ნინო მუმლაძის ცინიზმი და მოულოდნელი შეხვედრა ზღვაში, ცნობილ ასტროლოგთან - გზაპრესი

ნინო მუმლაძის ცინიზმი და მოულოდნელი შეხვედრა ზღვაში, ცნობილ ასტროლოგთან

"ის გიჟდება ყურადღების ცენტრში ყოფნაზე. საიმედო მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა. სხვების მართვა უყვარს. ხშირად ადამიანებს ზემოდან დაჰყურებს. სასიყვარულო ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ის ან მზესავით ანათებს, ან დარდისგან კვდება. წინააღმდეგობები არ თრგუნავს, გმირული შემართება მისი ხასიათის მთავარი თვისებაა. ბოლომდე არავის ენდობა. ემოციების გამოხატვაშიც ძალზე თავშეკავებულია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები, ვირთხის წელში დაბადებულ ლომს. ეს კი მსახიობ ნინო მუმლაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია არის მეცნიერება, როცა ადამიანები ამბობენ, არ მჯერაო, არასწორია. არ სჯერათ კი არა, არ იციან, ან ზედაპირული ცოდნა აქვთ. პირადი ჰოროსკოპიც შედგენილი მაქვს, მაგრამ პოზიტიური და ნეგატიური დღეების გათვლას, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვერ ვითვალისწინებ, არ ხერხდება. როცა გასაუბრებაზე მიბარებენ, ვერ ვეტყვი, დღეს ნეგატიური დღე მაქვს და ვერ მოვალო. ცხოვრება უფრო საინტერესოა, როცა მოულოდნელობებითაა სავსე. ასტროლოგია ადამიანებთან ურთიერთობის აწყობაში ძალიან მეხმარება. თუ კარგად იცი, როგორ ხასიათდება მისი ნიშანი, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ფსიქოტიპი იცი და ისიც, მომავალში მისგან რას უნდა ელოდე.

- "ლომი მართავს ჰოროსკოპის მე-5 სახლს, რომელიც სიყვარულს და თეატრს განაგებს".

- მაშინ როცა პროფესიული არჩევანი გავაკეთე, ეს არ ვიცოდი. ვთვლი, ყველა ადამიანმა პროფესია საკუთარი ინტერესით და სურვილით უნდა აირჩიოს და არა - ოჯახის გადაწყვეტილების მიხედვით. მერე რომელიღაც სახლში ასტროლოგიური თანხვედრაც მოხდება.

- "ვერ იტანს მარტოობას, ეს მისთვის დამთრგუნველია".

- მარტოობა არ მიყვარს. გადაღლილობის დროს პერიოდულად შესაძლოა, მცირე ხნით განმარტოების სურვილი გამიჩნდეს, მაგრამ ხანგრძლივად ეს არ შემიძლია. არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ მარტო იცხოვრონ და ამით ისიამოვნონ. მე ამ დროს სიამოვნებას ვერ ვიღებ. იმ დროს, როცა ოჯახის ყველა წევრი გასულია და შინ მარტო ვარ, 2 დღის შემდეგ ჩემი სახლი აუცილებლად მეგობრებით ივსება. ერთხელ ძალიან გადაღლილი ზღვაზე დასასვენებლად მარტო წავედი. მეორე დღეს შევცურე ზღვაში და იქ ხმა მესმის - ლომო, როგორ ხარ? გავიხედე და ჩემკენ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოცურავდა. როცა გაიგო, მარტო ვიყავი, გაუკვირდა, - შენ მარტო როგორ ხარ, დაიტანჯები, ყველაზე ბევრი 5 დღე გაძლოო. - არა, ისეთი დაღლილი ვარ, ასე უფრო დავისვენებ-მეთქი, მაგრამ მესამე დღეს ვინც კი ახლოს მეგულებოდა, ყველას დავურეკე.

- "ის ამაყია, თუ მის დამცირებას შეეცდებით, თქვენ წინაშე, საშინელი, ღრიალა "ცხოველი" აღიმართება".

- მართალია, შემიძლია ადამიანს ბევრი რამ ვაპატიო, მათ შორის ალოგიკური ქცევებიც, მაგრამ თავი ოდნავ დამცირებულად მაინც თუ ვიგრძენი, შეიძლება ისე იმოქმედოს, აბსოლუტურად არაადეკვატური გავხდე, მერე ვფეთქდები.

- "სხვების მართვა უყვარს. ხშირად ადამიანებს ზემოდან დაჰყურებს".

- კომფორტის მოყვარული ვარ. სულ ვცდილობ სადაც უნდა ვიყო, კომფორტი შევიქმნა, ამისთვის კი სხვების დახმარება მჭირდება, რასაც ძალიან მარტივად ვახერხებ. ადამიანები ამ საქმეში ნებაყოფლობით ერთვებიან, დაძალება არ ხდება. არა მგონია, რომ ამით ვინმეს ვამცირებ. ზემოდან ყურებას რაც შეეხება, ყველანი ერთნაირები ხომ არ ვართ, ჩემს პატივისცემას ვიღაც იმსახურებს, ვიღაც - ნაკლებად. ლიდერის თვისებები მაქვს და როცა საპასუხისმგებლო სამსახურში ვხვდები ან მაქვს საქმე, რომელსაც ორგანიზება უნდა გავუწიო, მაშინ მარტივად ვახერხებ ვმართო სიტუაცია და ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ჩემს გადაწყვეტილებაზე. ასეთ შემთხვევაში ძალიან მომთხოვნიც ვარ. პირველ რიგში - საკუთარი თავის მიმართ.

- "ის გიჟდება ყურადღების ცენტრში ყოფნაზე".

- ნამდვილად ასეა და ჩემთვის ეს არ არის დამღლელი სიტუაცია. სადაც ყურადღების ცენტრში არ ვარ მე და არის სხვა, იმ ადგილიდან მივდივარ, ვერ ვჩერდები.

- "მას უყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება, სცადეთ და ეს უთხარით, გაგინაწყენდებათ".

- არიან ადამიანები, რომლებიც რჩევას მეკითხებიან, რჩევის მიცემისას, თავადაც ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. იმ ადამიანებს, ვისაც ჩემი რჩევა არ სჭირდება, თავს ნამდვილად არ ვაბეზრებ.

- "სასიყვარულო ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ის ან მზესავით ანათებს, ან დარდისგან კვდება".

- ლომების ცხოვრებაში სიყვარული ძალიან დიდ როლს თამაშობს. რადგან ლომი გულით იმართება, მისთვის სიყვარული მაცოცხლებელი ძალაა. შესაბამისად, პირად ურთიერთობაში ყველაფერს ბევრად უფრო მძაფრად აღიქვამს, ვიდრე სხვა ნიშნები. ამიტომ როცა ლომი შეყვარებულია, მართლა მზესავით ანათებს და რასაც სხვა შეიძლება ყურადღებას არ აქცევს, მას ადარდიანებს, ძალიან განიცდის.

- ახლა შენს ცხოვრებაში რა პერიოდია?

- ახლა თავისუფლების პერიოდია, მზის ამოსვლას ველოდები.

- "არ უყვარს, როცა სხვაზეა დამოკიდებული. ხშირად დახმარებაზეც უარს ამბობს, თავად კი ამას სხვებისთვის სიამოვნებით აკეთებს".

- სხვას ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვეხმარები და თავადაც სიამოვნებით ვითხოვ დახმარებას იმ ადამიანებისგან, რომლებიც ვიცი, რომ არ დამამადლიან. თუ დამამადლიან, მირჩევნია არ ვთხოვო. სხვაზე დამოკიდებულებას მართლა ძალიან ვერ ვიტან.

- "მფლანგველია, ხშირად გაკოტრების ზღვარზე იმყოფება".

- ლომი მფლანგველია, მაგრამ მგონია, რომ ამ ნაწილში ვირთხის გავლენა მშველის. ვირთხა, ბუნებით შემგროვებელია. ჩემში ლომური მფლანგველობის სურვილი, პერიოდულად მაინც იმარჯვებს ხოლმე, მაღაზიაში შევდივარ, ვიკარგები და მერე უამრავი პარკით გამოვდივარ. თუ მიზნისთვის თანხა მჭირდება, შეგროვება არ მიჭირს.

GzaPress- "მას უყვარს ყველაფერი პირველი ხარისხის, გართობასა და სიამოვნებაზე შეუძლია მთელი ქონება დახარჯოს".

- ნამდვილად ასეა. ყველაზე მეტ ფულს გართობისა და სიამოვნებისთვის ვხარჯავ.

- "წინააღმდეგობები არ თრგუნავს, გმირული შემართება მისი ხასიათის მთავარი თვისებაა".

- გააჩნია იმ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემი მიზანი რა არის. თუ ის მიზანი შინაგანად მანთებს, მთელი გულითა და სულით მინდა, მაშინ წინააღმდეგობა ჩემთვის არ არსებობს. თუ მიზანი ნაკლებად საინტერესოა, შესაძლოა, უკან დავიხიო, მაგრამ არა - დათრგუნვის, უფრო დაზარების გამო.

- "საიმედო მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა".

- თავის ქებად გამომდის, მაგრამ მართლა საიმედო მეგობარი ვარ. შეიძლება მეგობარს ყოველდღიურ რეჟიმში არ ვეკონტაქტებოდე, მაგრამ რაიმე საქმეში მხარში დგომა თუ სჭირდება, ჩემი იმედი შეუძლია ჰქონდეს. რაც შეეხება ჩემს სახიფათო მეტოქეობას, ლომს მეტოქეობა არ აღელვებს. სულ არ მაინტერესებს, ვინ არის ჩემი მეტოქე. მთავარია, მქონდეს მიზანი. იმ მიზნის მისაღწევად მეტოქეს კი არა, ყველას და ყველაფერს გადავუვლი, მაგრამ ადამიანურობის ფარგლებში. თუ მიზანი ჩემთვის ძალიან საინტერესო არ არის, შეიძლება პოზიციები პირველივე ჯერზე დავთმო. კონკურენცია არ მაღელვებს, არც მაინტერესებს.

- "აგრესიულია, მისი მშვიდი და ინდიფერენტული გამომეტყველება ნუ მოგატყუებთ, შესანიშნავად ეხერხება სიმშვიდის ნიღბის უკან საკუთარი ემოციები დამალოს".

- თუ გავბრაზდი, მართლა ძალიან აგრესიული ვხდები და მერე ყველას უკვირს. უმრავლესობა მხედავს მოღიმარი სახით, არ შევდივარ კონფლიქტში, მეუბნებიან, რომ ჩემგან სითბო მოდის, მაგრამ თუ გავბრაზდი და გადამეკეტა, ჩემგან ნაჩვევი პოზიტივის ფონზე, აგრესიულობა ძალიან მძაფრად ჩანს. რაც შეეხება ნიღბის მორგებას, თუ ამის საჭიროებას ვგრძნობ, შემიძლია, ჩემი შინაგანი განცდები და მდგომარეობა საერთოდ არ გამოვხატო.

- "უზომოდ მგრძნობიარეა".

- მართალია და ეს არის ის, რაც ჩემს პროფესიაში ძალიან მეხმარება.

- "ეს ადამიანი ცვალებადი ხასიათით გაგაკვირვებთ".

- ხასიათის ცვალებადობა მჩვევია, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება.

- "მას ჰყავს ძალიან ბევრი ნაცნობი, მაგრამ ცოტასთან მეგობრობს, ბოლომდე არავის ენდობა."

- ნამდვილად ასეა. ყველაზე მეტად საკუთარ თავს ვენდობი. როცა ვინმეს რაღაც საქმეს ვაბარებ, სულ მგონია, რომ უნდა გავაკონტროლო, უნდა გადავამოწმო.

- "ემოციების გამოხატვაშიც ძალზე თავშეკავებულია".

- მეგონა ეს ცხოვრებაში მიღებული გამოცდილებებით დაგროვილი ჩვევაა, თურმე ვირთხის თვისება ყოფილა. ხანდახან ადამიანებს ზედმეტი სითბოთი ყურადღებით ვათამამებთ, რაც საბოლოოდ კარგი არ არის. ბუნებრივია, ოჯახის წევრებს არ ვგულისხმობ. ბოლო დროს, სულ ვცდილობ, ყველაფერში ზომიერება დავიცვა.

- "ვალდებულებების და შეზღუდვების პანიკურად ეშინია".

- არანაირი ვალდებულების არ მეშინია, არ გავურბივარ, მაგრამ შეზღუდვები, მით უმეტეს თავისუფლების შეზღუდვა, ყველაზე ცუდია, ვერ ვიტან. ვალდებულებების აღება, ყველაფრის გაკონტროლება მიყვარს.

- "აზარტულია, დღევანდელი დღით ცხოვრებას ამჯობინებს და იშვიათად ფიქრობს მომავალზე".

- ასეა, არავინ იცის, ხვალინდელი დღე დადგება თუ არა, ან როგორი იქნება. ვიღაცა ფიქრობს, რომ ხვალინდელ ქათამს დღევანდელი კვერცხი სჯობია. ახლო მომავალი შეიძლება დაგეგმო, მაგრამ მერე ყველაფერი სხვაგვარად განვითარდეს. დღეს რატომ უნდა დაიკლო ის, რაც ხვალ შეიძლება საერთოდ ვერ მიიღო.

- "ფინანსური ალღო აქვს".

- მთლად ასეც არ არის, უბრალოდ შეგროვების უნარი გამაჩნია.

- "დიდსულოვანია მის მიმართ, ვინც უყვარს, საყვარელი ადამიანისთვის მთელი ქონების განიავებაც კი შეუძლია. თაყვანისმცემელმა პერიოდულად მისი მხრიდან წამოსული ცინიზმი და აგრესიის შეტევებიც მოთმინებით უნდა აიტანოს".

- კი, ცინიზმის შეტევები მემართება ხოლმე.

- რა დროს გემართება?

- როცა რაღაც არ მომწონს და ვთვლი, ეს წვრილმანია და ამის გამო საყვედურის თქმა არ ღირს, მერე ასეთი პატარა ამბები გროვდება და... ის, რა თქმა უნდა, ვერ ხვდება, რომ ნაგროვებმა ემოციებმა ამოხეთქა.

თამუნა კვინიკაძე