რატომ დადიოდა "ჩემმა მზემ" ჰოლივუდის ბულვარში ხანჯლით შეიარაღებული - გზაპრესი

რატომ დადიოდა "ჩემმა მზემ" ჰოლივუდის ბულვარში ხანჯლით შეიარაღებული

"როლის შესრულებაზე უარს არასოდეს ვიტყვი, რადგან წუთისოფლის დინებები საინტერესოა: ეს დინებები საით წაგიღებს, არ იცი, მაგრამ თუ მოწოდებით ისეთი ხარ, რომ სიყვარული თესო, გმართებს და მზად უნდა იყო, რომ ნებისმიერ სფეროში ასე მოიქცე. მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მებაღე, მზად ვარ, სიყვარული ვთესო," - გვითხრა გიორგი გილიგაშვილმა, რომელიც ახლახან ამერიკიდან დაბრუნდა. ჰოლივუდში Warner Bros-ის მსოფლიო პროდიუსერთა საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა. გაგვიმხილა, რომ ისეთი ადამიანების გაცნობა, ვინც მისგან განსხვავებულად აზროვნებენ, დიდი გამოწვევა იყო და მიაჩნია, რომ ასეთი ადამიანები უნდა შეიყვარო, როგორც თანაპლანეტელები. როგორც გიორგიმ გვითხრა, ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნო და საინტერესო პერსპექტივები გაუჩნდა...

- მე და ჩემი მეგობრები ჰოლივუდში ვიყავით. იქ რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის თაოსნობით გავემგზავრეთ და "კინო საქართველო" წარვადგინეთ. Warner Bros-ის The Producers Guild of America-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველო ჩვენი ეროვნული სამოსით, ისტორიით წარვადგინეთ. გვეკითხებოდნენ, ვინ ხართ, ასე რატომ ხართ შემოსილებიო? ფაქტობრივად, მსოფლიოს წამყვან პროდიუსერებს მეგობრულ სიტუაციაში ვესაუბრებოდით... ჩვენ Warner Bros-ის ერთ-ერთ პავილიონში ვიყავით. იქ ყოფნა ძალიან საინტერესო იყო, რადგან ჰოლივუდია და არ იცი, რა მოხდება. შეიძლება, შენმა ყოველმა ნაბიჯმა ცხოვრება შეცვალოს. ჩვენი ლამაზი დედამიწა ისეთი პატარაა, რომ სიმართლე გითხრათ, სიშორის განცდა ნამდვილად არ მქონია - აქვე, ორ ნაბიჯში, ოკეანის გადაღმა ვიყავი (იცინის). ზუსტად ასე ვფიქრობდი. უბრალოდ, იქ მართლა სხვაგვარი დამოკიდებულებები, კულტურაა. ევროპის ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ. ამერიკაში პირველად გახლდით. საინტერესო მოგზაურობა და გამოცდილება იყო. ძალიან საინტერესო კონტაქტები შევიძინეთ, როგორც მეგობრული, ასევე - საქმიანი. წინასწარ ვერ გეტყვით - ამის უფლებაც არ მაქვს, მაგრამ უფალმა უწყის, ხვალ-ზეგ სად და როგორ შეიძლება მიხილოთ თქვენი ქართველი ძმა (იღიმის).

- ალბათ, ცნობილ პიროვნებებსაც შეხვდი. ამის შესახებ გვიამბე...

- კონფერენციის ფარგლებში, დენი დევიტო და მაიკლ დუგლასი იყვნენ მოწვეული. ჩემთვის დენი დევიტო ბავშვობიდან უსაყვარლესი იყო და ჩემი წარმოსახვა ახლა თავადაც დაადასტურა, რომ მართლა ასეთია. არა მხოლოდ ის, ყველანი გაფაციცებით მიყურებდნენ ჩოხაში გამოწყობილს. რამდენიმემ მკითხა, - გვერდით პავილიონში Game of Thrones-ს გადაღებები ხომ არაა და იქიდან ხომ არ გამოხვედითო (იცინის)? ვეუბნებოდით, - არა, ეს ქართული თვითმყოფადი კულტურის ნაწილია-თქო. სანამ ჩემი წვერის სინამდვილეში დარწმუნდებოდნენ, მანამდე არ გვიჯერებდნენ, რომ რაც მემოსა, ჩვენი ისტორიის ნაწილი იყო და არა - წარმოსახვის. როცა წვერის სიგრძის ფაქტურას ამოწმებდნენ, რეალობაში რწმუნდებოდნენ, ანუ შეიძლება, კონკრეტული დღისთვის შეიმოსო, ტექსტი გაიზეპირო, წვერს კი 1 დღეში ვერ გაიზრდი. მერე უკვე მეუბნებოდნენ, - ვახ, შენ მართალს გვეუბნებოდი და ეს ფილმის სცენარი არ არის, მეგობაროო?.. ასე რომ, ყველაფერი საინტერესო იყო! იქ ჰოლივუდია, მსოფლიოსთვის ცნობილი ადამიანები დადიან. სიმართლე გითხრათ, ცნობილებთან ფოტოს გადაღების ფეტიში არც არასდროს მქონია. უბრალოდ, ჩვეულებრივ ფორმატში ხდება - ჩვენც იქ ვიყავით, ისინიც... მხოლოდ დენი და მაიკლი ვიცანით, თორემ მერწმუნეთ, იქ გაცილებით მნიშვნელოვანი ადამიანები იმყოფებოდნენ, ვინც დენი დენად აქცია და მაიკლი - მაიკლად. იქ იყვნენ ჰოლივუდის ტოპპროდიუსერები, რომლებმაც ფაქტობრივად, ჰოლივუდის ტოპინდუსტრია შექმნეს. მათთან თავისუფლად, ერთი ეზოს ფორმატში გვქონდა შეხვედრა, საუბარი... ბევრი რამ იყო დასამახსოვრებელი. იქ ყველანი რომ ისწავლიდნენ ფრაზას - "ჩემმა მზემ", იმედია, ამაში ეჭვი არ გეპარებათ (იცინის). ინტერესდებოდნენ - აბა, ქართულად რამე გვითხარი, გვასწავლეო. "მშვიდობა", "ჩემმა მზემ", "მე მიყვარს საქართველო" - უპირატესად, ამ ფრაზებს ვასწავლიდი.

GzaPress

- თქვენი ვიზიტი რა პერიოდს მოიცავდა? - საინტერესო 2-კვირიანი ვოიაჟი იყო, თავისი შიდაფრენებით: კალიფორნიაში ჩავფრინდით. ლოს-ანჯელესში, კონფერენციის ფარგლებში, ჩვენი სიტყვა ვთქვით. გვინდოდა, ჩვენ შესახებ ნახევარ ჰოლივუდს ელაპარაკა, მაგრამ მგონი, მთელი ჰოლივუდი ავალაპარაკეთ, ისეთი ეგზოტიკური, უცხო იყო ჩვენი გამოჩენა ასეთი ფორმით... 11 წელია, რაც ეს კონფერენცია ტარდება და საკუთარი ქვეყანა ასე არავის წარუდგენიაო, - გვეუბნებოდნენ და მადლობას გვიხდიდნენ. მომავალ კონფერენციაზე დიდი სიყვარულითა და სიმპათიით მიგვიწვიეს. არ სჯეროდათ, რომ "ნამდვილები" ვიყავით - ფილმიდან გადმომხტრებს ვგავდით.

შემდეგ გადავფრინდით ლას-ვეგასში, ნიუ-იორკში, მალიბუს პლაჟები ვნახეთ... თან, ჩემს სიმღერაზე პატარა კლიპიც გადავიღეთ. ლოს-ანჯელესში კატია (კატერინა) კლიშინა ცხოვრობს, რომელმაც "ინსტაგრამზე", ჩემს გვერდზე ფოტო ნახა თუ არა, დამირეკა, - არ გრცხვენია, ლოს-ანჯელესში ხარ და არ მირეკავო! - ახლა ჩამოვედი-მეთქი, - ვუთხარი (იცინის)... უსაყვარლესი კატია კლიპში გადავიღეთ - ვცეკვავთ... აღვბეჭდეთ მალიბუ, ბევერლი-ჰილზი, ჰოლივუდის ბულვარი... თავი გავიგიჟეთ. კლიპი ახლა მონტაჟდება.

- რომანტიკული კლიპია?

- სახალისოა და გინდა, არ გინდა, კატია ისეთი ლამაზია, რომ ალბათ, კლიპს რომანტიკული დეტალებიც ექნება. იქაურობა ისე ავიკელით, რომ ჯერ ვერ ვხვდები, რა გამოვა.

- რა შეგრძნება დაგიტოვა ამერიკამ?

- როგორიც მეგონა, ისეთი აღმოჩნდა: არაფერი - დიდი და არაფერი - პატარა. უბრალოდ, იქ სპაიდერმენი, სუპერმენი, აერონმენი დადიან და ხალხს ეუბნებიან, - 5 დოლარად ფოტო ხომ არ გინდა, მეგობაროო? წარმოიდგინეთ, მე პაპაჩემის ხანჯლით დავდიოდი, ოღონდ კაციშვილი ვერ იფიქრებდა, რომ ის ხანჯალი ნამდვილი იყო, თორემ შეიძლება, გისოსებს მიღმა აღმოვჩენილიყავი ან დიდი ჯარიმა მიმეღო. სუპერგმირებს პლასტმასის ხანჯლები ჰქონდათ, რომლებიც ნამდვილს ჰგავდა. ჩემი ხანჯალიც ნამდვილი არავის ეგონა. ასე დავდიოდი ჰოლივუდის ბულვარში. ვიღაცები მოდიოდნენ, - აუ, მეგობარო, შენთან ფოტოს გადაღება გვინდა. რომელი ფილმიდან ხარ? მოგვწონხარ, მაგრამ რომელი ფილმის პერსონაჟი ხარ, არ გვახსოვხარო. ვპასუხობდი, - ჯერ არ გადაუღიათ, მეგობარო, მალე გადაიღებენ-მეთქი (იცინის). "აერონმენს" დავუძმაკაცდი. იმ ქუჩაზე, სადაც ვცხოვრობდი, აერონმენის ფორმაში გამოწყობილი კაცი პირველი მხვდებოდა ხოლმე. მეკითხებოდა, - ვინ ხარო? შემდეგ ასე მესალმებოდა: - Hey, George from Georgia, how are you (იცინის)? მინდა აღვნიშნო, რომ ნიკოლოზ ხომასურიძე, რომელსაც ლოს-ანჯელესის კინოაკადემია აქვს დამთავრებული, ძალიან მონდომებულია, რომ საქართველოს, ქართული კინოს სახელი მსოფლიოში "გაიტანოს". ნიკოლოზის პროექტი - "ჯინსების თაობა" 1000 პროექტს შორის ხუთეულში მოხვდა. ტოპპროდიუსერებთან ერთად, ნიკოლოზმა რამდენიმეწუთიანი "სფიჩი" წარმოთქვა, თუ რატომ უნდა დააფინანსონ, გადაიღონ მათ "ჯინსების თაობა", რასაც დიდი მოწონება ხვდა წილად. შედეგს უახლოეს მომავალში ველით.

ასევე, ნიკოლოზს უნდა, რომ ფილმი - "საქართველო" გადაიღოს, რომელიც ქართული ცეკვის, სიმღერის, ღვინის ისტორიის შესახებ იქნება და ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის "სავიზიტო ბარათი" გახდება. ვინც ამ ფილმს ნახავს, მეტ-ნაკლებად მიხვდება, საქართველო რას წარმოადგენს და როგორი დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა...

ეთო ყორღანაშვილი