"ბავშვები შეფის დანას ჩემზე უკეთ ხმარობენ" - გზაპრესი

"ბავშვები შეფის დანას ჩემზე უკეთ ხმარობენ"

მეგობრები - თინა ვაშაკიძე და ია ძაგანია "მასტერშეფში" ერთმანეთის კონკურენტები არიან, თუმცა ეს მათ მეგობრობას ვერაფერს აკლებს. თინა არაერთხელ დასახელდა ლიდერად, ია კი - შოუს აღმოჩენად. იმის შესახებ, თუ ვინ არიან პროფესიით, რატომ არ გაამართლა ხინკლის ექსპერიმენტმა და როგორია მათი გეგმები შოუს შემდეგ, ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.

თინა:

- მაქვს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში და მაგისტრის - საერთაშორისო ურთიერთობებში. ბოლო 8 წელია, ბიზნესსექტორში ვმუშაობ სხვადასხვა პროექტზე. მაქვს საკუთარი სავაჭრო კომპანია, რომელიც ძირითადად, იმპორტსა და საბითუმო გაყიდვებზე მუშაობს. ბოლო წლებია, სოფლის მეურნეობითაც დავინტერესდი და მშობლებთან ერთად მოცვის პლანტაცია გავაშენე იმერეთში. ასევე, მეგობრებმა ერთი წლის წინ დავაარსეთ კომპანია "ამოჭამე", სადაც განსხვავებული ტიპის საწებლებსა და მურაბებს ვაკეთებთ. ისე მოხდა, რომ კულინარიის სიყვარულმა ყველაფერს აჯობა და მომავალში ჩემს თავს მხოლოდ სარესტორნო ბიზნესში ვხედავ.

ია:

- ვსწავლობ ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე კავკასიის უნივერსიტეტში. თეატრალურში ვაბარებდი, მსახიობობა მინდოდა და ფსიქოლოგიაზე მოვხვდი, თუმცა უარი არ მითქვამს ჩემს ოცნებაზე.

- როდიდან დაინტერესდით კულინარიით?

თინა:

GzaPress - იმერელი ბებიების დამსახურებით ბავშვობიდან მახსოვს საოცარი გემოები, რომლებსაც მეხსიერებაში დღემდე ვინახავ და სულ ვცდილობ, მივუახლოვდე მაინც. 18 წლის რომ ვიყავი, გერმანიაში წავედი სასწავლებლად, მარტო ვცხოვრობდი და მაშინ დავიწყე მზარეულობა, თან სულ ქართულ კერძებს ვამზადებდი. კულინარია ყოველთვის თერაპია იყო ჩემთვის, განტვირთვის საშუალება. თუმცა, ბოლო ერთი წელია, ის გატაცებაზე მეტი გახდა. ია:

- კულინარია სულ მაინტერესებდა და ჭამაც სულ მიყვარდა, პატარაობიდან (იცინის). თუმცა, სახლში მომზადება მაინცდამაინც არ მომწონს.

- ვინ გიფასებთ ნახელავს? მეგობრებს თუ უყვართ თქვენი მომზადებული კერძები და ყველაზე ხშირად, რის გაკეთებას გთხოვენ?

თინა:

- ყოველდღიურად ჩემი შვილებისთვის ვამზადებ და ისინი ყველაზე კრიტიკულები არიან, მაღალი სტანდარტები აქვთ. შაბათ დილით საუზმეს აუცილებლად ერთად ვაკეთებთ. ბავშვები შეფის დანას ჩემზე უკეთ ხმარობენ. მეგობრებისთვის მომზადება კიდევ ცალკე ფილოსოფიაა. ვცდილობ, მათ ახალი და უცნაური კერძი მოვუმზადო, რაც განსაკუთრებულ ემოციას გამოიწვევს და გემო დაამახსოვრდებათ.

ია:

- ოჯახში ყველას გვიყვარს ჭამა, მამაჩემი გურმანია და პირველ რიგში, ის მიფასებს ხოლმე კერძებს.

- როგორ ჩნდება იდეა, რა რით შეაზავოთ, ამას ინგრედიენტები გკარნახობთ? და კიდევ, ექსპერიმენტები ყოველთვის ამართლებს?

თინა:

- ჩემი გემოები არის მეხსიერებისა და ემოციების კომბინაცია. ერთ პროდუქტს შეიძლება, ერთი თვე ვუტრიალო და ყველა შესაძლო კომბინაცია ვცადო. განსაკუთრებით ვბრაზდები, როცა კერძი არ გამომდის და მანამ ვაკეთებ, სანამ იდეალური არ იქნება. ყველაზე რთული ჩემთვის ტრადიციული კერძებია, მაგალითად, ხაჭაპური. თხელი, ფაფუკი, წელვადი ხაჭაპური თუ გამოსდის ადამიანს, ის ყველაფერს შეძლებს. მაქვს ამოჩემებული პროდუქტები, რომელსაც ხშირად ვიყენებ, როგორებიცაა: წიწაკა, ნიორი, ქინძი, თაფლი, კენკრა, ლიმონი. ერთხელ მეგობრებმა გადავწყვიტეთ ხინკალზე ექსპერიმენტების ჩატარება და მოვამზადეთ დაახლოებით 40-მდე სხვადასხვა შიგთავსის ხინკალი. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ექსპერიმენტმა არ გაამართლა.

ია:

- როდესაც რამე კერძზე ვმუშაობ, ვშლი კომპონენტებად და ვცდილობ, ახალი ინგრედიენტები დავუმატო. თავიდან ფურცელზე ვმუშაობ, კერძს თეორიულად ვქმნი და მერე ვიწყებ კეთებას, ფანტაზიის საფუძველია ცოდნა და ამიტომ, კერძს ჯერ დიდ დროს ვუთმობ გონებაში.

- მახსოვს, ჩემთან საუბრისას სოკოლოვმა თქვა თინას "მამალოებზე", - უგემრიელესი იყოო. როგორ მოამზადეთ? რამე ისეთი რეცეპტი გვითხარით, იოლად მოსამზადებელი და გემრიელი რომ იყოს.

თინა:

- "მამალო" პირველ დავალებაზე მოვამზადე. მისი დანიშნულება იყო ბავშვობის დროინდელი დადებითი ემოციების გამოწვევა. როგორც მახსოვს, მარტივი კარამელი იყო - შაქარი ავადუღე მაღალ ტემპერატურაზე, შემდეგ ფოლგაზე დავასხი, ფორმა მივეცი, ჯოხი დავაფიქსირე და ზემოდან კარამელიზებული ბეკონი და დაღერღილი წიწაკა მოვაყარე. ჩემი საყვარელი ზაფხულის საუზმეა ხილის "სმუზი", ასევე ძალიან სასარგებლოა და მარტივი. გაყინული კენკრა და ბანანი ათქვიფეთ ბლენდერში, დაამატეთ ნუშის რძე (ან ნებისმიერი სხვა რძე), თაფლი, ცოტა მარილი, ჩიას ან სელის თესლი, სანელებლები სურვილისამებრ, დარიჩინი, ილი, მუსკატის კაკალი. ჩაასხით მიღებული მასა ღრმა თეფშში, მოაყარეთ ცოცხალი კენკრა, თხილეული და ნებისმიერი ჩირი.

ია:

- ეს არის ხორბლის წვნიანი, რომლითაც იმუნიტეტი მოვიპოვე. უნდა მოვხარშოთ ბულიონი - არტალა ჯერ მშრალ ტაფაზე შევბრაწოთ, მოვასხათ წყალი და ვადუღოთ, დავუმატოთ ნახევარი ხახვი. მოვხარშოთ ხორბალი და ქერი. ტაფაზე გავალღოთ საქონლის ცხიმი და მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, როზმარინი და ძირა. რომ მოიშუშება, დავუმატოთ მოხარშული ბურღული და ცოტა დავბრაწოთ. შემდეგ დავუმატოთ კარაქი და გავათხელოთ ბულიონით. მასა უნდა იყოს სქელი. ნახევარი ლიმონის წვენში ჩავყაროთ ქიშმიში და ნელ ცეცხლზე ვხარშოთ, დავუმატოთ წიწაკა და მარილი. ღრმა თეფშზე დავასხათ სუპი, ალაგ-ალაგ დავუმატოთ ქიშმიშის მასა და დავაყაროთ დაქუცმაცებულ თხილს. ძვლის ტვინს კი დავაყაროთ მარილი და პილპილი, ცოტა ზეთიც, გამოვაცხოთ 20-22 წუთი და მივირთვათ ყველა კომპონენტი ერთად.

- "მასტერშეფში" მონაწილეობის გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ?

თინა:

- "მასტერშეფი" წლებია, ჩემი საყვარელი კულინარიული შოუა და თითქმის ყველა უცხოური სეზონი ნანახი მაქვს. სანამ კასტინგზე მივიდოდი, ვფიქრობდი, რომ ქართული ვერსია გაცილებით დაბალი ხარისხის იქნებოდა, თუმცა, ასე არ აღმოჩნდა და ძალიან მიხარია, რომ დღეს ამ გუნდის წევრი ვარ. ერთადერთი, რაც აკლია ქართულ "მასტერშეფს" და ზოგადად, ქართულ კულინარიულ სამყაროს, ხარისხიანი პროდუქტების მრავალფეროვნებაა.

ია:

GzaPress - "მასტერშეფს" პირველად წინა ზაფხულს ვუყურე და მომეწონა. როცა გავიგე, რომ საქართველოში ტარდებოდა, არც დავფიქრებულვარ, ისე მივიღე გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ძალიან მაღალი ხარისხის შოუ გამოვიდა. - რა გასწავლათ, რა გამოცდილებით წახვალთ ამ გადაცემიდან?

თინა:

- პირველი კასტინგის შემდეგ, რაც წინსაფარი მივიღე, თითქმის არ მძინებია, მუდმივად ვამზადებ, ვსწავლობ, ექსპერიმენტებს ვატარებ. პერფექციონისტი ვარ და სულ ვცდილობ, განვვითარდე. განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდე ამ პროექტს და ვფიქრობ, სწორედ ამიტომაც დავსახელდი ბევრჯერ ლიდერად.

ია:

- შოუმ გადააჭარბა ჩემს მოლოდინს, იმდენად დადებითი ემოცია მქონდა. გავიცანი კარგი და პროფესიონალი ადამიანები. კულინარიულის გარდა, ბევრი სხვა, ცხოვრებისეული გამოცდილებაც მივიღე და დავრწმუნდი, რომ კულინარია ჩემი საქმეა. ყველა კონკურსანტი ღირსეული მონაწილეა, დიდი სიამოვნებაა მათთან ყოფნა. არ ვიცი, უპირატესობაა ეს თუ არა, მაგრამ მე მიყვარს უსაზღვრო რისკი, კულინარიაში გამბედავი ვარ.

- ყველაზე მეტად, ჟიურის რომელი წევრის შენიშვნებს უფრთხით და გაიხსენეთ კომპლიმენტი, რომელიც მათგან დაგამახსოვრდათ ან პირიქით, უარყოფითი შეფასება.

თინა:

- ვცდილობ, გავითვალისწინო ნებისმიერი შეფასება. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე ჟიურის წევრებისგან. განსაკუთრებით, ლუკას შეფასება დამამახსოვრდა ჩემი თევზის კერძზე. მისი ეს კარგი გაგებით აგრესიული ემოცია - მაგიდაზე მუშტის დარტყმა იყო ის, რაც მინდოდა ამ კერძით გამომეწვია.

ია:

- ჟიური მართლაც პროფესიონალი და ობიექტურია, ყველა მათი კრიტიკა და შენიშვნა ჩემთვის იყო მოტივაცია, რომ უკეთესი კერძი გამეკეთებინა. ყველაზე მეტად მათში მომწონს, რომ ითხოვენ და აფასებენ ახალ ქართულ გემოებს.

- თინა, სოციალურ ქსელში თქვენზე წერენ, თავმდაბალი და გაწონასწორებულიაო, იაზე კი, უემოციო და დაბნეული გოგოაო. სინამდვილეში როგორები ხართ?

- გარეგნულად მშვიდი და გაწონასწორებული ვჩანვარ, თუმცა შინაგანად ძალიან ემოციური გახლავართ. სამართლიანი ვარ, პრინციპული, საქმიანი და იდეალისტი, ყოველ შემთხვევაში, ასე ვხედავ გვერდიდან საკუთარ პიროვნებას.

ია:

- შეიძლება ასე ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ემოციური ვარ. უბრალოდ, როცა რაღაცაზე ვარ კონცენტრირებული, ასე ჩანს.

- ოჯახის შესახებაც მითხარით.

თინა:

- მყავს 2 შვილი და ტრადიციული დიდი ქართული ოჯახი. შვილები დღესაც აპროტესტებენ ჩემს გადაწყვეტილებას, რადგან მათთან ბევრ დროს ვეღარ ვატარებ.

- თქვენი მეგობრობაც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კონკურსანტები ხშირად გსაყვედურობენ, მუდმივად ერთმანეთის გადარჩენაზე ზრუნავენო.

თინა:

- მე და იამ ერთმანეთი კულინარიის აკადემიაში გავიცანით, სამოყვარულო კურსებზე. ია ძალიან ნიჭიერია, აქვს განსაკუთრებული ხედვა კულინარიაში, უცნაური გემოვნება, ასევე მიზანდასახულია და ვფიქრობ, ბევრს მიაღწევს, თუ ბოლომდე გაჰყვება ამ სფეროს. რაც შეეხება კონკურსში ერთად მოსვლას, შოუს ფორმატიდან გამომდინარე, ვფიქრობ, დანარჩენ კონკურსანტებს დისკომფორტი არ უნდა შეჰქმნოდათ, რადგან აქ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ჟიური იღებს.

ია:

- მე და თინა პირველ რიგში, მეგობრები ვართ და ეს კონკურენციაზე ბევრად მეტია.

ნინო ჯავახიშვილი