"რამდენიმე წელია, ნამზეური საერთოდ არ მიმიღია" - გზაპრესი

"რამდენიმე წელია, ნამზეური საერთოდ არ მიმიღია"

მიუხედავად იმისა, რომ როგორც გვითხრა, ზაფხული ენერგიას აცლის და უუნარო ხდება, "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობმა - ქეთი ხუციშვილმა ჩვენთან სასაუბროდ ენერგია მაინც იპოვა...

- ზაფხული არ მიყვარს. სიცხის გამო დისკომფორტს ვგრძნობ. არ ვიცი, მიზეზი ასაკის მატებაა თუ რა ხდება, მაგრამ გემოვნება შემეცვალა: მაგალითად, სუნამოც კი წინათ "გრილი" სურნელით მომწონდა, ახლა - "ტკბილი" მომწონს... ზაფხულის სიცხეში ძალა მეცლება, უუნარო ვხდები. თეფშის გარეცხვის თავიც არ მაქვს. არადა, როგორი სისუფთავის მოყვარული გოგო ვარ?!. ვითიშები, ძილი მინდა... სიცხე ენერგიას მართმევს. ზაფხული კარგია, სიცოცხლით სავსეა, ჩიტები ჭიკჭიკებენ, მაგრამ ბოლო დროს შემოდგომა-ზამთარი უფრო შემიყვარდა. ამ სეზონებისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობაც მომწონს: პიჯაკი, ბათინკი; შერეული სტილი უფრო მიყვარს, ვიდრე სარაფანები და ნახევრად შიშველი სიარული, რაც ზაფხულს ახასიათებს.

- ზაფხულის სიცხეს სად აფარებ თავს?

- სახლში. კონდიციონერი მაქვს, რისთვისაც მადლობა მამაჩემს (იცინის). თბილისში სად უნდა წახვიდე ადამიანი? რესტორანში, კაფეში გახვალ... ღამის ცხოვრება საერთოდ არ მიყვარს, არც არასდროს მყვარებია. შინ ვარ და დღეებს ვითვლი, რომ ზაფხული გავიდეს.

GzaPress- გარუჯული სხეული არ მოგწონს?

- წინათ, მაისში უკვე ყავისფერი ვიყავი. ახლა ნამზეური ისე არ მომწონს, რომ როცა სხვები გარუჯულები არიან, მიხარია - მე თეთრი ვარ. რამდენიმე წელია, ნამზეური საერთოდ არ მიმიღია და ვგრძნობ, კანი ძალიან მაგრად გამოიყურება. ახალმიღებულ "ზაგარს" კარგი ეფექტი აქვს, მაგრამ კანს ძალიან აფუჭებს, ამაში დავრწმუნდი.

- დასვენებას სად ამჯობინებ?

- ძალიან გულწრფელი და "გამჭვირვალე" ვარ. ამიტომ გეტყვი: ყველაფერი ჩემს ხელთ არსებულ თანხაზეა დამოკიდებული. რის საშუალებასაც ცხოვრება მომცემს, დასასვენებლად იმის მიხედვით წავალ. მაგარი კურორტებიც, ძვირფასი ტანსაცმელიც მიყვარს, მაგრამ როცა ამის საშუალება არ არის, იმით ვკმაყოფილდები, რაც მაქვს. ხან ჩემს სოფელში მივდივარ, ხან - სტუმრად ვინმესთან, ხან - თბილისში ვარ... ზაფხული ასე გამყავს.

- ზღვა თუ მთა?

- უკვე მთა. ეტყობა, ნაადრევად დავბერდი. სიწყნარე მიყვარს. რამდენიმე წლის წინ, მე და ჩემი შვილი ზღვაზე რომ წავედით, შეკვეთილი შევარჩიე, სადაც სიწყნარე და ტყეც იყო. დასაძინებლად საღამოს 8 საათზე ვწვებოდი. ძალიან კარგად ვიგრძენი თავი. ზღვა არ მიყვარს... მდინარე და მთა მირჩევნია.

- ზაფხულის სიმშვიდეში გატარების სურვილი პოპულარობამ ხომ არ განაპირობა?

- არა, პოპულარობის პერიოდში, ხალხმრავალ ადგილებში დასასვენებლად არ ვყოფილვარ. ხალხის ყურადღებით არც ვწუხდები, პირიქით - ძალიან კარგია, რომ მცნობენ...

- იდეალური საზაფხულო არდადეგები სად, ვისთან ერთად წარმოგიდგენია?

- ჩემს შვილთან ერთად, რომელიც პირველ რიგში, ჩემი მეგობარია და მის გვერდით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. იუმორით სავსე ბიჭია და კარგად ვხალისობ. მასთან ერთად, საქართველოში, თუნდაც - მთაში, დიდი სიამოვნებით დავისვენებდი. ჩემი შვილი წყნარია. ღამის ცხოვრება არც მას უყვარს. მთავარია, ინტერნეტი გვქონდეს. საღამოს ტყეში გავისეირნებთ. დილაობით ყავას დავლევ - ძალიან მიყვარს. ჩემთვის იდილია ეს არის... ასე გავიყვანდი 2 კვირას ან თუნდაც - მთელ თვეს.

- დამოუკიდებლად პირველად როდის წახვედი დასასვენებლად?

- რამდენიმე წლის წინ, შვილთან ერთად შეკვეთილში ვიყავი, მაგრამ დიდხანს ვერ გავძელით - მალე წამოვედით. დასასვენებლად მარტო არასოდეს ვყოფილვარ. ჩემს ოჯახთან ან დასთან ერთად, სოფელში თუ ჩავიდოდი. იქ მთელი ოჯახი ვიკრიბებოდით...

- შეგიძლია შენთვის დაუვიწყარი არდადეგების შესახებ მოგვიყვე?

- არ მქონია, თორემ "ვიმარიაჟებდი". ამ მხრივ, "სამარიაჟო" ნამდვილად არ მაქვს.

- საცურაო კოსტიუმებს როგორ არჩევ? მოდის ტენდენციებს ყურადღებას აქცევ?

- არა, არა... მაგალითად, შარშან აუზზე მივდიოდი და ლამაზი, მწვანე, საშუალო ფასის საცურაო კოსტიუმი ვიყიდე. არც ტოტებიანია და არც - ტანგა. ბიკინის სტილის, ნორმალური საცურაო კოსტიუმია.

- საზაფხულო გარდერობის განახლებაზე ზრუნავ?

- არც ამ მხრივ ვარ პრეტენზიული. არც ძალიან კლასიკური სტილის სამოსი მომწონს, არც - ძალიან სპორტული. მაგალითად, ადრე მომწონდა, როცა შორტს და ცოტათი ქუსლიან ფეხსაცმელს ვიცვამდი. ახლა ეგეც აღარ მომწონს, კედებს ვანიჭებ უპირატესობას... შორტი მეცვა ხოლმე, მაგრამ ახლა თითქოს მერიდება - აღარ ვიცვამ. მით უმეტეს, როგორც ხედავ, "თხელი" გოგო ვარ... კაბები ძალიან შემიყვარდა. ჰოდა, კაბას ჩავიცვამ, კედებს ამოვიცვამ, მხარზე ჩანთას გადავიგდებ, სუნამოს ვიპკურებ და ასე დავკუსკუსებ. ახლაც "გამჭვირვალედ" გესაუბრები: გარდერობის განახლებაც თანხებს უკავშირდება. 17 წლის შვილი მყავს. პირველ რიგში, მასზე ვზრუნავ, რომ ხარისხიანი ვუყიდო. დაძონძილი სამოსით მეც არ დავდივარ, მაგრამ კარგი მატერიალური საშუალება უნდა გქონდეს ადამიანს, რომ გარდერობი განაახლო, თორემ გემოვნებაც მაქვს და ლამაზად ჩაცმაც მიყვარს.

GzaPress

- ზაფხულის მოახლოებისას, სხეულს განსაკუთრებულად უვლი? - ძალიან არ მიყვარს და არ მივესალმები, რომ ქალი თუ კაცი გაზაფხულის დადგომისას იწყებს ვარჯიშს. ჩემმა ინსტრუქტორმაც იცის, რომ ზამთარი და ზაფხული, წვიმა და თქეში ჩემთვის არ არსებობს - დარბაზში სულ დავდივარ და ვვარჯიშობ.

- ლაშქრობაში ყოფილხართ?

- აჰ, არა!.. დაწერე, რესპონდენტს ამის გაგონებისთანავე გული წაუვიდა და წყალი მივასხი-თქო!.. მე იმ კატეგორიის ადამიანი არ ვარ, ვისაც ლაშქრობაში სიარული, კარავში ძილი იზიდავს, მიუხედავად იმისა, რომ სპორტული გოგო ვარ. აბაზანაში თუ არ შევედი, წყალი არ გადავივლე და ჩემი შხაპგელები, კრემები არ გამოვიყენე, სხვაგვარად არ შემიძლია, ლაშქრობებში დისკომფორტი შემექმნება.

- ლაშქრობა ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ გიყვარდა?

- არა, არა, გეხვეწები, აღარ მიხსენო! სალაშქროდ წასვლასთან დაკავშირებით, შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მადლობა გადავუხადე და უარი ვუთხარი. აბაზანის გარეშე გაძლება ერთი დღეც არ შემიძლია!..

ეთო ყორღანაშვილი