"დასჯის მიზნით, ბაღში მასწავლებელმა ჩაი კაბაზე გადამასხა"
font-large font-small
"დასჯის მიზნით, ბაღში მასწავლებელმა ჩაი კაბაზე გადამასხა"
გვანცა კანდელაკის რომანტიკული 90-იანი წლები

ახმეტელის თეატრის მსახიობის, გვანცა კანდელაკის ცხოვრებისეულ შთაბეჭდილებებში ალბათ, ბევრი მისი თაობის წარმომადგენელი იპოვის ნაცნობ მოვლენებს, რადგან გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოვლილ ადამიანებს ბევრი რამ აქვთ საერთო. როგორც აღმოჩნდა, გვანცას საკმაოდ ადრეული ასაკიდან მოვლენები კადრებად ახსოვს. შინ ძალიან ბევრი დღიურს ინახავს, რომლებსაც წლების განმავლობაში წერდა. ახლახან გადაუკითხავს და ჩანაწერების მიხედვით, მისი ცხოვრების ბევრი მოვლენა უკეთ აღუდგენია. ფიქრობს, რომ დღიურებს ვერ შეელევა, მომავალში კიდევ წაიკითხავს, თუნდაც იმიტომ, რომ გაიხსენოს, როგორი იყო წლების წინ.


- ვის უზიარებთ თქვენს ემოციებს თუ შთაბეჭდილებებს უფრო ხშირად, მეგობრებს თუ ოჯახის წევრებს?
- გულჩათხრობილი არ ვარ, ყოველთვის ყველაფერი უნდა ვთქვა. პირველ რიგში, ჩემს ემოციებს ოჯახის წევრებს ვუზიარებ, რა თქმა უნდა, მეგობრებსაც, მაგრამ ძირითადი "დატვირთვა" მაინც ოჯახზე მოდის. ბავშვობიდან ასეა, ჯერ კიდევ ბაღის პერიოდიდან მოყოლებული. დღემდე ვუყვები მათ ჩემს ყოველდღიურ შთაბეჭდილებებს და თან, ძალიან ემოციურად (იღიმის).
- როგორც წესი, პირველი მოგონებები ბაღის პერიოდიდან მოგვყვება. თქვენ როგორ იხსენებთ იმ პერიოდს?
- ბაღში გატარებული დრო ცუდად არ მახსენდება, თუმცა მომწონდა მანამ, სანამ კვების საათი მოვიდოდა. დღემდე არ მიყვარს ბაღის სპეციფიკური სუნი. შეიძლება დღეს ასე აღარ არის, მაგრამ კომუნისტური პერიოდის ბაღში იდგა დამახასიათებელი სუნი. არ მსიამოვნებდა იმ გრძელი კარადების დანახვაც, ჩვენ ნივთებს რომ ვინახავდით.
- მეც იმავე პერიოდში დავდიოდი ბაღში, როცა თქვენ და ერთადერთი, რაც იქ არ მიყვარდა, ხორციანი ჩაშუშული კომბოსტო იყო. კერძებსაც იწუნებდით?
- ბაღში ჭამა მეც არ მიყვარდა, მაგრამ რასაც დიდი სიამოვნებით ველოდი, ეს იყო ჩაი და ვაშლი, რომელსაც ორად ჰყოფდნენ. ბავშვობაში ხორციან კერძებს ვერ ვჭამდი და ერთხელაც, ბაღში ასეთი საკვების ჭამა რომ გავაპროტესტე, ჩვენი მასწავლებელი-ძიძა დამემუქრა, - თუ არ შეჭამ, ჩაის კაბაზე გადაგასხამო. ახალი კაბა მეცვა და მართლა დამასხა ზედ ჩაი. ეტყობა, მისი სადამსჯელო მეთოდი ასეთი იყო. მაინც არ ვჭამე (იღიმის). მახსოვს, ჩემი მეგობრები როგორ მანუგეშებდნენ, - არა უშავს, შენ არ ინერვიულო, კაბა რომ გაშრება, ლაქები არ დაეტყობაო. ასეც მოხდა და თან, ადამიანური თანაგრძნობის მომენტი პირველად მაშინ ვიგრძენი. მიუხედავად იმისი, რომ მე და ის ბავშვები ჯგუფელები ვიყავით, მაინც ჩემთვის უცხო ადამიანები იყვნენ და ეს მეგობრული მხარდაჭერა მესიამოვნა.
- მომხდარის შესახებ მშობელს უთხარით?
- სხვათა შორის, ამას წინათ გავიხსენე ეს ამბავი დედაჩემთან დიალოგში და აღმოჩნდა, რომ მისთვის ნათქვამი არ მქონდა.
- დღეს ასეთი ფაქტის შესახებ მშობელს რომ გაეგო, პედაგოგს ბაღიდან გაუშვებდნენ, არასამთავრობოები ჩაერთვებოდნენ და ა.შ.
- დღეს ასე იქნებოდა, მაგრამ მაშინ აღზრდის სხვა მეთოდები იყო, გაცილებით მკაცრი. ფიქრობდნენ, რომ ბავშვს რაც უფრო მეტ რამეს აუკრძალავ, მით უფრო წესიერი გაიზრდება. სინამდვილეში ასე არ არის.
- მომდევნო წლებიდან, თქვენი ცხოვრების ყველაზე ნათელ მოგონებად რას მიიჩნევთ?
- ბაღის პერიოდში დიადი კომუნიზმი მეფობდა, მაგრამ სკოლის ასაკში უკვე დაიწყო ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა. ისევე, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ამაში ჩემი ოჯახიც იყო ჩართული. დედაჩემი ბუღალტერია, მამა ისტორიკოსი და მახსოვს, მე და ჩემს უმცროს ძმას ისტორიულ ფაქტებს ისე გვიყვებოდა, როგორც ზღაპრებს. ალბათ აქედან გამომდინარე, სამშობლოს ცნება ყოველთვის გამძაფრებული მქონდა. ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, მიტინგებზე მშობლებს დავყავდით და მახსოვს ის შთაბეჭდილებებიც. ისიც მახსოვს, ჩვენი სახლის ფანჯრების წინ ორმა ტანკმა რომ ჩაიარა და უცებ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მამა სახლში არ იყო, დედა კი ცდილობდა, ნერვიულობა არ შესტყობოდა, მაგრამ ბავშვები ყოველთვის ხვდებიან მშობლების განცდებს. ეს უკვე 9 აპრილის მოვლენების პერიოდი იყო. მამა მშვიდობით დაბრუნდა სახლში, მაგრამ მახსოვს ერთი ფაქტი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. მაშინ მივხვდი, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყანა, ადამიანები, რომლებთანაც საერთო იდენტობა გაქვს, რომლებიც შენ გვერდით ცხოვრობენ და თუ როგორი ღირებულია თითოეული მათგანი. მაშინ არ იყო ადგილიდან პირდაპირი ჩართვები და სიუჟეტები ჩანაწერების სახით მზადდებოდა. 9 აპრილიდან რამდენიმე დღეში, ტელევიზიით გადმოიცემოდა კადრები, სადაც მთავრობის სასახლის წინ ადამიანები მიდიოდნენ და ტიტებს აწყობდნენ. დედის გვერდით ვიჯექი, მის კალთაში მედო თავი და მოულოდნელად ისტერიკული ტირილი ამიტყდა. ეს იყო გაუაზრებელი ემოცია, მაგრამ ვტიროდი შეუჩერებლად და ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როცა დედა არ მაწყნარებდა. ალბათ სწორედ ასეთ მოვლენებზე ამბობენ ხოლმე, სისხლი ყივისო. როცა წამოვიზარდე, მერე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ინსტინქტის დონეზე ხდება. ასეთ დროს მშობელმა შვილი არ უნდა დააწყნაროს, რადგან ეს მან უნდა გამოცადოს და განიცადოს.
- ფაქტია, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, დასტრესილი თაობა ვართ. იმედი მაქვს, ჩვენი შვილიშვილების თაობას მაინც მოუწევს სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრება.
- ჩვენი ბებიებისა და ბაბუების თაობამ ვერ მოახერხა შვილების დაპირისპირება აეცილებინა. ეს ვერც ჩვენმა მშობლების თაობამ მოახერხა და ახლა მგონია, რომ სწორედ ჩვენი გასაკეთებელია ეს! იქნებ ჩვენმა თაობამ მაინც მოახერხოს და შვილები ავაცილოთ უარყოფით მოვლენებს. არ შეიძლება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ქვეყნის მთავარ მოედანზე შენი ქვეყნის იდენტობის დაცვა გიწევდეს. არ მინდა ჩემმა შვილმა ეს გააკეთოს. მინდა ის ცხოვრობდეს დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც არ იქნება ოკუპირებული ტერიტორიები და იქნება სიმშვიდე.
GzaPress
- გაიხსენეთ შთაბეჭდილება, რომელიც დიდხანს გაგყვათ...
- 90-იანი წლების პერიოდია. არაფერი იშოვება. საახალწლო სამზადისია და ოჯახი გასული ვართ ბაზარში. პროდუქტი რომ შევიძინეთ და სახლში ვბრუნდებოდით, დეზერტირების ბაზრის შესასვლელში დავინახეთ ერთი მოხუცი კაცი, რომელიც ჩურჩხელებსა და ტყლაპს ყიდდა. გამვლელებს შეძენას სთხოვდა. მთელი თანხა, რაც საახალწლო საყიდლებისთვის გვქონდა განსაზღვრული, დახარჯული იყო და ამიტომ, ვერაფერს ვიყიდდით. პერმანენტულად სულ მახსენდება იმ ადამიანის განწირული ხვეწნა... დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი მშობლებზე ნაწყენი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დამნაშავე სახეებით მიხსნიდნენ, თუ რატომ ვერ შევიძინეთ იმ კაცისგან ჩურჩხელა ან ტყლაპი, მაინც ვბრაზობდი.
- 90-იანმა წლებმა ბევრი კომპლექსი და უარყოფითი განცდა დატოვა ჩემში და მხოლოდ მე არ ვარ ასე...
- სულ ვამბობ, პაპაჩემს გავლილი ჰქონდა შიმშილობის პერიოდი და ამის გამო მთელი ცხოვრება იმარაგებდა პროდუქტს, ფქვილს, შაქარს; სოფელში მიდიოდა და ბევრს შრომობდა, მოსავალი რომ მოეყვანა. არასოდეს გადააგდება პურის ნატეხს, საჭმელს არ დატოვებდა და ა.შ. მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს იყო მარადიული დაღი, რომელიც ომის პერიოდიდან დარჩა, რომელიც გონებაში ილექება და არასოდეს ქრება... თუმცა, მხოლოდ ცუდზე რომ არ ვილაპარაკოთ, მეორე მხრივ, ისიც მინდა ვთქვა, რომ 90-იანი წლები მახსენდება ძალიან კარგადაც (იღიმის). მაშინ მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ შვილებისთვის შეექმნათ იმ სახის კომფორტი, როგორიც შეეძლოთ. მამას დამსახურებაა, რომ შემიყვარდა ლიტერატურა, ცეკვა, სიმღერა, თეატრი... ღამით შუქი რომ ქრებოდა, სანთლის შუქზე ვიკრიბებოდით, მბჟუტავი გაზით ვცდილობდით გათბობას და ასეთ დროს მამა ხან გიტარაზე უკრავდა, ხან ლექსებს გვიკითხავდა, ხან სხვა ნაწარმოებებს. სანთლის შუქზე გვიხდიდნენ დაბადების დღეებს, ბავშვებს გვკრებდნენ და გვათამაშებდნენ. ეს იყო გართობაც და ამავდროულად, განმანათლებლური გზაც, რომელმაც საერთო ჯამში, ხელოვნება შემაყვარა. სანთლის შუქი, გიტარა, ლექსები და სიმღერები იყო ჩემთვის ძალიან რომანტიკული. მას შემდეგ ვიცი, რომ როგორი სიდუხჭირე და რთული სიტუაციაც უნდა იყოს, მთავარია ადამიანის განწყობა.
- ვინ არიან ადამიანები, ვინც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარუშლელი შთაბეჭდილებები მოახდინა თქვენზე...
- პირველ რიგში, ეს არის მამა, შემდეგ - რეზო ჩხეიძე, რომელმაც თავის ჯგუფში ამიყვანა და საშუალება მომცა მსახიობი გავმხდარიყავი. დავასახელებ თემურ ფალავანდიშვილს, რომელიც ბატონ რეზოსთან ერთად ჩემი პედაგოგი იყო და ძალიან ვაფასებ ამ ადამიანს. ბატონი ლეო ანთაძე, რომელიც მეორე მამაა ჩემთვის შემოქმედებით საკითხებში. ბევრი რამ ვისწავლე იმ რეჟისორებისგანაც, რომლებმაც სპექტაკლებში დამაკავეს. მსახიობი აკაკი ხიდაშელისგან კი ვისწავლე, თუ როგორი უნდა იყოს კარგი პარტნიორი სცენაზე. ამათ გარდა, ძალიან ბევრი ასეთი ადამიანია და ყველას მადლიერი ვარ.
- დაბოლოს, დაასახელეთ სამი პიროვნება, ვის შთაბეჭდილებასაც ჩანაწერების სახით ქცეულს, ინტერესით გაეცნობოდით.
- ასეთი ბევრია, მაგრამ რადგან სამი უნდა დავასახელო, ასე ვიტყვი: წავიკითხავდი დედაჩემის ჩანაწერებს, რომელსაც კიდევ უფრო კარგად და სხვა კუთხით გავიცნობდი. სიამოვნებით წავიკითხავდი ღმერთის ჩანაწერებს (იცინის). შეიძლება არაპოპულარული, ძალიან უტოპიური და წარმოუდგენელია რასაც ვამბობ, მაგრამ მაინტერესებს რას ფიქრობს ის ჩვენზე და მთელ სამყაროზე. მესამე იქნებოდა შვილი - მის ჩანაწერებს სიამოვნებით წავიკითხავდი. დამაინტერესებდა, რას ფიქრობს იმის მიღმა, რასაც ამხელს და მეუბნება. ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემთვის მისი ემოციები და აზრები. მერე შევადარებდი ჩემს, დედას და ჩემი შვილის ჩანაწერებს და ამგვარად, თაობების ცვალებადობის სქემასავით "დავაწყობდი".
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნუკრი კაპანაძის თავისუფლება და საკუთარი თავისთვის დაწესებული აკრძალვები
ნუგზარ ჯუღელის სიკვდილის შემდეგ გამხელილი საიდუმლოებები
"მიწის სახლი სუნთქავს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით"
საკუთარ თავზე გაგონილმა რა ჭორმა გააოცა ბექა ბროლაძე
"პოლიტიკაში რომ მოვიდე, ვიღაცის მარიონეტი უნდა გავხდე"
ბედნიერების "რეცეპტი" მომხიბვლელი მაგდა ვასაძისგან
"ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრება პატარა ბავშვად რჩება"
რა ასწავლა საკუთარმა გამოცდილებამ ირინა ონაშვილს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
543 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი