"თეატრის ინტრიგებში არასდროს ვეხვევი" - გზაპრესი

"თეატრის ინტრიგებში არასდროს ვეხვევი"

"მე ვარ მსახიობი და ჩემი როლით სიამოვნება უნდა მივიღო. მე თუ დავკომპლექსდები და ის, რასაც ვაკეთებ, არ მომეწონება, თამაშზე არ დავთანხმდები", - ამბობს მსახიობი თაკო ჭანუყვაძე. რის გამო იტირა ბოლოს, რისი ეშინია ყველაზე მეტად, რა ვერ ისწავლა დღემდე და რომელი სიტყვები აქცია საკუთარი ცხოვრების დევიზად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1990 წლის 28 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. როდესაც ფილმებს ვუყურებდი, სულ მქონდა სურვილი, მასში მონაწილე არტისტების ადგილზე ვყოფილიყავი. პატარა ვიყავი, როცა მომავალ პროფესიად მსახიობობა ავირჩიე. ეს არასდროს მინანია, მაგრამ ვისურვებდი, მსახიობის შრომა მეტად დაფასებული იყოს. ჩემი საქმე უზომოდ მიყვარს.

- ჩემზე ამბობენ...

- ...შრომისმოყვარე და თავმდაბალი ადამიანიაო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...თავმდაბლობაა. ეს თვისება ყველა ადამიანში მიყვარს. მათდამი ყოველთვის დადებითად და პატივისცემით ვარ განწყობილი. მშრომელი ხალხიც მიყვარს. შრომა არასდროს მეზარება, არ ვიღლები. ადამიანებმა თუ მოვინდომეთ, ყველაფერს მოვასწრებთ. რთული პროფესია მაქვს, დიდ ენერგიას ითხოვს, მაგრამ ვახერხებ დრო ჩემი გატაცებისთვისაც (დიზაინერობა) გამოვნახო, ყველაფერს ვასწრებ. მომწონს, რომ გულში წყენას არასდროს ვიდებ, ამით ხასიათს არ ვიფუჭებ. მუდმივად კარგი განწყობის შენარჩუნებას ვახერხებ. ეს ვისწავლე, ამის უნარი გამოვიმუშავე. გარდა ამისა, ყველა ადამიანთან მაქვს ბარიერი, რომელსაც ვერ გადმოდიან და ეს უსიამოვნებებისგან მიცავს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ძალიან მიმნდობი, ზედმეტად გულუბრყვილო ვარ, ადამიანებს მარტივად ვენდობი და მალე მიყვარდებიან. ამ ხასიათის გამო გულისტკივილიც არაერთხელ მქონია. ჩემს პროფესიაში ეს ხშირად და დიდი დოზით არის, მაგრამ თეატრის ინტრიგებში არასდროს ვეხვევი.

- ბედნიერი ვარ...

- ...ძალიან და ამის არაერთი მიზეზი მაქვს. ბედნიერებაა, რომ მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, შვილი, საინტერესო საქმეს ვაკეთებ...

GzaPress - ჩემთვის მიუღებელია... - ...ადამიანების განკითხვა და უსამართლობა. როცა სხვას უსამართლოდ ექცევიან, მეტად ვღიზიანდები, ვიდრე მაშინ, როცა უსამართლობას თავად ვაწყდები. არ შემიძლია, წყნარად ვუყურო, ადამიანს როგორ ჩაგრავენ.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...სანამ თეატრალურში ჩავაბარებდი, 10 წლის განმავლობაში ვცეკვავდი. ერთხელ თვე-ნახევრით ამერიკაში გასტროლზე ვიმყოფებოდი. გარემო ძალიან საინტერესო იყო. ყოველდღე სოლო კონცერტი გვქონდა და იმ მომენტში ჩემი ბავშვური ხედვით ვგრძნობდი, რომ ეს წარმატება იყო. ნამდვილი წარმატება ალბათ, მაშინ მქონდა, როცა სცენაზე დავდექი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ოჯახის წევრებს. ყველა ყოველთვის ხელს მიწყობდა იმაში, რომ ამ პროფესიაში წარმატებისთვის მიმეღწია. ოჯახის მხარში დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მათ მადლობას საჯაროდ ვეუბნები.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...მეტი და მეტი გავაკეთო.

- მეშინია...

- ...სიბნელის, ბოროტი, ღვარძლიანი ადამიანების და კიდევ - ბევრი რამის. ძალიან მშიშარა ვარ. მინდა, გარშემო ყველა და ყოველთვის კარგად იყოს.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მომწონს. უბრალოდ მგონია, ასეთი უნდა ვყოფილიყავი. პლასტიკური ქირურგიის მეშინია.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...სამზარეულოში ტრიალი. კულინარია არ მიტაცებს, არ მხიბლავს, არადა, გურმანი ვარ.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...მაქებენ. განსაკუთრებით არ მიყვარს, როცა რამდენიმე ადამიანიდან გამომარჩევენ და ჩემს ქებას იწყებენ. შეიძლება, ეს ვიღაცისთვის სასიხარულოა, მაგრამ იმ წუთში, მორიდების გარდა, არაფერს განვიცდი.

- ვნანობ, რომ...

- ...კერვა არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად ვისწავლი. ძალიან მინდა, ჩემს სამოსს საკუთარი ხელით ვქმნიდე.

- პატიება შემიძლია...

- ...ყოველთვის, მაგრამ შეიძლება ზოგიერთი რამ ვერ დავივიწყო. ეს მერე ურთიერთობას ეტყობა.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ძალიან ბევრი რამ. მტკივნეული შეცდომა არც დამიშვია, მაგრამ რაც ჩავიდინე, ისიც გაკვეთილად გამოვიყენე.

- ბოლოს ვიტირე...

- ...თეატრში, პრემიერაზე. როდესაც სცენაზე ჩემი შვილი ავიყვანე, გული ამიჩუყდა და ამეტირა. ზედმეტად ემოციური ვარ, ხშირად სიხარულის გამოც მეტირება.

- ვიბნევი...

- ...ძალიან იშვიათად. დაბნეული ადამიანის იმიჯი არ მომწონს.

- წონასწორობიდან გამოვდივარ...

- ...როცა უსამართლობას ვაწყდები, როცა ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ. აუტანელია ცნობილი ადამიანების ოჯახის წევრებს რომ გადასწვდებიან და აუგად მოიხსენიებენ. ერთი ძალიან არასასიამოვნო ფაქტი შემემთხვა, მაშინ "ჩემი ცოლის დაქალებში" ახალი გამოჩენილი ვიყავი. ის ეპიზოდი გადიოდა, როცა ჩემი პერსონაჟის და ძიძის თემა სერიალში აქტუალური იყო. იმ დღეებში, ჩემი შვილი ძიძას სასეირნოდ ჰყავდა გაყვანილი. დახვდნენ ძიძას და უთხრეს: არ შეგეშინდეთ, ჩვენ თქვენთან ვართ. ეს გოგო როგორ გექცევათ? მხარში ამოგიდგებითო. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა.

- ამწუთას ძალიან მინდა ვიყო...

- ...იქ, სადაც ვარ, აგარაკზე ოჯახის წევრებთან ერთად და რაც მთავარია, თავისუფალი დრო მაქვს.

- სიყვარული ეს...

- ...არის მამოძრავებელი ძალა. რასაც ვაკეთებ, მგონია, რომ ყველაფერი ამ გრძნობის დამსახურებაა. ეს არის ენერგიის წყარო და ყველაზე კარგი შეგრძნება, რომელიც ადამიანს შეიძლება გააჩნდეს.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ჩემში ბევრი ფერადი პეპლები დაფრინავენ. იმ ადამიანების კატეგორიას განვეკუთვნები, ვისაც საკუთარი განცდების გამოხატვა და მეორე ადამიანისთვის გაზიარება შეუძლია. კარგი იქნება, ერთმანეთს სიყვარულს ხშირად თუ გავუზიარებთ.

- მეუღლე...

- ...ჩემი პროფესიისგან რადიკალურად განსხვავებული სფეროს წარმომადგენელია. ჩვენ 10 წელია, დაოჯახებულები ვართ და 5 წლის შვილი გვყავს. მისი სურვილის გათვალისწინებით, სხვას ვერაფერს გეტყვით.

- ვეპრანჭები...

- ...მეუღლეს, საკუთარ თავს. მიყვარს, როცა კარგ ფორმაში ვარ, ამას ჩემი პროფესიაც მოითხოვს.

GzaPress - ვრისკავ, როცა... - ...გასარისკია. რისკზე ბრმადაც წავსულვარ, ამის გარეშე ცხოვრება მოსაწყენია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...მეგობრები და ოჯახის წევრები, დროის უქონლობის გამო. თეატრში ბევრ დროს ვატარებ.

- ჩვევად მაქვს, სცენაზე ყოველი გასვლის წინ...

- ...ჩუმად, კულისებში ვამბობ ლოცვას და პირჯვარს ვიწერ, სხვაგვარად არ შემიძლია.

- როცა მარტო ვარ...

- ...ეს ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება და ასეთ დროს ვუყურებ ფილმებს ან წიგნებს ვკითხულობ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...დავეხმარებოდი ყველას, ვისაც კი დასჭირდებოდა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...კამერის წინ არ გავშიშვლდები. არის როლები, რომელზე თამაშსაც არ დავთანხმდები. იაფფასიანი პოპულარობა არ მინდა.

- თავისუფლება...

- ...ძალიან საჭირო რამ არის, ამის გარეშე ადამიანი ვერ განვითარდება.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ყველა წინააღმდეგობას თუ უსიამოვნებას ძალიან მარტივად ვუდგები. არაფერს ვამძაფრებ და ვაპრობლემებ - ასე ცხოვრება უფრო ადვილია.

- ბედისწერა...

- ...ალბათ არსებობს.

- ინტუიცია...

- ...ძალიან კარგად მაქვს განვითარებული. ინტუიციას ყოველთვის ვენდობი. უეცრად შეიძლება ისეთ როლზე ვთქვა უარი, მანამდე რომ ვოცნებობდი. ასეთი შემთხვევა მქონდა: დარწმუნებული ვიყავი, რომ თამაშს დავთანხმდებოდი, მაგრამ როცა მივედი, უარი ვთქვი. იმ წუთში ვინმეს უარის მიზეზი რომ ეკითხა, ვერ ვუპასუხებდი. გავიდა ცოტა დრო და აღმოჩნდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...

- ...ეს არის დედა. ოჯახის წევრების აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ..."არასდროს მოექცე ადამიანებს ისე, როგორც არ გინდა, რომ შენ მოგექცნენ" - ეს სიტყვები ძალიან მომწონს, ჩემი ცხოვრების დევიზია და ხშირად მახსენდება.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ცხოვრება მშვენიერია. კარგი იქნება, ერთმანეთს მეტ დადებით ენერგიას და სიყვარულს თუ გავუზიარებთ. ასე უფრო ლაღები ვიქნებით, ცხოვრება კი უფრო სასიამოვნო და საინტერესო გახდება.

თამუნა კვინიკაძე