უმეტეს, რომ მე მთაში დავიბადე, სადაც მეზობელი არ მყავდა. რთულია ისიც, რომ დილას სავარჯიშოდ მიდიხარ, შემდეგ მოდიხარ და თავად გიწევს საჭმლის მომზადება. საღამოს ისევ ვარჯიში, დაღლილი ბრუნდები შინ და კვლავ მარტომ უნდა იზრუნო საკუთარ თავზე. გადატვირთული რეჟიმი მქონდა, მაგრამ ყველაფერი დავძლიე და სპორტს თავი არ დავანებე. ბევრი შეჯიბრება წამიგია, იყო იმედგაცრუება, მიფიქრია თავის დანებებაზეც, მაგრამ ამ აზრებს მაინც სძლევდა ხოლმე იმედი და გამარჯვების ჟინი. ვფიქრობდი ხოლმე, სადაც აქამდე მოვედი, კიდევ უფრო შორს უნდა წავიდე-მეთქი (იღიმის). სწორედ ეს მაძლიერებდა, ეს ფიქრები ყველაზე დიდ მოტივაციას მაძლევდა, რომ მომეხერხებინა დიდ სპორტში ერთი-ორი ნაბიჯის გადადგმა, რათა "დამეწერა" ჩემი პატარა ისტორია.

GzaPress

- ახლახან დასრულებული ევროპული თამაშებიდან ოქროს მედალი ჩამოიტანეთ. საერთოდ, სხვადასხვა ასპარეზობამდე მზადების პროცესში, როგორია თქვენი განწყობა? ორიენტირი ყოველთვის პირველი ადგილია, თუ ამგვარი დიფერენციაცია ამ დროს მეორე ეტაპზეა? - ყველა სპორტსმენი ინდივიდუალურად ემზადება და ფიქრებიც განსხვავებულია. რაც შემეხება მე, არც ამ ევროპულ თამაშებზე და არც სხვა ტურნირზე, საკუთარი თავისთვის ამპარტავნულად არ მითქვამს, "წახვალ და აუცილებლად ჩემპიონი გახდები". თავს ყოველთვის მხოლოდ იმას ვთხოვ, მაქსიმუმი ვაკეთო. როგორც მე ვშრომობ, ვწვალობ, ვღვრი ოფლსა და სისხლს, ასევეა ყველა სპორტსმენი მთელ ევროპასა და მსოფლიოში; ბუნებრივია, ყველას სურს წარმატების მიღწევა. თუმცა, ვფიქრობ, სპორტი ისეთი რამაა, მხოლოდ მომზადება არაფერს წყვეტს. გამარჯვება უნდა გეკუთვნოდეს და ეს რას ნიშნავს, შევეცდები ავხსნა: პირველ რიგში, უნდა იყო ღმერთთან ახლოს და ყოველდღიური ვარჯიშის გარდა, უნდა აკეთო კეთილი საქმე - ამის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ. ასეთია ჩემი აზრი და ცხოვრებისეული გამოცდილება მაძლევს ამის თქმის საბაბს.

- საინტერესოდ ახსენით... ვარჯიშის გარდა, დროს რას უთმობთ?

- მიყვარს მეგობრებთან ერთად დასვენება, გართობა, ბუნებაში გასვლა. რაც შეეხება ჩემს სხვა სურვილებს, ყოველთვის მიხარია იმ საქმის კეთება, რომელიც ვიცი. სპორტდარბაზში იქნება თუ ქუჩაში, სხვისთვის ჩემი გამოცდილებისა თუ აზრის გაზიარება მომწონს. იმაზე დიდი სიამოვნება ჩემთვის არ არსებობს, როცა ადამიანს რამეში ვეხმარები და ამ დროს მის კმაყოფილ სახეს ვხედავ. ასეთ წუთებში მგონია, საკუთარ თავთან ყველაზე მართალი ვარ და ეს აუცილებლობად მიმაჩნია. ყველა ვალდებულები ვართ ასე მოვიქცეთ.

- ეს თვისება სამომავლოდ, როგორც მწვრთნელსაც, შეიძლება გამოგადგეთ. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ამ საქმეზე ხომ არ ფიქრობთ?

- ამაზე მიფიქრია. სიმართლე გითხრათ, ბავშვების აღზრდას ყოველდღიურად დიდი დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ ვინაიდან მთელი ცხოვრება ამ საქმით ვარ დაკავებული, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ალბათ იმაზე უკეთესს მომავალში ვერაფერს გავაკეთებ, თუ მომავალი თაობის აღზრდაში მივიღებ მონაწილეობას. ჩვენს ქვეყანაში არაერთი კუთხით არის კრიზისი, მაგრამ თითოეული ჩვენგანი ჩვენს საქმეს თუ გავაკეთებთ, ბევრად წინ წავიწევთ.

- ლუხუმ, ალბათ საზღვარგარეთ ძალიან უჭირთ თქვენი გვარის წარმოთქმა...

- (იღიმის) ჩემი გვარის გამოთქმა საქართველოშიც უჭირთ ხოლმე. საჯარო ადგილებში რომ მივდივარ და გვარ-სახელს მეკითხებიან, რამდენჯერმე გამეორება მიწევს. საზღვარგარეთ კი ალბათ, მხოლოდ 2 ბგერას თუ ამბობენ სწორად.

- სახელი ვინ შეგირჩიათ?

- დედაჩემს მოსწონდა ეს სახელი და მან დამარქვა. სხვათა შორის, მეც მომწონს.

- განსხვავებულია, კი.

- ეს სახელი XI კლასში მომეწონა, როცა ვაჟა-ფშაველას პოემას - "ბახტრიონი" გავეცანი. ხევისბერი ლუხუმი კარგი პერსონაჟია და მას შემდეგ მეც შემიყვარდა ჩემი სახელი (იღიმის).

- დაბოლოს, თქვენს უახლოეს გეგმებში რა შედის?

- მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება იწყება. ევროპული თამაშების გამარჯვების შემდეგ, მეტად ვგრძნობ, რომ შრომა ფასდება. ახლაც მაქსიმუმს მოვთხოვ თავს და ღმერთის გადასაწყვეტი იქნება, დავიმსახურებ თუ არა წარმატებას ან ნებისმიერი სინჯის მედალს.

- თქვენი მშობლები ახლაც სვანეთში ცხოვრობენ?

- არა, ამჟამად ჩემი ოჯახი თეთრიწყაროში ცხოვრობს. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ყოველთვის ის იყო, რომ სვანეთში, ჩემს სოფელში ლაყვრში სახლი ამეშენებინა. პირველივე შესაძლებლობის დროს წავალ და ამას გავაკეთებ. მერე იქ ჩემს შვილებსაც ჩავიყვან, გავატარებინებ ბავშვობას და აუცილებლად შევაყვარებ იმ ადგილს ისევე, როგორც მე მიყვარს.

- თქვენი ოცნების უახლოეს მომავალში ასრულებას და წარმატებას გისურვებთ!

- დიდი მადლობა.

ანა კალანდაძე