მებრძოლი ხევსურული ქუდით, რომლისთვისაც რთულად დასაძლევი მეტოქე არ არსებობს
font-large font-small
მებრძოლი ხევსურული ქუდით, რომლისთვისაც რთულად დასაძლევი მეტოქე არ არსებობს
"2010 წლის აპრილში, ქართული დროშით პირველ ადგილზე რომ ვიდექი, ცრემლებიც კი წამომცვივდა"

რაულ თუთარაული შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მთავარი ორგანიზაციის UFC-ის მებრძოლი გახდა. 27 წლის დღემდე არაერთი ტიტულის მფლობელია, მაგრამ პირველი, რითაც ეს მებრძოლი ამოიცნობა, ისაა, რომ მეტოქეს შერკინებიდან ძალიან მალევე ამარცხებს და შემდეგ ამ გამარჯვებას რინგზე ქართული დროშითა და თავზე ხევსურული ქუდით ეგებება.

- რაულ, სად დაიბადეთ, გაიზარდეთ და როგორ მოვიდა სპორტით დაინტერესება?
- დავიბადე გორში, მაგრამ ვიზრდებოდი სოფელ თერგვისში. ერთი თავისუფალი დღე რომ გამომიჩნდება ხოლმე, მაშინვე სოფელში გავრბივარ, რადგან მიყვარს იქაურობა.
ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი შრომას, ამავდროულად ჩემი ოჯახის წევრები და მთლიანად გარემოცვა, სპორტით იყო დაკავებული: მამა ძიუდოისტი იყო, დედა მორბენალი და ფრენბურთელი და აქედან გამომდინარე, მეც სპორტში ვიყავი ჩართული. უფროსი ძმა და უმცროსი და მყავს.
- თქვენი ბაღ-ბოსტანი გქონდათ? მიწაზე მუშაობა გიწევდათ?
- დიახ, შრომა და მიწასთან მუშაობა ბებიამ და პაპამ შემაყვარეს. ჩვენთან ყველაფერი კარგად მოდის, ვაშლიდან დაწყებული, კარტოფილით დამთავრებული.
- სკოლაში იყო რომელიმე საგანი, რომელიც გამორჩეულად გიყვარდათ?
- რუსული ენის გარდა, თითქმის ყველა საგანი მიყვარდა, განსაკუთრებით გეოგრაფია და ისტორია, თუმცა შინ გაკვეთილებს არასდროს ვმეცადინეობდი. გაკვეთილზე მასწავლებელი რომ ხსნიდა, ახალ მასალას იქვე ვიმახსოვრებდი. სასკოლო "ეტალონებშიც" ვმონაწილეობდი, მხოლოდ უფროსი კლასის მოსწავლეები მიგებდნენ, რადგან მათი გავლილი მასალა ჯერ არ ვიცოდი. რაც შეეხება სპორტს, ამ სფეროში 2001 წლიდან ვარ. ძიუდოთი დავიწყე, მაგრამ მერე მიმართულება შევიცვალე. სხვათა შორის, ძიუდოში კარგად ვასპარეზობდი, მაგრამ ფინანსების უქონლობის გამო ყოველთვის ვიჩაგრებოდი. არ გვქონდა იმის საშუალება, რომ შეკრებებზე მევლო და ა.შ. შემდეგ კიკბოქსინგზე მივედი. ჩემმა მწვრთნელმა 2008 წელს, თბილისში გამართულ შეჯიბრებაზე წასვლა შემომთავაზა. წავედით და ის ბრძოლა მოვიგე. მომეწონა კიკბოქსინგი და "დავრჩი". ამის შემდეგ იუნიორების საერთაშორისო ტურნირი მოვიგე, ამას მოჰყვა გამარჯვება ირანში, იუნიორების მსოფლიო თასზე 2010 წელს. სხვათა შორის, პირველ ეტაპზე ვერ ვაცნობიერებდი მოგების ემოციას, ისევე როგორც ბავშვობაში, როცა ძიუდოს მივდევდი. პირველად ეს ყველაფერი მაშინ გავაცნობიერე, როცა ქვეყნის გარეთ მოვიპოვე გამარჯვება და ეს იყო ირანში, 2010 წლის აპრილში, ქართული დროშით პირველ ადგილზე რომ ვიდექი, ცრემლებიც კი წამომცვივდა (იღიმის). მაშინ გამიჩნდა მოტივაცია და დავისახე მიზანი, შრომა შემიძლია, ვივარჯიშებ და ერთხელაც მეც დიდ ოქტაგონზე მოვხვდები-მეთქი.
- მოდი, ასე ვთქვათ, რინგზე თქვენი იმიჯი გამორჩეულია, ხევსურული ქუდს ვგულისხმობ...
- წარმოშობით ხევსური ვარ. ჩემს ქუდს ჯვრების ორნამენტები აქვს და როცა მას ვიხურებ, ძალიან მსიამოვნებს, ყოველთვის დაცულად და კომფორტულად ვგრძნობ თავს. რინგზე ამ ქუდით გავდივარ, შემდეგ ვიხდი და ბოლოს აუცილებლად ვიხურავ. და აუცილებლად მაქვს თან ჩვენი დროშაც.
- ეს ქუდი ნაჩუქარია თუ თავად შეარჩიეთ?
- ეს ქუდი წლების წინ, ჩემმა მეუღლემ მაჩუქა, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით დაოჯახებული. მას შემდეგ არ შემიცვლია და ყველა შეჯიბრებაზე თან მაქვს. არასდროს დამრჩენია. ქუდი არა, მაგრამ ერთხელ დროშა დამრჩა, მაგრამ შეჯიბრებაზე მაინც ვიშოვე.
- პატარა ბავშვი გყავთ. თუ შეიძლება, თქვენი ოჯახიც გაგვაცანით...
- ჩემი მეუღლეა ანა მამისაშვილი. გვყავს ჩემი მოსახელე შვილი, 8 თვის რაული.
- შვილს თქვენი სახელი რატომ დაარქვით, მამათქვენსაც ასე ხომ არ ჰქვია?
- არა, მამას ვეფხია ჰქვია. ჩემს შვილს ასე იმიტომ დავარქვი, რომ მინდა ჩემს გვარში სახელი რაული ყოველთვის იყოს.
- ასე თუ ისე, ხევსურებსა და მათ ხასიათს ვიცნობ. არის ამ ხალხისათვის დამახასიათებელი შტრიხები თქვენს ხასიათში?
- (იღიმის) ხევსურული შტრიხები ჩემს ხასიათში მხოლოდ რინგზე ჩნდება, ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მშვიდი ვარ. რინგზე რომ ავდივარ, სულ სხვა სამყაროში ვხვდები. გარე სამყაროს ვწყდები. მხოლოდ იმ ბრძოლაზე, მოწინააღმდეგესა და გამარჯვებაზე ვფიქრობ. შეჯიბრების წინ მომზადებისას დიდი დრო მჭირდება, დღეში ორჯერადი ვარჯიშით და სწორი კვებით ვცდილობ დაბალ წონაზე ჩამოსვლას და ასე, ყოველთვის, 10-12 კილოს ვიკლებ.
- ვინ გავარჯიშებთ?
- ჩემი მწვრთნელია გიორგი კაბულაშვილი. მან 2010 წელს წამომიყვანა თბილისში. ის მეხმარებოდა ფიზიკურად, მატერიალურად და მისი დამსახურებაა, რომ ამ დონეზე მივედი. ყოველთვის მხარში მიდგას და ერთი ოჯახი ვართ. ის დღეს უკვე ჩემი მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა.
- თქვენს სფეროში მთავარ ორგანიზაცია UFC-ში მოხვედრასა და კონტრაქტზე რას გვეტყვით?
- როგორც ძიუდოისტისთვის ოლიმპიადა, ისე MMA სპორტსმენისთვის UFC ოქტაგონზე ასპარეზობა არის უპირველესი სამიზნე და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. არაერთი წელია ეს ორგანიზაცია პირველობას ინარჩუნებს და ყველაზე გამორჩეული სპორტსმენები იქ იყრიან თავს.
GzaPress
- ბევრი ქართველი გვყავს იქ...
- ამ ეტაპზე ოთხი: მერაბ დვალიშვილი, ლიანა ჯოჯუა, რომან დოლიძე და გურამ ქუთათელაძე (გურამი საზღვარგარეთ ცხოვრობს და როგორც ვიცი, მან უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს), ხოლო მეხუთე მე ვარ (იღიმის). კარგი რეიტინგი მაქვს: 2011 წლიდან დღემდე 25 მოგება და 5 წაგება. ჩემი UFC-ში მოხვედრა ბოლო ბრძოლამ გადაწყვიტა, რომელიც ივნისში გაიმართა. რინგიდან ჩამოვედი თუ არა, ჩემს მწვრთნელს, გიორგის ეგრევე მოსწერეს, რომ მე უკვე გარანტირებული მქონდა UFC.
- რა ეტაპი უძღვის ხოლმე წინ კონტრაქტზე ხელის მოწერას?
- სულ ფორმაში უნდა იყო. ორგანიზაციის წარმომადგენლები შენთან გაუფრთხილებლად ჩამოდინ, არ დაგირეკავენ, ისე დაგადგებიან დოპინგ-კონტროლი რომ ჩაატარონ. შეიძლება ეს მოხდეს დღე და შეიძლება ღამითაც დაგიკაკუნონ კარზე.
- ისე, დოპინგის გამო ხშირად ჩაშლილა მსგავსი კონტრაქტები?
- კი. ალბათ ასე სიძლიერის მომატების მიზნით იქცევიან და არ ითვალისწინებენ სხვა ფაქტორებს. როცა დოპინგს იკეთებენ, არაადამიანები ხდებიან.
- ჰალკები.
- კი, ბატონო.
- და ეს ჰალკისთვის დამახასიათებელი ძალა, დოპინგის მიღების გარეშე, როგორ ჩნდება ხოლმე თქვენში?
- ალბათ, ეს ჩემი ფიზიკური სიძლიერე სოფლიდან გამომდინარეობს. მთელი ჩემი ცხოვრება სულ შრომასა და წვალებაში ვარ. თან, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ვარჯიშიც მეხმარება.
- ახლობლები ყოველთვის განიცდიან, როცა შვილები ფიზიკურად ზიანდებიან რინგზე. თქვენს ასპარეზობას მეუღლე და მშობლები როგორ უყურებენ ხოლმე?
- მეუღლეს არაფერი უთქვამს, მაგრამ ჩემი მშობლები და სხვა ახლობლები დღემდე ვერ ეგუებიან, რომ მე ამ სპორტში ვარ. სულ ორჯერ ვარ რინგზე ისეთი ნაცემი, რომ სხეულზე ჩალურჯებული ადგილები მქონდა. სულ ეს იყო, დანარჩენ შემთხვევებში ისე ვიქცევი, რომ ნაკლები დარტყმა მივიღო და თითქმის ყველა ბრძოლას პირველივე წუთებსა და რაუნდში ვასრულებ.
- კი, თქვენ პირველივე წუთებში უპირატესობის მოპოვებას ახერხებთ...
- 25 ჩხუბიდან, ალბათ სრულად ყველა რაუნდი მხოლოდ 2 შემთხვევაში მაქვს ნაბრძოლი. დანარჩენი შეხვედრები პირველ და მაქსიმუმ მეორე რაუნდში მაქვს ჩემი უპირატესობით დასრულებული.
- ახლა ვის თვლით ყველაზე რთულად დასაძლევ მეტოქედ?
- ჩემთვის რთულად დასაძლევი მეტოქე არ არსებობს, რადგან ყველანი ადამიანები ვართ. ყველა სპორტსმენი ვვარჯიშობთ, შეიძლება გამოცდილება ბევრს წყვეტს, მაგრამ შეხვედრამდე ვუყურებ ხოლმე მეტოქეების ბრძოლებს, რომ ვიცოდე ამა თუ იმ სპორტსმენის შესაძლებლობები. ასე რომ, კონკრეტულად ვერავის დაგისახელებთ.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საკუთარ თავზე გაგონილმა რა ჭორმა გააოცა ბექა ბროლაძე
"პოლიტიკაში რომ მოვიდე, ვიღაცის მარიონეტი უნდა გავხდე"
ბედნიერების "რეცეპტი" მომხიბვლელი მაგდა ვასაძისგან
"ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრება პატარა ბავშვად რჩება"
რა ასწავლა საკუთარმა გამოცდილებამ ირინა ონაშვილს
რატომ მიიჩნევს თავს ნარცისად და ეგოისტად კაკია
სოფია სებისკვერაძე ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს
რა ოცნების ახდენა აქვს გეგმაში თამთა შედანიას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
533 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი