დედა-შვილის საზაფხულო არდადეგები - გზაპრესი

დედა-შვილის საზაფხულო არდადეგები

აღმოჩნდა, რომ ზაფხულში, მზის სხივებისგან გამოწვეული კანის პრობლემები მხოლოდ "უბრალო მოკვდავებს" არ გვაწუხებს: მოდელი თამთა შედანია ამ თემაზე (და არა მხოლოდ) გვესაუბრა და რჩევებიც მოგვცა, თუ რა ვიღონოთ ზაფხულში შექმნილი დისკომფორტის შემდეგ, რომ სახის კანი პრობლემურ ფაზაში არ გადავიდეს...

- ამჟამად, სამეგრელოში, იმ სახლში ვიმყოფები, სადაც ბავშვობა გავატარე. აქ ყოფნა ჩემს შვილსაც ძალიან უყვარს, რადგან ბევრი ბავშვია... მანამდე ოჯახი გონიოში ვისვენებდით. წელს ვეცადეთ, პროპაგანდას - "გაატარე ზაფხული საქართველოში" შევერთებოდით და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგვესვენა. აღვნიშნავ, რომ სამეგრელოს წარმომადგენელს ბევრი ადგილი ნანახი არ მქონდა, რაც წინა დღეებში, გადაცემა "პრაიმშოუს" საშუალებით ვნახე: ზაფხულის საქართველოში გატარებასთან დაკავშირებით, გადაცემის წარმომადგენლები სამეგრელოში იყვნენ ჩამოსულები. ღირსშესანიშნავი ადგილები გადაიღეს. მათ ჯგუფს მეც შევუერთდი და ძალიან ვისიამოვნე - ბევრი ისეთი ადგილი ვნახე, რომლის შესახებაც მანამდე არ ვიცოდი... მოკლედ, ასეთი კარგი, ერთობლივი დასვენება გამოგვივიდა. სანამ ჯერ კიდევ ზაფხულის თბილი დღეებია, ვცდილობ, ზღვისპირა ქალაქში გავატარო - მზესა და ზღვასთან ახლოს ვიყო.

- რაც შენს ცხოვრებაში შენი გოგონა - მია გაჩნდა, მას შემდეგ შენი დასვენების სტილი შეიცვალა?

- კი, შეიცვალა. მანამდე საკუთარ თავზე უფრო მეტად ვზრუნავდი და იმაზე ვფიქრობდი, საზღვარგარეთ წავსულიყავი, მეშოპინგა ან გავრთობილიყავი... ბავშვის გაჩენის შემდეგ, დასვენებასთან დაკავშირებულ გეგმებს იმის მიხედვით ვწყვეტ, თუ როგორი გარემო, ჰაერი მოუხდება და ესიამოვნება ბავშვს. არ ყოფილა შემთხვევა, რომ მიას გარეშე დამესვენა. თუკი რამდენიმე დღით სადმე შვილის გარეშე წავსულვარ, ეს საქმიანი ვიზიტი ყოფილა. დასასვენებლად ყოველთვის ბავშვთან ერთად მივდივარ.

- ზოგი მშობელი ბავშვთან ერთად წასვლას დასვენებად არ მიიჩნევს, რადგან პატარას დიდი ყურადღება სჭირდება და თავად განტვირთვას ვერ ახერხებს...

- ჩემს შემთხვევაში, ასე არ არის, რადგან მია ჭკვიანი გოგონაა. წელს გონიოში რომ ვისვენებდით, სრულიად დამოუკიდებლად, მარტო თამაშობდა. რა თქმა უნდა, ყურადღებას ვაქცევდი, მაგრამ ასე ვთქვათ, კუდში დევნა არ სჭირდებოდა. რაც უფრო იზრდება, ბევრად დამოუკიდებელი ხდება. მიასთან ერთად დასვენება კომფორტულია. მინდა, ყველგან წავიყვანო, სადაც წავალ და ერთად დავისვენოთ.

GzaPress

- საზღვაო სამოსს დიდ ყურადღებას უთმობს? - სანამ ზღვაზე დასასვენებლად წავიდოდით, საშოპინგოდ ერთად ვიყავით. საცურაო კოსტიუმი თავად შეარჩია. რამდენიმე ვიყიდეთ. სხვათა შორის, იმ ბრენდმაც, რომლის სახეც მია გახლავთ, საჩუქრად რამდენიმე საცურაო კოსტიუმი გადასცა. რატომღაც, წელს მიამ 1 საცურაო კოსტიუმი ამოიჩემა (იღიმის)! სხვათა შორის, დამოუკიდებლად იმოსებოდა: თავად უხამებდა, საცურაო კოსტიუმს რომელი კაბა თუ შორტი მოუხდებოდა. მის გემოვნებაში ეჭვი არ შემპარვია. ამ მხრივ, სრული თავისუფლება მივეცი. წელს მიამ ჩაცმის საკუთარი სტილი დამოუკიდებლად გადაწყვიტა.

- თავად როგორ არჩევ საზაფხულო სამოსს, გარდერობის განახლება გჩვევია? პლაჟის ჩაცმულობას დიდ ყურადღებას უთმობ?

- კი, აუცილებელია ყოველი ზაფხულისთვის ჩემი საზღვაო სამოსი განვაახლო: საცურაო კოსტიუმები, პარეოები, შლაპები, სანდლები, სათვალეეები, სამაჯურები... ყოველ წელს ვცდილობ, ძველ ნივთებს რამდენიმე ახალი მაინც შევმატო, ძველი და ახალი ერთმანეთს შევუხამო. რომ ვთქვა, აუცილებლად ახალი საცურაო კოსტიუმი უნდა მეცვას-მეთქი, ასე არ არის - ძველის და ახლის სინთეზი მომწონს. ზაფხულის დაწყებამდე მაღაზიებში შევირბენ ხოლმე და თითო რაღაცას ვყიდულობ. აუზის სეზონისთვის (სანამ ზღვაზე წასვლის ფუფუნება მომეცემა) პირველი შოპინგი მაქვს. შემდეგ უკვე ზღვისთვის ვშოპინგობ... ჩემთვის სტილი სანაპიროზეც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის უბრალოდ, საცურაო კოსტიუმის ჩაცმა და საბანაოდ ან გასარუჯად წასვლა: საცურაო კოსტიუმს აუცილებლად უნდა შეუხამო სარაფანი თუ პარეო... საზღვაო სტილი ძალიან მიყვარს, რადგან არჩევანში დიდი ფუფუნება გაქვს ადამიანს - ფერადი, ჰაეროვანი ხარ... "შიფონის" პარეოებს და მოსაცმელებს ხშირად ვიყენებ.

- პლაჟზე დაუდევრად ჩაცმული არასოდეს გასულხარ?

- მნიშვნელობა არა აქვს, 5 წუთში ვიქნები მზად თუ 1 საათში: თითქოს უკვე თვალი შეჩვეული მაქვს - ჩემი სტილი გამაჩნია და ვიცი, რას რა მოუხდება. მოუწესრიგებელი არასოდეს გავსულვარ. რადგან ცნობილი ვარ, ვალდებული გახლავართ, ადამიანებმა ცუდ ფორმაში არ მნახონ. შეიძლება, კონკრეტულ სიტუაციაში იდეალურად არ გამოვიყურებოდე, მაგრამ 5 წუთშიც ჩავეტევი, რომ "სტილში ჩაცმული" მაინც ვიყო. ჩემთვის ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია - პლაჟზე გავალ, მაღაზიაში თუ სადმე სხვაგან, თავს ვალდებულად ვთვლი, ფორმაში ვიყო.

- უცნობი ადამიანები შენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავენ?

- სანაპიროზე, კაფესა თუ სხვა ხალხმრავალ ადგილას უცნობებისგან ყურადღებას ძირითადად, მზერით ვგრძნობ. არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად, მოზარდი გოგონები მოდიან, ჩემთან ერთად ფოტოებს იღებენ, თბილ სიტყვებს მეუბნებიან, რომ მათთვის მისაბაძი ვარ, "ინსტაგრამზე" ჩემი გვერდი გამოწერილი აქვთ (იღიმის)...

GzaPress

- ზაფხულობით, როცა კანი, თმა შრება და სიცხეში დამატენიანებელი კრემის გამოყენებაც კი რთულია, თავს როგორ უვლი? - ეს ნამდვილად მიჭირს. ზაფხულობით, სიცხეში კანის მოვლა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე თმის, რადგან თმაზე გასაჯანსაღებლად ნიღაბს მაინც დაიდებ ან ბოლოს და ბოლოს, ვიტამინებს დალევ, რომ თმა გამოგიკეთდეს, მაგრამ სიცხეში კანის გაკონტროლება, რომ სიცხის გამონაყარი არ გაჩნდეს და აკნე არ განვითარდეს, ძალიან რთულია. წელს ეს დისკომფორტი მეც ვიგრძენი: მზის სხივების გამო, კანზე გარკვეული პრობლემები შემექმნა. მაინც ვცდილობ, კანს მოვუარო - კვირაში ორჯერ სახის გაწმენდა, ნიღბის დადება და დილა-საღამოს დამატენიანებელი კრემის გამოყენება, ჩემი ყოველდღიური საზრუნავია. თუკი ეს არ დაგავიწყდება და ყოველდღიურად შეასრულებ, პრობლემაც არ შეგექმნება, მაგრამ როდესაც მცხუნვარე მზეა, გარუჯვაც გინდა, მზის სხივებისგან გამოწვეულ გამონაყარს კანზე ვეღარ აკონტროლებ. სექტემბრიდან აუცილებლად კოსმეტოლოგს მივმართავ. ზაფხულის დასასრულ, როცა მზის სხივებისგან კანი გამომშრალია, მისი ზედა ნაწილი დამჭკნარია, აუცილებელია, ყველამ (მამაკაცმაც და ქალმაც) კოსმეტოლოგს მიმართოს: სახე გაიწმინდოს, მეზოთერაპია თუ სხვა პროცედურები ჩაიტაროს, რომ კანი "გაცოცხლდეს", ზამთრისთვის მოემზადოს, კანის მდგომარეობა პრობლემურ ფაზაში არ გადავიდეს... პირადად მე, შემოდგომის დასაწყისში, კოსმეტოლოგთან ყოველთვის მივდივარ, სხვადასხვა პროცედურას ვიტარებ, რომ მზის სხივებისგან მიყენებული ზიანი გამოვასწორო.

- როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე საზაფხულო არდადეგებზე?

- დილით ვსაუზმობთ, შემდეგ ზღვაზე გავდივართ. დაახლოებით 2 საათამდე იქ ვართ, 3-დან 4 საათამდე კი მზეს ვერიდებით. ამ დროს იქვე, სანაპიროზე ან ახლოს მდებარე რესტორანში ვსადილობთ. 4 საათზე ისევ ზღვაზე ვბრუნდებით, რადგან 4-დან 7-მდე მზის სხივები ძალიან სასარგებლოა - კანი "დ" ვიტამინს განსაკუთრებულად კარგად იღებს. ჩემი დღე აუცილებლად მზის ჩასვლის ცქერით სრულდება. ეს ყველაზე საყვარელი სანახაობაა, რასაც შემიძლია, საათობით ვუყურო - დიდ სიამოვნებას ვიღებ! გონიოში დასვენებისას, არ ყოფილა ისეთი დღე, რომ ზღვის სანაპიროდან ისე წამოვსულიყავი, მზის ჩასვლა არ მენახა - ამ სილამაზეზე უარს ვერ ვამბობ... საღამოს სახლში ვბრუნდებით, ვვახშმობთ და მშვიდად ველით მეორე დღის გათენებას... არ მიყვარს, თან დასვენება და თან - ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა. იმავდროულად, ვცდილობ, აქტივობებით დავკავდე. მაგალითად, საღამოობით ბავშვებთან ერთად ვსეირნობდით, საინტერესო ქვებს ვაგროვებდით... თითქმის ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მიასთვის სიამოვნება მიმენიჭებინა.

- საოცნებო ადგილი, სადაც სიამოვნებით დაისვენებდი, რომელია?

- სანტორინი. შეიძლება, ვიღაცისთვის ჩვეულებრივი, ბანალური ადგილია, ჩემთვის კი ძალზე საინტერესოა. სულ მსურდა, მენახა. სანტორინიზე წასვლა ჩემი ოცნებაა - ვაპირებ, ახლო მომავალში წავიდე და დავისვენო. საერთოდ, საბერძნეთი ძალიან მიყვარს... კიდევ, მაგალითად, მინდა, რომ რიო, პორტუგალია, არგენტინა ვნახო...

ეთო ყორღანაშვილი