"ვცდილობ, ორსული მეუღლის კაპრიზები შევასრულო" - გზაპრესი

"ვცდილობ, ორსული მეუღლის კაპრიზები შევასრულო"

საქართველოში რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი იმართება, რომელიც წესით, ფოთში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ფოთის თეატრის სავალალო სიტუაციის გამო, ცოტა არ იყოს, დაიქსაქსა და შესაბამისად, ფესტივალის ნაწილი დედაქალაქშიც ჩატარდა. შემთხვევით ვისარგებლეთ და დედაქალაქში მყოფ ფოთის თეატრის მსახიობს - გიორგი სურმავას შევხვდით... აღმოჩნდა, რომ გიორგისა და სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მისი პერსონაჟის - ტონი ოჩიგავას პირად ცხოვრებაში საინტერესო პარალელები იკვეთება: ტონისაც და გიორგისაც განსაკუთრებულ სიტუაციაში მყოფი მეუღლეები ჰყავთ...

- მეხუთე წელია, რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი იმართება, რომელშიც მთელი საქართველოს თეატრები მონაწილეობენ, დედაქალაქის გარდა. უამრავი უცხოელი სტუმარი გვყავს... საერთოდ, ეს ფესტივალი ფოთში ტარდება, მაგრამ შენობის სავალალო მდგომარეობის გამო იძულებული ვართ, ფესტივალი ასე დავყოთ: ფოთის თეატრი სპექტაკლებს თბილისში თამაშობს, ოზურგეთის - ბათუმში, სენაკის - ზესტაფონში და ა.შ. თუმცა, ბოლო 5 დღეს ღონისძიებები მაინც ფოთში გაიმართება და ყველა უცხოელი სტუმარი ჩვენს ქალაქს ესტუმრება. ალტერნატიული შენობა გვაქვს, რომელშიც ახლა ფოთის თეატრი "სახლობს". გამოუვალი სიტუაციის გამო, რამდენიმე დღეს ფესტივალს ის შენობა უმასპინძლებს. კიდევ არის რაღაც ლოკაციები (მაგალითად, შუქურა), რომელიც ფესტივალს "მოერგო".

- თბილისში ფოთის თეატრმა რომელი სპექტაკლი წარმოადგინა, რომელში ითამაშეთ?

- ეს არის დავით ხორბალაძის პიესა - "მკვდარი ქალაქები". რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი გახლავთ. სპექტაკლი იმის შესახებაა, თუ როგორ განადგურდა დიდი ქალაქები, სახელმწიფოები, იმპერიები. ჩვენს ქალაქთან პარალელები გავავლეთ, რომ ფოთი სავალალო სიტუაციაშია. ჩერნობილის თემაც გვაქვს: უცებ რომ განადგურდა... ჩვენს ქალაქში ამის საშიშროებას ვგრძნობთ. ამის შესახებ ვსაუბრობთ, რომ უფრო მეტად გამოვფხიზლდეთ. ცენტრალური ხელისუფლებისგან მეტი ყურადღება გვჭირდება. ფოთი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ქალაქია და სპექტაკლში სწორედ ამაზე ვქადაგებთ...

- სპექტაკლზე მუშაობა როდის დაიწყეთ?

- მუშაობა 2017 წელს, ფოთში, იმ თეატრში დავიწყეთ, სადაც ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ეს თეატრი 9 წელი შენდებოდა და 3 წელიწადში ისევ მისი დაკეტვა მოგვიხდა, რადგან სავალალო სიტუაციაშია - მისი ფუნქციონირება არ შეიძლება... ამ სპექტაკლმა ბევრი საერთაშორისო ფესტივალი მოიარა, სხვათა შორის - წარმატებით. ხალხს ძალიან უყვარს... დისკომფორტს რაც შეეხება, უკვე მივეჩვიეთ: ჩვენს ქალაქშივე, ერთი ადგილიდან მეორეზე გადაბარგება გვიწევს (იცინის). წარმოიდგინეთ, სახლში რომ ხარ, მოეწყობი, ყველაფერს აკეთებ, უცებ კი სხვაგან გადასვლა და ყველაფრის თავიდან დაწყებაა საჭირო. იმ სცენის მასშტაბი, სადაც მუშაობა დავიწყეთ, დიდია, რა თქმა უნდა, ახლა კი ძალიან დაპატარავდა - ზომები ოთხჯერ შევიწროვდა. ცხადია, ეს სპექტაკლზეც მოქმედებს.

- ფოთის თეატრი ჩვეულ ადგილს როდის დაუბრუნდება?

- როგორც გვაიმედებენ, ორ წელიწადში...

- სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" თქვენს პერსონაჟზე - ტონი ოჩიგავაზეც ვისაუბროთ: თქვენთვის რამდენად საინტერესოდ ვითარდება სცენარი?

- ამ სეზონზე ყველაფერი კარგად მიდის, ჩემი პერსონაჟიც გააქტიურდა. რა თქმა უნდა, ეს ქალბატონი ქეთის (სცენარისტის) დამსახურებაა, რადგან ყველაფრის თავიდათავი ის გახლავთ - ძალიან საინტერესო პიროვნებაა... სერიალში ახლა "მე" და დოჩი ბავშვს ველოდებით.

GzaPress

- თქვენს პირად ცხოვრებაშიც სიახლე ხომ არ არის? - ბავშვს მე და ჩემი მეუღლეც ველოდებით - 1 თვეში გაჩნდება. ორ ფრონტზე ვიბრძვი (იცინის). ერთი გოგონა - 7 წლის ბარბარე მყავს, ახლა მეორე შვილს - ვაჟკაცს ველოდები... ფილმში მოვლენები როგორ განვითარდება, არ ვიცი. დოჩი ორსულადაა, როგორც ყველა ვხედავთ.

- მგონი, დოჩის და ტონის შვილს თქვენი შვილი დაასწრებს დაბადებას, არა?

- კი, სეზონი ფინალისკენ მიდის და ალბათ, ასე იქნება.

- როცა თქვენი პერსონაჟი გაიცანით, მასზე როგორი წარმოდგენა შეგექმნათ და ახლა რას ფიქრობთ მის შესახებ?

- თავდაპირველად, მისი სახელი რომ გავიგონე, ვიფიქრე, - ვინ არის, როგორი პერსონაჟი შეიძლება, იყოს-მეთქი? თან, მეგრელი. სასაცილო ტიპიც არის, მაგრამ ბოლომდე სასაცილოც არაა: მეოჯახეა, ვითომ წყნარად, მშვიდად არის, მაგრამ თავისი "აფერისტობები" მაინც აქვს. დოჩი ალიშბაიას მორჯულება და ცოლად შერთვა ადვილი საქმე არ არის, ეს მაყურებელმა უკვე იცის (იცინის). ჩემმა პერსონაჟმა ეს მოახერხა და მგონი, მასში ჯერ კიდევ რაღაც იმალება, რაც თავიდან ბოლომდე, სცენარისტს ჯერ არ გაუყიდია (იღიმის).

- რეალურ ცხოვრებაში დოჩის მსგავსი ქალის ქმრობას შეძლებდით?

- არა მგონია. დოჩი ემოციურია, მმართველობს, ძალიან დიდი გავლენა აქვს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - იტალიაშიც. ბევრ რამეზეა "მოდებული". ადამიანთა გარკვეული წრე თავისი გავლენის ქვეშ ჰყავს მოქცეული.

- ორსული ქალბატონებისთვის დამახასიათებელ კაპრიზებზე რას გვეტყვით?

- საერთოდ, ეს სერიალი რეალობასთან მიახლოებულია - სწორედ ამიტომაა საინტერესო და მაყურებლებს ამიტომ უყვართ. რა თქმა უნდა, ჩემ გარშემოც ასეა: მეუღლე ორსულად მყავს. მასაც აქვს თავისი მოთხოვნები, როგორც ყველა ორსულ ქალბატონს. თუმცა, დოჩის ეს მოთხოვნები გამძაფრებულად აქვს. საერთოდ, ფილმს მაინც უტრირებულად ხაზგასმა სჭირდება.

- ორსულ მეუღლეს სურვილებს უსრულებთ? ალბათ, ახლა უფრო მომზადებული ხართ ასეთი სიტუაციისთვის.

- პირველ შვილზე მისი ორსულობის დროსაც ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ, მეუღლის სურვილები შევასრულო. მიმაჩნია, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის ორსულობა განსაკუთრებული მდგომარეობაა. ასეთ დროს მათ დიდი ხელშეწყობა, ყურადღება, სითბო და სიყვარული სჭირდებათ. მეც ვცდილობ, თავი გავართვა ასეთ კაპრიზებს, მოთხოვნებსა და სურვილებს, რადგან ჩემი (უკვე მეორე) შვილის დედა უნდა გახდეს.

- ორსული ქალბატონები განსაკუთრებულად ემოციურები არიან. ახლა მეუღლე თქვენთან განშორებას როგორ ეგუება?

- უნდა, რომ სულ მასთან ვიყო, გვერდით ვყავდე... მეც მინდა, მასთან ვიყო, რამე რომ არ გაუჭირდეს. მით უმეტეს, ორსულობის ბოლო თვეა - ძალიან მალე პატარა უნდა გაჩნდეს... იცის, რომ ასეთი პროფესიის მეუღლე ჰყავს და ეგუება.

- მეორე შვილის მამობისთვის როგორ ემზადებით?

- არც ძალიან განსაკუთრებულად, არც - ძალიან მოდუნებულად. ჩვეულებრივი "გიჟი" მამა ვარ, რომელსაც 7 წლის ქალიშვილი ჰყავს, რომელიც სიგიჟემდე უყვარს! დღემდე ბარბარეთი ვცხოვრობდით. მეორე შვილს - იოანეს ველოდებით და ალბათ, ის სულ გაგვაგიჟებს, გადაგვრევს (იცინის)... საერთოდ, შვილის სქესის გარჩევა სისულელედ მიმაჩნია - მთავარია, ღმერთმა ჯანმრთელი გააჩინოს. რა მნიშვნელობა აქვს, გოგო იქნება თუ ბიჭი? ორივე ჩემი შვილია. ახლა ვფიქრობ: იოანეც მიყვარს, თავისთავად, მაგრამ ჯერ ისე არა, როგორც - ბარბარე (იღიმის). რა თქმა უნდა, ეს სიყვარული ორივე შვილზე უნდა გავანაწილო.

- შვილის აღზრდის თავისებურებებზე რას გვეტყვით?

- რადგან ბარბარე პირველი შვილია, ვანებივრებდით. ყველაფერს ვუსრულებდით, რაც მოუნდებოდა, თუნდაც - საჩუქრების ყიდვა. დიდი დოზით, არც ცელქობას ვუშლიდით. ალბათ, იოანესაც ასე გავზრდით. ბავშვებს თავისუფლება უნდა მისცე, მაგრამ რაღაც შეზღუდვაც დაუწესო, რადგან წესები ისწავლონ, აღიზარდონ, ისეთი მსოფლმხედველობა ჩამოუყალიბდეთ, რომ რაღაც შეიძლება, რაღაც - არა. ვნახოთ, ამ ყველაფერს როგორ მივაჩვევთ და ვასწავლით.

- რადგან იოანეს ჯერ არ იცნობთ, ბარბარეს შესახებ მოგვიყევით: როგორი გოგონაა? ძამიკოს დაბადებას როგორ ელოდება?

- ბარბარე ძალიან ელოდებოდა, რომ გოგო გვეყოლებოდა. ამ მხრივ, რთული პერიოდი გავიარეთ. 4-5 თვემდე ბავშვის სქესი არ ვიცოდით. ბარბარეს თავიდანვე ვაჩვევდით, რომ შეიძლებოდა, და კი არა, ძმა ჰყოლოდა. ამის გამო ბრაზდებოდა, რადგან ბიჭი არ უნდოდა. ამბობდა, - თუ გოგო იქნება, ჩემი მეგობარი იქნებაო. როცა პატარის სქესის გასაგებად წავედით, ბარბარეც წავიყვანეთ. პირველად ექოსკოპიის აპარატზე ბავშვის სქესი არ გამოჩნდა. ბარბარე ყურადღებით უყურებდა. ექიმმაც უთხრა: შეიძლება, ბიჭი იყოს, შეიძლება - გოგოო. მერე ჩემი შვილი ცოტათი მოლბა. შემდეგ მისვლაზე ექიმმა უთხრა, რომ ბიჭი გვეყოლებოდა. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, ბარბარემ თქვა: კარგი, რას ვიზამთ? მაინც ჩვენი შვილია და უნდა გავზარდოთო (იცინის)... ძმა უკვე უყვარს, მისთვის რაღაცებს აგროვებს. ამბობს, - ესეც ჩემი მეგობარი იქნებაო. სახელიც თავად შეურჩია. მისი გადაწყვეტილება ჩვენც მოგვწონს. მგონი, კარგი დაძმობა ექნებათ.

- "თქვენი" და დოჩის შვილსაც ხომ არ ელოდება?

- არა, ბარბარე სერიალში ასე ჩართული არ არის - ჯერ პატარაა. ზოგჯერ უყურებს და მეძახის, - ტონი ოჩიგავა, მოდი შენ აქო! რაღაცებს მაბრაზებს (იცინის)...

- ხალხი ტონის ხშირად გეძახით?

- ძალიან, პატარებიც და უფროსებიც. ჩემთან ერთად სურათების გადაღება უყვართ. რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვიღებ.

- როგორი საზაფხულო გეგმები გაქვთ, დასვენებას არ აპირებთ?

- დასვენება ჩვენთან არ არსებობს. "ჩემი ცოლის დაქალებში" ვისვენებთ, სეზონი რომ დასრულდება, მაგრამ თეატრში ახალ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ. შვებულებაშიც ვერ გავალთ. სპექტაკლს ნიკოლოზ საბაშვილი დგამს. სერიოზული პროექტია - "ერთხელ საქართველოში", მუსიკალური ქორეოგრაფიით. ვინც ფოთში პირველად ჩამოვა და ვთქვათ, თბილისში ან საქართველოს სხვა კუთხეებში სტუმრობას ვერ მოახერხებს, გვინდა ამ ნამუშევრით მთელი საქართველო "მოიაროს"... ვნახოთ, რა გამოვა, მაგრამ ჩანასახშივე ჩანს, რომ კარგი გამოვა...

ეთო ყორღანაშვილი