გრძნობა, რომელიც სცდება მთელ გალაქტიკას - გზაპრესი

გრძნობა, რომელიც სცდება მთელ გალაქტიკას

"მასტერშეფის" წამყვანი, მსახიობი რუსკა მაყაშვილი ჩვეული ენერგიულობით ახალისებს შოუს. როგორც იცით, აზარტული და გემრიელი კულინარიული შოუს მონაწილეები ერთმანეთს კერძების მომზადებაში ეჯიბრებიან. იმას, თუ ვინ მოხვდება ფინალში, პროფესიონალი შეფმზარეულები გადაწყვეტენ და შეაფასებენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ რუსკაც არანაკლები გურმანი ყოფილა. გადაცემის ჩაწერის დროს ცოტა ხნით მოვახერხეთ მასთან გასაუბრება.

- რუსკა, თვითონ თუ ხარ გურმანი და თუ გიყვარს გემრიელობები?

- სხვათა შორის, ჭამა და გემრიელი რამერუმეები მიყვარს. შეიძლება, გარეგნულად არ მეტყობა, მაგრამ ასეა. "მასტერშეფი" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გემრიელი პროექტია, რომელსაც პროფესიონალები აკეთებენ. ვცდილობ, ყველაფერი გავსინჯო. ჩაწერის დროს თითქმის ყველა მონაწილის გაკეთებული კერძი დავაგემოვნე.

- თვითონ როგორი კულინარი ხარ?

- სადილების მომზადება ვიცი, მაგრამ დროის სიმცირის გამო, იშვიათად მიწევს.

- ესე იგი, პატარას ვერ ანებივრებ დედის მომზადებული კერძებით.

- ილია ისეთი გურმანია, რა უნდა მისცე, რომ არ ჭამოს, ყველაფერზე პირს აღებს. პატარაობიდანვე, ბროკოლიდან დაწყებული, ხინკლით დამთავრებული, ყველაფერს მიირთმევდა. ვაიმე, ახლა ეს გავაკეთოთ და ახლა ის, ასე არ ხდება ჩვენთან. დაპანიკებული დედა არ ვარ, ზედმეტად სათუთად რომ ზრდიან შვილებს. სხვათა შორის, კაცური საჭმელები უფრო უყვარს - ხინკალი, მწვადი. ძალიან პატარა იყო, ხინკალი რომ გავასინჯე და მოეწონა.

GzaPress

- კიდევ, რა შეგიძლია მითხრა ილიაზე, როგორი ბავშვია? - რაღაცნაირად განსაკუთრებული გამოვიდა, მართლა (იცინის), სასაცილოა, კეთილია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ძალიან საყვარელია. ალბათ, ყველა დედისთვის ასეა, მაგრამ... უზარმაზარი ენერგია აქვს, ვერ დაღლი. ბავშვი ცელქი კი უნდა იყოს, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, ასეთ ცელქი თუ იქნებოდა. ძიძა არ მყავს, ძიძების ფობია მაქვს და ამიტომ, მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, მაქსიმალურად მეტი დრო გავატაროთ მასთან. ბევრი რამის კეთება მინდა, მაგრამ დრო აღარ მრჩება - ათვლა იწყება ილიადან, ჯერ ის არის მთავარი. ერთხანს სამსახურშიც დამყავდა, მაგრამ ახლა უკვე ძალიან მოუსვენარია და შეუძლებელია მისი სამსახურში მოყვანა, არავის არაფრის კეთებას არ დააცდის.

- რას შეადარებ დედობას?

- მგონია, რომ დედაშვილობის გამოსახატავად რაღაც ახალი სიტყვა უნდა მოვიფიქროთ. არც საოცარი, არც კარგი, არც ძლიერი - არც ერთი სიტყვა არ გამოხატავს დედის სიყვარულს. ეს გრძნობა სცდება მთელ გალაქტიკას. ილია გაჩნდა და დამთავრდა - მანამდე რა იყო, აღარ მახსოვს. მგონია, ილიასთან ერთად დავიბადე, ალბათ ყველა დედას ასეთი შეგრძნება ეუფლება. ხომ ასე ემოციურად ვარ განწყობილი, მაგრამ როდესაც ცუდად არის, მაშინ არ ვფორიაქობ, პანიკაში არ ვვარდები. პირიქით, უფრო მობილიზებული ვარ და ჩემი ეს სიმშვიდე, სხვათა შორის, დედაჩემსაც უკვირს და ჩემს მეორე დედასაც.

- სანდროს დედას გულისხმობ? მეორე დედას ეძახი დედამთილს?

- დედაა ისიც, რატომაც არა! დედას არ ვეძახი, მაგრამ ვერც დედამთილს ვუწოდებ, სახელით მივმართავ. მიხარია, რომ ამ მხრივ მართლა კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან გამიმართლა და სანდროს მშობლებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მეგობრები ვართ, ზოგჯერ შეიძლება სანდროს არ მოვუყვე რაღაც და მაკოს და მერაბს გავენდო. გამიმართლა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ საკმაოდ რთული ხასიათი მაქვს და ყველა ვერ გამიგებდა...

ნინო ჯავახიშვილი