ვახტანგ ტატიშვილი - ფიზიკის მასწავლებელი და გურიაში გაზრდილი ქართლელი - გზაპრესი

ვახტანგ ტატიშვილი - ფიზიკის მასწავლებელი და გურიაში გაზრდილი ქართლელი

პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 21 წლისა მივიდა სკოლაში და 2 წელი მასწავლებლად მუშაობდა. მერე იყო ტრიო მარეხ გოძიაშვილის ხელმძღვანელობით, 1968 წლიდან კი მისი სახელი ანსამბლ "ივერიას" განუყოფელი ნაწილი გახდა. ვახტანგ ტატიშვილი დღესაც ატარებს კონცერტებს საქართველოს რეგიონებში "ორი ჯუჯა და მეგობრების" სახელით. ამ საღამოებს დიდი სიხარულით ესწრებიან ბებიები, შვილები და შვილიშვილები.

"თქვენი მოსწავლე ვიყავი"

- სკოლაში ფიზიკას ვასწავლიდი ყველას, მეექვსედან მეთერთმეტე კლასამდე. ყოველდღე ექვსი გაკვეთილი მქონდა, თან მაშინ სწავლა შაბათსაც იყო. უნდა მომემზადებინა თითოეული გაკვეთილის გეგმა და დამეწერა, ამაში დიდი დრო მიდიოდა, წერაც მეზარებოდა. რა საჭიროა გეგმა? იცი, დღეს რა თემაა და იმას ასწავლი, მაგრამ ასეთი მოთხოვნა იყო. ბიუროკრატია არ მომწონდა, 21 წლისა ვიყავი და მინდოდა, ბევრი თავისუფალი დრო მქონოდა. ცოლი ჯერ არ მყავდა. სკოლაში დაახლოებით 2 წელი ვასწავლიდი. მერე ჯარში წასვლამ მომიწია, რადგან პედაგოგიურ ინსტიტუტს სამხედრო სწავლება არ ჰქონდა. ჩემს მოსწავლეებთან ძალიან ძმაკაცურად ვიყავი, ასაკში განსხვავება სულ 5-6 წელი იყო. პედაგოგი კი ხარ, მაგრამ ახალგაზრდა ხარ. მათთან კვირაობით ფეხბურთს ვთამაშობდი. სხვათა შორის, 20-25 წლის შემდეგ ბევრს უთქვამს ჩემთვის, თქვენი მოსწავლე ვიყავიო. მარტო აქ კი არა, რამდენიმე შემხვდა რუსეთში, ამერიკაში, ერთი - ეგვიპტეში. ისინი იმ ქვეყნებში მუშაობდნენ. თავი გამახსენეს, გგონია, ვინმეს ვცნობდი?

61-წლიანი ძმაკაცობა - მე და ჯემალ ბაღაშვილი ტოლები ვართ და ერთ ფაკულტეტზე ვსწავლობდით, მაგრამ ჯემალი მერე "გეპეიში" მეტალურგიულ ფაკულტეტზე გადავიდა. ჩვენ მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს, ვმღეროდით, ვძმაკაცობდით და ეს ძმაკაცობა 61 წელია, გრძელდება. ჯარში როცა ვიყავი, მაშინ ჯემალმა ტრიოში დაიწყო სიმღერა, რომელსაც მარეხ გოძიაშვილი ხელმძღვანელობდა. ისე მოხდა, რომ ტრიოდან მომღერალი გივი გაბუნია წავიდა და ჯემალმა მომწერა, ჯარიდან რომ ჩამოხვალ, მოდი, ფილარმონიის ტრიოში ვიმღეროთო. გამიხარდა, სკოლას ფილარმონია მერჩივნა. მარეხ გოძიაშვილი შარშანწინ 90 წლისა გარდაიცვალა. მის ქელეხში თამადა ვიყავი. რა თქმა უნდა, ტრიოს პირველ კონცერტს ჩემი მონაწილეობით, ღელვის გარეშე არ ჩაუვლია. საერთოდ, მსახიობი თუ სცენაზე გასვლის წინ არ ღელავს, ის არაა მსახიობი. ეს აუცილებელია, თუნდაც დარბაზში ორი მაყურებელი იჯდეს. სცენაზე ყოფნა გამოცდაზე გასვლას ჰგავს, თავი უნდა მოაწონო ადამიანს. მას მერე, რაც პირველად თავი მოვაწონე ხალხს, ყველას მოვწონვარ (იცინის).

გურიაში გაზრდილი ქართლელი ტატიშვილი - ტატიშვილები ქართლელები ვართ, დედა გურული მყავდა, გვარად ცენტერაძე და ხუმრობით ვეუბნებოდი ხოლმე, აი, გურულები ხომ არიან ცენტერები და შენ გვარიც ხელს გიწყობს-მეთქი. ჩემი მშობლები მეცნიერი ბოტანიკოსები იყვნენ და ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მუშაობდნენ. იქ გავიზარდე, ეს არის ყველაზე მაგარი ბაღი ყოფილ საბჭოთა კავშირში. ახლა ბოტანიკურ ბაღს ბიძინა ივანიშვილი აქცევს ყურადღებას, რაც ძალიან მომწონს.

ამ ბაღში ყოფნისას ბავშვობა მახსენდება, იქიდან ჩავდიოდი ზღვაზე, დაახლოებით 500 მეტრში იყო. მგონი, ცურვა უფრო ადრე ვისწავლე, ვიდრე სიარული. მოზარდები ცურვით იმხელა მანძილს გავდიოდით, თევზსაჭერ გემებზე მომუშავე ხალხს ვეუბნებოდით ხოლმე, "სტავრიდა" გადმოგვიგდეთო. არ დაიჯერებთ, კარგ ამინდში დაახლოებით 10 კმ-ს მივცურავდით, დილას მივდიოდით, საღამოს ვბრუნდებოდით და სულაც არ ვიღლებოდით.

კონცერტზე სტუმრად - საბჭოთა კავშირში ანტიალკოჰოლური კამპანიის დროს ჩვენს კონცერტს იგორ ლიგაჩოვი (სკკპ ცკ-ს მდივანი) და საქართველოს მაშინდელი ცეკას პირველი მდივანი, ჯუმბერ პატიაშვილი ესწრებოდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში ვმღერით ისეთ ტექსტს, სადაც ღვინოს ვაქებთ. ხალხი იცინის და ლიგაჩოვისა და პატიაშვილისკენ იყურება. ლიგაჩოვი გაკვირვებული ეკითხება პატიაშვილს: რა თქვეს ამისთანა, რა არის სასაცილო, ან ჩვენკენ რატომ იცქირებიანო? ისიც, იმას ხომ არ ეტყოდა, ღვინის დალევის აკრძალვაზე (ე.წ. მშრალი კანონი) ხუმრობენო, ჩაის კულტურაზე ჩამოუგდო სიტყვა. უთხრა, რომ ზოგმა ჩაის მოკრეფა არ იცის და ამაზეა ტექსტიო. იმჟამად ფილარმონიის დირექტორი იყო დორიან კიტია, რომელსაც უნდოდა, ეს ნომერი გაგვეკეთებინა. ე.ი. თემა ეხებოდა ცივი ომის დამქაშებს, ჩაისა და ღვინის საწინააღმდეგო კამპანიასაც ვეხმაურებოდით.

იმპროვიზაცია ანუ გურული წყევლა - ფილამონიის დიდ დარბაზში ხშირად 2 ან 3 კონცერტი გვქონია დღეში. ზედიზედ 130-150 კონცერტს რომ ჩაატარებ, მუდმივად დაძაბული ხარ და განტვირთვისთვის, შიგადაშიგ ხუმრობა შეიძლება. მუსიკალურ დადგმაში იმპროვიზაციას მაშინ მიმართავ, როცა გინდა, პარტნიორი ცოტა გააცინო, მოდუნებული გამოაფხიზლო. ამ დროს არავინ ბრაზდება. ზოგჯერ, ელოდებიან კიდეც ჩემგან რამე განსხვავებულს. სხვათა შორის, ძალიან ადვილია თემურ წიკლაურის გაცინება. "რწყილი და ჭიანჭველას" ათწუთიანი ნომერი გვქონდა, რომელიც 20 წუთი გაგვიგრძელებია, იყო საშუალება და ვხალისობდით. ერთი მონაკვეთია, როცა სამეგრელოში კვარაცხელიას ჯიშის ძროხასთან მივდივარ რძის სათხოვნელად. ძროხის როლს ბუთხუზ ბასილაია ასრულებდა. ჩვენი დიალოგის დროს, ის მეგრულად მეტყოდა რაღაცას, მე ვპასუხობდი, მერე როიალს "ვწველიდი"...

როცა აფხაზეთი, ასე ვთქვათ, ახალი წართმეული გვქონდა, ბუთხუზი ასეთ ტექსტს ამბობდა: "...აღარც ცხუმი, აღარც გალი,/ სორე წიე სამართალი,/ ვიბრძვით მხოლოდ პარტიზანი,/ მას არა აქვს სხვა მიზანი,/ რომ არ მოხდეს კიდევ შარი,/ მოგვაშორეთ რუსის ჯარი!" რომ არავინ მოელოდა, მაგ მომენტში წყევლა დავიწყე (გურული რწყილი ვიყავი): ოი, ჭირი მაგათ, მაგენის კუბო ვნახე დღეის სწორს, მუუსვლელში წასულიყვნენ, ეგენი დავასაფლავე მავზოლეუმთან... მერე ვითომ ნიჩაბს ვიღებ და მიწას ვაყრი, ყვავილებსაც ვაწყობ (იქვე სცენაზე იდგა კალათა ყვავილებით). მთელი დასი სიცილისგან დავარდა, ვერ ჩერდებიან. დარბაზი იცინის, ბუთხუზიც ვეღარ უკრავს (იცინის). ეს იმპროვიზაციად არ უნდა ჩავთვალოთ, რადგან ამისთვის ერთი კვირა მაინც ვემზადებოდი. სპეციალურად ვიმუშავე, რომ არ შემშლოდა.

დაუვიწყარი მატჩი - დიუსელდორფში 1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამო" ჩემპიონი გახდა, ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. ჩვენმა ფეხბურთელებმა იენის "კარლ ცაისი" დაამარცხეს. მატჩს მეც ვესწრებოდი. მაშინდელი ემოციებიდან მახსოვს ის, რომ ხელში მეჭირა ორი მეტრი სიგანის დროშა, ზედ "დ" ეწერა. როცა დავიღალე, დროშას ვეღარ ვაფრიალებდი. ქრონიკის კადრებიდან მარტო ერთ მომენტში, დროშის გარეშე ვჩანვარ.

დიუსელდორფში წასვლა ადვილი საქმე არ გახლდათ. საბჭოთა პერიოდში იმხელა ჩაწყობა იყო, როგორ მოვხვდი, ზღაპარი მგონია! ჩემმა თანაკურსელმა, ნუგზარ საჯაიამ (ბოლოს, ცეკაში ადმინისტრაციული განყოფილების გამგე იყო) დაურეკა ჟიული შარტავას, რომელსაც სპორტისა და კულტურის განყოფილება ებარა და ჩემზე სთხოვა, ჯგუფში ჩასვიო. დაახლოებით 35 კაცი ვიქნებოდით. გულშემატკივართა შორის იყვნენ ჯანო ბაგრატიონი, ბორის წიფურია, ივიკო საყვარელიძე, დამსახურებული მშენებელი მერაბ მახარაძე და ბევრი სხვა. მატჩის ყურება იმდენად ამაღელვებელი იყო, დროს ყურადღებას არ ვაქცევდი. მეგონა, თამაში ფრედ დამთავრდებოდა, მაგრამ საოცრება გააკეთა ვიტალი დარასელიამ და გამარჯვების გოლი გაიტანა.

ძველი თაობის ფეხბურთელებთან ვმეგობრობ, ახალ თაობას ვიცნობ. დღევანდელი "დინამოს" საფეხბურთო მატჩებს ვუყურებ და რა თქმა უნდა, გუნდს ვგულშემატკივრობ. თუმცა, როცა ცუდი ამინდია, სტადიონზე წასვლა მეზარება. დავბერდი მაინც, ცოტა ხანში 78 წლისა გავხდები.

ნანული ზოტიკიშვილი