ნათია დუმბაძის ინტუიცია, სუსტი წერტილი და მითი უძლეველობაზე - გზაპრესი

ნათია დუმბაძის ინტუიცია, სუსტი წერტილი და მითი უძლეველობაზე

"მას შესწევს ძალა, ყველაზე დიდ საფრთხესაც კი "გადაახტეს" და თავი ნებისმიერი სიტუაციიდან დაიძვრინოს. სახალხოდ გრძნობების დემონსტრირება არ სჩვევია. გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ უჩვეულოდ ვნებიანი. ის ხშირად მიდის რისკზე და დაუფიქრებელი ქმედებებიც სჩვევია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვეფხვის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მომღერალ ნათია დუმბაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია ძალიან მაინტერესებს. პირადი ჰოროსკოპი წლების წინ შევადგინე. ასტროლოგთა რჩევებს სულ ვეცნობი და შეძლებისდაგვარად ვცდილობ გავითვალისწინო.

- "იმდენად ფლობს საკუთარ ემოციებს, სახეზე ვერაფერს შეატყობთ".

- ემოციების მართვა ხან შემიძლია და ხან - არა. თუ ავფეთქდები, მერე კონტროლი მიძნელდება, ეს იშვიათად ხდება. უმეტეს შემთხვევაში, მაინც ვახერხებ. ზოგჯერ, როცა ვიღაც მატყუებს, მე ვხვდები, მაგრამ იმ წუთში არაფერს ვამბობ, არ ვამჟღავნებ, არ ვაგებინებ. თუმცა, შემდეგ აუცილებლად დგება მომენტი, როცა ამას ღიად ვეტყვი ან მივახვედრებ.

- "მორიელს მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს. მას მტერიც კი პატივისცემით ეპყრობა".

- ვერ ვიტყვი, რომ ბევრი მტერი მყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანების მხრიდან მტრული დამოკიდებულება არ მიგრძნია. ეს არაერთხელ მომხდარა და გამიტარებია. ბუნებით კონფლიქტური არ ვარ. ადრე თუ გვიან, ის ადამიანები, რომლებიც მმტრობენ, ხვდებიან, რომ მე ის პიროვნება არ ვარ, ვისაც უნდა ებრძოლონ.

- ანუ შენ არ ხარ მორიელი, რომელიც თავს ესხმის?

- ეგეთი საერთოდ არ ვარ.

- თავდაცვა რამდენად კარგად შეგიძლია?

- შემიძლია, მაგრამ მქონდა მომენტები, როცა თავდამსხმელს ვერ მოვერიე.

- "მორიელი არა მხოლოდ სხვებისთვის, საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს. თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე სცადოს".

- ეს მე საერთოდ არ მეხება. შესაძლოა იმიტომ, რომ მორიელისა და მშვილდოსნის ნიშნების გასაყარზე ვარ დაბადებული. კლასიკური მორიელი არ ვარ.

- "მას არასდროს ავიწყდება გაწეული სიკეთე, შეურაცხყოფა და წყენაც სულ ახსოვს".

- წყენას გულში არასდროს ვიტოვებ. წლების წინ, ადამიანებს წყენას ადვილად ვპატიობდი. 30 წლის შემდეგ თითქოს შევიცვალე, ძველებურად მარტივად ვეღარ ვპატიობ. ადრე მავიწყდებოდა, ახლა ვეღარ ვივიწყებ. სიკეთე სულ მახსოვს და ვცდილობ, უკან ხუთმაგად დავუბრუნო.

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას იტყვი?

- ერთი სიტყვით? ძალიან ძნელია, ალბათ "დადებითი".

- ასტროლოგები თვლიან, რომ ეს სიტყვა არის "უძლეველი".

- უძლეველი ნამდვილად არ ვარ, ეს მითია.

- შენი ყველაზე დიდი ადამიანური სისუსტე რა არის?

- ძალიან უშუალო ვარ და ზოგჯერ ამას ცუდად იყენებენ.

- "ყველა ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს".

- ნამდვილად ასეა და ნებისმიერ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვიღებ პასუხისმგებლობას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვას არ ვუსმენ ან სხვის აზრს არასდროს ვითვალისწინებ.

- "მეგობრების შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობს. თავის გარშემო ისეთ პიროვნებას არ გააჭაჭანებს, რომელსაც არ აფასებს".

- მყავს მეგობრები, რომლებიც ბავშვობიდან მომყვებიან. არჩევით არასდროს ვირჩევ, ადამიანთან ურთიერთობა ბუნებრივად უნდა ჩამომიყალიბდეს. ჩემი მეგობარი აუცილებლად უნდა იყოს უშუალო, უბრალო, ამპარტავნული გამოხდომები არ უნდა ჰქონდეს.

- "მას სახალხოდ თავისი გრძნობების დემონსტრირება არ სჩვევია".

- ძალიან კარგადაც მჩვევია.

- შეყვარებული ნათია ემოციას, გრძნობას სახალხოდ გამოხატავს?

- რა თქმა უნდა. მაგის გარეშე ურთიერთობა ვერც წარმომიდგენია.

- "ის მომხიბლავი, თავდაჯერებული და ამაყია, მაგრამ ერთი საიდუმლო სურვილი აქვს, მამაკაცობა უფრო სურს".

- (იცინის) დედა მეუბნება ხოლმე, შენ კაცად უნდა დაბადებულიყავიო.

- მამაკაცად დაბადება მართლა გინატრია?

- კი, ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე მქონია.

- "მან კარგად იცის საკუთარი თავის ფასი, არასდროს კისრისტეხით არ გაიქცევა, რომ შეყვარებულს კისერზე ჩამოეკიდოს".

- ვერ დავეთანხმები. შეყვარებული თუ ხარ, შენს რჩეულთან ემოცია რატომ უნდა აკონტროლო, ამას ვერ ვხვდები.

- "ის მხდალ და სუსტ მამაკაცებს არ სწყალობს".

- კი, პატივისცემას ნაკლებად იმსახურებენ.

- "მორიელი ქალები "ჯადოქრები" არიან. მეექვსე გრძნობის წყალობით გულის სწორს დანახვისთანავე ცნობენ".

- ასეთი მომენტიც მქონია და ჩემი წინათგრძნობა გამართლებულა.

- "გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ უჩვეულოდ ვნებიანი".

- ვნებიანი ვარ, მაგრამ ცივი გარეგნობა არ მაქვს. ეს აქამდე არავის უთქვამს.

- "საოცარი შორსმჭვრეტელობის უნარის წყალობით, ის ადამიანებს გამჭოლ ხედავს. ყოველთვის დანამდვილებით იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვისგან რა საშიშროება ელის".

- ინტუიცია ძალიან კარგად მაქვს განვითარებული. ეს მეხმარება, პირად ცხოვრებაში კარიერაში, ყოველდღიურ ურთიერთობებში... ხშირად მესიზმრება, ხვალ რა უნდა მოხდეს. საკუთარი სიზმრების ახსნა ვისწავლე. ზუსტად ვხვდები, რა და როგორ მოხდება. სიზმარა გოგო ვარ. ზოგჯერ ისეთი რამ დამსიზმრებია, ერთი კვირის მერე ამხდენია და ის სიზმარი მაშინ გამხსენებია, სიზუსტეს დავუშოკივარ. ამიტომ, წინათგრძნობის ყოველთვის მჯერა.

GzaPress

- "მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვთ. მათ მზერას ხალხი თავს არიდებს და მოუსვენრობა იპყრობთ". - ო! მორიელი ქალბატონების მზერას რომ ჰიპნოზის ძალა აქვს, ცნობილი ამბავია. ამას მეც ვგრძნობ და სხვებსაც უთქვამთ. ოღონდ როგორ ვაჰიპნოზებ, ამას ვერ ავხსნი, თავადაც არ ვიცი. მორიელის გამოხედვას სხვა ძალა აქვს.

- "ვეფხვი ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას, რის გამოც ის ხშირად კონფლიქტშია ზემდგომებთან".

- მე ხომ კონფლიქტები არ მიყვარს. ვინმეს დაქვემდებარებულის როლში ყოფნაც დიდად არ მაწუხებს. რა თქმა უნდა, თუ ურთიერთობა ჯანსაღია.

- "მას უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს, ეს თვისება ბავშვობიდან სისხლში აქვს გამჯდარი".

- ლიდერის თვისებები მაქვს, მაგრამ ჩემში პირველობის სურვილი ყოველთვის მძაფრი არ არის.

- "მას ეზიზღება ჩარჩოები, შეზღუდვები, აკრძალვები".

- უფრო მეტად მინდება ის, რასაც მიკრძალავენ. ადამიანებს ხომ აკრძალული ხილი გვეგემრიელება.

- როდესაც ვიღაც ცდილობს ჩარჩოში მოგაქციოს, ამ დროს როგორ იქცევი?

- არ ვემორჩილები, მაინც იმას ვაკეთებ, რაც მინდა. მას კი ვაგრძნობინებ, რომ აკრძალვები არ უნდა დამიწესოს. ეს ის თემაა, რომლის გამოც, კონფლიქტში შევსულვარ, მაგრამ ძალიან მძაფრად - არა.

- "ხშირად სიჯიუტე და მეწვრილმანეობა უშლის ხელს იმაში, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს".

- მეწვრილმანე არ ვარ, მაგრამ ზოგჯერ გაჯიუტება მჩვევია. ვერ ვიტან, როცა რაღაცას მაბრალებენ. რამდენჯერმე ჩემი სიმართლე ვერ დავამტკიცე, რაც ჩემთვის ძალიან ცუდი იყო.

- ვინმემ ფულსა და დიდებას შორის არჩევანი რომ გაგაკეთებინოს, რომელს აირჩევ?

- (ფიქრობს) დიდებას.

- ასტროლოგებიც ასე ფიქრობენ.

- ადამიანების სიყვარული ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

- "ზედმეტად ემოციური და ფეთქებადია, რის გამოც, მას ხშირად სიმართლის თქმას ვერ უბედავენ".

- ფეთქებადი - არა, მაგრამ ძალიან ემოციური ვარ. არა მგონია, ვინმე რაიმეს თქმას ვერ მიბედავდეს, მით უმეტეს - სიმართლის თქმას.

- "ექსტრიმით სავსე დაძაბული ცხოვრება აქვს".

- ეს ალბათ ჩემი გრაფიკიდან გამომდინარეა. მუდმივად დაძაბული ვარ.

- ეს არ გღლის?

- არა, მომწონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მოვიწყენდი.

- "მას შესწევს ძალა, ყველაზე დიდ საფრთხესაც კი "გადაახტეს" და თავი ნებისმიერი სიტუაციიდან დაიძვრინოს".

- ეს ნამდვილად ჩემზეა ნათქვამი. არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც გამოსავალს ვერ ვიპოვი. საფრთხეებზე "გადახტომის" უნარიც ალბათ, დაბადებიდან მაქვს განვითარებული. უსიამოვნებების ასხლეტას თავადაც ვერ ვხვდები როგორ, მაგრამ ბუნებრივად ვახერხებ.

- "ის ხშირად მიდის რისკზე და დაუფიქრებელი ქმედებებიც სჩვევია".

- ხანდახან ვრისკავ, მაგრამ სიცოცხლის ფასად - არასდროს. ჩემი რისკიანი ნაბიჯები ყოველთვის მართლდება. ალბათ ამაში კარგად განვითარებული ინტუიცია მეხმარება.

- ასეთია შენი ასტროპორტრეტი, რას იტყვი?

- საინტერესო რუბრიკაა. ფაქტია, ჩემს ხასიათს ბევრი რამ დაემთხვა.

- შენი და მასტერის დუეტი "არ უყურო დროს" ძალიან მოკლე დროში გაჰიტდა. ახლა რაზე მუშაობ?

- ეს წარმატება მახარებს. დუეტის პოპულარობა საქართველოს ფარგლებს გასცდა, საზღვარგარეთიდან "გვთაგავენ". ჩვენ ახალ დუეტზე ისევ ერთად ვმუშაობთ. სიმღერას სექტემბერში ჩავწერთ და კლიპის პრემიერა ოქტომბერში გვექნება. სიმღერა სიყვარულზეა, დანარჩენს საიდუმლოდ დავიტოვებ.

თამუნა კვინიკაძე