როგორ სიტყვებს "აგროვებს" ნუგზარ კვაშალი - გზაპრესი

როგორ სიტყვებს "აგროვებს" ნუგზარ კვაშალი

ნუგზარ კვაშალი ამაყობს გურულობით. მამით და დედით გურული, თავს 100%-იან აბდალს უწოდებს. გურულს უნდა, რომ ყველა გურული იყოს, ბატონი ნუგზარი ამის დასტურად მიამბობს: "თბილისში, შოთა რუსთაველის ძეგლთან ახლოს, გურული "ბიგმაკს" მიირთმევს, უყურებს ძეგლს და იძახის, - აი ვინაა ბიჭო, ფილიპეა მახარაძე? - ფილიპე კი არა, შოთაა! - ვინ შოთა, ჭანუყვაძე?"

უცნაური სახელები

- ფილმში "უმცროსი და" რუსული ცეკვის ანსამბლი "სუვენირი" და "ივერია" შავ ზღვაზე ერთად ვმოგზაურობდით. პროდიუსერი იყო ჯადაროს ბარამიძე. ჯადაროსი სრული სახელია, ისე ჯადოს ვეძახდით. როცა პირველად გავიგე მისი სახელი, რა თქმა უნდა, გამიკვირდა, რა ჯადოზე იყო ლაპარაკი. ამ სახელზე "ვარსკვლავური ომების" გმირი ჯედაი მახსენდება. მაშინ არ იყო გადაღებული ეს ფილმი, თორემ ჯადო შეიძლებოდა, ჯედაი ყოფილიყო. "უმცროსი დის" გადაღებიდან 42 წელი გავიდა. მაშინ 25 წლისა ვიყავი, ჯადო იქნებოდა დაახლოებით 50-ის. ის ძალიან სიმპათიური და კარგი კაცი იყო. ჩვენ ვმეგობრობდით, ასაკობრივი სხვაობა მისთვის არაფერს ნიშნავდა. პროდიუსერს არ სწყინდა ჯადოთი მიმართვა, პირიქით, მგონი ამაყობდა კიდეც, უცნაური სახელი რომ ერქვა.

ადრე ბევრი სახალისო სახელი არსებობდა. იყო ლენსტამბერი, სამი ბელადის (ლენინი, სტალინი, ბერია) სახელს აერთიანებდა. ომგერი - ომი გერმანიასთან, ამ სიტყვებისგან შედგენილი სახელი იყო. ხშირად ონგერს ამბობდნენ, რაც არასწორია. მახსოვს ზიმალეტა, ეტყობა ვიღაცა კონდიციონერზე ოცნებობდა და შვილს ამიტომ დაარქვა ასე. სხვა სახელებს ვეღარ ვიგონებ, ბაკურიანში ვარ ახლა, ნისლიანი მთებია, ცივა, 15 გრადუსია (ინტერვიუ ჩაწერილია 24 ივლისს) და მგონი, ცოტა ტვინიც გამეყინა სიცივისგან (იცინის).

რა არის დაიხლიფართა? - ორმხრივად გურული, 100%-იანი აბდალი ვარ. მიყვარს გურული გამონათქვამები და სპეციალურად ვსწავლობ. მაგალითად, ფეხბურთელმა ბურთს რა შეიძლება უყოს? ბურთი დაიხლიფართა, ე.ი. წაიღო ბურთი და ისე ატარა, ყველა დააბნია. ცხენი ყალყზე რომ დადგება და შეეშინდება, ამაზე ამბობენ, რომ შექუშმაშდა (იცინის). ვეძებ ასეთ სიტყვებს და ვიმახსოვრებ. თუმცა გურულები ძალიან მაგრები ვართ, იმიტომ, რომ ხანდახან, ქალს სიყვარულს როცა უხსნი, ეუბნები, - შენ, ჩემო მზეო ან ჩემო მთვარეო, ვარსკვლავო, ლამაზო ღრუბელო და ეს ყველაფერი, გურულებს ერთ სიტყვაში გვაქვს - ცა. ჩვენ ხომ ვამბობთ: ცა, რას შვრები? ამიტომ ვართ მაგრები...

კიდევ, ყველაზე კარგი რა იყო, იცი? საწყალი გოგიჩა (ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი) გადასარევად ხსნიდა, როცა ერთი გურული მეორეს ეკითხება: "რაფრაა ი?" გურული ხვდებოდა, ვისზე იყო ლაპარაკი და ამბობდა: "ი კარგადაა". მეორე შეკითხვა იყო: "რაფრაა იი?" ე.ი. ორჯერ "ი", "იი-ც კარგადაა". მესამე შეკითხვა: "რაფრაა იიი?" პასუხი არ აყოვნებდა, - "იიი კარგადაა". ძალიან გონებამახვილურია, ასე მგონია. ვტრაბახობ და ვამაყობ, რომ გურული ვარ, თუნდაც ექვთიმე თაყაიშვილის გამო. მისი თავდადების მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს.

დღეგრძელი გურულები - ერთ ამბავს მოვყვები, რომელიც გურულების დღეგრძელობას ეხება. გურული ჩავიდა რაიონულ ცენტრში, მივიდა მაღაზიაში და უნდა იყიდოს კასტიუმი, ასე ეძახიან მარტო ზედა ჩასაცმელს, ხოლო შარვალთან ერთად კოსტიუმია. კაცსა და გამყიდველს შორის ასეთი საუბარი მიდის.

- უკაცრავად, კასტიუმი გაქვთ? - როგორ არა, გვაქვს. - 2 ცალი მინდა. - კი მარა, თქვენ რამდენი წლისა ბრძანდებით? - 82 წლისა ვარ. - 2 კასტიუმი რად გინდათ? - მეორე მამაჩემიზა მინდა. - და რისთვის გინდათ? - ბაბუის ქორწილში მივდივართ. - რაო, ბაბუას ქალი მოჰყავს? - არა, თვითონ არ უნდა, მარა მამამისი აძალებს!.. აი, ასეთი იუმორია, აბა რავა!

GzaPress სიყვარული, მეგობრობა, იუმორი - ანსამბლ "ივერიას" სცენაზე განხორციელებულ მიუზიკლებს ფილმებად იღებდნენ. "ჩხიკვთა ქორწილის" ორი ვარიანტი იყო, ჯერ რუსული გადაიღეს, მერე ქართული. მაშინ ბევრ ფილმს ცენტრალური, საკავშირო ტელევიზიის დაკვეთით იღებდნენ. ჩვენ იმდენი ფინანსები სად გვქონდა. გადაღებებზე ყოველთვის ხდება რამე სახალისო. ვახტანგ ტატიშვილი გვერდით რომ გიდგას, ყოველ წუთში რაღაცას ელოდები, მაგრამ ჩვენ მიჩვეულები ვიყავით. რამდენჯერ წყლის ნაცვლად, ღვინო ან არაყი ჩაგვისხია მისთვის. გადაღების დროს ხომ არ შეიმჩნევდა? ვახო ბოლომდე ცლიდა სასმისს და მერე გამოგვეკიდებოდა ხოლმე, მაგრამ უკვე გვიანი იყო...

ხალხი ყოველთვის საოცარ სიყვარულს ამჟღავნებდა "ივერიას" მიმართ. ქართველების სტუმართმოყვარეობა განსაკუთრებულია, მართლა უკანასკნელს რომ გაიღებს, ეს ხომ 100%-იანია. საქართველოში დღესაც შენარჩუნებულია ეს ტრადიცია და კარგია. სოფლებში გადაღებების დროს ვცდილობდით, ადგილობრივი ხალხი ფილმში მოხვედრილიყო, რომ მათი სახე ეკრანს დაეფიქსირებინა. როცა ნახავდა საკუთარ თავს, აღუწერელი სიხარული ეუფლებოდა: "აი, ის მე ვარ!" ამბობდა აღტაცებით. დიდი ბედნიერებაა, როცა გადაღების პერიოდში კარგ ხალხთან გიწევს ურთიერთობა. ამ ფილმებში მონაწილეობდნენ უნიკალური ქუჩის მუსიკოსები, რუსეთში კიდევ, ჩვენი ძმები და მეგობრები: ალექსანდრე აბდულოვი, ლეონიდ იარმოლნიკი... ერთმანეთთან დიდი მეგობრობა, დიდი სიყვარული და იუმორი გვაკავშირებდა.

მთავარია სამი რამე... - მე და ვახო ტატიშვილი ხშირად დავდივართ რეგიონებში და ბავშვებს ვეფერებით ჩვენი სიმღერებით. ყველასგან - პატარებისა და ყოფილი პატარებისგან ისევ ისეთი სიყვარული მოდის, როგორიც ადრე არსებობდა. ახლა დედა ასწავლის შვილს იმ სიმღერას და ბავშვები დღესაც გადასარევად მღერიან, რომ მთავარია სამი რამე დედამიწაზე: სიყვარული, სიკეთე და სილამაზე. ამით ყველაფერია ნათქვამი. ყოველი კონცერტის შემდეგ, როცა სცენაზე ალბათ 100-150 ბავშვი ამოდის, მე და ვახო ზუსტად იმხელები და მათნაირი ცელქები ვხდებით; ამ ყველაფერს ჩვენთვის მოაქვს დიდი სიხარული და უდიდესი ენერგია.

ნანული ზოტიკიშვილი