როგორ ანებივრებენ მანჯავიძეები ერთადერთ ქალბატონს - გზაპრესი

როგორ ანებივრებენ მანჯავიძეები ერთადერთ ქალბატონს

ჟურნალისტმა და "მასტერშეფის" მონაწილემ, გიორგი მანჯავიძემ მაყურებლების დიდი მოწონება და სიყვარული მოიპოვა. გიორგი ეკრანზე ხან ნეანდერტალელია ჭიათურიდან და მათ კვალს იკვლევს მღვიმეებში, ხან უცხოელი ტურისტია საქართველოში და აქაურების თაღლითურ სქემებს შიფრავს, ხან ცხელი წერტილებიდან უახლეს ინფორმაციებს გვაწვდის. როდესაც ინტერვიუზე შესათანხმებლად დავურეკე, დღეს ძიძის როლში ვარო, მითხრა და რადგან ამათთან ერთად ვერ გამოვალ გარეთ, ტელეფონით ვისაუბროთო.

- ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი დავამთავრე, მერე გადავწყვიტე ჟურნალისტიკაში მეცადა ბედი და გავიარე კურსები. ტელევიზიაში სტაჟიორად დავიწყე მუშაობა. ერთხანს ვწერდი კიდეც და ასევე, ვმუშაობდი რადიოში, საინფორმაციოს წამყვანად, რაც ჩემთვის საინტერესო იყო და დღემდე მაქვს რადიოს ნოსტალგია.

- არაერთ ცხელ წერტილში გიმუშავიათ. რა გახსოვთ განსაკუთრებულად?

- უნდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროფესიაა ჟურნალისტობა, თუმცა, გაკილვის სამიზნეებიც ვხდებით. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჟურნალისტები ავად ვართ ჩვენი საქმით. წლების განმავლობაში, გამოცდილების შედეგად, ბუნებით მონადირეებად ვყალიბდებით. ისეთი უნარ-ჩვევები გვიმუშავდება, რაც მანამდე არ გვქონდა ხასიათში. როგორც სამხედრო ჟურნალისტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ავღანეთში ყოფნის პერიოდი - ეს იყო 2008 წლის აგვისტოს ომამდე. მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილი გახლდათ, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ერთი უცნაური ამბავიც მოვისმინე ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისგან. როდესაც მან გაიგო, რომ საქართველოდან ვიყავი, მკითხა: თუ იცი, ჩვენთან როგორი ლეგენდა არსებობსო? არ გამიგია-მეთქი, - ვუპასუხე, საიდან მეცოდინებოდა? ასეთი რამ მითხრა: ამბობენ, რომ იქ, სადაც ქვეყნიერების დასასრულია, უდიდესსა და ულამაზეს მთებში სილამაზითა და სიმამაცით გამორჩეული ხალხი ცხოვრობდა, ისინი ქართველები იყვნენო. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა მისი ნათქვამი და რამხელა სიამაყე ვიგრძენი. შენი ქვეყნიდან ასე შორს ამას რომ გეტყვიან, მართლაც ძალიან ემოციურია. ჩემი პროფესიის წყალობით საფრთხეც არაერთხელ შემქმნია. ერთია, როდესაც სხვა ქვეყნის კონფლიქტს აშუქებ, მეორეა, როდესაც შენს ქვეყანაში აკეთებ ამას და თან იძულებული ხარ, სიმშვიდე შეინარჩუნო, ეს ადვილი ნამდვილად არ არის. სამაგიეროდ, მერე, როცა ყველაფერი გადაივლის, ერთიანად ვგრძნობ ემოციების მოზღვავებას.

GzaPress

- კარგი, ახლა მითხარით, კულინარიამ რატომ ან როდის გაგიტაცათ? - ჩემი მეუღლისთვის ერბოკვერცხი მინდოდა შემეწვა, ოღონდ განსხვავებული და განსაკუთრებული რომ ყოფილიყო, ისე. მერე უკვე შვილებისთვის ვცდილობდი მომზადებას და კერძისთვის ისეთი ფორმის, ვიზუალის მიცემას, რომ მოსწონებოდათ. ასე "შევყევი" ნელ-ნელა და "მასტერშეფშიც" აღმოვჩნდი. საერთოდ, მიყვარს მომზადების პროცესი და როცა ამის დრო მაქვს, უარს არასდროს ვამბობ. ეს არის საშუალება, სტრესისგან განვიტვირთო. როდესაც საზღვარგარეთ ვარ, ყოველთვის ვცდილობ, იმ ქვეყნის კულინარიული შედევრები დავაგემოვნო და ვისწავლო. რეპორტაჟების მომზადებისას თავისუფალ დროს გამოვნახავდი თუ არა, ვჭამდი, ვსინჯავდი ახალ-ახალ რამეებს. კულინარია ხელოვნებასავითაა ჩემთვის - როგორც მხატვარი გამოხატავს თავის თავს ნახატებში, მე კერძით გამოვხატავ საკუთარ თავს, სათქმელსაც და შესაძლებლობებსაც. გადაცემაში მონაწილეობისთვის სტიმული მომცა იმანაც, რომ ჩემს მეგობრებსა და ახლობლებს ძალიან მოსწონდათ ჩემი ნახელავი. უყვარდათ ჩემთან მოსვლა, ყველაზე მეტად კი ჩემი გაკეთებული ქათმის ფრთები მოსწონთ კორეულ სტილში, ჩემეული რეცეპტია. ხშირად ვუყურებდი მსგავსი ფორმატის უცხოურ გადაცემებს და მინდოდა, ასეთ გადაცემაში მეც მიმეღო მონაწილეობა.

- რა მოლოდინიც გქონდათ პროექტიდან, გაგიმართლდათ? ან რა გასწავლათ ამ პროექტმა?

- გულახდილად გეტყვით, არანაირი მოლოდინი და გამარჯვების იმედი არ მქონია. როგორც უკვე გითხარით, ვოცნებობდი მსგავს გადაცემაში მონაწილეობაზე და საუკეთესო ათეულში თუ მოვხვდებოდი, ვერც წარმოვიდგენდი.

- ჟიურის წევრებიდან განსაკუთრებულად თუ რეაგირებთ რომელიმეს შენიშვნაზე?

- შენიშვნას რომ მაძლევენ, ამით ბევრ ცოდნას ვიძენ, მე ხომ არანაირი განათლება არ მაქვს ამ სფეროში. ამიტომ არც მეშინია მათი და არც მწყინს შენიშვნები.

- გურმანი ხართ? რომელი ქვეყნის სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას?

- გურმანი ვარ, უდავოდ. ყოველგვარი გადამეტების გარეშე ვიტყვი, რომ ქართული სამზარეულო მართლაც უნიკალურია. დედამიწის ზურგზე არსად გამისინჯავს ქართულ საჭმელებზე უფრო გემრიელი რამ. უბრალოდ, ქართულ გემოებს ახალი სიცოცხლე სჭირდება, ეგ არის და ეგ. კულინარიული თვალსაზრისით, ყველა კუთხე უნიკალურია, რომელი გინდა გამოყო? სამეგრელო, კახეთი, რაჭა, იმერეთი, გურია, რა ვიცი. მეგრული და კახური სამზარეულო განსაკუთრებულად მიყვარს. ერთი ბებია მეგრელი მყავდა, მეორე კახელი. ერთი შეხედვით, კახური სუფრა თითქოს ძალიან მარტივია, რა უნდაო, იფიქრებ, ჩაყარე ხორცი, მოხარშე ან წამოაცვი შამფურზე და შეწვი, მაგრამ მთელი ეშხი სწორედ ამ სიმარტივეშია: თან "ცოცხალი" უნდა იყოს ხორცი და თან - გემრიელი.

- თამადობასთან და სმასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ვერ ვიტყვი, კარგი თამადა ვარ, არ მიყვარს თავის გამოჩენა. სმით ვსვამ, თუმცა ვერიდები, არ "ვეჭიდავები" სასმელს, რადგან ბახუსთან მაინცდამაინც ვერ ვმეგობრობ.

- მანჯის ხელი დაედება და ვიღაცას წითელი აენთებაო, - ამას წინათ წერდა ვიღაც "მასტერშეფის" გვერდზე. კომენტარებს თუ კითხულობთ ხოლმე და როგორ ფიქრობთ, თქვენ მიმართ მაყურებლის ასეთი სიყვარული რამ განაპირობა?

- როცა დროს მაქვს, ვკითხულობ. ამ შოუში კერძების გასაკეთებლად მივედი და ისე მოხდა, რომ ხალხის სიყვარულიც მომიპოვებია, რაც ძალიან მახარებს. განსაკუთრებით ბავშვებისგან რომ ვგრძნობ სიყვარულს, ეს მსიამოვნებს. სადაც უნდა დამინახონ, მცნობენ და გახარებულები მესალმებიან.

- ერთი კომენტარიც უნდა გაგახსენოთ - ამდენ ბოღმის "ბუკეტში" ადამიანად დარჩენა კაცობააო, წერდნენ თქვენზე. ასეთი ბოღმიანი კონკურენციაა შოუში?

- ეს ხომ შოუა? არ ვიცი, რა გითხრათ, ძალიან კარგები არიან ყველანი. ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

- ე.ი. შაინინა რომ გსაყვედურობთ ხოლმე ხშირ-ხშირად, ჩემგან გადაიწერაო, არ გწყინთ?

- არა, არ მწყინს, თანაც ვინმესგან რამის გადასაწერად არ მივსულვარ ამ შოუში, მინდოდა ჩემი თავი წარმომეჩინა და პირველ რიგში, ჩემი თავისთვის მეჩვენებინა, რა შემეძლო და რა - არა.

- რომელიმე კონკურენტის კერძი თუ დაგიგემოვნებიათ?

- დიდი სურვილის მიუხედავად, არა, რადგან ვერასდროს აღწევს ჩვენამდე (იცინის), მალევე მიირთმევენ. ისე, ყველა ძლიერი კონკურენტია, ყველა კარგად ამზადებს და ვერავის გამოვარჩევ განსაკუთრებულად.

GzaPress

- გიორგი, თქვენი ოჯახის შესახებაც მითხარით... - მყავს მეუღლე, გვანცა პაპუაშვილი და 2 ბიჭი: 8 წლის გიორგი და 5 წლის იოანე. მეუღლე პროფესიით სცენარისტია და რაც მთავარია, არის "ამტანი" - რეალით შოუს ვგულისხმობ, იქ მონაწილეობდა.

- სწორად შეგირჩევიათ მეუღლე, ამტანობას ვგულისხმობ, ოჯახში გამოსადეგი თვისებაა.

- (იცინის) ამტანია, მართლა სწორად გავთვალე. ბიჭები კი ხულიგნები არიან, მათაც უყვართ ჭამა. "მასტერშეფის" ყურების შემდეგ გიორგიმაც დაიწყო რაღაცების მომზადება, სტიმული გაუჩნდა, იოანეც აჰყვა და ვართ ერთ ამბავში.

- როდესაც ორივე სახლში ხართ, სამზარეულო რომლისაა - გვანცასი თუ თქვენი?

- ეს რთული საკითხია. ძირითადად, მაინც ჩემია, იმის მიუხედავად, რომ ჩემი სამზარეულოში ტრიალი კატასტროფაა, იქაურობა ჩერნობილს ემსგავსება. მეუღლე ამის წინააღმდეგი არ არის, პირიქით, უხარია კიდეც. ბიჭებიც მეხმარებიან ხოლმე და სამივე ერთად ვცდილობთ ჩვენს ერთადერთ ქალბატონს ვასიამოვნოთ.

- დღეს ძიძა ვარ, ბავშვები მე დავიტოვეო, - მითხარით. ე.ი. ახერხებთ იყოთ კარგი მამა?

- ჩემზე უკეთესები მამებიც არიან, მაგრამ მეც ვცდილობ, კარგი მამა ვიყო. სამწუხაროდ, დიდ დროს ვერ ვატარებ მათთან. ზოგჯერ ისეთი დაღლილი მივდივარ სახლში, ბავშვებთან თამაშის თავიც აღარ მაქვს.

- კულინარიის გარდა, სხვა რით ხართ გატაცებული?

- მოგზაურობითა და რაგბით. რაგბი ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. ჯერ კიდევ მოედნები რომ არ იყო, მაშინ დავიწყე თამაში, თავიდან "ყოჩებში" და მერე "ხულიგანაში", საქართველოს ჩემპიონატშიც ვმონაწილეობდი. ძალიან მენატრება თამაში, მაგრამ, სამწუხაროდ, დრო და წონა აღარ მაძლევს ამის საშუალებას. რაგბი ახლოს არის ქართულ ხასიათთან და ამიტომ გახდა ასეთი პოპულარული სპორტის სახეობა. წარმატების თვალსაზრისით ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს წინ.

- გიორგი, წარმატების შემთხვევაში რაში გამოიყენებთ "მასტერშეფში" მიღებულ ცოდნას?

- როგორც კი ეს პროექტი დავიწყე, ჩემი მეგობარი დამიკავშირდა და შემომთავაზა, გვეფიქრა რამის გაკეთებაზე. სწრაფი კვების ობიექტი გავხსენით და ვფიქრობთ, გამოგვივა. მიხარია, რომ ჩემი გემოები სხვებსაც მოსწონთ, მაბედნიერებს სხვისი სიხარული.

ნინო ჯავახიშვილი