სად და როგორ დასვენებას ამჯობინებენ ნანუკა გულუა და დოჩი ალიშბაია - გზაპრესი

სად და როგორ დასვენებას ამჯობინებენ ნანუკა გულუა და დოჩი ალიშბაია

დოჩი ალიშბაიას ("ჩემი ცოლის დაქალები") როლის შემსრულებელ - ნანუკა გულუას ზაფხულის არდადეგების შესახებ ვესაუბრეთ. რა თქმა უნდა, ისიც ვკითხეთ, როგორია დოჩი ზღვის სანაპიროზე და თავად როგორ გამოიყურება პლაჟზე...

- ზაფხულზე ვგიჟდები, ისე მიყვარს! ყველაზე ბედნიერი წლის ამ დროს ვარ - საზაფხულო არდადეგები ძალიან მიხარია! საერთოდ, ჩემთვის ზღვა დასვენების ერთადერთი საშუალებაა.

- რა ასაკში ნახე ზღვა პირველად და როგორი შთაბეჭდილება მიიღე?

- ალბათ, ძალიან მცირე ასაკში ვნახე, რადგან ანაკლიასთან ახლოს ვცხოვრობ. ზღვის ნახვისას გამოწვეული პირველი ემოციაც არ მახსოვს.

- საზღვაო სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადები?

- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, მაგრამ როგორც ყველა, მეც ვცდილობ, ამ პერიოდში უფრო მეტად "ვიდიეტო", სხეულის კარგ ფორმაში ყოფნისთვის პროცედურები ჩავიტარო, თუმცა ამ მხრივ, წელს სიახლე მაქვს - მაინცდამაინც ახლა გავაძლიერე კვება, როცა ზღვის სეზონი დადგა. ალბათ, ეს იმის ნიშანია, რომ ცხოვრებაში ბევრი სიახლე მექნება.

- ოდესმე, საცურაო კოსტიუმში გამოწყობილს, პლაჟზე გამოჩენის კომპლექსი გქონია?

- სხვათა შორის, არა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვმალავ - ძალიან დიდი წონის გახლდით, თავად ამ წონის რეალურად აღქმა მიჭირდა, ამას მოგვიანებით მივხვდი. სხეულის ისეთი ფორმებით, როგორიც მქონდა, მეგონა, რომ ძალიან კარგად გამოვიყურებოდი. ამიტომ არ მახსენდება, რომ პლაჟზე გასვლის, საცურაო კოსტიუმის ჩაცმის კომპლექსი მქონოდა. ეს კომპლექსი ახლა უფრო მაქვს, ვიდრე მაშინ, რადგან მგონია, რომ ხალხი ახლა მეტად მაკვირდება, უფრო მეტ ყურადღებას ვგრძნობ...

- ზღვის სანაპიროზე გარუჯვას, დასვენებას ახერხებ? ალბათ, ფოტოების გადაღებას ბევრი გთხოვს, შენთან გამოლაპარაკებას ცდილობენ...

- რთულად, მაგრამ მაინც ვახერხებ, როგორ არა! ჩემს სანახავად გონიო და კვარიათიდან არ მოდიან, რომ ფოტო გადამიღონ - ბრიტნი სპირსის ამბიციები არ მაქვს, მაგრამ იქვე პერიმეტრში, სადაც ვარ, მოდიან, ფოტოს გადაიღებენ და მორჩა. ეს რამდენიმეწუთიანი პროცესია. დამღლელი ნამდვილად არ არის. წინა ზაფხულს ასე იყო: მე და სალომე შარვაძე ერთად ვისვენებდით. პლაჟზე ხან სალომე შარვაძე იცვამდა, ხან - მე. ცოტათი "ჩაცმული რუჯი" გვქონდა, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, როცა პოპულარულ სერიალში ერთ-ერთი მთავარი გმირის როლის შემსრულებელი ხდები, ანუ რაც ამ ყველაფერს თან ახლავს, ამისთვის მზად ვართ. ნამზეურზე მეტ სიამოვნებას, ხალხის სიყვარულისა და ყურადღებისგან ვიღებ.

- საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ფოტოებს არ იღებ?

- არა, რა თქმა უნდა, რადგან მიმაჩნია, რომ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილმა ფოტო მხოლოდ მან უნდა გადაიღოს, ვინც მოდელია და ეს ყველაფერი პორტფოლიოსთვის სჭირდება. დანარჩენ შემთხვევებში, მგონია, რომ ბიკინიში ფოტოს გადაღება ყველაზე უხერხული საქციელია. ყველა ფოტო რაღაცას გამოხატავს. ბიკინიში ფოტოც ერთგვარი მესიჯია, მე კი საზოგადოებისთვის ისეთი მესიჯები არ მაქვს, რომ ბიკინიში გამოწყობილმა მივაწოდო. ამიტომ მათთვის პოზირებას ჩაცმული განვაგრძობ.

- ბიკინი თუ მთლიანი საცურაო კოსტიუმი - უპირატესობას რომელს ანიჭებ?

- ერთიც და მეორეც მომწონს. მაგალითად, წინათ ბიკინი მომწონდა, ახლა, როცა მთლიანი საცურაო კოსტიუმები მოდაში შემოვიდა, მეც მომწონს. ისე, გააჩნია, ქალს როგორი აღნაგობა აქვს: ზოგს სხეულზე მუცელი არ აქვს. მაგალითად, პირადად მე, წელს ზემოთ ძალიან "თხელი" ვარ. ჩემი მთელი პრობლემური ზონა წელს ქვემოთ არის. ამიტომ მთლიანი "კუპალნიკი" რაღაცნაირად, ძალიან მიხდება და ბოლო დროს, მთლიანს ვანიჭებ უპირატესობას.

- ყურადღებას აქცევ, როგორი მოდელის ან ფერის საცურაო კოსტიუმია მოდური?

- რადგან ატელიე და მაღაზია მაქვს - ჩემი ძირითადი საქმიანობა ეს არის (მეგობრებთან ერთად), მოდური ტენდენციებისთვის თვალის მიდევნება მიწევს, მაგრამ რომ გითხრა, აუცილებლად მოდის ბოლო ტენდენციების მიხედვით ვიცვამ-მეთქი, მოგატყუებ. ყოველთვის ვიცი, რა მიხდება, რა მინდა. ამიტომ ამას ვაქცევ ყურადღებას.

- კარგად ცურავ?

- კი, კარგად.

GzaPress

- ცურვისას ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩენილხარ? - ასეთი შემთხვევა ხშირად მქონია: რადგან კარგად ვცურავ, ცურვისას თამამი ვარ, ანუ ზღვაში ძლიერი ტალღების დროსაც შევსულვარ, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულებულა - ცოცხალი ვარ. ამ შემთხვევების შემდეგ ვცდილობ, უფრო ფრთხილი ვიყო.

- მხოლოდ ზღვაზე ისვენებ თუ მთის კურორტებსაც სტუმრობ?

- იცი, როგორ ხდება? თუ მთის კურორტზე აღმოვჩნდები (მაქსიმუმ 1-2 დღით), ჩემთვის აუცილებელი მოტივაცია ის საზოგადოება უნდა იყოს, ვისთან ერთადაც მთაში მივდივარ. გამორიცხულია, რომ მთაში დასვენებით სიამოვნება მივიღო.

- ახლა გადაღებები გაქვს. თბილისის სიცხეს სად აფარებ თავს?

- თუ მცალია, აუზზე მივდივარ. ჯერჯერობით, დაგეგმილიც არ მაქვს, თუ როგორ გავატარებ ზაფხულს. ზღვაზე 2-3-დღიანი ტური - მეგობრული ჩასვლა-ჩამოსვლა გვექნება, მაგრამ ძირითადად, სად დავისვენებ, ჯერჯერობით არ ვიცი. საერთოდ, სიცხე არ მაწუხებს. ასეთი ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ძლიერ სიცხეშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ - არ მცხელა.

- საქართველოში არსებული ზღვის კურორტებიდან, შენთვის ყველაზე სასურველი რომელია?

- კვარიათი. წლებია, რაც ჩემი საზაფხულო არდადეგები კვარიათში ვიზიტის გარეშე არ მახსენდება. კვარიათი ის ადგილია, სადაც ყოველ ზაფხულს უნდა ჩავიდე და დავისვენო.

- კვარიათი რატომ გიზიდავს?

- ჩემი და ჩემი მეგობრების საყვარელი ადგილია. ყოველ წელს ერთსა და იმავე სასტუმრო-სახლს ვსტუმრობთ, რომელშიც ფაქტობრივად, გავიზარდეთ. იქ ყველას ვიცნობთ, ყველა გვიყვარს, კვარიათში არსებული ლოკაციები მოგვწონს, სიმშვიდეა - თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. მოკლედ, დასასვენებლად გადასარევი ადგილია, ჩემი შექება არ სჭირდება. კვარიათში თუ არ ჩავედი, მიმაჩნია, რომ იმ ზაფხულს კარგად ვერ დავისვენე.

- მშობლების მეთვალყურეობის გარეშე, პირველად სად და როდის დაისვენე?

- პირველ კურსზე სწავლა რომ დავასრულე, იმ ზაფხულს სამეგობრო ზღვაზე, ქობულეთში წავედით. გაგიჟებული, გაოგნებული ვიყავი! ყოველი დღის ემოცია მახსოვს. პირველად იქ შევიგრძენი, რომ "დიდი", დამოუკიდებელი გოგო ვარ.

- მეგობრები როგორ ერთობოდით?

- მახსოვს, ყველაფერს ვაკეთებდით, რაც თავში აზრად მოგვივიდოდა. იმ ასაკში ადამიანი ძალიან ლაღი და ბედნიერი ხარ. რა ფანტაზიაც გვქონდა, სავარაუდოდ, ყველაფერს გავაკეთებდით. დეტალურად არ მახსოვს, მაგრამ დამოუკიდებლობა მაქსიმალურად ბოლომდე შევიგრძენით და ეს ძალიან კარგი ემოცია იყო!

- უცხოეთის კურორტებს თუ სტუმრობ?

- მზე და ზღვა მიყვარს. ამიტომ საზღვაო კურორტებზე ვგიჟდები! ვაღიარებ, რომ ევროპის იმ ნაწილში, სადაც ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით უნდა მიიღო სიამოვნება, მოგზაურობის დიდი მოყვარული არ ვარ. იცი, რა, ჯერ პატარა ვარ - ჩემთვის დასვენება ზღვა და გართობაა. იმ ასაკამდე უნდა გავიზარდო, რომ მშვიდად დასვენება მომინდეს (იღიმის).

- საქართველოს კურორტებზე არსებულ მომსახურების ხარისხზე, ფასზე რას გვეტყვი?

- საერთოდ, კრიტიკა ძალიან მიჭირს, მით უმეტეს - რაიმე სფეროსი. ვხვდები, ესა თუ ის პრობლემა რა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. იმ ფაქტში, რომ ქართველები სტუმართმოყვარეები ვართ, ადამიანები გვიყვარს, ეჭვი არავის გვეპარება. უცხო ადამიანთან კონტაქტი, მათთვის მასპინძლობა, სიამოვნების მინიჭება გვიხარია - ეს საკითხი სადავო არ არის. თუ ისე ხდება, რომ მომსახურების სფეროში პრობლემები თავს იჩენს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტულ ობიექტზე პერსონალს მოტივაცია, შესაბამისი ანაზღაურება და დაფასება არ აქვს. ადამიანი, ვინც თავისი სამსახურით კმაყოფილია, აუცილებლად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კომპანიის სახელი "წინ წავიდეს". ამიტომ მგონია, მიზეზი მხოლოდ ეს არის: მომსახურე პერსონალს არ ვაფასებთ. შესაბამისად, მათგან ვერ მოვითხოვთ, რომ ჩვენი სტუმრები დააფასონ. ისე, პირადად მე, ასეთი შენიშვნები ნაკლებად მაქვს, მით უმეტეს - ახლა, როცა ჩემ მიმართ ყველა განსაკუთრებულად თბილ და ტკბილ დამოკიდებულებას გამოხატავს. მათთან კარგი კონტაქტით მეც გამოვირჩევი. ამიტომ, ჩვენ შორის ჰარმონიაა და ვერ ვიტყვი, რომ სადღაც განსაკუთრებულად ცუდი მომსახურებაა. საერთოდ, ქართველებს გვახასიათებს, რომ კრიტიკა საკუთარიდან დავიწყოთ, თორემ მაგალითად, ჩვენთან ფასების პოლიტიკით ტურისტები გაოგნებულები არიან, ისეთი დაბალი ფასებია.

- შენი აზრით, დოჩი ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად წავიდოდა?

- ის ნანუკასგან განსხვავებული იქნებოდა. დასასვენებლად საოჯახო პაკეტით გაემგზავრებოდა, ტონისთან ერთად, ძვირფასი პარეოებით "შეფუთული", ძვირად ღირებული საზღვაო სამოსით... უკაცრავად, ბოდიშს გიხდით, მაგრამ დოჩი კვარიათში არ წავიდოდა - სადმე კუნძულზე გაემგზავრებოდა და მდიდრულ, აბრეშუმის პარეოებსაც თან წაიღებდა... უფ, უცებ მომინდა, რომ დოჩი ვიყო (იცინის)!..

ეთო ყორღანაშვილი