"რუსთავი 2"-ის უცნაური ბედი და ამბავი, როცა ყველა მეპატრონე მართალია - გზაპრესი

"რუსთავი 2"-ის უცნაური ბედი და ამბავი, როცა ყველა მეპატრონე მართალია

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ სკანდალი არ სრულდება. როგორც გაირკვა, სამაუწყებლო მედიას კიდევ ერთი დაზარალებული მეწილე ჰყავს. ქართული ხალხური ლექსის - "მოდი ვნახოთ ვენახის" არ იყოს, დაუსრულებლად გრძელდება იმ პირთა სია, ვისაც ტელეკომპანია "რუსთავი 2" წაართვეს ან დაათმობინეს.

დღემდე ყველამ ვიცოდით, რომ ეს "ხელიდან ხელში საგოგმანები" ტელევიზია ეროსი კიწმარიშვილმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დააფუძნეს, თუმცა საქმე არც ასე ყოფილა... როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ საქმეზე გამოძიების ვადის გახანგრძლივება მოითხოვეს და ასეთი შინაარსის მიმართვა გაავრცელეს: "2019 წლის 16 ივნისს "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების მიმართ ჩადენილი დანაშაულიდან 15 წელი გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ იწურება საქმის ხანდაზმულობის ვადა, რის შემდეგაც ვეღარ შევძლებთ სამართლებრივი გზით სიმართლის დამტკიცებას. ეს საქმე თავისი მნიშვნელობით სცდება ერთი კონკრეტული ტელევიზიის ბედს. ის თავის თავში ასახავს იმ უსამართლობასა და ფუნდამენტურ ფასეულობათა ღრმა კრიზისს, რომელმაც ათწლეულებია, მოიცვა ჩვენი ქვეყანა. ამბავი ასეთია: 2004 წელს, ხელისუფლებაში მოსულმა "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობამ, ყაჩაღობის წესების სრული დაცვით გამოსძალა "რუსთავი 2" მის დამფუძნებლებსა და კანონიერ მფლობელებს. ამ დანაშაულებრივი აქტით მაშინდელმა მთავრობამ და დღევანდელმა მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ ფეხქვეშ გათელა მის მიერვე დეკლარირებული ყველა დემოკრატიული ფასეულობა, მათ შორის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, კერძო საკუთრების უფლება და უბრალოდ, მოქალაქის უფლება, იყოს ძალადობისა და დამცირებისგან დაცული. ეგრეთ წოდებულმა "ქართული ოცნების" მთავრობამ კი, რომელიც სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებით მოვიდა ხელისუფლებაში, ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ ტელევიზია დამფუძნებლებსა და კანონიერ მფლობელებს არ დაჰბრუნებოდათ. აქ ლაპარაკია არა ბიუროკრატიულ გულგრილობაზე, არამედ გავლენის ბერკეტებისა და ძალაუფლების სრული მობილიზაციით, მიზანმიმართულ ძალისხმევაზე. ხელისუფლებამ მიმართა ტაქტიკას, რომელმაც ნამდვილი დავა სუროგატით ჩაანაცვლა, რაც სრულიად მისაღები აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობისთვისაც", რადგან არც ერთ ამ ძალას ხელს არ აძლევს, ტელევიზია გახდეს ობიექტური, რისი გარანტიაც იქნებოდა ტელევიზიის ჭეშმარიტი მფლობელებისთვის დაბრუნება... მივმართავთ საქართველოს საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრს, პროკურატურას, იუსტიციის მინისტრს, საქართველოს სახალხო დამცველს, პარლამენტს და განსაკუთრებით, პარლამენტის საღად მოაზროვნე წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ დაუშვათ "რუსთავი 2"-ის საქმის გამოუძიებლობა; ტელევიზიისა, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში დიდი როლი შეასრულა და მასთან ერთად გაიარა ქარტეხილები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იმაზე დიდი დანაშაული იქნება, ვიდრე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაიდინა 2004 წელს".

ამ მიმართვის პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ამბავი, რომლის მიხედვითაც, აქიმიძემ, დვალმა და კიწმარიშვილმა ერთ დროს, სწორედ "ნაციონალი" ლიდერების დახმარებით მიისაკუთრეს პოლიტიკოსის, ფიქრია ჩიხრაძის კუთვნილი წილი. ამ თემაზე საუბარი არც აქიმიძემ მოინდომა და არც დვალმა. ქალბატონი ფიქრიას ვერსია კი ასეთია:

GzaPress

ფიქრია ჩიხრაძე:

- კიწმარიშვილთან, აქიმიძესა და დვალთან თავის დროზე მეგობრობა მაკავშირებდა. მაშინ მათი არხი ქალაქ რუსთავში მაუწყებლობდა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან პრობლემები შეექმნათ, რომლის მოგვარებაშიც მე დავეხმარე. სწორედ მაშინ გაჩნდა ახალი ტელევიზიის დაფუძნებისა და თანამშრომლობის იდეა. მათ მე დავუთმე მეთორმეტე მეტრული სიხშირე, თავისი გადამცემი აპარატით. ეს მეთორმეტე სიხშირე ტელეკომპანია "თამარიონს" ეკუთვნოდა, მაგრამ ააფეთქეს და მაუწყებლობა შეწყდა. სწორედ ამის ბაზაზე ვგეგმავდით ახალი მაუწყებლობის გაკეთებას.

- ვინ ააფეთქა?

- დადასტურებული არ არის, მაგრამ ჩვენი ვერსიით, ეს მაშინდელი უშიშროების მინისტრის, იგორ გიორგაძის დაკვეთა იყო.

- როდესაც კიწმარიშვილს, აქიმიძესა და დვალს რუსთავის ადგილობრივ ხელისუფლებასთან პრობლემები მოუგვარეთ, უკვე პარლამენტარი იყავით?

- პარლამენტარი არა, მაგრამ აქტიური ადამიანი ვიყავი და მათი დახმარება შევძელი.

- როგორ აღმოჩნდით თამაშგარე მდგომარეობაში?

- ჩვენი იდეა, თანამშრომლობის შესახებ უკვე საბოლოოდ იყო ჩამოყალიბებული, დეტალებზეც შეთანხმებულები ვიყავით. უცებ ცაიტნოტური სიტუაცია შეიქმნა, სიხშირის ლიცენზიის ვადა იწურებოდა, ჩვენი ახალი, ერთობლივი იურიდიული ჯგუფი კი ჯერ დაფუძნებული არ იყო. ამიტომ ეს სიხშირე რუსთაველების ჯგუფზე გავაფორმეთ. როგორც კი სიხშირე იურიდიულად გადაიფორმეს, პრეტენზიები გაუჩნდათ. ამ პრეტენზიებს ჩვენ შორის დაპირისპირება და კონფლიქტი მოჰყვა.

- რა პრეტენზიები ჰქონდათ?

- ჩვენ ვსაუბრობდით და შეთანხმებულებიც ვიყავით, რომ ახალი ჯგუფი პარიტეტულ საწყისებზე უნდა დაფუძნებულიყო. როგორც კი სიხშირე და გადამცემი აპარატურა გადავეცი, მაშინვე შეცვალეს პოზიცია. ამის მერე ჩვენი დავა მთელი ორი წელი სასამართლოში გრძელდებოდა. სიმართლე გითხრათ, ახლა ამაზე საუბარს აზრიც აღარ აქვს.

- რა გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ?

- პირველმა და მეორე ინსტანციამ გადაწყვეტილება ჩემს სასარგებლოდ გამოიტანა, მესამე ინსტანციამ, უზენაესმა სასამართლომ კი დავა მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა.

- უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რას ეფუძნებოდა?

- ვიდრე ჩვენი დავა მიმდინარეობდა, რუსთაველების ჯგუფი იმ ადამიანებს დაუახლოვდა, რომლებიც მაშინ სასამართლო სისტემას აქტიურად აკონტროლებდნენ, ესენი იყვნენ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია. როგორც კი ეს ორი ადამიანი ჩაერია საქმეში, ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდა. უცნაური ბედი დაჰყვა "რუსთავი 2"-ს. მუდმივი დავაა მის მეპატრონეებს შორის. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ბევრჯერ შეიცვალა ამ ტელეკომპანიის მეპატრონე. თავის მხრივ, ყველა მართალია, მაგრამ სიმართლეს ბოლომდე არავინ ჰყვება. ოქრუაშვილი მართალია, როდესაც ამბობს, რომ რეალური მმართველი თავად იყო და ტელეკომპანია ყოფილი მფლობელებისგან გამოისყიდა. ქიბარ ხალვაშიც მართალია, როდესაც ამბობს, რომ სამართლებრივად ის იყო მფლობელი...

GzaPress

- დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სიმართლე რა არის? - დვალი და აქიმიძეც ნაწილობრივად ამბობენ სიმართლეს. თავიდან ტელეკომპანიის დათმობა ნამდვილად არ უნდოდათ, მაგრამ სინამდვილეში, საბოლოოდ მაინც დათმეს და დიდი ფულიც აიღეს ამაში. დღეს მართლა აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი. უბრალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს ისეთი პრინციპული და კრიტიკული ტელეკომპანია, როგორიც "რუსთავი 2"-ია. ამდენმა ადამიანმა, ჩემი ჩათვლით, რომ დავიწყოთ პრეტენზიის გამოთქმა არხის საკუთრებასთან დაკავშირებით, სერიოზული გაუგებრობა შეიქმნება. ახლა ხალვაშმა დაიბრუნა "რუსთავი 2", ხალვაშისგან აქიმიძე და დვალი ითხოვენ დაბრუნებას, ალბათ მერე მათგან ყარამანაშვილები მოითხოვენ დაბრუნებას და იქნებ ბოლოს ჩემი და ჩემი მეგობრების ჯერიც დადგეს?! ამ დავასა და ორომტრიალში საბოლოოდ, მაყურებელი ზარალდება, რომელსაც უფლება აქვს მიიღოს განსხვავებული ინფორმაცია; ზარალდებიან ჟურნალისტები, რომლებიც ქმნიან პროდუქტს და ასევე, ძალიან ზარალდება დემოკრატიული პროცესი. ასე რომ, ჩვენს დავას და ინტერესებს ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ და დამოუკიდებელი მედიასაშუალება არ უნდა მოვსპოთ.

- თქვენი აზრით, "რუსთავი 2" არის ობიექტური, მიუკერძოებელი ტელეკომპანია, რომელიც ნეიტრალური მაყურებლის ინტერესებს აკმაყოფილებს?

- ობიექტურობა ძალიან სუბიექტურად აღქმადი რამ არის. ერთი რამ ცხადია, "რუსთავი 2" არ არის ხელისუფლებისგან კონტროლირებადი ტელეკომპანია, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. მაყურებლებს თავად შეუძლიათ გამოიტანონ დასკვნა, რომელი საინფორმაციო საშუალებისგან მიიღონ ინფორმაცია, პროსახელისუფლებოსგან, ანტისახელისუფლოსა თუ ნეიტრალურისგან. ჩვენ არ უნდა გადავუწყვიტოთ მათ, რას უყურონ. მაგალითად მე, ძალიან კარგად შემეძლო დამენახა, როდის აჭარბებდა "რუსთავი 2" და როდის ჰქონდა ობიექტური, ნეიტრალური პოზიცია. იცით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? რიგით ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები (რომლებსაც შესაძლოა ხელისუფლების წარმომადგენელთა გამო აწყდებიან) მედიასაშუალებამდე მიიტანონ და გაასაჯაროონ. როგორც თავის დროზე "იმედის" დახურვით იზარალა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ, ასევე იზარალებს ახლაც, "რუსთავი 2"-ის დახურვით.

- "რუსთავი 2"-ის დახურვაზე საუბარი არ არის, უფრო მეტიც, სალია ჟურნალისტებს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ჰპირდება.

- თქვენ ამის გჯერათ? მე - არა. თუმცა დაველოდოთ, ვნახოთ, რა იქნება. მე მაინც მგონია, რომ "რუსთავის 2"-ს ახალი მფლობელის მმართველობის პირობებში ძალიან გაუჭირდება სარედაქციო დამოუკიდებლობა და კრიტიკულობის შენარჩუნება.

GzaPress

- სტრასბურგის გადაწყვეტილებას თქვენც ეჭვქვეშ აყენებთ? - არა, უბრალოდ "რუსთავის 2"-ის საქმემ სერიოზული დატვირთვა შეიძინა. ძალიან თვალსაჩინოა, რომ ამ ამბავში ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულები. ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ სამართლებრივი ან ქონებრივი დავა, ეს აშკარად პოლიტიკური დავა გახლდათ. ასეთ პირობებში სტრასბურგის სასამართლოს ვერ მოვთხოვთ ჩვენი პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტას. ან თუნდაც, ისეთი ქონებრივი ამოცანების გადაჭრას, რომელიც ისეა ჩახლართული, რომ ეშმაკიც ვეღარ გაარკვევს, ვისი წილი ვისზეა გადაფორმებული, ვინ ვის რა წაართვა და ა.შ.

- როგორც თქვენი ერთ-ერთი კოლეგა სოციალურ ქსელში წერდა, გარეთ 2019 წელია და სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებაზე ისეთი ამბავია, თითქოს სატრიალო ანტენით, შეზღუდულ სივრცეში, ხელით გადასართავ ტელევიზორებზე ორი არხის მიღების შანსი გვქონდეს... მართლაც, "რუსთავი 2"-ის გუნდს, თუ მართლა სჯერა იმ საქმის, რომელსაც ემსახურება, გაიყოლებენ სპონსორებს, რეკლამას და შექმნიან ახალ ტელეკომპანიას. რას ვერ ელევიან?

- როდესაც მე და ჩემს მეგობრებს მეთორმეტე მეტრული სიხშირე გვქონდა, მაშინ მართლა სხვა ვითარება იყო. ასეთი სიხშირე საქართველოში სულ სამი გახლდათ. ამიტომ მეთორმეტე მეტრულს განსაკუთრებული დატვირთვა და ღირებულება ჰქონდა. ახლა ტექნიკური თვალსაზრისით ახალი ტელეკომპანიის გაკეთება გაცილებით იოლია. თუმცა, არის მეორე მხარე, არსებობს მთელი რიგი ქონება, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა, შენობა... როდესაც ვამბობდი, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელია ის, რაც ახლა "რუსთავი 2"-ის გარშემო ხდება, ვგულისხმობდი იმას, რომ მალე არჩევნები მოდის და მნიშვნელოვანია ქვეყანაში მედიამრავალფეროვნების არსებობა. ის სიკეთე, რასაც პროპორციული არჩევნები მოუტანს ქვეყანას, ბოლომდე რომ რეალიზდეს, აუცილებელია ამომრჩეველს მრავალფეროვანი ინფორმაცია მივაწოდოთ და თავად გააკეთოს ობიექტური არჩევანი.

- თქვენ რომელი მედიასაშუალების მაყურებელი ხართ?

- იმდენი ხანია პოლიტიკაში ვარ, თვალის დახამხამებაზეც კი ბევრ რამეს ვხვდები. მაქვს ჩვევა, მაქსიმალურად გავეცნო ინფორმაციას. ყველა ტელევიზიას ვუყურებ, დაწყებული "პალიტრა თV"-ით, "იმედით" და "რუსთავი 2"-ით დამთავრებული. საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურებსაც ვცდილობ. შემდეგ ვაჯამებ ამ ინფორმაციებს და დასკვნას ვაკეთებ. პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანი ცალმხრივი ინფორმაციით, სახელისუფლებო იქნება ის თუ ოპოზიციური, არ უნდა კმაყოფილდებოდეს.

ხათუნა ბახტურიძე