"ჯერ სიცოცხლე მაჩუქა, შემდეგ - გადამარჩინა" - გზაპრესი

"ჯერ სიცოცხლე მაჩუქა, შემდეგ - გადამარჩინა"

ის ფიქრები დღემდე ახსოვს, როცა ზღვის ტალღებთან ბრძოლით დაღლილმა ფარ-ხმალი დაყარა და ბედს დაემორჩილა... გვიამბო იმ არდადეგების შესახებ, რომელიც მშობლებისგან დამოუკიდებლად, პირველად გაატარა. ის მიზეზიც გულწრფელად გაგვანდო, რის გამოც საქართველოში დასვენებას უცხოეთში გამგზავრებას ამჯობინებს ხოლმე... მსახიობ მარინა კახიანს საზაფხულო არდადეგების შესახებ მანამდე ვესაუბრეთ, ვიდრე ბაკურიანში გაემგზავრებოდა. ქალბატონ მარინას რუსთაველის თეატრში შევხვდით...

- თეატრში, ტელევიზიაში სეზონი დასრულდა. დასვენების პერიოდი იწყება, თუმცა ამ დროს ყოველთვის ასე არ ხდება: რუსთაველის თეატრში, ძალიან ხშირად თითქმის მთელი აგვისტოს განმავლობაში გვიმუშავია. საკუთარ პროფესიაზე ისე ძლიერ შეყვარებული ადამიანები, როგორიც მე ვარ, დიდად არ ვწუხდებით ხოლმე, როდესაც გვატყობინებენ - ბატონმა რობიკომ გადაწყვიტა, მსახიობების ნაწილი აგვისტოშიც უნდა დარჩეს და იმუშაოსო. მახსოვს, სპექტაკლი - "ასულნი", რომელშიც მხოლოდ ქალბატონები ვთამაშობდით. ბატონ რობიკოს სურდა, სეზონის გახსნის შემდეგ, შემოდგომაზე, პრემიერა მალე ყოფილიყო, მაგრამ ცოტა არ იყოს, ერიდებოდა. თითქოს შეკითხვით შემოვიდა - წინააღმდეგნი ხომ არ ვიქნებოდით, რომ დაახლოებით, 20 აგვისტომდე გვემუშავა? აბსოლუტურად ყველა მსახიობი ქალბატონი თანახმა იყო. ყველა მსახიობ ქალბატონს, ვინც ამ სპექტაკლში თამაშობდა, ის პერიოდი კარგად გვახსენდება, რადგან მართლა პროდუქტიული იყო: თითქოს ხელს არავინ გვიშლიდა. მხოლოდ ის მსახიობები და ტექნიკური პერსონალი ვიყავით, რომელიც საჭირო იყო. ყოველდღე, დილიდან გვიან ღამემდე რეპეტიციები გვქონდა. სხვათა შორის, რუსთაველის თეატრს ეს მშვენიერი თვისება აქვს: ზაფხულში ამ შენობაში უფრო ნაკლებად ცხელა, ვიდრე გარეთ. ასე რომ, თითქმის მთელი ზაფხული შემოქმედებით წვაში გავატარეთ. ძალიან სასიამოვნო მოგონებად დაგვრჩა... წლევანდელ აგვისტოს რაც შეეხება, ვისვენებთ.

GzaPress- უკვე დაგეგმეთ, დასვენების პერიოდს სად გაატარებთ?

- დიახ, დავგეგმე. ბოლო 10 წელია, საზღვარგარეთ ვისვენებ ხოლმე. წუხილით ვიტყვი, მაგრამ ყოველდღიურ, პროზაულ საკითხს შევეხები: ერთი და იმავე კომფორტის პირობებში დასვენება, საქართველოში ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საზღვარგარეთ. ამით არის გამოწვეული, რომ საქართველოში დასვენება არ მინდა. ეს რეალობაა, სამწუხაროდ. ასე რომ, როცა გვთხოვენ - საქართველოში დაისვენეთ, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის კარგიაო, ჩვენი პირადი ბიუჯეტისთვის არ არის კარგი (იცინის)... წელს საზღვარგარეთ დასვენება არ გამომდის, რადგან მეორედ გავხდი ბებია - პატარა გოგონა, ალექსანდრა გვყავს, რომელიც 7 აგვისტოს 7 თვის ხდება. მინდა, წელს ჩემი დასვენება მას მივუძღვნა. ამიტომ მას, მის დედიკოს და მამიკოს, ასე ვთქვათ, დამხმარე პერსონალი მივყვები. გადავწყვიტეთ, რომ ჯერ ბაკურიანში წავიდეთ, რადგან ქალბატონი ალექსანდრასთვის ასე უკეთესია, შემდეგ - ბათუმში. მოკლედ, წელს საქართველოში ვისვენებთ, რადგან შეიძლება, ჩვენი პატარა გოგონა ხანგრძლივი მგზავრობის გამო, უკმაყოფილო დარჩეს - არ ვიცით, თვითმფრინავი როგორ მოეწონება.

- პოპულარობის ფონზე, საქართველოში დასვენება თქვენთვის კომფორტულია? ალბათ, თქვენთან გამოლაპარაკებისა და ფოტოს გადაღების სურვილი ბევრს უჩნდება...

- მსგავსი რამ თბილისშიც ხდება, მაგრამ დასვენების პერიოდში - კიდევ უფრო ხშირად. უფრო მეტად ახალგაზრდები აქტიურობენ: ზოგს ფოტოს გადაღება უნდა, ზოგს - ავტოგრაფი, ზოგს - უბრალოდ, გამოლაპარაკება... სიმართლე გითხრათ, ამ დროს იმდენ პოზიტიურ ენერგიას ვგრძნობ - ადამიანებს სურთ, სითბო და სიყვარული მაგრძნობინონ, რომ არ შემიძლია, თხოვნაზე უარი ვუთხრა. ცოტა არ იყოს, არ მომწონს ხოლმე, როცა ჩვენი უცხოელი კოლეგების შესახებ წერენ, თუ როგორ ღიზიანდებიან ადამიანების ყურადღებით, მათ ცუდად მიმართავენ და ა.შ. სინამდვილეში, ეს ადამიანები, ვისაც მაგალითად, ცნობილ მსახიობებთან თუნდაც ცხოვრების რამდენიმე წუთის გაზიარება სურთ, რომ არ ყოფილიყვნენ, თავად ასეთი შემდგარი და პოპულარული პიროვნებები არ იქნებოდნენ. ეს ჩვენი პროფესიის ნაწილია. თუ ხალხის ყურადღება არ გაქვს, ე.ი. შემდგარიც არ ხარ. ცხადია, როცა ადამიანს დასვენება გინდა, გსურს, ასეთი სიტუაციებისგან შორს იყო და დრო მხოლოდ იმ ადამიანებთან ერთად გაატარო, ვისთან ერთადაც ისვენებ, ცოტათი მოდუნდე, ხანდახან ფორმაში ყოფნაც არ გინდა... კი, გარკვეული დისკომფორტი არის, მაგრამ ამის კომპენსირება იმ სითბოთი და სიყვარულით ხდება, რომელსაც ხალხი ჩვენ მიმართ გამოხატავს.

- გახსოვთ, უფროსების მეთვალყურეობის გარეშე, პირველად როდის დაისვენეთ?

- როდესაც ქორეოგრაფიული სასწავლებელი დავამთავრე და შემატყობინეს, რომ უმაღლესი და ტექნიკური სასწავლებლების კურსდამთავრებულებიდან, საუკეთესო სტუდენტებსა და მოწაფეებს შორის მეც აღმოვჩნდი, რომ მოსკოვში გავმგზავრებულიყავით და იქ გარდამავალ წითელ დროშასთან ფოტო გადაგვეღო (იცინის). დღევანდელი გადასახედიდან ეს სასაცილოა, მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირი იყო. სიამაყის გრძნობა დამეუფლა, რომ ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან ის ერთი ვიყავი, ვინც გამომარჩიეს. 12-13 წლის ვიყავი, როდესაც მოსკოვში მაშინდელი საბჭოთა კავშირის სემინარი ჩატარდა, მაგრამ დედაც თან მახლდა, ახლა კი უკვე მშობლების გარეშე პირველად მივემგზავრებოდი. მახსოვს, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. მატარებლით გავემგზავრეთ. მატარებელი დღემდე საოცრად მიყვარს! შეიძლება, ამაში აგათა კრისტიც არის "დამნაშავე": როდესაც "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში" წავიკითხე, აღმოსავლეთის ექსპრესით მგზავრობა ძალიან მომინდა. დღემდე ვოცნებობ, რომ წავიდე და ევროპის გარშემო ამ მატარებლით ვიმოგზაურო - ბავშვური სიყვარული დღემდე მომდევს... მოკლედ, მოსკოვისკენ მატარებლით მგზავრობა, ჩემს ტოლებთან და ცოტათი უფროსებთან ერთად, ძალიან სასიამოვნო იყო... შემდეგ უკვე პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ჩვენმა ჯგუფმა ხევსურეთში მოგზაურობა გადავწყვიტეთ. ჩემი ჯგუფელის - მსახიობ ნათია გოგოჭურის მამა - პროფესორი დავით გოგოჭური დაგვპირდა, რომ ხევსურეთს მოგვატარებდა და წაგვიყვანა. მართლაც ეს ძალიან კარგი მოგონებაა... ხევსურეთიდან დაბრუნებულს დედამ ამბავი დამახვედრა, რომ თურმე, ზაალ კაკაბაძის ფილმში - "უმცროსი და" როლზე დაუსწრებლად დამამტკიცეს. ჯგუფი გადაღებებზე უკვე გამგზავრებულიყო. გადაღებები გემზე მიმდინარეობდა. სხვათა შორის, უზარმაზარი და კარგი გემი იყო. "გრუზია" ერქვა. მანამდე გემზე არასოდეს ვყოფილვარ. წარმოიდგინეთ, პირველკურსელ გოგონას რამხელა სიხარული დამატყდა თავს: მთავარი როლი უნდა შემესრულებინა და თან, გემზე უნდა მოვხვედრილიყავი! რეზო ჩხეიძის არჩევანი იყო, რომ გადაღებაზე მე გავეგზავნე. მე და ჩემი უფროსი მეგობარი - ბაადურ წულაძე გავემგზავრეთ, ოდესაში ჩავფრინდით. შემდეგ უკვე გემზე ავედით... ფანტასტიკური მოგზაურობა იყო!.. თვე-ნახევრის განმავლობაში, გადაღებები აფხაზეთში გვქონდა: ბიჭვინთაში, ლიძავაში... 2 თვე საოცარ ადამიანებთან ერთად, გადაღებებზე ვიყავი. საოცარი ზაფხული მქონდა!.. მეორე კურსის დამთავრების შემდეგ, ჩემს მეგობარ ნათია კავსაძესთან და კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად, პრაღაში გავემგზავრე. ჩემთვის ეს იყო საზღვარგარეთ გატარებული პირველი არდადეგები (მანამდე ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნამყოფი ვიყავი, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს, "საზღვარგარეთად" არ მიიჩნეოდა).

- მთაში დასვენება უფრო მოგწონთ თუ ზღვაზე?

- ზღვაზე. მთას მიზიდულობის უზარმაზარი ძალა და საოცარი სილამაზე აქვს. გადაღებებზეც ვყოფილვარ: შატილში, მუცოში, ინგუშეთში... მოგეხსენებათ, ვაჟა-ფშაველა გენიალური პოეტი იყო, არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ - მიმაჩნია, რომ მთელი მსოფლიოსთვის. თავისთავად, გენიალური იყო, მაგრამ ალბათ, ხელი იმანაც შეუწყო, რომ იმ საოცრებაში ცხოვრობდა, რასაც მთა ჰქვია!.. მაგრამ დასვენება ზღვაზე მიყვარს.

- რატომ? ზღვაზე დროს როგორ ატარებთ?

- ცურვა და მზე მიყვარს. როგორც აღვნიშნე, მთას თავისი ხიბლი აქვს. დიდი პაუზის შემდეგ, წელს გადავწყვიტე, რომ მთაში დავისვენო, რაც რა თქმა უნდა, ალექსანდრას დამსახურებაა. მგონი, ბავშვობის მერე, ბაკურიანში არც ვყოფილვარ. გულის ფანცქალით ველი, როდის გავემგზავრები, რადგან ვიცი, რომ იქ ბევრი რამ გააკეთეს...

- ცურვა როდის, როგორ ისწავლეთ?

- 5 წლისაც არ ვიყავი, როცა ჩემმა მშობლებმა სოხუმში წამიყვანეს - მამა დირიჟორი იყო და თეატრი გასტროლზე სოხუმში იმყოფებოდა (მანამდე, ბებიასთან ერთად, ქობულეთში ვიყავი ნამყოფი). სოხუმში, ზღვაში რომ ჩავხტი, მაშინვე ფართხალი (ჩემი ჭკუით - ცურვა) დავიწყე.Gგაკვირვებულებმა მკითხეს: - ცურვა ვინ გასწავლაო? ამაყად ვუპასუხე: - ამფიბიამ მასწავლა-მეთქი (მაშინ რუსული ფილმი - "ადამიანი ამფიბია" ძალიან პოპულარული იყო, რომელშიც ძალიან ლამაზი ყმაწვილი თამაშობდა)... შემდეგ ცურვა მამამ მასწავლა, რადგან ძალიან კარგად ცურავდა. დედაჩემს ზღვა უყვარდა, მაგრამ დიდი მოცურავე არ იყო. საცურაო კოსტიუმები, კარგი სათვალე უყვარდა. თმა ქერად ჰქონდა შეღებილი. ძალიან ლამაზი ქალი იყო. ზღვაში დიდებულად ჩადიოდა ხოლმე, მაგრამ არ ცურავდა - ხელებს გააქნევდა ხოლმე. ამის გამო, ვხალისობდით (იღიმის)...

GzaPress

- ცურვისას ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩენილხართ? - როცა მამამ ცურვა მასწავლა, ერთად ზღვაში შორს გავდიოდით ხოლმე. ზღვის სიღრმეში შესვლა და ზურგზე წოლა გვიყვარდა. დღესაც მიყვარს, როცა შორს გავცურავ, გარშემო არავინაა, ზღვაზე ზურგზე გავწვები და ოცნებებს მივეცემი (იღიმის)... დაახლოებით, 15 წლის ვიყავი. ბათუმში ვისვენებდით. მე და მამა ზღვის ღელვის დროსაც შევდიოდით წყალში. იმ დღესაც ზღვა საკმაოდ ღელავდა. მაინც შევედით. ახლა ძალიან მიკვირს, დედაჩემმა ეს როგორ დაუშვა, რადგან საკმაოდ ემოციური და რაღაცებთან დაკავშირებით, მშიშარა იყო. ეტყობა, ამ საკითხში მამას ძალიან ენდობოდა და ყურადღება აღარ მოგვაქცია, მოდუნდა... ზღვაში შესული მე და მამა უკან რომ გამოვტრიალდით, საკმაოდ დიდმა ტალღამ დამარტყა და ჩამითრია. ზედაპირზე ამოსვლას კარგა ხანს ვცდილობდი, ვიბრძოდი, მაგრამ ვერ ამოვედი. ამდენი წლის შემდეგაც, ის ფიქრები კარგად მახსოვს: ძალიან რომ დავიღალე, ვიფიქრე, რომ ალბათ, ზედაპირზე ვეღარ ავალ-მეთქი და გავჩერდი, ბედს შევეგუე, თუმცა მანამდე დიდხანს ვიბრძოდი. ფარ-ხმალი რომ დავყარე, ვიგრძენი, ვიღაცამ თუ რაღაცამ თმაზე (მაშინ საკმაოდ გრძელი თმა მქონდა) ძალიან მაგრად მომქაჩა... არ ვიცი, მამამ როგორ მიპოვა და თმით ამომაგდო. ჯერ სიცოცხლე მაჩუქა, შემდეგ - გადამარჩინა.A მახსოვს, ძლივს ვსუნთქავდი... სხვათა შორის, ახლა მიკვირს: ალბათ, საოცრება მოხდა, რადგან ბევრჯერ გამიგონია, რომ მსგავსი შემთხვევების შემდეგ, ადამიანებს ზღვაში შესვლის ეშინიათ. ჩემს შემთხვევაში, ასე არ მოხდა: ათწლეულები გავიდა, მაგრამ ზღვის მიმართ შიში არ გამჩენია, ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით.

- ახსენეთ, დედას საცურაო კოსტიუმი უყვარდაო. საზღვაო სამოსს თქვენ როგორ არჩევთ?

- კი, დედაჩემი ძირითადად, მწვანე, ცისფერ და ფირუზისფერ საცურაო კოსტიუმს არჩევდა. სხვათა შორის, ტანსაცმელიც ამ ფერებში გადაწყვეტილი მოსწონდა. შავი და საერთოდ, მუქი ფერები არ უყვარდა. პირადად მე, ბევრი წლის განმავლობაში, მუქი ფერის ტანსაცმელს ვიცვამდი, რის გამოც დედა სულ მეჩხუბებოდა. უცნაურია, მაგრამ ახლა ფირუზისფერიც და მწვანეც ძალიან მიყვარს. ფერად, ჭრელ სამოსს ვერ ვიტანდი. ახლა ეგეც შემიყვარდა, თუ კარგადაა შეხამებული. სამწუხაროდ, უკვე 6 წელია, დედაჩემი ჩემ გვერდით აღარ არის...

ეთო ყორღანაშვილი