"სტატუსები მემატებოდა, თუმცა ხელფასი არ მქონდა" - გზაპრესი

"სტატუსები მემატებოდა, თუმცა ხელფასი არ მქონდა"

ალბათ, წარმოუდგენელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც 2 წელი იმუშავებს, მაგრამ გასამრჯელოს არ მოითხოვს. ასეთი ადამიანი "ჩემი ცოლის დაქალებში" ბარბარიკას როლის შემსრულებელი, ტელეწამყვანი თაკო კორინთელი აღმოჩნდა...

- სხვათა შორის, ფულის მნიშვნელობა საკმაოდ გვიან გავაცნობიერე, რადგან ჩემთვის ეს მთავარი არ იყო. არაოფიციალური სამსახურები ბავშვობიდან მქონდა: კლიპებში, რეკლამებში მიღებდნენ, რაშიც ჰონორარს მაძლევდნენ. მახსოვს, ჩემი პირველი ჰონორარი 60 ლარი იყო. გადავწყვიტე, იმ ფულით ბეჭედი მეყიდა, რომ დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ის ბეჭედი დღემდე მაქვს... როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, ჩემი პროფესიით რადიოში მუშაობა პირველივე კურსზე დავიწყე. ცოტათი დაუჯერებელია, მაგრამ ორი წელი ისე ვმუშაობდი, რომ ხელფასი არ მქონდა. ის საქმე ძალიან მაინტერესებდა, რასაც ვაკეთებდი. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და მინდოდა, პრაქტიკა გამევლო. შემდეგ სხვა რადიოებშიც ვიმუშავე. ერთ-ერთში საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გახლდით, შემდეგ - საინფორმაციოს ხელმძღვანელიც... მოკლედ, სტატუსები მემატებოდა, თუმცა ხელფასი არ მქონდა (იცინის). ჩემი საქმე მაინტერესებდა და მომწონდა. ლექციების მერე, რადიოში მისვლა მიხაროდა. თავდაპირველად, ჩემს ოჯახს არ უნდოდა, რომ მუშაობა დამეწყო, რადგან სურდათ, მთელი დრო სწავლაზე დამეხარჯა. დედა მეუბნებოდა, - აი, რას გაკლებ? არ იმუშაო და ისწავლეო. სწავლაში არ მოვიკოჭლებდი. ვმუშაობდი კიდეც და სწავლის დასრულების შემდეგ, წითელი დიპლომიც ავიღე.

- ხელფასის მოთხოვნილება როდის გაგიჩნდა?

- 3 რადიო გამოვიცვალე და ამის მოთხოვნილება არც ერთგან არ მქონია. უბრალოდ, როცა უკვე სხვა რადიოს უფროსმა შემნიშნა და მიმიწვია, თავიდანვე მითხრეს, - ხელფასი გექნებაო. თავდაპირველად, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა - ხელფასი უნდა მქონდეს-მეთქი (იცინის)?!. რადიოების შემდეგ, ერთ-ერთ სტუდიაში მოვხვდი, სადაც უკვე პრეტენზია მქონდა, რომ ხელფასი უნდა ამეღო, რადგან მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება მქონდა და შემოსავალი მჭირდებოდა. ვიდეორგოლებს "ვაკეთებდით", რომელიც ერთ-ერთ ტელეარხზე გადიოდა. ამის შემდეგ, სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში მოვხვდი. ისეთი დაბნეული მივედი, საერთოდ არ ველოდი, რომ წამყვანად შემარჩევდნენ. არადა, რეალურად, რადიოში მიღებული გამოცდილება იმის სარჩული იყო, რომ ტელევიზიაში წავსულიყავი. ტელევიზიაში მუშაობა მინდოდა, მაგრამ ასე პირდაპირ ვერ "მივპლაკუნდებოდი". როცა დირექტორმა მითხრა, ერთ კვირაში ეთერში დაჯდებიო, ხელფასი კი არა, საერთოდ არაფერი მახსოვდა (იცინის)... მიკროფონთან მუშაობის გამოცდილება, მეტყველება, ნიუსის წერის ცოდნა გამომადგა. ერთადერთი, განსხვავებული ის იყო, რომ კამერასთან მუშაობა მიწევდა, მაგრამ მგონი, მოვერგე, რადგან კამერები ძალიან მიყვარს.

GzaPress

- რაც შემოსავალი გაგიჩნდა, მას შემდეგ მშობლებისთვის ფული თუ გითხოვია? - მართლა არ მახსენდება, რომ ჩემი ოჯახის წევრებიდან ვინმესთვის ფული მეთხოვოს. ერთხანს პირად ცხოვრებაშიც და კარიერაშიც ცუდი პერიოდი მქონდა ("დეპრესია" დავარქვათ) - ფაქტობრივად, სახლში ვიჯექი, მაგრამ მაშინაც სხვადასხვა გადაღებაში ვმონაწილეობდი. ჩემი ფული ყოველთვის მქონდა.

- ძირითადად, შენს შემოსავალს რაში ხარჯავ?

- უაზროდ ვფლანგავ. მაგალითად, თავის მოვლის საშუალებები ძალიან მიყვარს. შემიძლია, რომელიმე მაღაზიაში, სადაც კოსმეტიკა იყიდება, ფული ბოლო "კაპიკამდე" დავტოვო - სხვადასხვა კრემი, სუნამო შევიძინო... რა თქმა უნდა, შოპინგი ძალიან მიყვარს და ძირითადად, ჩემი ფული ამაში იხარჯება.

- უფულოდ ან ძალიან მცირე თანხით დარჩენილხარ?

- სხვათა შორის, ერთი ასეთი მწარე დღე იყო, რომელიც ახლა სასაცილოდ მახსენდება: ხელფასი ავიღე, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში წავედი, პაჭიპუჭა რაღაცები ვიყიდე, შემდეგ პარფიუმერიულ მაღაზიაში შევედი. იქიდან ჩემი გამოთრევა, ცოტა არ იყოს, რთულია. ესეც მინდა, ესეც, ესეც-მეთქი და დაახლოებით, 700 ლარამდე დავხარჯე. მაღაზიიდან ბევრი პარკით ხელში გამოვედი. საფულეში ჩავიხედე - ფული საერთოდ აღარ იყო, რომ სახლში წავსულიყავი. ვიფიქრე, დედაჩემს როგორ დავურეკო-მეთქი? მეზობელი შემხვდა - უი, თაკო, რას შვრები, სახლისკენ ხომ არ მოდიხარო? - კი, როგორ არ მოვდივარ-მეთქი? - ვუპასუხე და წამოვედი... სხვათა შორის, ჩემ შესახებ მეგობრებიც ხუმრობენ - ძაღლის ბედი გაქვსო (იცინის).

- შინ დანაზოგი გქონდა?

- კი, აბა, რა? სახლში მელოდებოდა.

- დანაზოგი ყოველთვის გაქვს?

- არა, ხანდახან. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში თანხის გადადება დავიწყე. პატარა ყულაბა მაქვს, მაგრამ როცა დამჭირდება, ფულის ასაღებად მივაკითხავ - პინცეტით ვაძრობ ხოლმე (იცინის).

- ფული თუ გაგისესხებია ან სესხად თავად თუ აგიღია?

- ფული არასოდეს არავისთვის მითხოვია, თუმცა თავად გამიცია.

- ვალს გიბრუნებენ ხოლმე?

- კი, კი. არ მქონია შემთხვევა, რომ ვინმეს "გადავეგდე".

- თავად არ დაგჭირვებია სესხად აღება?

- არ დამჭირვებია და რომ დამჭირდეს, არ ვიცი, როგორ მოვიქცევი, ასეთი რაღაცები არ მიყვარს. იმედია, ისეთი დრო არ დამიდგება, რომ ვინმეს ფული ვთხოვო.

- სერიალში მონაწილეობის გარდა, ამჟამად, რას საქმიანობ?

- ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მთავარი მენეჯერი ვარ. არ მეგონა, თუ ჩემი პროფესიისგან რადიკალურად განსხვავებული საქმე გამომივიდოდა, მაგრამ ალბათ, ადამიანი სანამ ბედს არ ცდი, წინასწარ ვერაფერს იტყვი. შემოთავაზება რომ მივიღე, თავდაპირველად, ვიუარე - არ გამომივა, ჩემი მიმართულება არ არის-მეთქი, მაგრამ შემდეგ მეორედ, მესამედ რომ დამირეკეს - მოდი, აბა, სცადეო, მივედი. საოფისე საქმეები ადვილად ვისწავლე. რაღაცნაირად, მომეწონა. ვიფიქრე, - რატომაც არა? ვიმუშავებ-მეთქი. მგონი, საქმე გამომდის, რადგან უკვე მეშვიდე თვეა, ვმუშაობ.

GzaPress

- ჟურნალისტიკის სფეროში დაბრუნებას აღარ აპირებ? - ზუსტად ვერ გეტყვი, როდის, მაგრამ ეს სფერო ისე მიყვარს, რომ აუცილებლად დავბრუნდები, რადგან ძალიან ჩემია.

- ცხოვრების ამ ეტაპზე შენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია - სტაბილური შემოსავალი თუ საყვარელი საქმე და არასტაბილური შემოსავალი?

- ორივე ერთად უნდა გქონდეს ადამიანს. ალბათ, დღესდღეობით, საყვარელ საქმეს ვერ აკეთებენ, რადგან ყველაფერი კარგად არაა მოწყობილი, ხომ? ამიტომ ძირითადად, იმისთვის მუშაობენ, რომ გამოიმუშაონ, იცხოვრონ, ისუნთქონ... არ მინდა, ამპარტავნებაში ჩამეთვალოს, მაგრამ რა საქმესაც ხელს მოვკიდებ, მერე ძალიან ვეჩვევი და მიყვარდება. მაგალითად, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ისეთ სამსახურში ვიმუშავებდი, როგორშიც ახლა ვმუშაობ, მაგრამ რაღაცნაირად, უკვე ძალიან შევეჩვიე და შემიყვარდა... სერიალში მონაწილეობაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ: ხომ იცი, შეყვარებულ გოგონას საყვარელი ბიჭის დანახვისას ისეთი განცდა ეუფლება, თითქოს მუცელში პეპლები დაფრინავენ? თავს მეც ასე ვგრძნობ, როცა "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებებზე მივდივარ... მოკლედ, დღეს იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს, პარალელურად, თანხას გამოვიმუშავებ. დღეს ისე არ ვიქნები, როგორც - წინათ, როცა 2 წელი უხელფასოდ ვიმუშავე. მაშინ ენთუზიაზმი მქონდა, მაინტერესებდა, სწავლა მინდოდა და ფული პრიორიტეტული არ იყო.A ახლა უკვე ფულიც პრიორიტეტულია. თან, უნდა მომწონდეს, რასაც ვაკეთებ. თუ ოდესმე ისეთი სამსახური მექნება, რომელიც დისკომფორტს შემიქმნის და ვერ გავუძლებ, ვარჩევ, წამოვიდე და არ ვიმუშაო. ჩემი კომფორტი მცირე დოზით მაინც უნდა მქონდეს, თორემ მუშაობა ძალიან გამიჭირდება, თუმცა როგორც აღვნიშნე, ისეთი ადამიანი ვარ, რომ ყველაფერს ვეჩვევი. შემიძლია, საქმეს ცოტა სხვაგვარად მივუდგე, პოზიტიურობაში გადავიტანო... "დაგრუზვა" არ მიყვარს (იღიმის).

- რადგან სერიალიც ვახსენეთ, ისეთი მამაკაცის გვერდით ყოფნას შეძლებდი, როგორიც შენი პერსონაჟის ყოფილი ქმარი - მაქსიმეა?

- ვერა, რა თქმა უნდა. ჩემ გვერდით ასეთი ბიჭი ვერასოდეს იქნება და არც არასდროს მომწონებია. მაქსიმე ცოტათი ავარდნილი, არამეოჯახე ტიპია. ოჯახის ქალს არ გამოადგება (იცინის). ჩემი აზრით, ფუქსავატი ადამიანია, მაგრამ მიყვარს, როგორც პერსონაჟი. ჩემი პერსონაჟიც ძალიან მიყვარს, თავისი პლუსებით და მინუსებით.

- შენი თვალით დანახული ბარბარიკა როგორია?

- ძალიან საყვარელი. თავდაპირველად, მეც სხვაგვარად ვუყურებდი - ვიფიქრე, შტერი გოგოა-მეთქი. კი, შტერი არის, თავისი მინუსები აქვს, მაგრამ ჩემი პერსონაჟი ისე მიყვარს, რომ მასზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი (იცინის). ცოტათი ჩურჩუტია, მაგრამ რა ქნას? როცა ვინმე შეგიყვარდება, რეალობას ვეღარ აღიქვამ, მამაკაცში მინუსებს ვეღარ ხედავ. ამიტომ, გარკვეულწილად, ბარბარიკას ვამართლებ, რომ მაქსიმე უყვარს.

- შენი პერსონაჟი ქონების გარეშე რომ დარჩეს, როგორ ფიქრობ, შეძლებს თავისი უნარების, განათლების გამოყენებას და თავის გატანას?

- ბარბარეს ხელისგულზე ატარებდნენ და ასე ცხოვრებასაა მიჩვეული, თორემ ჩემი აზრით, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, აუცილებლად ყველაფერს გააკეთებს, რადგან ძალიან განათლებულია. ქარგვა, ქსოვაც იცის... ყველაფერი გამოუვა.

- რეალურ სამყაროში საკმარისია, განათლებული იყოს ადამიანი, რომ კარგი სამსახური ჰქონდეს?

- არა, მარტო განათლებაც არ არის საკმარისი. 90 წიგნი წავიკითხე და ჭკვიანი ვარო, ვერ იტყვი. რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილებაც უნდა გქონდეს, ცოტათი გაქექილიც უნდა იყო, როგორიც სამწუხაროდ, მე არ ვარ, მაგრამ მაინც ვმუშაობ...

- შენი წარმატების საიდუმლო რა არის?

- პირველ რიგში, სულიერი სისუფთავე. თუ შენს საქმეს სუფთად და გულწრფელად აკეთებ, ყველაფერი გამოგივა. არასდროს მქონია შემთხვევა, რომ სადმე ჩV გამეგზავნა. მადლობა ღმერთს, ყოველთვის ისე მიმართლებს, რომ როგორც კი ვამჩნევ, დაღმავლობის პერიოდი მაქვს - ჩემი საქმე ცუდად მიდის, უცბად ისეთი რაღაც ხდება, რომ თვალები მიბრწყინდება - ვაიმე, ღმერთო, მადლობა-მეთქი!..

ეთო ყორღანაშვილი