ქართველი მსახიობი ჰოლივუდიდან - გზაპრესი

ქართველი მსახიობი ჰოლივუდიდან

თემო მელიქიძე ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. დაახლოებით 22 წლის წინ მისი ოჯახი საქართველოდან საზღვარგარეთ გაემგზავრა, ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. ბელგიაში გაჩნდა თემოს და. ემიგრაციაში ცხოვრება ბევრ სირთულეს უკავშირდება და არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი, მაგრამ ზოგიერთი მტკიცე ხასიათისა და ოცნების ახდენის იმედით ახერხებს "გადარჩენას".

დღეს თემო 27 წლისაა, საოცრად მიზანდასახულია და ამბობს, რომ არაფერი აშინებს. ამერიკულ კინოინდუსტრიაში უკვე ჩაწერა თავისი სახელი, თუმცა, ყველაფერი წინაა. მან მსოფლიოში ცნობილ მსახიობებთან ერთად, ერთხელ უკვე გაიარა გზა წითელ ხალიჩაზე ფილმის - "პატრიოტის დღე" პრემიერაზე. ახლა ახალი შეთავაზებებიდან ისეთი არჩევანის გაკეთება სურს, რომელიც დასახელებულ ფილმს არაფრით ჩამოუვარდება.

თუ როგორი იყო გზა საქართველოდან ბელგიაში და ბელგიიდან ჰოლივუდში, მრავალი წლის შემდეგ საქართველოში რამდენიმე კვირით ჩამოსული მსახიობი, მშობლიურ ენაზე გვიყვება.

- პირველ რიგში, მადლობა და კომპლიმენტი ეკუთვნით თქვენს მშობლებს, რომ ასე კარგად საუბრობთ ქართულად. აქვე მინდა თქვენი საზღვარგარეთ ცხოვრების პირველ ეტაზეც მიამბოთ.

- 5 თუ 6 წლის ვიყავი, საქართველოდან რომ გავემგზავრეთ. მოგეხსენებათ, მაშინ საქართველოში როგორი მძიმე პირობები და ქაოსი იყო. პირველი დიდი სხვაობა რაც ამ ორ ქვეყანას შორის დავინახე, ეს ეკონომიკური მდგომარეობა გახლდათ. მახსოვს პირველად კომპიუტერი და ფერადი ტელევიზორი რომ ვნახე, გაკვირვებული ვუყურებდი. იყო გათბობა, დენი, ონკანიდან ცხელი წყალი მოდიოდა, რაც საქართველოს მოსახლეობას უკვე დავიწყებული ჰქონდა (იღიმის). მანამდე მეგონა, მთელი მსოფლიო ქართულად ლაპარაკობდა. სკოლაში რომ დავიწყე სიარული, აღმოჩნდა, რომ ჩემი არავის ესმოდა. კომუნიკაციის პრობლემა, ახალ გარემოსა და სკოლასთან შეგუება, რა თქმა უნდა, ქმნიდა სირთულეებს, მაგრამ მშობლები სულ მხარში მედგნენ, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და ამიტომ, ძალიან მარტივად ჩაიარა ადაპტაციამ.

GzaPress

- ბავშვობიდან გქონდათ მსახიობობის სურვილი? - დიახ. მამაჩემი სპორტსმენია, კარატისტი. სპორტი ყოველთვის პრიორიტეტული იყო ჩვენს ოჯახში და ბელგიაში რომ გადავედით, მე და ჩემმა ძმამ - გიორგი ტაიკვანდოზე სიარული დავიწყეთ. მალე კარგი შედეგები ვაჩვენეთ და ბელგიის ნაკრებში აგვიყვანეს. შემდეგ სპორტსკოლაში ვსწავლობდი, რომელშიც ყველა სპორტის სახეობას გავდიოდით. დიპლომი რომ ავიღე, კლასში პირველი ვიყავი. ამის შემდეგ არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა, ან ტაიკვანდოს მიმართულებით ბელგიის ნაკრების სახელით 2016 წლის ოლიმპიადისთვის მოვმზადებულიყავით, ან მსახიობის კარიერა ამერჩია. მე მეორე ვარჩიე. ჩემი ძმა დიჯეი გახდა და მას ახლახან დიდი ტური ჰქონდა ევროპაში. ამჟამად ისიც საქართველოშია, აქ "ვორკშოპის" ჩასატარებლად მოიწვიეს.

- იყო ვინმე, ვინც თქვენზე პროფესიული კუთხით ახდენდა გავლენას?

- ბავშვობაში ბრუს ლის მონაწილეობით ფილმები რომ ვნახე, ჩემთვის ემოციური იყო და ასე ვთქვათ, ის გახდა ჩემი შთაგონების წყარო. ერთხელ სკოლაში დავალება მოგვცეს, წერილი მიგვეწერა საკუთარი თავისთვის მომავალში, 20 წლის მერე. დავწერე, რომ იმ დროს უკვე მსახიობი ვიქნებოდი, ისევე როგორც ბრუს ლი და ვიმუშავებდი ჰოლივუდში. ეს აზრი არასოდეს შემიცვლია.

- ამის შემდეგი ეტაპი რა იყო?

- ნიუ-იორკის კინოაკადემიაში სწავლა მსურდა, მაგრამ იქ სწავლა 1 წელი დაახლოებით 70 ათასი დოლარი ჯდება და რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ავტოფარეხში გადავიღე კლიპები ჩვეულებრივი კამერით და აკადემიის სტუდენტთა შესარჩევ ტურზე გავგზავნე. 2 თვის შემდეგ დამიკავშირდნენ. მითხრეს, რომ კლიპი მოეწონათ და აკადემიის დაფინანსებით სწავლის საშუალება მომეცემოდა. არ მჯეროდა, წერილი რამდენჯერმე წავიკითხე. მერე ავიღე ვიზა, მოვიკიდე ზურგჩანთა და წავედი ამერიკაში (იღიმის).

ამერიკაში გადასვლიდან 1 წლის შემდეგ, თემო მელიქიძე 326 სტუდენტიდან ერთადერთი იყო, ვისაც ბროდვეის თეატრში გადასვლა შესთავაზეს. სპექტაკლებზე მუშაობიდან მიღებულმა გამოცდილებამ მომავალი წარმატების შანსები გაზარდა. ნიუ-იორკიდან მალე ლოს-ანჯელესში გადავიდა და ახლა უკვე იქ დაელოდა ახალ შანსს პროფესიაში. თითქმის 3 თვე არაფერი ხდებოდა. არავის იცნობდა, არც მენეჯერი ჰყავდა, არც პირადი კონტაქტები ჰქონდა. ერთხელ ის ერთ-ერთმა აგენტმა ნახა და რეკლამაში გადასაღებად დაუკავშირდა. ერთმანეთი უკეთ რომ გაიცნეს, ეს ადამიანი მსახიობის აგენტი გახდა. სწორედ ამ დროს რეჟისორი პიტერ ბერგი და პროდიუსერი მარკ უოლბერგი ფილმისთვის მსახიობებს არჩევდნენ. თრილერს 2013 წლის 25 აპრილს ბოსტონში, მარათონზე მომხდარ ტერაქტზე იღებდნენ. 200-ზე მეტი დაჭრილი და 3 მსხვერპლი - ასეთი იყო ამ რეალური ამბის შედეგი. ტერორისტული აქტის ავტორები ჩეჩნური წარმოშობის ძმები - თემირლან და ჯაჰარ ცარნაევები იყვნენ. მათ ასაფეთქებელი მოწყობილობები ხალხმრავალ ადგილას აამოქმედეს. თემომ ამ ფილმში თემირლან ცარნაევის როლი შეასრულა...

თავიდან ქართველი მსახიობის მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენდნენ, მაგრამ ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც თემომ თავისი მანქანის მოწმობის ფოტოსა და თემირლანის გარეგნობას შორის მსგავსება "დაიჭირა". სწორედ ეს ფოტო გააგზავნინა აგენტს მსახიობების კასტინგზე და მართლაც, ნაბიჯმა გაამართლა. გასაუბრებაზე დაიბარეს. მაშინ უკვე იცოდა, რომ ეს იყო მისი შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოეყენებინა. როლზე დამტკიცებას არაერთი კასტინგი უძღოდა წინ. ერთ-ერთზე თემირლანის ძმის როლის შემსრულებელთან იმპროვიზაციით, ჩხუბის სცენის გათამაშება რუსულ ენაზე მოსთხოვეს. ვინაიდან თემომ რუსული არცთუ ისე კარგად იცის, დავალება ქართულად შეასრულა და რეჟისორის მოწონებაც დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ "პატრიოტის დღე" 2016 წელს შექმნილ ფილმების საუკეთესო ათეულში მოხვდა.

GzaPress

- თემო, ჰოლივუდში აწყობილი სისტემაა, ყველაფერი წუთობრივად გაწერილი. მართლა ისე იდეალურადაა ყველაფერი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს? - დიახ. ძალიან ორგანიზებული სისტემაა. მსახიობს ისე უვლიან, როგორც მეფეს. უკვე დიდი მსახიობი ხარ თუ დამწყები, გადაღების პროცესზე უნდა იყო დათქმულ დროს და ყველაფერი უნდა შესრულდეს უმაღლეს დონეზე.

- ამ ფილმში არაერთი ცნობილი მსახიობია. მათ შორის, კევინ ბეიკონი და მარკ უოლბერგი. როგორები არიან ისინი?

- ჯონ გუდმენი, ჯეი ქეი სიმონი, კევინ ბეიკონი მაშინ გავიცანი, როცა ერთად გვიწევდა გადაღებებზე მინივენით მგზავრობა. ჩვეულებრივად ვკონტაქტობდით, მეგობრულად ვსაუბრობდით. საქართველოზე ვუყვებოდი. ვეუბნებოდი, თქვენ აქაური ბუნება მოგწონთ, მაგრამ საქართველოს რომ ნახავთ, გაოცდებით-მეთქი. რა თქმა უნდა, ამ მსახიობებს ვიცნობთ, როგორც ვარსკვლავებს, მაგრამ პირველ რიგში, მარკ უოლბერგი იქნება ის თუ სხვა, ადამიანები არიან, თავისი ემოციებით. თითოეულმა ბევრი იშრომა, სანამ მათი სახელი ბრენდი გახდებოდა. ჩემ შესახებ რომ ვუამბე, გაგიჟდნენ, ჩემთან ასე სწრაფად რომ მოვიდა ყველაფერი. კიდევ ის არის სასიამოვნო, რომ ჰოლივუდში შეიძლება დიდხანს იღებდნენ ვინმეს კარგი ფიზიკური მონაცემების გამო, მაგრამ მსახიობის ტალანტის დანახვა კიდევ სხვა ეტაპია და ეს იშვიათად ხდება. მიხარია, რომ სწორედ ჩემი სამსახიობო ნიჭი დაინახეს და "ოსკაროსან" მსახიობებთან ერთად მივიღე ფილმში მონაწილეობა.

- ისე, თქვენი გარეგნობიდან გამომდინარე (ქერა ხართ, მოცისფრო-მომწვანო თვალებით), რეკლამებიდან შემოთავაზებები არ გაქვთ?

- კი, რა თქმა უნდა, რეკლამებში ვმონაწილეობ, მოდელიც ვარ და პოდიუმზეც გავდივარ.

- "პატრიოტის დღეს" ოჯახთან ერთად ვუყურე. მაშინ არ ვიცოდი, რომ ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი ასრულებდა - ამის შესახებ მერე შევიტყვე. ბევრმა შეიძლება ვერც გიცნოთ, ამ ფილმში იმდენად შეცვლილი გაქვთ იმიჯი...

- ისეთი ვიზუალი უნდა მქონოდა, პერსონაჟს ხალხის სიმპათია რომ არ დაემსახურებინა. ლამაზი სახე და მწვანე თვალები არ გვაწყობსო (იღიმის), ამიტომ წონაში მოვიმატე, თვალის ფერი კონტაქტური ლინზებით "გამიმუქეს", თმა შემჭრეს და ასე შეეცადნენ არასიმპათიური და მკაცრი იმიჯი მქონოდა.

- როცა ისეთ სერიოზულ პროექტზე იმუშავებ, როგორიც "პატრიოტის დღეა", ალბათ მერე ერთი-ორად იმატებს შემოთავაზებები...

- პროექტი რომ დასრულდა, მას შემდეგ შემოთავაზებები გაჩნდა. მინდა ისეთი ხანგრძლივი პროფესიული გზა მქონდეს, როგორიც რობერტ დე ნიროს, ალ პაჩინოს ჰქონდა, ამიტომ ახლა სწორი არჩევანი მგონია მთავარი. პროექტები ისეთივე ხარისხიანი უნდა იყოს, როგორიც "პატრიოტის დღეა", რომ დონე შევინარჩუნო. ამიტომ ახლა ჩემს ახალ აგენტთან ერთად, უარი ვთქვი ბევრ პროექტზე. მას "კარგი თვალი" აქვს, იცის ჩემი შესაძლებლობები და მისი რჩევები გასათვალისწინებელია.

- სამწუხაროდ, საქართველოში ბევრ ფილმს ვერ ვიღებთ, მაგრამ რომ შემოგთავაზონ, დათანხმდებით?

- რა თქმა უნდა, წამითაც არ დავფიქრდები, პირიქით, მოხარული ვიქნები. იცით, რა მინდა?! საქართველო "დავდო" მსოფლიოს რუკაზე. სამწუხაროდ, საქართველოს შესახებ უმრავლესობამ არაფერი იცის. "ჯორჯიიდან ვარ", - როცა ვინმეს ეუბნები, ყველას შტატი ჰგონია და არა ჩვენი ქვეყანა. ყველა ბავშვს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ჩემნაირი ოცნებები აქვს, მინდა სტიმული მივცე და ვუთხრა, რომ არასოდეს თქვან უარი თავის სურვილებზე, არ შეეშინდეთ და დასახულ გზას ბოლომდე გაჰყვნენ. მე ჩემი ბავშვური ოცნება არ დავკარგე და შედეგიც მოჰყვა. კი, ძნელი იყო, არავინ შემპირებია ლოს-ანჯელესში რომ წახვალ, მარკ უოლბერგთან ერთად იმუშავებო, მაგრამ ყველაფრისთვის მზად რომ ვიყავი და შინ არ მინდოდა თავდახრილი დავბრუნებულიყავი, ამიტომ გამიმართლა. მგონია, ყველა ქართველს შეუძლია ამის გაკეთება.

- სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს არ აქვს ბრძოლისუნარიანი ხასიათი და შუა გზაზევე ყრის ფარ-ხმალს... საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, ახლა პირველად ხართ საქართველოში?

- მეორედ, 17 წლის ვიყავი, 2 კვირით რომ ჩამოვედით. მას მერე შანსი არ გვქონდა. თუმცა, სულ იყო სურვილი. გასულ წელს ბებიას დავპირდი, რომ აუცილებლად ჩამოვიდოდი საქართველოში და არ შემეძლო მისთვის პირობა არ შემესრულებინა (იღიმის).

- თან მეგობარი გოგონა ნატაშა გახლავთ. გაგვაცანით...

- ერთმანეთი სატელევიზიო სერიალის "24: Lეგაცყ" გადაღების შემდეგ გავიცანით. პრემიერის შემდეგ მეგობრებთან შეხვედრაზე ნატაშაც იყო დაპატიჟებული. თავიდანვე სიმპათიით განვეწყვე. ძალიან განათლებული გოგოა და ამით მომხიბლა. თითქმის 2 წელია, ერთად ვართ და ლოს-ანჯელესში ვცხოვრობთ. ნატაშა მომღერალი და მსახიობია. ძალიან ძლიერი ხმა აქვს და რამდენიმე ფესტივალსა და კონცერტზე უკვე აქვს მიწვევა. პროფესიული თვალსაზრისით ერთმანეთს ვეხმარებით და თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ.

- საქართველოში წამოსვლა რომ შესთავაზეთ, როგორ შეხვდა თქვენს წინადადებას?

- დიდი სიამოვნებით, მეტიც, თავად მეუბნებოდა, საქართველოში წავიდეთო. რამდენიმე კუთხის ნახვას ვაპირებთ. ნატაშას უყვარს ქართული ღვინო, გიჟდება ხაჭაპურზე, ხინკალზე, ტყემალიც გასინჯა და ძალიან მოეწონა. ებრაულად საუბრობს და ძალიან დიდი ინტერესი აქვს ქართული ენისადმი. მას ქართულად ბევრი რამ ესმის. ჩემი ოჯახის წევრები და ახლობლები ერთად რომ ვართ, სულ ქართულად ლაპარაკს ცდილობს.

- დაბოლოს, ხომ არ იგეგმება თანამშრომლობა რომელიმე ქართველ რეჟისორთან?

- ნიკოლოზ ხომასურიძეს დიდგორის ომის ისტორიასთან დაკავშირებით დიდი პროექტის განხორციელება აქვს გეგმაში. ლოს-ანჯელესში უკვე გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები. დაფინანსების თემა თუ მოგვარდა, პროექტი შედგება. უახლოეს მომავალში პირველი დიდი სცენა უნდა გადავიღოთ, რომელშიც დავით აღმაშენებლის ამბავი იქნება მოთხრობილი და მეფის როლს შევასრულებ. მომავალში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება ამ მხატვრული ფილმის შესახებ. ამ ეტაპზე ლოკაციებს ვარჩევთ.

ანა კალანდაძე