თათა გიორგობიანის "ფსიქიკური აშლილობა" - გზაპრესი

თათა გიორგობიანის "ფსიქიკური აშლილობა"

"პირველად რომ შემიყვარდა, მაშინ ყველაზე არაკონტროლირებადი ვიყავი, სულ "დავფრინავდი". ახლა დაღვინებული ვარ", - ამბობს მომღერალი თათა გიორგობიანი. ვინ არის მისი რჩეული, ვის ეპარანჭება, რა ამბობენ მასზე მეგობრები, რის გამო იღებს საყვედურებს და რომელი თვისება მოსწონს (არ მოსწონს) საკუთარ ხასიათში ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1993 წლის 29 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...კოსმონავტი. პაპას ენციკლოპედიები მოჰქონდა და ვეცნობოდი. ერთი პერიოდი კოსმოსით, არქეოლოგიით, დინოზავრებით სერიოზულად ვიყავი გატაცებული. მერე მომინდა ის პროფესია ამერჩია, რომელიც ადამიანებს კარგ განწყობაზე დააყენებდა.

- ბედნიერი ვარ...

- ...ბევრი რამის გამო. ბედნიერი ვარ, რომ შეცდომებზე სწავლა შემიძლია.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ ნებისმიერ საკითხს პოზიტიურად უნდა მივუდგე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...აფრენსო. სახლში 24 საათი ვცეკვავ, ვმღერი, მეზობლები და მეგობრებიც შეწუხებული მყავს. უეცრად სიმღერას რომ ვიწყებ, მეგობრები ჩაილაპარაკებენ ხოლმე, ეს მაგრად უბერავსო.

- მაყურებლის აზრი ჩემთვის...

- ...ყოველთვის მნიშვნელოვანია.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო, როცა ქართულ ცეკვებზე დავდიოდი და სოლისტად ამირჩიეს. მახსოვს, მაშინ სიხარულისგან მეცხრე ცაზე დავფრინავდი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას, დედას და დედას. საწყის ეტაპზე მქონდა მომენტები, რაღაც თითქოს არ გამომდიოდა, ისეთივე წარმატებით ვერ გამოვდიოდი, როგორც მსურდა - ასეთ დროს თითქოს ვითრგუნებოდი. დედა სულ მამხნევებდა. მეუბნებოდა, რომ პროფესიონალად არავინ დაბადებულა, რომ მიზანს დიდი შრომისა და გარჯის შედეგად აღწევენ, რომ არ უნდა გავტყდე და სულ წინ ვიარო, არ გავჩერდე.

GzaPress - "გიორგი გაბუნიას შოუში" მოვხვდი... - ...ბენდთან, რომელიც ახლა შოუში უკრავს, ვთანამშრომლობდი. ერთ-ერთ ქორწილში გელა გნოლიძემ გვნახა, მოგვისმინა და გვითხრა, რა კარგები ხართო - ასე აღმოვჩნდით ტელევიზიაში.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ობიექტურობაა. საკუთარ თავს ყოველთვის გარედან, ე.წ. მესამე თვალით ვუყურებ და როცა რაღაც არ მომწონს, ემოციებს ეგრევე ვთოკავ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...არაპუნქტუალურობაა. პერიოდულად გამოვსწორდები ხოლმე, მაგრამ დღემდე ეს ჩემი დაუმარცხებელი თვისებაა.

- ვრისკავ...

- ...როცა ბევრი არ მაქვს დასაკარგი, როცა ძალიან მნიშვნელოვანია.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ბუნებაში ფეხით ვიარო. სამწუხაროდ, ყოველდღე ვერ ვახერხებ, მაგრამ ოქროყანაში ისეთ ადგილზე ვცხოვრობ, მაინც სულ ტყეში ვარ.

- მეშინია...

- ...ირგვლივ მყოფ ადამიანებს ტკივილი არ მივაყენო. ჩემმა ქმედებამ თუ სიტყვამ გული არავის ატკინოს.

- ბოლოს ვიტირე,....

- ...გუშინ. ყოველდღე ვტირი. "წვიმს", "რა ლამაზია", "რა ცოდოა", "როგორი ნიჭიერია" - ამ და მსგავს სიტყვებზე სულ მეტირება.

- როდესაც საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ...

- ...ვცდილობ, რაღაც ისეთი არ გავაკეთო, რასაც მერე ვინანებ. ვცდილობ, იმ სიტუაციას და გარემოს გავეცალო. წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა მხოლოდ ახლობლებს შეუძლიათ. როცა რაღაცას სწორად ვერ მიგებენ და მეკამათებიან, ვგიჟდები. უცხო ადამიანების ქცევებზე ნაკლებად ვრეაგირებ.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ფსიქოლოგი.

- ვნანობ...

- ...რომ კარგი ფსიქოლოგი ვერ ვარ. სულ მინდოდა, ფსიქოლოგიურზე ჩამებარებინა, მაგრამ ოჯახში ეკონომისტები მყავს და მათი გავლენით, მეც ეს პროფესია ავირჩიე. ამის გამო მათთვის საყვედური არაერთხელ მითქვამს.

- სიყვარული ეს...

- ...არის ძალიან სასიამოვნო ფსიქიკური აშლილობა.

- ახლა შეყვარებული...

- ...ანუ ფსიქიკურად აშლილი ვარ.

- ეს ბიჭი გახლავთ...

- ...პროფესიით მუსიკოსი, დასახელებისგან თავს შევიკავებ. 10 წელზე მეტია, ერთმანეთს ვიცნობთ. ვმეგობრობდით, მერე უფრო მეტად დავახლოვდით და ჩვენ შორის გრძნობაც გაჩნდა. ეს ბუნებრივად მოხდა. არ არის მარტივი იყო იმ გოგოს გვერდით, რომლის შესახებაც საზოგადოება ხან ცუდს ლაპარაკობს, ხან - კარგს. სოციალურ ქსელში ვისაც რა უნდა, იმას წერს. მას ჩემი დაცვა ხშირად უწევს. ძლიერი პიროვნება უნდა იყო, რომ ამ ყველაფერს "იგნორი" გაუკეთო, დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭო. ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ ადამიანის გვერდით გახლავართ. თავს თავისუფლად და კომფორტულად ვგრძნობ. მადლობელი ვარ, რომ მას რიგი საკითხებისადმი სწორი მიდგომები აქვს.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მაშინ ყველაზე არაკონტროლირებადი ვიყავი, სულ "დავფრინავდი". ახლა დაღვინებული ვარ.

- ვეპრანჭები...

- ...პირველ რიგში, საკუთარ თავს და მერე ყველა დანარჩენ ადამიანს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ..."არას" თამამად თქმა. ამის საჭიროება ხშირად არის, მე კი მერიდება და შემოვლით გზებს ვეძებ.

- თავისუფლება...

- ...ადამიანის არჩევანია. თავისუფლების უფლება ჩვენ უნდა მივცეთ საკუთარ თავს.

- ბედისწერის...

- ...არ მჯერა. ხვალინდელ დღეს ყველა ადამიანი თავად ქმნის.

- ინტუიცია...

- ...ძალიან კარგად მაქვს განვითარებული. ხშირად წინასწარმეტყველური სიზმრები მაქვს. როცა ვამბობ, მერე რაღაცები სხვაგვარად ხდება და ამიტომ აღარ ვიძახი. სიზმარში გარდაცვლილი ადამიანი მინახავს და მისთვის კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი მიკითხავს, როგორ არის-მეთქი? დილით კი გამიგია, - ის ადამიანი გამთენიისას გარდაიცვალაო.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ბუნებასთან სიახლოვე და მუსიკა მშველის - მძიმე მეტალიდან დაწყებული, ჯაზით დამთავრებული.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...სულ ქველმოქმედებას მოვახმარდი. ბერკლიში სასწავლებლად წავიდოდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...მორალურ ღირებულებებზე უარს ვერ ვიტყვი, თუ საქმე ვინმეს სიცოცხლეს არ ეხება.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...ცოტა გამომწვევად მაცვია. ეს უხერხულობას მიქმნის, მაგრამ ჩემი პროფესია მოითხოვს. ეკრანზეც და ცხოვრებაშიც მირჩევნია, უფრო მოკრძალებულად მეცვას, ასე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მსიამოვნებს.

- ვიბნევი...

- ...როცა ერთ ხელში მიჭირავს ჩაიდანი, მაიონეზი, ტელეფონი... მეორე ხელში - დამტენი და ვეღარ ვიგებ, რა გავაკეთო. ბევრი საქმის ერთდროულად კეთება მიყვარს.

- მეზარება...

- ...ვარჯიში.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთხელ მამამ მითხრა, გახსოვდეს, შენი ყოველი ნაბიჯის უკან შენი ოჯახი დგასო.

- ჩემი ოჯახი...

- ...მყავს დედა, მამა, ბებია და პაპა. მამის მხრიდან მყავს ნახევარდა-ძმა, ისინი გერმანიაში ცხოვრობენ. დედა და მამა გაშორებულები არიან. ოჯახში ყველანი ეკონომისტები არიან, პაპა მეცნიერებათა აკადემიის დოქტორი გახლავთ. მისი გავლენაა, რომ ფილოსოფიითა და ფსიქოლოგიით დავინტერესდი. დედა - ნატალია ზარნაძე მწერალია. საკმაოდ თანამედროვედ მოაზროვნე ოჯახი მყავს. ისინი ყოველთვის ჯანსაღად მაკრიტიკებენ და ამით ძალიან მეხმარებიან.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ყველაფერ ცუდში არის რაღაც კარგი და ესეც აუცილებლად უნდა დავინახოთ!

თამუნა კვინიკაძე