"იმ თაობას დაუთმეთ გზა, ვისაც სამშობლოს სხვა ქვეყნის გუბერნიად გადაქცევა არ უნდა" - გზაპრესი

"იმ თაობას დაუთმეთ გზა, ვისაც სამშობლოს სხვა ქვეყნის გუბერნიად გადაქცევა არ უნდა"

ეკოლოგიის პრობლემა მსახიობ სოფია სებისკვერაძისთვის ის მნიშვნელოვანი საკითხია, რაც განსაკუთრებულად აღელვებს. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტია, როგორ დაბინძურებულ გარემოში ვცხოვრობთ, რაც უამრავ დაავადებას იწვევს, ადამიანების ნაწილს მაინც უჭირს გარემოსთვის ზიანის მიმყენებელი ქმედებების გააზრება - მსახიობი სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრა...

- მიმაჩნია, რომ საქართველოში ეკოლოგიის სერიოზული პრობლემა დგას. ჰაერის სისუფთავესთან დაკავშირებული საკითხით დავიწყოთ: საშინელი გამონაბოლქვია, უამრავი ძველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს, რომელსაც ვითომ ამოწმებენ, ვითომ ტექნიკური დათვალიერება უტარდება, მაგრამ ფაქტია, ბევრ სამარშრუტო ტაქსის ან ავტობუსს ძალიან მავნე გამონაბოლქვი აქვს, რაც ადამიანისთვის საზიანოა. გული დამწყდა, რომ ერთ-ერთი ქართული კომპანიის (რომელიც საკვებ პროდუქტს აწარმოებს) პროდუქციაში მომწამლავი ნივთიერება აღმოჩნდა, რაც ადამიანის ორგანიზმისთვის მავნებელია. ყველა ეს ტოქსიკური ნივთიერება ჩვენს სხეულში გროვდება. საწყენია, რომ ბევრი დაავადება (მათ შორის - ონკოლოგიურიც) საკმაოდ "გაახალგაზრდავდა", ჩვილებშიც კი გამოვლინდება...

გარემოს დაცვას ყურადღება მეტად უნდა მივაქციოთ. ტყეებთან, ტყე-პარკებთან "ჩადგმულ" კორპუსებთან დაკავშირებული პრობლემები მეც მაწუხებს, როგორც ყველას. საჭიროა, ადამიანმა საკუთარი სახლის და ეზოს გარდა, გარემოს მიხედოს - მხოლოდ თავისი სახლით არ შემოიფარგლოს. პირადად მე, ქალაქში ნაგვის ურნების დახარისხებასაც ვისურვებდი, სუფთა ჰაერთან ერთად, რა თქმა უნდა. ჩვენს ქვეყანაში ეკოლოგია ცუდ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით - დიდ ქალაქებში. ძლიერი სურვილი მაქვს, ადამიანებმა ამ მხრივ მაინც ერთმანეთს ანგარიში გავუწიოთ. გასაგებია, რომ ტაქსის მძღოლიც ოჯახისთვის ფულს შოულობს, მაგრამ მისი გაუმართავი ავტომობილი ხომ ყველას გვშხამავს და გვწამლავს? ამიტომ, სასურველი იქნება, თითოეულმა ადამიანმა შეიგნოს, გაითავისოს, რომ გარემოს დაცვა, მოვლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დილით პირის დაბანა და კბილების გასუფთავება, რადგან ჩვენი ქმედების შედეგი ჩვენვე გვიბრუნდება.

- თავად როგორ ზრუნავ გარემოზე?

- ისე ვზრუნავ, როგორც შემიძლია: თუკი ახლოს მდებარე ნაგვის ურნა ვერ ვნახე, ნაგავს ჩანთაში ვაგროვებ და სახლში ვცლი ხოლმე. ვცდილობ, პოლიეთილენის პარკები არ გამოვიყენო. მომწონს და მივესალმები იმ მაღაზიებს, აფთიაქებსა თუ კაფეებს, სადაც უკვე გახრწნად პარკებს იყენებენ... სხვათა შორის, შემეძლო, ავტომობილი მეყიდა, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობ. რა თქმა უნდა, ტაქსითაც ვმგზავრობ, მაგრამ ჩემი ავტომობილით ქალაქში მოძრაობას კიდევ უფრო არ ვზღუდავ. თან, გამოგიტყდებით, საჭესთან ჯდომის დიდი მოყვარული არ ვარ. საშუალება რომ იყოს, ქალაქის ქუჩებში ველოსიპედით სიამოვნებით ვივლიდი, მაგრამ თბილისის განაშენიანება ისეთი არ არის, რომ ველოსიპედით იმოძრაო... სხვათა შორის, ძალიან მინდა, ხე დავრგო და ამ სურვილს აუცილებლად ავისრულებ.

GzaPress

- საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა დისკომფორტს არ გიქმნის? - როდესაც საკუთარ ავტომობილს მართავ, მაინც საცობში ხვდები, რაც არაკომფორტულია. საერთოდ, დღეს თბილისში გადაადგილება არაკომფორტულია, როგორც არ უნდა იმგზავრო, რადგან მოძრაობა გადატვირთულია. ამიტომ, ვისაც ავტომობილი ჰყავს და შორ მანძილზე არ მიემგზავრება, სასურველია, მეტროთი ან სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს, რათა ქალაქში ცოტა სიხალვათე იყოს.

- როდესაც გარემოს დაბინძურების ფაქტს აწყდები, როგორ იქცევი, შენს პროტესტს როგორ გამოხატავ?

- ამის ჩამდენნი თუ იქვე არიან, აუცილებლად მივუთითებ, თუ არადა, თავად მივხედავ: ხშირად დამისუფთავებია მეტროს ვაგონიც, ზღვის სანაპიროც, ქუჩაშიც ამიღია სხვისი დაგდებული ნაგავი...

- როცა მავნე ქმედებაზე მიუთითებ, აგრესიული რეაქცია არ აქვთ?

- კი, რა თქმა უნდა. ყოველთვის ასეთი რეაქცია აქვთ, როდესაც დანაშაულზე უთითებ.

- მერე, როგორ ართმევთ თავს?

- ძალიან კარგად. ადამიანებთან ურთიერთობა მეხერხება. ასე რომ, რაღაცნაირად, ჩხუბისა და კამათის გარეშე ვახერხებ, თუმცა უსიამოვნო შელაპარაკების შემთხვევაც ყოფილა, მაგრამ რას ვიზამთ, ასეც ხდება, ისეც...

- როცა გარემოსთვის ზიანის მიმყენებელი ქმედება მასშტაბურია (ტყის გაჩეხა, კორპუსების "ჩადგმა"...), ამას როგორ აპროტესტებ?

- სოციალურ ქსელშიც დამიწერია. კორპუსის მეპატრონეს არ დავლაპარაკებივარ, მაგრამ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, პროტესტი გამომიხატავს.

- შენი აზრით, ადამიანები რატომ ვერ აცნობიერებენ გარემოსთვის ზიანის მიმყენებელი ქმედებების სავალალო შედეგებს?

- ამ პრობლემის სათავე განათლებაა. ალბათ, გარემოზე ზრუნვას მცირე ასაკიდანვე უნდა მიგვაჩვიონ მშობლებმა, სკოლამ... ამის სწავლა ადრეული ბავშვობიდან უნდა ხდებოდეს და თანამიმდევრული, ბუნებრივი პროცესი უნდა იყოს. ვინც გარემოს ზიანს აყენებს, ვფიქრობ, უბრალოდ არ იცის, რას აკეთებს. ამას ბავშვობიდანვე რომ გააზრებინებ, რა თქმა უნდა, მოზრდილ ასაკში გარემოს არ დააბინძურებს.

- თავად როგორ გააცნობიერე, რომ გარემოზე აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ?

- ალბათ, ამაში მშობლები დამეხმარნენ, ასევე - სკოლა. ზუსტად არ მახსოვს, ეს როგორ მოხდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ალბათ, ეს პროცესი თანამიმდევრული იყო. ჩვენს ქვეყანაშიც ხომ არ იყო გარემოს დაცვის კულტურა? მაგრამ ნელ-ნელა ადამიანები ვსწავლობთ, ვიხვეწებით...

- გაიხსენე გარემოსთვის ზიანის მიმყენებელი ფაქტი, რომელმაც ყველაზე მეტად შეგძრა...

- მაგალითად, ჩემთვის წარმოუდგენელია, მონადირეები რა სიამოვნებას იღებენ, როდესაც ტყეში სანადიროდ მიდიან ან ის ადამიანები, რომლებიც ცხოველებს ჩაგრავენ, მაგრამ მგონია, რომ ბავშვობაში ჩალექილი მათი კომპლექსები, შიშები თავს ერთად იყრის და ჯავრს სუსტ არსებაზე იყრიან. ადამიანს სიამოვნებს, რომ რაღაცას წარმოადგენს, ძლიერია, ძალაუფლება აქვს და ზოგი ამის სადემონსტრაციოდ ეტყობა, ცხოველზე ძალადობს, ხეს ჭრის, რაღაცას ანადგურებს... ამიტომ, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია, რომ ადამიანის სწორ აღზრდას ბავშვობიდანვე დიდი ყურადღება მიექცეს, შემდეგ განათლება - სკოლაში, ინსტიტუტში, თავისას შვრება. ყველა საკითხი განათლებამდე, შეგნებამდე, გააზრებამდე მიდის. ამიტომ ადამიანმა ფიქრი უნდა დაიწყოს - რატომ? რისთვის? თუკი რამეს ვერ გააკეთებს და შენიშვნას მიიღებს, "აფეთქების" ნაცვლად, სჯობს დაფიქრდეს, გაიაზროს, თუ რამე არასასურველს აკეთებს, გამოასწოროს, ვიდრე შენიშვნის მიმცემს ყვირილითა და გინებით უპასუხოს. ჩვენს საზოგადოებას ბევრი რამ აწუხებს და ეს მესმის: ისეთ სიტუაციაში ვცხოვრობთ, რომ ადამიანებს აქვთ მატერიალური, ჯანმრთელობის პრობლემები, ბევრი უმუშევარი დადის. მიუხედავად ამისა, ადამიანის ცნობიერება ვითარდება - ბოლოს და ბოლოს, ინტერნეტით უზღვავ ინფორმაციას ვიღებთ. ასეა თუ ისე, ინფორმაციულ ვაკუუმში არ ვართ, ჯერჯერობით. დღევანდელ რეალობას რომ ვუყურებ, შეიძლება, ესეც აგვიკრძალონ... მოკლედ, უამრავი პრობლემა გვაქვს და დიდი სურვილი მაქვს, ეს პრობლემები აღმოიფხვრას. ჩვენი ახალგაზრდების აზროვნება მომწონს. კარგი თაობა მოდის - აზრიანი, განათლებული და რაღაცნაირად მგონია, რომ მათ ხელში შეიძლება, ადამიანმა ამოისუნთქოს; დაიწყოს ის პროცესი, რისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძვით: არ დავკარგოთ რაც გვაქვს - დამოუკიდებლობა. შეიძლება, ძლიერი სახელმწიფო არ გვაქვს, როგორში ცხოვრებაზეც ვოცნებობთ, მაგრამ მგონია, ეს "ახალი სუნთქვა", ახალი თაობა ყველაფერს სასიკეთოდ შემოაბრუნებს...

პირადად მე, მართალია ორ ომს მოვესწარი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება. თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობა მოგვეცემა, თავისუფალი სიტყვის არ შეგვეშინდება, არ დავჩაგრავთ სექსუალურ, ეთნიკურ თუ სხვა უმცირესობის წარმომადგენლებს. თუკი სახელმწიფოს ხალხისთვის კარგი უნდა, განათლებაში დიდი ინვესტიცია უნდა ჩადოს, რადგან განათლებული ადამიანი არც ნაგავს დაყრის, არც კატას ჩამოახრჩობს და ბევრად უკეთეს ქვეყანას შექმნის, 1-2 ადამიანზე დამოკიდებული არ ვიქნებით და არ ვიტყვით - იმის ბრალია, ამის ბრალიაო... საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულება ყველამ უნდა გაითავისოს; გააცნობიეროს, რომ ქვეყნისთვის რამე კარგის გაკეთება მასზეა დამოკიდებული, ვიღაცას არ უნდა გადააბრალოს.

უფროს თაობას ვეტყვი: ახალგაზრდებს დააცადეთ, რადგან რაც თქვენ შეძელით, ის არის, რა რეალობაშიც ახლა ვცხოვრობთ. იმ ახალ თაობას დაუთმეთ გზა, ვისაც დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება სურს, კომუნიზმში დაბრუნება, სამშობლოს სხვა ქვეყნის გუბერნიად გადაქცევა არ უნდა და იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ეთო ყორღანაშვილი