"მიზნისთვის რომ არ მიმეღწია, შეიძლება ჭკუიდან შევშლილიყავი" - გზაპრესი

"მიზნისთვის რომ არ მიმეღწია, შეიძლება ჭკუიდან შევშლილიყავი"

ბავშვობაში ცელქი იყო და უამრავი ინტერესი ჰქონდა. უყვარდა მარიონეტების, თოჯინებისა და ფოკუსების კეთება, ხატავდა კარიკატურებს. მულტფილმების გადაღების ტექნოლოგია შეისწავლა და თავად იღებდა თითო-თითო კადრებად, ფირის კინოაპარატით. მოსწონდა და უყვარდა უცხო ენების სწავლა, მაშინდელი პოპულარული ენის, ესპერანტოს შემსწავლელი კურსებიც კი დაამთავრა. დღეს, ვირტუოზმა გიტარისტმა და მუსიკოსმა ხვიჩა მაღლაკელიძემ იცის ინგლისური, გერმანული, თურქული და რუსული ენები.

"პრაიგრივატელი" და მეგობრები

- ჩემთვის გიტარაზე დაკვრის პირველი მასწავლებელი იყო "პრაიგრივატელი", დავდებდი ზედ ვინილის ფირფიტას და ვუსმენდი გაუთავებლად. ასე ვსწავლობდი, მაგრამ იმ პერიოდში ბათუმში შუქი არ გვქონდა და აღმოვაჩინე, რომ ეს მოწყობილობა დენის გარეშეც ხმას გამოსცემს. თუ ფირფიტაზე "პრაიგრივატელის" ნემსს დადებ, მერე ფირფიტას ხელით დაატრიალებ და ყურს თითქმის მიადებ ნემსს, სადღაც ძალიან შორიდან ისმის ჩანაწერი. უმეტეს დროს გამორთულ "პრაიგრივატელთან" ვატარებდი. ფირფიტა თითით ოდნავ ნელა ან ოდნავ ჩქარა რომ დამეტრიალებინა და შესაბამისად, იცვლებოდა მუსიკის ტემბრი, ტონალობა, ამიტომ ხელი შევაჩვიე ერთი და იმავე ტემპით ტრიალს და ჩამომიყალიბდა რიტმის იდეალური გრძნობა.

ასევე ჩემი მასწავლებლები იყვნენ ის მეგობრები, რომლებიც იმ დროს უკვე უკრავდნენ გიტარაზე. ერთ-ერთი მათგანი ვაჟა ტუღუში იყო, ცნობილი სიმღერის "ქუჩაში ერთხელ, ნაცნობმა ქალმა..." (ნინო ქათამაძე ასრულებს) ავტორი. ის ბათუმელია, თავმდაბალი და უნიჭიერესი მუსიკოსი. ვაჟა მაშინ თბილისში, ნიჭიერთა ათწლედში, დაუსწრებელზე სწავლობდა. ეს ცოტა რთული აღსაქმელია, მაგრამ ასე იყო. ე.ი. ის თბილისში ჩადიოდა, ჩამოჰქონდა პროგრამა და ბათუმში მეცადინეობდა. გვერდით ვეჯექი, როცა მეცადინეობდა და მასთან ერთად, რასაც ის სწავლობდა, მეც ვარჩევდი. მოკლედ, წვალობდა ვაჟა და ვწვალობდი მეც. შეიძლება ითქვას, რომ ვაჟა ტუღუში ერთგვარად ჩემი მასწავლებელი გახლდათ. ასე გარჩევა-გარჩევაში ნოტებიც შემომესწავლა. საბოლოოდ კი ავითვისე ეს დალოცვილი ინსტრუმენტი - ხის ნაჭერი, რომელიც დღემდე მაოცებს, ქალივითაა რა, ჩემს ცოლს ჰგავს! ყოველდღე იმდენ სიახლეს - ახალ კაპრიზს, ახალ სიბრძნეს, თუნდაც ახალ სიშტერეს აღმოვუჩენ ხოლმე; ხან ჭირვეულია ინსტრუმენტი, ამინდის მიხედვით...

"სამ მამაკაცს გვიძლებს" - მიწიერი და მატერიალისტი ვარ, ფეხებით ვებღაუჭები მიწას, თუმცა ხანდახან ჩემში შორიდან რომანტიზმი იღვიძებს, რომელსაც ჩემს სიყვარულს - მეუღლეს ვახარჯავ. რომანტიკული მინიაფეთქებების დროს პატარა, ლამაზ სისულელეებს ჩავდივარ. ვცდილობ, მისი გული გავახარო, რადგან სამ მამაკაცს (მე და ორი ვაჟი) გვიძლებს. ეს ძალიან დიდი ვაჟკაცობაა და მართლა არის გახარების ღირსი. მე და ჩემი მეუღლე ხანდახან ქალაქში რომ დავდივართ, უკითხავთ: ვაიმე, თქვენი ქალიშვილია? თან მიხარია და თან, ვბრაზობ. მიხარია, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურება და ვბრაზობ, რადგან ვფიქრობ: ასეთი ბონძღი შესახედაობისა ვარ, რომ ჩემი შვილი ჰგონიათ? არადა, თითქმის თანატოლები ვართ, 4 წლით ვარ უფროსი, მეტით კი არა (იცინის). ჩვენი უფროსი ვაჟი არის ძალიან დალაგებული, ჩამოყალიბებული, უკვე დაბრძენებული და ჭკუასაკითხავი ბიჭი. სტუდენტიც გახდა, გმადლობთ, რომ მომილოცეთ (იცინის). უმცროსი ბიჭი 8 წლისაა და ძალიან ცელქია. აი, ის არის, რაც არის, ქვეყნის გადამდგმელი და გადმომდგმელი!

პატარა ხვიჩას ინტერესები - ბავშვობაში ცელქი ვიყავი, მაგრამ ეს არ იყო მავნებლური სიცელქე. უბრალოდ, რაც მაინტერესებდა, იმწუთს რომ არ დამეწყო და მიზნისთვის არ მიმეღწია, შეიძლება ჭკუიდან შევშლილიყავი. მიყვარდა უცხო ენების სწავლა. ბავშვობიდან დავდიოდი ესპერანტოს შემსწავლელ კურსებზე - ეს იყო ხელოვნურად შექმნილი საერთაშორისო ენა, მაგრამ იმდენად ხელოვნური აღმოჩნდა, რომ საზოგადოებამ ვერ შეისისხლხორცა. თუმცაღა, "ვეფხისტყაოსანიც" თარგმნეს და ბევრი ლინგვისტი მუშაობდა ამ ენაზე. ესპერანტოს რამდენიმე ნაბიჯი დააკლდა, რომ საერთაშორისო ენად ეღიარებინათ, მაგრამ იმპერიალისტ-კაპიტალისტებმა თავისი ინგლისურით გვაჯობეს. ამ ენიდან ბევრი რამ დამრჩა ტვინში. საერთოდ, ისედაც არის რაღაცები, რასაც ვერ ამოშლი გონებიდან. ხანდახან ისეთი რამ მახსენდება, ვფიქრობ: ჯანდაბა, რად მინდა ეს, რატომ ვიცი?.. საბჭოთა კავშირის გადმონაშთი ვარ და იქაური ობი მომდევს.

რთული კომბინაცია - ინგლისურ ენაში "თიეიჩის" კომბინაცია გამოითქმის როგორც "თე", ანუ პრონონსი ასეთია: ენა უნდა გამოყო კბილებს შორის და ისე უნდა თქვა "თე" და არა "ზე" (უფრო ზუსტად, თ-სა და ზ-ს შორის). მე როგორც იმერელ-გურულის ნაჯვარი, ბებიით მეგრელი და ბათუმში დაბადებული, ამას კარგად ვერ ვახერხებ. როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ინგლისური ენის ლექტორი ყოველთვის მისწორებდა ამ ასოთა შეთანხმებას. პედაგოგის წინ ვიჯექი, ტანად პატარა ვიყავი მე გაჭირვებული და პირველ მერხზე დამსვეს (იმის მერე, სიმაღლეში არა, სიგანეში წავედი). დავიწყებდი ტექსტის კითხვას, შემეშლებოდა თუ არა, მაშინვე ვასწორებდი. თუმცა ეს იმდენად ხშირად ხდებოდა, რომ თე-ზე-თე-ს წარმოთქმისას, ფაქტობრივად ფურთხება გამომდიოდა. ასე ფურთხებით მივყვებოდი ტექსტს, ლექტორი კი ცხვირ-პირს იწმენდდა. დღემდე არ გამომდის ეს კომბინაცია, ასე უცებ ვერ ვყოფ ენას გარეთ (იცინის). ალბათ, მაინც ოჯახი და აღზრდაა - ენა არ უნდა გამოუყო უფროსებს.

სისხლის გადახალისება - მამით იმერელი ვარ, დედით გურული, ბებიით მეგრელი და თქვენ წარმოიდგინეთ, აგერ, ახლა აღმოვაჩინე, რომ გვარის უძველესი ფუძე სვანურია. თურმე სვანი ვარ. ძველად მაღლაკელიძეები ჟორჟოლიანები ყოფილან და სვანეთიდან ჩამოსახლებულან ან გამოქცეულან. ეს არის სადღაც მე-12 საუკუნე, მას შემდეგ კარგა ხანი გამოხდა და სისხლიც შეიცვალა. ჩემს ყოველდღიურობასა და წესჩვეულებებში სვანურს ვერაფერს ვამჩნევ. სხვებმა იციან ხოლმე ზოგჯერ, ჩემი თვისებებიდან გამომდინარე, რასაც შემამჩნევენ, იმის აღნიშვნა. ვთქვათ, შენ რა გჭირს, გურული ხომ არ ხარ? ალბათ, სისწრაფე და ენაკვიმატობა როცა მეტყობა. ანდა, ბიჭო, მეგრელი ხარ, ამხელაზე რომ მოუხვიე? ერთი და იმავე ადგილს ძნელად ვაგნებ, ცუდი ორიენტაცია მაქვს და შეიძლება დიდი წრე დავარტყა. სისხლი თავის სათქმელს სხვადასხვა საქციელში ამოხეთქს ხოლმე.

ხანდახან კარგია სისხლის გადახალისება. ჩემი მეუღლის დედა რუსია და ჩვენი შვილები ეგზოტიკური ფერხორცის გამოვიდნენ. კიდევ მაგალითად, 80-გრადუსიანი სოფლის ჭაჭა მაგარია, დალევ კაცი და გამომხდელს შეაგინებ, კარგი რომაა და რომ დაგჭყანავს, იმიტომ. ასეთ ჭაჭას ცოტა ბორჯომს ურევენ, კეთილშობილი რომ გახდეს, ძალიან მწარე რომ არ იყოს. მახსოვს, მამაჩემი ბორჯომს ჩაასხამდა, მერე ბოთლზე ჩანგალს უკაკუნებდა, ამ დროს რაღაც რეაქცია ხდებოდა. სისხლი უნდა გადაახალისო - გააკეთილშობილო, მაგრამ ახლა ისე მიდის ცხოვრება, შეიძლება ჩემი შვილთაშვილი წვრილთვალება ზანგი გამოვიდეს. ცოტა ქსენოფობიური განცხადება გამოვიდა, მაგრამ ჩვენ ნამეტანი გადახალისებას ვაკეთებთ.

GzaPress ინტუიცია და იმპროვიზაცია - სერიალში "აქ ცხოვრობენ გუნცაძეები" ოჯახის მამას ვთამაშობდი, მყავდა მეუღლე და ორი შვილი - ბიჭი და გოგო. სიუჟეტის მიხედვით სიგიჟემდე შეყვარებული, გაქანებული ფეხბურთის მოყვარული ვიყავი, ხოლო ჩემი ცოლი სერიალში, უნიჭიერესი მსახიობი ცისია მეტრეველი ფეხბურთს ვერ იტანდა. რეალურად, პირიქით იყო, მე ფეხბურთის გაგებაში არა ვარ და ამ ერთ ბურთს 22 კაცი რატომ დასდევს, ჩემამდე არ დადის. მით უმეტეს, ქართული ფეხბურთის შემხედვარე... სამაგიეროდ, ცისიამ იცის ზეპირად, რომელმა ფეხბურთელმა როდის, რა წუთზე და როგორი გოლი გაიტანა! მეკარემ ბურთი ფეხით დაიჭირა თუ ხელით, ამ დონეზე გეტყვით ყველაფერს. სასწაული გულშემატკივარია, საოცარი წვრილმანები და დეტალები იცის. უნდა გენახათ, გადაღების დროს როგორ მკარნახობდა, ფეხბურთელების გვარები იყო თუ სხვა ტერმინები... ჯგუფის წევრები სიცილით კვდებოდნენ (იცინის).

არაპროფესიონალი ვარ, კინოში ჩემი ინტუიციით და იმპროვიზაციით ვთამაშობ, რეჟისორები მარგებენ როლებს. რაც ცხოვრებაში ვარ, ეკრანზეც ის გადამაქვს. ერთადერთია ქართულ-სომხური ფილმი "პოკერი სიყვარულის წესებით", სადაც განსხვავებული ვარ ჩაცმულობით და ვარცხნილობითაც. ვასრულებ "სვეტსკი", პეროგარჭობილი სტილისტის როლს. უიმე, ის შენ ხარო? - დღემდე ვერ მცნობენ.

გადაცემა "კრუჩე ვსეხ" - აგვისტოს დასაწყისში მე და ჩემი მოსწავლე თენგო გუმბერიძე უკრაინაში ვიყავით. პატარა ბიჭი "იუმორინაში" გამოდიოდა ჩემთან ერთად, ის მიიწვიეს გადაცემაში "კრუჩე ვსეხ". მანამდე უკრაინელებმა ნახეს ჩვენი ვიდეოები და მოეწონათ. მე, როგორც პედაგოგი და ჩემი მეუღლე გავყევით, რადგან ბავშვმა არ იცის რუსული. ჩვენ არ ვიცით უკრაინული, მაგრამ იქ ჯერჯერობით გადის რუსული. დავესწარით გადაცემის ჩაწერას, ერთადაც დავუკარით. ჩვენს სიუჟეტს გადაცემის ერთი განყოფილება, დაახლოებით 25-30 წუთი დაუთმეს. ეს ძალიან დიდი დროა ტელეეთერისთვის, თან გადაცემა გადის უკრაინის მთავარ არხზე - "ინტერი".

მიუნხენიდან საქართველომდე - მთელი ზაფხული საზღვარგარეთ გავატარე. ორი კონცერტი მიუნხენში მქონდა. იქ ხშირად დავდივარ, იქაურ ქართველებთან ვმეგობრობ. ამჯერად ასე გადავწყვიტე: წავიყვანე ჩემი ცოლ-შვილი, იქ ვიყიდე ძალიან პატარა "მალალიტრაჟკა" მანქანა, კონცერტების მერე ჩავსხედით და ნელ-ნელა, ორი კვირა მოვუნდით საქართველოში შემოსვლას. მთელი ევროპა, ანუ 10 ქვეყანა და 23 ქალაქი მოვიარეთ. ოღონდ ისეთ ქვეყნებში ვიყავით, სადაც ქართველები არ დადიან - სლოვენია, ალბანეთი, მონტენეგრო (ჩერნოგორია), ხორვატია... სამხრეთ ევროპას გამოვუყევით. რომ მეკითხებოდნენ, ვინ ვიყავით, მჭირდებოდა ახსნა, სად არის საქართველო? იქ სულ სხვა ევროპაა, განსხვავებულია მოწესრიგებული და პურიტანული ევროპული ქვეყნებისგან. გასაოცარი ბუნებითა და პლაჟებით მოვიხიბლეთ. ჩემი გურმანობის ამბავი მოგეხსენებათ. პლაჟები და სეირნობა იყო ცოლ-შვილისთვის, ჩემთვის ჩასკდომის ტური - ადგილობრივი საჭმლის დაგემოვნება თითქმის ყველა ქვეყანასა და ქალაქში. რამდენიმე კილოგრამი მოვიმატე, მაგრამ იმედია, ჩახვაძის ქალი (ჩემი მეუღლე) იმუშავებს იმაზე, რომ ცოტა დავიკლო.

ნანული ზოტიკიშვილი