"ყველანი ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვართ..." - გზაპრესი

"ყველანი ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვართ..."

ანა მჭედლიძეს, რომელსაც საზოგადოება ძირითადად, "თენგოს თამუნას" (სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები") როლით იცნობს, დასვენება-მოგზაურობის შესახებ ვესაუბრეთ. ანა სიღნაღის თეატრის მსახიობი გახლავთ. ასევე, მიწვეული მსახიობია მარნეულის თეატრში, საიდანაც ახლახან ევროპაში გასტროლზე იმყოფებოდა...

- ახლახან პოლონეთსა და შვედეთში ვიყავი. მარნეულის თეატრიდან სპექტაკლი - "აირწინაღი" პოლონეთში, ქალაქ გდანსკში ახალგაზრდულ თეატრალურ ფესტივალზე - "Mოსტ" წავიღეთ, თუმცა ეს საკონკურსო სპექტაკლი არ ყოფილა, სტუმრად მიგვიწვიეს. "აირწინაღი" ნაადრევი ქორწინების, მისი მანკიერი მხარეების შესახებაა. მაყურებლები ფესტივალის მონაწილეები გახლდნენ, ერთმანეთის სპექტაკლებს ვესწრებოდით... გდანსკიდან შვედეთში წასვლა ძალიან მარტივია. რაც შეიძლებოდა, რომ 2 დღეში გვენახა, იქ მგონი, ყველაფერი ვნახეთ. ოპერაში ვიყავით, მუზეუმი დავათვალიერეთ... ამ მხრივ, უკმარისობის შეგრძნება არ გვაქვს, თორემ ისე, რა თქმა უნდა, სანახავი კიდევ ბევრი რამ არის. ყველანი ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვართ. გაისად გამგზავრებას კიდევ ვაპირებთ, ოღონდ - ისევ ამ დროს, თორემ იქ ძალიან ცივა და სხვა დროს გამგზავრება გამორიცხულია. შვედეთი ყველასთვის სასურველი ქვეყანაა. მე და ჩემს მეგობარს ერთად გვინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, თუმცა აი, მე მაინც მომეცა შესაძლებლობა და ეს ოცნება ავისრულე.

- შვედეთი შენთვის საოცნებო ქვეყანა რატომ იყო?

- ბევრი საოცნებო ქვეყანა მაქვს, მაგრამ მე და ჩემს მეგობარს იქ გამგზავრება ერთად გვქონდა გადაწყვეტილი. სულ ასე ვგეგმავდით და ბევრ ქვეყანაში ერთად მივდიოდით ხოლმე. თან, შვედეთში მეგობარი გვყავს.

- ახლა ზაფხულის გატარებას სად აპირებ?

- დასვენებას აგვისტოში ვაპირებ. სავარაუდოდ, ცოტა ხნით მე და ჩემი მეგობრები სვანეთში წავალთ. იქ ნამყოფი არ ვარ. ერთი სული მაქვს, წავიდე - ძალიან მაინტერესებს.

- საერთოდ, დასვენებას მთაში ამჯობინებ თუ ზღვაზე?

- ჩემი აზრით, ორივე აუცილებელია, თუკი ადამიანს შეგიძლია, მთაში დასვენებაც მოასწრო და ზღვაზეც. პირადად მე, ორივე მიყვარს.

- დასასვენებლად გამგზავრებას წინასწარ გეგმავ თუ შეგიძლია, უცებ, ზურგჩანთა ან ჩემოდანი ჩაალაგო და წახვიდე?

- მე და ჩემი მეგობრები ასე ვიქცევით: უცებ გადავწყვეტთ ხოლმე და ხან ერთის აგარაკზე ვართ, ხან - მეორის. რამდენჯერმე უბრალოდ, ვისხედით და გადავწყვიტეთ, აგარაკზე წავსულიყავით. ასეც მოვიქეცით, ოღონდ - რამდენიმე დღით - არა: ასეთ შემთხვევაში, შეიძლება 1 დღით წახვიდე, რამდენიმედღიანი დასვენება კი უნდა დაიგეგმოს, რადგან მეგობრებს შვებულება სხვადასხვა დროს აქვთ. ამიტომ სულ ერთმანეთს ვუთანხმებთ, თუ გრძელვადიანი "პაეზდკით" მივდივართ. ზუსტად დღეს ვგეგმავდით, ჩემმა მეგობარმა შვებულება როდის უნდა აიღოს, რომ სვანეთში წავიდეთ.

- უცხოეთში მოგზაურობაზე რას გვეტყვი? ყველაზე ძლიერი ზეგავლენა შენზე რომელ ქვეყანაში მოგზაურობამ მოახდინა?

- მხოლოდ ევროპაში ვარ ნამყოფი. ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება სტამბოლმა დამიტოვა - ჩემი ფავორიტია! იქ მე და ჩემი მეგობარი (ვისთან ერთადაც შვედეთში გამგზავრებას ვგეგმავდი) ვიყავით. ის მოგზაურია - თითქმის მთელი მსოფლიო მოვლილი აქვს, მაგრამ თავადაც ამბობს, - სტამბოლზე ძლიერი შთაბეჭდილება არც ერთ ქალაქს არ დაუტოვებიაო. მეც ასე ვფიქრობ. ეს ქალაქი ულამაზესია. იქ ევროპისა და აზიის კულტურა ერთმანეთშია შერწყმული, ეგზოტიკაც არის... ამ ულამაზეს ქალაქს თავისი ენერგეტიკა აქვს...

- უცხოეთში მოგზაურობისას ძირითადად, ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებ თუ სხვაგვარად ატარებ დროს?

- გააჩნია, როგორ მივდივარ. მაგალითად, გასულ თვეში გერმანიაში, გასტროლზე ვიყავი. როცა მეგობრებთან ერთად მივემგზავრები, ვცდილობთ, ყველაფერი მოვასწროთ: ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაც, გართობაც... როცა მცირე ხნით - 3-4 დღით მივემგზავრებით, ფაქტობრივად, არ გვძინავს, რადგან ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი რამ ვნახოთ და ჩვენი მოგზაურობა მრავალფეროვანი იყოს. სულ დავდივართ... როცა საქართველოში ვბრუნდებით, მერე ვიძინებთ (იცინის).

GzaPress

- მოგზაურობისას, ადგილობრივ ხალხს თუ ეცნობი ხოლმე? - კი, მე და ჩემი მეგობრები ამაზე ვგიჟდებით! თუ ვინმე გვკითხავს, საიდან ვართ, პირდაპირ ვიწყებთ საუბარს, როგორი ლამაზია საქართველო, აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ-თქო. ისინი თავიანთი ქვეყნის შესახებ გვიყვებიან. ასე ვცვლით ინფორმაციას. მახსოვს, მეგობრებთან ერთად, ბუქარესტში ვიყავი. პარლამენტის შენობაში ღვინის ფესტივალი იყო. ღვინის მწარმოებელ ერთ კაცს ვესაუბრებოდით და გვითხრა, - საქართველოს, ქართული ღვინის შესახებ არაფერი ვიციო. იმდენი ველაპარაკე, მითხრა: საქართველოში აუცილებლად უნდა ჩამოვიდე, მით უმეტეს, რომ ღვინის სამშობლო ყოფილაო (იცინის)... ვცდილობთ, უცხოელებს ჩვენი ქვეყნის ისტორია, კულტურა, ტრადიციები გავუზიაროთ. ასევე, მათგანაც გავიგოთ... საერთოდ, როცა რომელიმე ქვეყანაში მივემგზავრებით, წინასწარ ვიცით, რა უნდა ვნახოთ, რომელი ღირსშესანიშნაობა რასთან ახლოს მდებარეობს... ლოკაციებს წინასწარ ვეცნობით. ახალ წელს პოლონეთში, ვარშავაში ვიყავით, მაგრამ მაშინ ვერაფერი ვნახეთ, რადგან ყველაფერი დაკეტილი იყო. უბრალოდ, ქუჩებში სეირნობით დავკმაყოფილდით.

- უცხო ქალაქში დაკარგულხარ?

- არა, რადგან ტელეფონში ისეთი აპლიკაცია გვაქვს, რომელიც ინტერნეტის გარეშე მუშაობს. მობილური ტელეფონის ბატარეაც არ "გვიჯდება", რადგან Pოწერ Bანკ-ები მომარაგებული გვაქვს. ვერ დავიკარგებით. რომც დაიკარგო, ნებისმიერს ჰკითხავ, საით წახვიდე და დაგეხმარება, რა თქმა უნდა, თუ დაუსახლებელ ადგილას არ ხარ და არც ნავიგაცია მუშაობს.

- მოგზაურობისას ყველაზე გემრიელი კერძი რა გაგისინჯავს?

- ყველაზე გემრიელი, რაც მახსენდება - ვენაში ნეკნები ვჭამე. შნიცელი არ მომეწონა, მაგრამ ნეკნები რაღაც სამოთხე იყო! თან, ლუდთან ერთად საოცრებაა. საერთოდ, ხორცის მოყვარული ვარ, ლუდიც ძალიან მიყვარს... თან, ვენაში ორჯერ ვიყავი. ნეკნების საჭმელად მეორედაც იმავე ადგილას მივედი, რადგან ფანტასტიკურად გემრიელი იყო!..

- საქართველოში, არდადეგების გასატარებლად რომელი ადგილი მოგწონს?

- ბევრ ადგილას ნამყოფი არ ვარ, მაგრამ რაჭაზე გაგიჟებული გახლავართ! კახეთიც ძალიან მომწონს და იმერეთზეც ვგიჟდები... ყველა კუთხეს თავისი ხიბლი აქვს, სეზონის მიხედვით, მაგრამ ზაფხულში საქართველოს ნებისმიერი მხარე ლამაზია!

- ზაფხულის არდადეგები რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია?

- სწორედ გუშინ ველაპარაკებოდი მეგობარს: საერთოდ, მაშინ ვისვენებ, როცა სახლში ვარ. მთელი წელი დატვირთული რომ მქონდეს, 1 კვირა კი დასვენებისთვის, მირჩევნია, შინ დავისვენო, რადგან სადმე გამგზავრება ადამიანს მაინც გღლის... ისე, ქალაქგარეთ გასვლა ყველგან მეხალისება. თან, ყველა კუთხე განსხვავებულია, სხვადასხვა ენერგეტიკა აქვს... ალბათ, ნებისმიერ კუთხეში წასვლა სასურველია - ზაფხული ყველა ადგილს უხდება.

- შენს დასვენებაზე პოპულარობის ფაქტორი როგორ მოქმედებს?

- ჩვეულებრივად. ვინც სერიალს უყურებს, მოდის და მეუბნება, რომ მიცნობენ... დამღლელი არ არის, პირიქით - ყოველთვის სასიამოვნოა.

GzaPress

- ზღვაზე დასვენებისას პლაჟის სამოსს, მოდურ ტენდენციებს დიდ ყურადღებას აქცევ? - ამაზე არ ვფიქრობ ხოლმე. "კუპალნიკი" უნდა მომეწონოს და ვფიქრობდე, რომ მიხდება. თუ მომწონს და თან მიხდება, იდეალურია. "კუპალნიკია", რა... კი, მოდის ტენდენციები არსებობს, მაგრამ მაინც მთავარია, ჩემს სხეულს უხდებოდეს. რაც მიხდება, იმას ვირჩევ.

- მზეზე გარუჯვა გიყვარს?

- როგორ არა! ყოველ წელს ვამბობ, - გაზაფხულის ბოლოსვე "ზაგარს" მივიღებ-მეთქი, მაგრამ არც ერთხელ ამისრულებია. უფრო ხშირად აგვისტოში ან სექტემბერში ვირუჯები. ივნისსა და ივლისში სულ ფითქინა ვარ, როგორც ახლა.

- სოლარიუმს არ სტუმრობ?

- არა, სოლარიუმში არასოდეს ვყოფილვარ.

- ზღვაზე დროს როგორ ატარებ?

- სიტუაციას, გარემოს გააჩნია. იცი, რამ ხან რომელ მეგობართან ვარ, ხან - რომელთან. ერთს სხვანაირი გართობა მოსწონს, მეორეს - სხვანაირი. მე ის მეხალისება, რომ ერთად ვართ. ყველაზე კარგია, როცა მეგობრებთან ერთად ხარ. მათ გარემოცვაში ყველაფერი მეხალისება და ყველგან კარგად ვერთობი.

- შეიძლება, ზაფხული ისე გავიდეს, რომ ზღვაზე არ წახვიდე?

- არა, ზღვაზეც აუცილებლად უნდა წავიდე, რადგან ახლა იქ ჩემი დისშვილი ისვენებს. უკვე 3 კვირაა, არ მინახავს...

ეთო ყორღანაშვილი