ოთო ფოლადაშვილის ხანგრძლივ ურთიერთობებში გადაზრდილი საზაფხულო რომანი - გზაპრესი

ოთო ფოლადაშვილის ხანგრძლივ ურთიერთობებში გადაზრდილი საზაფხულო რომანი

მოცეკვავეს და ახლა უკვე "ყველაზე ძლიერის" სტატუსის მქონე ოთო

ფოლადაშვილს, რომელსაც ცეკვის, უნივერსიტეტში სწავლისა და რაც მთავარია, პროექტ "ყველაზე ძლიერში" შესრულებული რთული დავალებების შემდეგ დასვენება ნამდვილად სჭირდება, საზაფხულო არდადეგების შესახებ ვესაუბრეთ...

- ჩემს ცხოვრებაში ზაფხულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან მზე, ზღვა, გართობა ძალიან მიყვარს. ზაფხულს თითქმის სულ ისე ვგეგმავ, რომ აგვისტოში თავისუფალი ვიყო: ვმოგზაურობ, სხვადასხვა ქვეყანას, ქალაქებს ვნახულობ, საქართველოს კუთხეებს ვსტუმრობ... ჩვენი ქვეყნის კუთხეები ღირსშესანიშნავია. ამიტომ მათ ნახვას მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საქართველოს სილამაზე შევიგრძნო... მოკლედ, ზაფხულობით საკუთარ თავს ბევრ დროს ვუთმობ და ვცდილობ, კარგად გავატარო.

- სადმე გასამგზავრებლად დიდი ხნით ადრე ემზადები?

- გარდა იმისა, რომ ტური დამიგეგმავს და ვიცი, რომ მაგალითად, იტალიაში ან ესპანეთში უნდა წავიდე, ხშირად ყოფილა შემთხვევა, ამა თუ იმ ადგილზე გამგზავრება ექსპრომტადაც გადამიწყვეტია: საღამოს მიფიქრია, - მოდი, ხვალ წავალ-მეთქი. ბილეთი იმ დღესვე მიყიდია, რომ "ხვალ" დანიშნულების კონკრეტულ ადგილზე ვყოფილიყავი. საერთოდ, ძალიან მოძრავი, რთული რეჟიმი მაქვს. როგორც კი ზედიზედ რამდენიმე თავისუფალი დღე გამომიჩნდება, ვცდილობ, ჩემს ცხოვრებას რაღაც ახალი შევმატო. ამიტომ, როცა ვიცი, რომ 1 კვირის განმავლობაში საქმე არაფერი მაქვს, ბილეთი მიყიდია, სადმე კუნძულზე გავფრენილვარ და დამისვენია.

GzaPress

- რომელიმე მოგზაურობას ისე თუ ჩაუვლია, რომ ფოტოზე არ აღგიბეჭდავს? - მგონი, არა (იცინის). მობილური ტელეფონის ან ფოტოკამერის ბატარეები თუ არ დამჯდარა, ან რამე მსგავსი ხელის შემშლელი ფაქტორი არ ყოფილა, ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერი ადგილი, სადაც ვიყავი, ფოტოზე დავაფიქსირო.

- საზღვარგარეთ ყოფნისას ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას ამჯობინებ თუ ზღვაზე გარუჯვას, გართობას?

- ორივე მომწონს: სანაპიროზეც ვირუჯები, ზღვაზე კარგ დროს ვატარებ და ასევე, ქალაქებში ღირსშესანიშნაობებსაც ვათვალიერებ. მიმაჩნია, რომ უამრავი საინტერესო ადგილია, რაც ადამიანმა უნდა ნახოს. რომელ ქვეყანაშიც აღმოვჩნდები, ვცდილობ, მისი ღირსშესანიშნავი ადგილები მაქსიმალურად მოვინახულო, დავათვალიერო, მეტი ისეთი რამ გავიგო, რაც მანამდე არ ვიცოდი.

- ყველაზე შთამბეჭდავი რომელი ქვეყანაა, სადაც გიმოგზაურია?

- მგონია, რომ ყველა ქვეყანას თავისი პლუსები აქვს. ერთს ვერ გამოვყოფ. მაგალითად, იტალიამ, მისმა ქალაქებმა ძლიერი შთაბეჭდილება დამიტოვა, რომმა კი - ჩემი შთაბეჭდილებები საერთოდ, დააგვირგვინა.N ნებისმიერ ქალაქში 2-3 დღე საკმარისია, რომ ადამიანმა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერო. რომში, 2 დღეში ყველაფერს ვერ ვნახავდი. იქ დიდხანს გავჩერდი. ამ ქალაქში ყველაფერი ისტორიული ძეგლია, სადაც ჩაივლი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ბოლოს, როცა ვატიკანში ვიყავი, მივხვდი, რომ რომი მართლაც განსაკუთრებულია. საერთოდ, იტალიას ბევრი ისეთი ქალაქი აქვს, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა...

- სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოთი, ტრადიციული კერძებით თუ ინტერესდები?

- კი, ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოს დაგემოვნება მომწონს, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ზღვა მიყვარს და ზღვის პროდუქტებს დიდ უპირატესობას ვანიჭებ. სუში ჩემთვის ერთ-ერთი განსაკუთრებულია.

- საზღვარგარეთ, რომელიმე ქვეყანაში გამგზავრებამდე დეტალურად ეცნობი მის ტრადიციებს? გეგმავ, ადგილზე მისული სად წახვალ, რას ნახავ? - კი, "გუგლში" ვეძებ ხოლმე. თუკი გადავწყვიტე, მსოფლიოს რომელ ქალაქში უნდა ჩავიდე, უკვე წინასწარ ვიცი, იქ რა უნდა ვნახო - ქალაქის დათვალიერება საიდან უნდა დავიწყო და დავასრულო, რომ ყველაფერი მოვასწრო. იმ ქვეყნის და მისი მცხოვრებლების შესახებ ისტორიასაც ვკითხულობ...

- ყველაზე მცირე თანხა, რითიც გიმოგზაურია...

- არა, ისეთი შემთხვევა არ მქონია, რომ მცირე თანხით გავმგზავრებულიყავი - ყოველთვის "მსუყედ" მივდივარ, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, ფული ვერ გადამინაწილებია და მოგზაურობის პირველ დღეებში იმდენი დამიხარჯავს, რომ ბოლო რამდენიმე დღე 1 ნაჭერი პიცის ამარა დავრჩენილვარ (იცინის).

- ძირითადად, მოგზაურობისას ფულს რაში ხარჯავ?

- საერთოდ, ყველაფერში: შოპინგში, გართობაში... რაც მომინდება, ვცდილობ, ყველა სურვილი ავისრულო.

GzaPress

- შეგიძლია, შენი პირველი არდადეგები გაიხსენო, რომელიც მშობლებისგან დამოუკიდებლად გაატარე? - ბავშვობიდან ისეთი დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, რომ მშობლების გარეშე პირველად სად გავემგზავრე არ მახსოვს. ცეკვის სტუდიიდან სპორტულ ბანაკებში სულ მივდიოდი, სადაც მშობლების გარეშე, მოცეკვავეებთან ერთად ყოფნა მიწევდა. ბავშვობის მერე, სულ მარტო და მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობ.

- პოპულარობის ფონზე, საქართველოში დასვენება კომფორტულია?

- კი, კი, ეს არ მზღუდავს, პირიქით - ბედნიერი ვარ, რომ ადამიანებს ჩემი დანახვა უხარიათ და სურთ, ჩემთან ერთად ფოტო გადაიღონ, თბილ სიტყვებს მეუბნებიან... ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- საკურორტო რომანები გქონია?

- რა თქმა უნდა, მქონია (იცინის). ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ეპიზოდები, როცა საზაფხულო რომანი უფრო ხანგრძლივ ურთიერთობაშიც გადაზრდილა.

- ზაფხული სად ვიზიტის გარეშე ვერ წარმოგიდგენია?

- ალბათ - ბათუმში, რადგან ჯერ არც ერთი ზაფხული არ ყოფილა, რომ ბათუმში არ ჩავსულიყავი. თან, დიდი ხნით მივდივარ - საზღვარგარეთ გამგზავრება იქიდან მიწევს ხოლმე.

- ბათუმში დროს როგორ ატარებ?

- მეგობრებთან ერთად, ყოველი დილა და საღამო გართობით იწყება და სრულდება. გარდა იმისა, რომ ღამის ცხოვრება გვიყვარს, პიკნიკებზე წასვლაც მოგვწონს. როცა მეგობრები ერთად ვართ, ვცდილობთ, დადებითი ემოციებით დავიმუხტოთ. ამიტომ ბათუმი რის საშუალებასაც გვაძლევს, ჩვენც მაქსიმალურად ვიღებთ...

ეთო ყორღანაშვილი