სოსო ხვედელიძის ბედნიერება, რისკი და სიყვარული - გზაპრესი

სოსო ხვედელიძის ბედნიერება, რისკი და სიყვარული

"ამ პროფესიაში მაქსიმუმი არ არსებობს. იმუშავე ერთ როლზე, შექმენი სახე და დამთავრდა, მერე სხვა "შენებას" იწყებ", - ამბობს მსახიობი სოსო ხვედელიძე. რას ფიქრობს თემაზე, როცა მსახიობს საკუთარ პერსონაჟთან აიგივებენ, ვის შეუძლია ყოველთვის კარგ ხასიათზე დააყენოს, რა ვერ ისწავლა დღემდე, რომელი თვისება მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში და რას არ გააკეთებს არანაირი თანხის სანაცვლოდ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1982 წლის 21 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი, მაგრამ ჯერ ექიმი გავხდი და მერე - მსახიობი. ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრი ექიმია, მათ შორის - ჩემი ძმაც. მშობლების სურვილი იყო, მეც ექიმი ვყოფილიყავი. სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, მაგრამ ამ პროფესიით ერთი დღეც არ მიმუშავია.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს შვილები. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. უბედობაზე წუწუნს არასდროს დავიწყებ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ რთული ხასიათი მაქვს. ვთვლი, სირთულე უარყოფით შეფასებას არ ნიშნავს. ყოველთვის გულწრფელი ვარ, არ ვიტყუები. გარშემო ბევრი რთული ხასიათის ადამიანია და ვფიქრობ, ისინი საინტერესოები არიან.

- ერთულებათ ის, რომ...

- ...ვარ ძალიან პრინციპული, პირდაპირი, მომთხოვნი სხვის და პირველ რიგში - საკუთარი თავის მიმართ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ერთგული ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- "ფეთქებადი" ვარ, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება.

- საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ, როცა...

- ...არაადეკვატურობამდე მიუღებელია ის, რაც ირგვლივ ხდება. უსამართლობას, ადამიანების ჩაგვრას გულგრილად ვერასდროს ვუყურებ.

- ვრისკავ, როცა...

- ...დარწმუნებული ვარ, რომ რისკი გაამართლებს. გარისკვამდე ძალიან ბევრს ვფიქრობ. რისკზე გაუაზრებლად წასვლა არ მჩვევია. ფრთხილი ვარ. მგონია, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, მხოლოდ ინტუიციას არ უნდა ენდო, გონებაც უნდა ჩართო. როცა ასე არ მოვიქეცი, ყოველთვის წავაგე.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო სტუდენტობის წლებში, როდესაც მედეა კუჭუხიძესთან ურთულეს მასალაზე, ართურ მილერის "ორი ორშაბათის გახსენებაზე" ვიმუშავე. წარმატება არასდროს უდრის პოპულარობას. შეიძლება იყო ძალიან წარმატებული და ეს 10 ადამიანის გარდა არავინ იცოდეს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...ჩემს პედაგოგ მედეა კუჭუხიძეს, მეტყველების პედაგოგ ლეილა კაპანაძეს და იმ რეჟისორებს, რომლებთანაც მომიწია მუშაობამ. დღემდე ვსწავლობ, ამ პროფესიაში მაქსიმუმი არ არსებობს. იმუშავე ერთ როლზე, შექმენი სახე და დამთავრდა, მერე სხვა "შენებას" იწყებ.

- პოპულარობას...

- ...რაც შეეხება, ყოველთვის მინდა, ჩემი საქმე იყოს პოპულარული. შესაბამისად, გამოხმაურებებიც საქმესთან დაკავშირებით მაინტერესებს. სხვა მხრივ უფრო ჩაკეტილი ადამიანი ვარ. გულდასაწყვეტია, როცა მსახიობები თეატრში არაჩვეულებრივ როლებს ქმნიან და მათ საზოგადოება ნაკლებად იცნობს. საკმარისია, ერთხელ ტელევიზორში გამოჩნდე და უკვე პოპულარული ხარ. მსახიობები სხვა თაობაში, თეატრითაც პოპულარულები ხდებოდნენ. ვისურვებდი, ახლაც ასე იყოს.

- როცა მაყურებელი მსახიობს საკუთარ პერსონაჟთან აიგივებს...

- ...ეს არასწორია, ძალიან ცუდია. ჩემს ცხოვრებაშიც არაერთხელ ყოფილა მსგავსი რამ. ადრე დადებით გმირს ვთამაშობდი და იმ პერსონაჟთან მაიგივებდნენ, ახლა "ჩემი ცოლის დაქალებში" - უარყოფით გმირთან. არადა, არც აჩიკო ვაჩნაძე ვარ, არც ნაპოლეონი, არც მორჩილი ვალიკო, ერთი ჩვეულებრივი მსახიობი ვარ.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...შვილებთან რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამომდის. 2 შვილი მყავს - კატო და დაჩი. კატო რეპეტიციებზე ხშირად დამყვება. ვცდილობ, ყურადღებიანი მამა ვიყო.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ის, ვინც ვარ და იქ, სადაც ვარ. ამ ინტერვიუს დასრულების შემდეგ ძალიან საინტერესო რეპეტიცია მეწყება.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ექიმი.

- მეშინია...

- ...საყვარელი ადამიანების გარდაცვალების.

- სიყვარული ეს...

- ...არის ძალიან დიდი გრძნობა, რომელსაც საფუძველს დიდი პასუხისმგებლობა უმყარებს. თუ ამ გრძნობაში თავგანწირვა არ არსებობს, მაშინ ის ნამდვილი ვერ იქნება. სიყვარული მეორე ადამიანისადმი საკუთარი თავის მიძღვნაა და ეს აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მეხუთე კლასში ვიყავი. იმ ამბავზე დღესაც მეცინება. ჩემი კლასელი გოგონა მაშინ შემიყვარდა, როცა ზაფხულის არდადეგები დაიწყო. წერილი მივწერე, მიყვარხარ და პასუხი მომწერე-მეთქი.

- ჩემი მეუღლე...

- ...გახლავთ ნათია ბერაძე, პროფესიით ფილოლოგია. 2010 წელს დავქორწინდით, ნათია ჩემს დეიდაშვილთან გავიცანი, მეგობრები არიან და მერე როგორც ხდება ხოლმე, ჩვენი ურთიერთობა აეწყო.

- სიგიჟეები, რომელიც შეყვარებულს ჩამიდენია...

- ...რიონში არ გადავმხტარვარ, ვიცოდი, ვერ ამოვიდოდი. სიურპრიზები და საჩუქრები კი თავადაც მაბედნიერებს და საყვარელი ადამიანისთვის ხშირად მიმიძღვნია. ამას ალბათ ეგოისტურად, საკუთარი სიამოვნებისთვისაც ვაკეთებ.

GzaPress- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...პიროვნების ბოლომდე შეცნობა, ძალიან მიჭირს. მამამ მასწავლა, ადამიანში ყოველთვის დადებითი მხარეები ეძებეო. ალბათ ამის გავლენაა, რომ ამა თუ იმ პირის მიმართ, გარკვეულ ილუზიას ვიქმნი, საკუთარ თავს მის დადებითობაში ვაჯერებ და გვიან ვხვდები, რომ მასში დადებითს უარყოფითი სჭარბობს. ამიტომ თავიდანვე დადებითის ძიებას სჯობს, ადამიანს შორიდან დააკვირდე, რომ მერე გული ნაკლებად გეტკინოს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, ეს ნაკლებად დავიმსახურო.

- ჩემი კარგ ხასიათზე დაყენება ყოველთვის შეუძლიათ...

- ...ჩემს შვილებს.

- ცრუმორწმუნე...

- ...ვარ. დილით მარჯვენა ფეხით თუ არ ავდექი, აუცილებლად დავწვები და ხელმეორედ მარჯვენა ფეხით წამოვდგები. ადრე ჩვევად მქონდა, მარჯვენა ფეხს ცხრაჯერ ვადგამდი. ერთხელ მეგობრებთან ერთად ზღვაზე დავისვენე, დილით ჩემი რიტუალი რომ ჩავატარე, ოთახში რამდენიმეს გვეძინა და ყველა გავაღვიძე, მათი რეაქციის წარმოდგენა არ გაგიჭირდება (იცინის). მას შემდეგ ამას გადავეჩვიე. საერთოდ, მარჯვენა-მარცხენა ცრურწმენების მთელი "ბუკეტი" მაქვს. სადმე მარცხენა ხელი თუ გამეკრა, აუცილებლად მივბრუნდები და მარჯვენა ხელს ჩამოვკრავ. კატის გადარბენაზე და 13 რიცხვზე რეაქცია არ მაქვს.

- თავისუფლება...

- ...მოდის აზროვნებიდან. სრულ თავისუფლებას მაინც ვერ ვპოულობთ, სულ ძიებაში ვართ. თავისუფლებას მორალიც გვიზღუდავს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...აუცილებლად ბავშვთა სახლს ავაშენებდი. ჩემს შვილებასაც ამ სახლის საქმიანობაში ჩავრთავდი და უამრავ ბავშვს ბედნიერ ცხოვრებას ვაჩუქებდი. თუ ვინმეს ბედნიერი ბავშვობა არ აქვს, ეს ყველაზე მეტად მაწუხებს. ტრავმა მთელი ცხოვრება თან მიჰყვებათ.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...საკუთარ პრინციპებზე უარს არასდროს ვიტყვი.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ის ვიღაც საკუთარ შეცდომას აანალიზებს და გულწრფელად ინანიებს. თუ ასე არ არის, მაშინ მზად უნდა ვიყო, მსგავსი შემთხვევა მეორედ, მესამედ და მეასედაც ვაპატიო. ეს ადვილი არ არის.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მრცხვენია, ძალიან მეუხერხულება, ნებისმიერი წარმატება მაწითლებს.

- ვიბნევი...

- ...ნაკლებად, რაღაც განსაკუთრებული ემოციური მდგომარეობის დროს შეიძლება დავიბნე, მაგალითად, დიდი სიხარულის განცდისას.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ყველაზე მეტად შვილები მშველიან. მათზე კარგი წამალი არ არსებობს.

- როცა მამა პირველად გავხდი...

- ...დაბადებას ვერ დავესწარი, უზომოდ ემოციური ვარ და შეიძლებოდა ცუდად გავმხდარიყავი. მახსოვს, სამშობიაროს კარი ორივე მხარეს იღებოდა. ტირილის ხმა რომ გავიგონე, მივხვდი, დაიბადა. მერე ექთანმა გულზე დამიწვინა.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მშობლებისგან უამრავი დარიგება მომისმენია. მათი სიტყვები დღემდე ცხოვრების წესად მაქვს გადაქცეული, მაგრამ პირადულია, საჯაროდ ვერ ვიტყვი. მამაჩემი ცხოვრებაში ჩემზე ბევრად არტისტულია. მე ასეთი მხოლოდ ძალიან მცირე ჯგუფთან ვარ. არ მიყვარს ხალხმრავლობა, ვიზღუდები. არ მიყვარს რესტორანი, სახლში მეგობრებთან ყოფნა მირჩევნია. ჩემთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ერთმანეთს მეტი სიყვარული ვაჩუქოთ. ბოლო დროს აგრესია ძალიან მომძლავრდა, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. ვიყოთ მეტად ტოლერანტულები! ჩვენ ერთმანეთის სიყვარული გვაკლია.

თამუნა კვინიკაძე