გიორგი გილიგაშვილის პირველი პაემნის მძაფრი წუთები - გზაპრესი

გიორგი გილიგაშვილის პირველი პაემნის მძაფრი წუთები

ალბათ, რთულად მოიძებნება საკითხი, რომელზე მსჯელობის დროსაც გიორგი გილიგაშვილი ("ჩემმა მზემ") გაცხარდება და აგრესიის შემცველ ფრაზებს იტყვის. გასაკვირი არაა, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის, "სერიოზული არასერიოზული" გრძნობის შესახებაც ჩვეულებისამებრ, დინჯად გვესაუბრა...

- გიორგი, ოდესმე გყვარებია? სერიოზული გრძნობა გწვევია?

- საერთოდ, ჩემთვის სიყვარული არასერიოზულია. არასერიოზული სიყვარული უფრო ბობოქარი გრძნობების მატარებელი, ადრენალინის შემცველი და ფერადია, ვიდრე სერიოზული. თითქოს სიყვარულს სიტყვა "სერიოზული" არ უხდება - ის სერიოზულობას თავის არსში მოიცავს, რადგან საოცარი, საღვთო გრძნობაა... სამწუხაროდ, არასოდეს მყვარებია...

- მაგრამ ალბათ, გოგონა ისე ძლიერ მოგწონებია, რომ მასთან პაემანზე წასულხარ. შეგიძლია, შენი პირველი პაემანი გაიხსენო?

- ადამიანი ბავშვობაში ცდილობ, სერიოზული იყო, როცა იზრდები, მერე კი - არასერიოზული. მახსოვს, ბავშვობაში, როცა სერიოზულობას ვცდილობდი, ერთ-ერთ ბანაკში ვისვენებდი და ისე მოხდა, რომ "წითელი, ყვითელი, შავის" თამაშისას, ერთმა მშვენიერმა გოგონამ ლოყაზე მაკოცა... შემდეგ, ის გოგონა ბანაკიდან ჩემზე ადრე გაემგზავრა. დამშვიდობებისას, ჩემი ტელეფონის ნომერი (მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო) ქაღალდის ფურცელზე დავუწერე და მივეცი - დამირეკე-მეთქი. ერთმანეთს ბავშვურად ჩავეხუტეთ. ფაქტობრივად, ჩემთვის პაემნის მძაფრი წუთები ის იყო, როცა სახლის გამოსასვლელთან, კიბეზე ვიდექით, იმ მშვენიერ გოგონას ფურცელზე დაწერილ ჩემი ტელეფონის ნომერს ვაწვდიდი, ის კი მოკრძალებით იდგა. არ იცოდა, რა გაეკეთებინა. შემდეგ კვლავ ლოყაზე მაკოცა და გაიქცა, მანქანაში ჩაჯდა, წავიდა... მას მერე ის გოგონა არ მინახავს. უბრალოდ, შორიდან ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან ლამაზად არის და ჩემს ცხოვრებაშიც, დიდება უფალს, არანაკლები მზეა, ოღონდ - ეს სხვა მზეა...

- გიორგი, პაემანზე წასასვლელად როგორ ემზადები ხოლმე? - გინდ დამიჯერეთ, გინდ - არა, მაგრამ სახლიდან რომ გავდივარ, შინაგანად, პაემანზე წასასვლელად ყოველთვის მზად ვარ. ფაქტობრივად, სახლიდან ყოველდღე პაემანზე წასასვლელად გავდივარ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ პაემანზე ვერანაირად ვერ მოვხვდი. ალბათ, მანდაც ყველაფერი "ჩაწყობითაა" (იცინის)...

- როგორი გოგონები მოგწონს? ვიცი, მეტყვი, ყველა ქალი მშვენიერიაო, მაგრამ გთხოვ, შენთვის სასურველი ან თუნდაც, იდეალური ქალი დაგვიხასიათე... ამ მხრივ, რამე კრიტერიუმები თუ გაქვს?

- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის მშვენიერება, ვინც ჩემ წინ ვარდივით იქნება გადაშლილი, ჩემი კრიტერიუმებით არ შევბოჭო ანუ ჩემ წინ საოცრად გადაშლილ ველურ ყვავილს თუ ვეტყვი, - ეს ფურცელი ან ეს ფოთოლი არ მომწონს, უნდა შევასწოროთ-მეთქი, ვფიქრობ, ეს უკვე ძალადობა იქნება, ასე რომ, ის საკუთარ თავს უნდა ჰგავდეს. რამე იმიტომ კი არ უნდა გააკეთოს, რომ მე მომწონს, არამედ მასაც ისე უნდა მოსწონდეს, როგორც - მე, მაგრამ ეს - საწყისი ეტაპისთვის, რომ ერთმანეთი შევიცნოთ, როცა ორივენი საკუთარ თავს ვგავართ და რაღაცნაირად, უნებურად, ერთმანეთი მოგვეწონა, რადგან რაღაც საერთო გვაქვს. არადა, ვერც ვხვდებით, რა საერთო გვაქვს... შემდეგ საათები, დღეები, კვირები გადის. ჩვენ უკვე ერთმანეთის სულებს ვიცნობთ, მაგრამ სხვადასხვანაირად ვმოქმედებთ. ამ შემთხვევაში, სულის ცნობა და სულიერი სითბო უკვე ისეთი დიდი უნდა იყოს, რომ ჩვენი მოქმედებები ერთმანეთის საკეთილდღეოდ მივმართოთ. მერე არა ინსტინქტების, არამედ უფრო ძლიერი გრძნობების ეტაპი იწყება, როცა იმას ვაკეთებ, რაც მას სურს, ის კი ისე იქცევა, როგორც მე მსურს. ასე რომ, თუ ორ ადამიანს ეს განცდა აქვს, რომ ერთმანეთთან ყოფნა სურთ, ამისთვის არიან ცოცხალნი და ბედნიერებას ამით ახერხებენ, ორივენი "საშინლად" ბედნიერები იქნებიან - იცხოვრებენ დიდხანს და ტკბილად, "ორთავ სოფელსა შინა".

GzaPress

- ზოგი წყვილი ჰოროსკოპს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს: არკვევენ, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ექნებათ წარმატებული ურთიერთობა... ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორი დამოკიდებულება გაქვს? - რამდენ "ვარსკვლავთმრიცხველსაც" ვესაუბრე, ყველა ცდილობს, ვითომ უნებურად მიმანიშნოს - არა, გილიგა, ზოდიაქოს ეს ნიშანი არ წაგადგებაო... მიმაჩნია, რომ თავისუფალი კაცისთვის ესეც ძალადობაა: თუ ვამბობ, რომ სიყვარული ღმერთია, როგორ შეიძლება, ამ წუთისოფელში, ადამიანში დავანებულმა ხასიათმა მასთან ლამაზ ურთიერთობაში ხელი შემიშალოს? ხელს ვერავინ შემიშლის, თუნდაც წყალი და ცეცხლივით ვერ ვუგებდეთ ერთმანეთს, თუკი მასში ის სულიერი სიმაღლე არსებობს, რომლითაც მის საღვთო ბუნებას და სულს ცხოველისგან განარჩევ. მიმაჩნია, რომ სიყვარული ყველა პლანეტაზე, ყველა მიზიდულობა-განზიდულობაზე ძლიერია...

"დედამიწიდან მივფრინავ დღეს,

თქვენ კი დაიმახსოვრეთ ეს:

სიყვარულია, ბოროტს რომ

სძლევს,

სიყვარულია, რომ შეგასხამს ფრთებს,

შეებრძოლები გოლიათებს..."

- ეს შენ დაწერე?

- დიახ და მალე სიმღერასაც ჩავწერ, თუ უფალმა ინება.

- ძალიან კარგი. გიორგი, რადგან ვიცი, როგორი მორწმუნე მართლმადიდებელი ხარ და თან, თავისუფალი ბუნების ადამიანი, მაინტერესებს, ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრებაზე რას ფიქრობ?

- უფალმა იცის, ვინ ცხონდება და ვინ - არა. ამბობენ ხოლმე, - მარხვისას, ვინც ხორცს არ შეჭამს, ცხონდება, ვინც შეჭამს - არაო. პირველად სასუფეველშიP ავაზაკი და მეძავი შევიდნენ - ეს ყველას უნდა გვახსოვდეს... როდესაც კაცი მართლმადიდებლური წესით ცხოვრობ, შეგიყვარდება მშვენიერი და ისიც შეგიყვარებს, როგორც საკუთარი გულის ნაწილს და თუ მარხვის არსიც იცი, განა რა უნდა გაკავებდეს, რომ ტაძრამდე მიხვიდე და იქ დაჰყო ის საიდუმლო დრო, რაც ჯვრისწერას სჭირდება, მერე კი მთელი ცხოვრება ერთად იყოთ? ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემას ჩვენ განგებ ვქმნით: თუ კაცს შენ წინ მდგომ მშვენიერთან სულის და ხორცის გაშიშვლების მოგერიდება, ვერ ვხვდები - აბა, საერთოდ, რა გინდა მასთან? თუ ხვდები, რომ ის "ის" არ არის, აბა, მის წინაშე შენს სულს და სხეულს რატომ აშიშვლებ, თუ რამე მსუბუქი ყოფაქცევის ზრახვები არ გაქვთ შენ ან მას?.. მაგრამ თუ შენ იგრძენი იგი და მანაც გიგრძნო, მაშინ ვერ ვხვდები, ჯვრის დაწერას წინ რა უდგას, რომელიც საუკუნოდ შეგაერთებთ და მერე, ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოგერევათ, ვერ გაგყრით? თუ მართალს ადიდებ, დედამიწიდან ცამდე სიყვარულის გწამს და მარხვის დათმენა იცი, სულიერი სიმაღლე მოგეგება. ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა.A ამბობენ ხოლმე, - აუ, ჯერ ქორწილის გადახდას ვერ ვახერხებ, საშუალება არ მაქვს, 1000 კაცის დაპატიჟება მინდა... მსურს, ვერტმფრენი დაეშვასო... ალბათ, ამაზე მეც მიფიქრია, როცა ქორწილი ასე ლამაზად წარმომიდგენია, მაგრამ როცა სიყვარულზე ვსაუბრობთ, დანარჩენი (ბრჭყვიალა ქაღალდები, კაბის თუ ჩოხის ბრჭყვიალა თვლები...) უკვე იაფია. ჯვრისწერა წესის დადგენასავით, განცხადებასავითაა, რომ შენ და შენი რჩეული ერთმანეთს ეკუთვნით. ქალის და მამაკაცის, ცოლ-ქმრის სარეცელს მოძღვარიც არ ეხება, არ განიკითხავს. რა უფლება მაქვს, მე შევეხო და განვიკითხო?..

- კარგი. ამბობენ, - მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადისო...

- ქართველი კაცი თავისი შინაგანი ბუნებით ასკეტია. სამწუხაროდ, ცხოვრების ამ ბოლო ასწლეულებში, მენტალურადაც და ფიზიკურადაც, ქართველი კაცი განსაცდელშია, რადგან არ მომერიდება და ვიტყვი, არაკაცური, გაცხოველებული "მედან" ველური შემოტევებია: ჩვენში არსებული ცხოველი ცდილობს, ბევრი გვაჭამოს, გვასვას, მაქსიმალურად გაგვართოს, დაგვათროს და ის სიწმინდეები, რაც საპატრონო გვაქვს, უყურადღებოდ დავტოვოთ, მივაგდოთ - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმისთვის ვერ მოვიცალოთ. სამწუხაროდ, ეს გარეგნულად გვემჩნევა კიდეც, რადგან წინათ ქართველი ვაჟი წელწვრილი და ბეჭგანიერი იყო, ახლა ნელ-ნელა ფორმებს ვიცვლით (არა მხოლოდ ქართველები) და არამეომრულ ფორმაში ვდგებით... ძლიერი ქალი მომწონს, რადგან თუ კაცი ხარ, მის გვერდით უფრო ძლიერდები და მასაც აძლევ საშუალებას, შენთან ერთად "იფრინოს ზეცაში". როდესაც შენი სულის ნაწილს სახლის ამა თუ იმ კუთხეს მიუჩენ, რომ მაგალითად, შენი ადგილი სამზარეულოშიაო, ჩემთვის ეს მომაკვდინებელია, რადგან წყვილი ერთი სამყარო უნდა იყოს - "ერთ ხორც და ერთ სულ".

- შენ შესახებ მეტი კონკრეტული რომ შევიტყოთ, გვითხარი, - თუნდაც, როგორი მზარეული ხარ?

- ერთხელ დამეწვიეთ და თავად მითხარით... უბრალოდ, მცირედს გეტყვით: კვერცხის გატეხა და ტაფამწვარის მომზადება შემიძლია, ასევე - კარტოფილის გათლა, "ჩიჩიის" დაჭრა, შამფურზე აცმა და შეწვაც... მოკლედ, მშიერი არ დავრჩები. რაც მთავარია, გრძნობები მანაყრებს... და ჩაის ვადუღებ საოცრად, გრაციოზულად (იცინის)!

GzaPress

- როგორც ვიცი, პროექტებში პარტნიორობის გარდა, სალომე ჭაჭუასთან მეგობრობ კიდეც. მისი კულინარიული შესაძლებლობები ვიცით. ცეკვის გარდა, სალომემ მზარეულისთვის საჭირო უნარებიც ხომ არ გასწავლა? - სალომე საოცარი კულინარია - თითებს ჩაგაკნატუნებინებს. როგორც ქართულ, ასევე უცხოურ სამზარეულოში დედოფალია! უბრალოდ, ნებისმიერ პროდუქტთან მიუშვი და მისგან საოცარ, უგემრიელეს, სადილს, ვახშამს თუ საუზმეს მოამზადებს, თან - ისე "სვეტსკად", ლამაზად აფორმებს, რომ არ გინდა, შეჭამო, თუმცა რომ არ შეჭამო, ეგეც არ შეგიძლია (იცინის). რა თქმა უნდა, სალომესგან ბევრი რამ შევიძინე, მხოლოდ მზარეულის უნარები კი არა? ახლა შემპირდა, რომ ტაიკვანდოსაც მასწავლის (იცინის)... ასე რომ, სალომესგან ადამიანს ბევრი რამის სწავლა შეგიძლია. ის მხოლოდ "უბრალოდ ქალი" არ არის: შეგიძლიათ, მასთან ერთად ომში წახვიდეთ და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ გვერდით ისეთი მეომარი გეყოლებათ, ვინც იმ მართალ იდეას თავს შეაკლავს, რასაც სიყვარული ემსახურება.

- როგორ ფიქრობ, მეორე ნახევრის გარეშე, სრულფასოვანი ბედნიერების განცდა შესაძლებელია?

- ერში - შეუძლებელია, თუ ბერივით არ ცხოვრობ. შეიძლება, ადამიანი დავრდომილი იყოს, ქალის ან მამაკაცის მიმართ ლტოლვა არ შეეძლოს, მაგრამ მომავალი თაობის აღზრდაში "ჩადოს" თავისი ენერგია, იქ იყოს მისი საღვთო ჯვარი, ამით იგრძნოს ბედნიერება და თქვას, - ჩემთვის სრულყოფილი ცხოვრება ეს არისო. ვერც გაამტყუნებ. შეიძლება, ვიღაც დაოჯახებული იყოს, ერთი შვილი ჰყავდეს და ამით განიცდიდეს ბედნიერებას. ბერმონაზვნების ცხოვრებას, სადაც ღვთის ანგელოზებს ასე პირისპირ ესაუბრებიან, როგორ არ უნდა ეთქმოდეს "სრულყოფილი"? ყველა ადამიანს გონება "მხოლობით რიცხვში" გვაქვს: გარეგნობით სხვა ტყუპისცალივით რომ გვგავდეს, ჩვენნაირი მაინც არავინ არსებობს. ამიტომ ბედნიერების (ან თუნდაც - ღმერთის, სამშობლოს, მშობლის, შვილის, უკიდეგანო გალაქტიკის...) აღქმა ინდივიდუალურია. პირადად ჩემთვის ბედნიერება უკვე ის არის, რომ უფალმა დედაჩემის და მამაჩემის შვილად, ჩემი ძმის და დების ძმად, ჩემი სამშობლოს შვილად დამბადა, ჩემს ლამაზ დედამიწაზე...

ეთო ყორღანაშვილი