დგას თუ არა წარმატებული კაცის უკან ქალი - გზაპრესი

დგას თუ არა წარმატებული კაცის უკან ქალი

ვინ როგორ აღწევს წარმატებას, დგას თუ არა წარმატებული მამაკაცის უკან ქალი და რა არის წარმატებისთვის აუცილებელი - ცოდნა, გარეგნობა, იღბალი თუ ვინმეს ხელის წახმარება, ამ კითხვებზე ამჯერად მხოლოდ ქალბატონები გვპასუხობენ.

ლალი ნებიერიძე, მოდელი:

- წარმატება და ბედნიერება ძალიან პიროვნულია. შეიძლება, რაც მე მიმაჩნია წარმატებად, სხვისთვის ის არაფერს ნიშნავდეს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული და ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან მყავს საოცარი ოჯახი. დედაჩემიც ჩემ გვერდითაა ამერიკაში, დანარჩენი ყოფითი დეტალები - როგორი მანქანა გეყოლება, რამხელა სახლი გექნება და ა. შ. ეს უმნიშვნელოა. წარმატებული ვარ და კიდევ დიდი წარმატება მელის წინ, ყველა გამოწვევისთვის მზად ვარ. მთავარია, ბრძოლისუნარიანობა, ამის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. ყოველდღე რომ იღვიძებ და ჩიტების ჟღურტული გესმის, მზიანი დღე რომაა, ყვავილებს რომ ხედავ, უკვე კარგად გრძნობ თავს და ხვდები, რომ ყოველდღიურ რუტინას ამ შეგრძნებებით უნდა აჯობო. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ ძლიერი მამაკაცის უკან ძლიერი ქალია, ვეთანხმები, თუმცა ამ ძლიერი მამაკაცის ხელშეწყობასა და ძლიერ ხელს ხომ ბევრ რამეში გრძნობს ქალი?

GzaPressანა დოლიძე, იურისტი: - ძალიან დიდ გაჭირვებაში გავიზარდე, 90-იან წლებში, როდესაც საჭმელიც კი არ გვქონდა. იცით, ალბათ, როგორი იყო ეს დრო. ვფიქრობ, გადარჩენისთვის ბრძოლამ ჩამომიყალიბა ასეთი მებრძოლი ხასიათი და მიზნად დავისახე მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა და წარმატება. ამერიკაში წავედი, გადავწყვიტე, რომ იქ დავიცავდი სადოქტოროს და დავიცავი. ამას შევძლებ, ვიტყოდი რამეზე და ვასრულებდი კიდეც. თუ საქმის მიყვანა ბოლომდე არ შეგიძლია, თუ მიზნის მისაღწევად სხვა, ყურადღების "წამღებ" რაღაცაზე, მაგალითად, გართობაზე, დროს ტარებაზე, რაც ახალგაზრდობას ახასიათებს, უარს არ იტყვი, არაფერი გამოგივა.

- ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა ბევრ რამეზე უარის თქმა, წარმატებისკენ მიმავალი გზა რთულია, ხომ?

- რა თქმა უნდა, იოლი არ იყო. ამერიკაში სადოქტოროს რომ ვიცავდი, მაშინ უკვე მყავდა შვილი, ვცხოვრობდი წყნარად - წიგნები, ბიბლიოთეკა და ბავშვი. ძალიან ტურბულენტური, ქაოსური ცხოვრება მქონდა აქ, ამერიკაში კი სრულ სიმშვიდეში ვცხოვრობდი. როდესაც გადავწყვიტე, რომ აქტიური ცხოვრების დრო დადგა, ჩამოვედი კიდეც საქართველოში. საერთოდ, ძალიან მაღიზიანებს ნეპოტიზმი და კლანურობა. მთელი ცხოვრება მიწევდა ბიძიან-დეიდიანი ხალხის გვერდზე გაწევა იმისთვის, რომ სამსახური მეშოვა. პატრონი მე არ მყავდა, ვხედავდი, რომ ბევრი მხოლოდ კარგი კავშირების წყალობით იკავებდა მაღალ თანამდებობას. ამას ყოველთვის ვაპროტესტებდი. ახლაც ყოველთვის ვეუბნები ბავშვებს, მათ შორის, ჩემს შვილსაც, რომ იბრძოლონ და მიაღწიონ დასახულ მიზანს, რადაც უნდა დაუჯდეთ. მე ვფიქრობ, წარმატების მისაღწევად სწორედ ეს არის მთავარი და სხვა არაფერი!

სოფო ხალვაში, მომღერალი: - სცენაზე უფრო თავდაჯერებული ვარ, მაგრამ როდესაც ახალ საქმეს ვიწყებ, მაშინ ძალიან ვნერვიულობ. მაგალითად, "მასტერშეფში" მონაწილეობა ჩემთვის რთული იყო, რადგან კულინარიაში პროფესიონალი არ ვარ. ნებისმიერ საქმეში წარმატებისთვის აუცილებელია, გქონდეს მიზანი. თუ მთელი გულით გინდა, გამოგივა კიდეც. ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა არ იციან, რა უნდათ და ამიტომ ვერ აღწევენ სასურველს. ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო სცენაზე ვმდგარიყავი და ეს ოცნება ავისრულე.

- თქვენც ფიქრობთ, რომ ძლიერი მამაკაცის უკან ქალი დგას?

- კი, კი, განსაკუთრებით დედაზე შეიძლება ამის თქმა. 2 შვილი მყავს - 11 წლის ქეთევანი და 5 წლის მარიამი და ახლა ვხვდები, რამხელა შრომა და ენერგია ჩაუდვია დედას ჩემში. გული მტკივა, რომ უდროობის გამო როგორც მინდა, ისე ვერ ვახერხებ მათთვის დროის გამონახვასა და ყურადღების მიქცევას.

რუსკა მაყაშვილი, მსახიობი: - ის, რომ მაყურებელს ვუყვარვარ და ამას ვგრძნობ, ალბათ იმის გამოა, რომ არ ვარ ამბიციური არც მე და არც ჩემი ოჯახის სხვა წევრები. ადამიანი ყოველთვის იღვწის იმისკენ, რომ რაღაც ღირებული აკეთოს. როდესაც ჩათვლი, არიქა, უკვე რაღაც სერიოზული გავაკეთეო, უკვე აღარ ხარ საინტერესო. უშუალობა ყველაზე მთავარია, თავმდაბლობა, პასუხისმგებლობა და საქმის სიყვარული წარმატების საწინდარია. რაც შეეხება იმას, დგანან თუ არა წარმატებული კაცების უკან ქალები, დიახ, ქალები განაპირობებენ მათ წარმატებას, აბა, რა! უფრო მობილიზებულები ვართ ყველა სიტუაციაში. ქალი საოცარი ქმნილებაა, მამაკაცებს არ ვაკნინებ, თუმცა, ერთი რამ ცხადია - ქალებს შეუძლიათ მამაკაცების გარეშე ყოფნა, კაცებს კი არა (იცინის).

GzaPressთამო ვაშალომიძე, ფოტომოდელი: - აუცილებლად უნდა დაისახო მიზანი, არ უნდა ოცნებობდე რაღაც არარეალურზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორად უნდა გათვალო, რა გინდა, თავდაჯერებული უნდა იყო, მიზანდასახული, არ უნდა შეგეშინდეს პრობლემების... რთულია ცხოვრება, იბრძვი, ყლაპავ ბევრ უსინდისობას, მაგრამ ყველაფერი უნდა გადალახო, თუ გინდა იყო წარმატებული. კაცის ცხოვრებაში ქალი აუცილებელია, ბევრ რაღაცაში ამხნევებს, განტვირთავს კიდეც მას, მაგრამ არა მგონია, ქალი განაპირობებდეს კაცის წარმატებას ან თუნდაც პირიქით. ყოველ შემთხვევაში, მე არ მყოლია კაცი, რომელიც წარმატებას მომიტანდა. ხელი არასდროს ჩამიქნევია, ვიცოდი, რაც მოჰყვებოდა ჩემს პირველ ინტერვიუს; ვიცი, რაც მოჰყვება ჩემს თითოეულ ნაბიჯს, მაგრამ მომწონს ის, რასაც ვაკეთებ, ეს ჩემი პროფესიაა.

ნინო ჯავახიშვილი