"სხვებსაც უთხარით, რომ ეს ინტერვიუ წაიკითხონ!" - გზაპრესი

"სხვებსაც უთხარით, რომ ეს ინტერვიუ წაიკითხონ!"

"ხშირად მსაყვედურობენ, ნუ ჭამ, გახდი, წონას მიხედე, მხოლოდ ნიჭი და ლამაზი თვალები არ გიშველისო, - ყველა ამას მეუბნება: მეუღლე, მშობლები, მეგობრები"... - ამბობს იუმორისტი გიორგი კაკიაშვილი. რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი კაკიას მეტსახელით იცნობს. რისი რცხვენია ყველაზე მეტად, როდის კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე, რა დროს იბნევა და რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი.

- ...1995 წლის პირველი მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. მე-5 კლასში ვიყავი, მხიარულთა და საზრიანთა კლუბში თამაში რომ დავიწყე, რაც ძალიან პატარა ასაკია. ეს საქმე ყოველთვის მომწონდა. როცა გავაცნობიერე, სკოლის დამთავრების შემდეგ კიდევ სადღაც უნდა მესწავლა, სხვა რა პროფესია უნდა ამერჩია, თუ არა მსახიობობა? ტელევიზიაც ძალიან მიზიდავდა. თეატრალურში გარკვეული მიზეზით არ ჩამიბარებია, მაგრამ ამ საქმეს წუთითაც არ დავშორებივარ. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ეგოისტი და ამპარტავანიაო. მართალს ამბობენ, საკუთარი თავის გარდა, მგონი არავინ მიყვარს და ვთვლი, რომ ეს ნორმაა. სარკეში რომ ვიხედები, მომწონს, ვუღიმი, ნარცისიც ვარ. ჩემი მეუღლეც ეგოისტია. ვჩხუბობთ, ვკამათობთ, ვკივით, მაგრამ ერთმანეთი გვიყვარს და მერე ყველაფერი ლაგდება. შეყვარებულობის პერიოდშიც ასე ვიყავით, მაგრამ მაშინ საკივლელი თემა უფრო ცოტა გვქონდა.

- ეგოიზმია...

- ...როცა ყველაფერი საუკეთესო შენთვის გინდა. მაგრამ "მზრუნველიც" ვარ. სახლში მე და მეუღლე თუ ვართ და სტუმრად გვყავს მეგობარიც, ისეთ გარემოს ვქმნი, იქ ყოფნა რომ სხვებსაც უხარიათ. ამას პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ვაკეთებ, მეც ხომ იქ ვარ, იმ სხვას კი ჰგონია, რომ მასზე ვზრუნავ (იღიმის).

- ვრისკავ, როცა...

- ...ვსვამ, ამიტომ ალკოჰოლს იშვიათად ვიღებ. დღეს ერთი პატარა ჭიქა არაყი, ერთი ფორთოხლით რომ დავლიო და გრადუსი ვერ ვიგრძნო, ხვალ აუცილებლად ცუდად ვიქნები.

- როცა ვთვრები...

- ...ვდუმდები და ჩემთვის ვარ. პერიოდულად შეიძლება რამე სიტყვები წამოვიძახო. ძირითადად, წყნარად ვზივარ, ადგომა მეზარება. აივანზე შეიძლება რაღაც ლაპარაკს ყური მოვკრა, მაგრამ არ ვდგები, ადგილიდან ვეხმიანები.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვიყო პოპულარული, წარმატებული.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...მხიარულთა და საზრიანთა კლუბში საქართველოს ჩემპიონობა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ..."მაღაროელთა" გუნდის წევრებს. ბიჭებს, რომლებთან ერთადაც ჩამოყალიბდა ეს გუნდი, გაიზარდა და საქართველოს ჩემპიონი არაერთგზის გახდა.

- მეშინია...

- ...იმედგაცრუების.

- ბოლოს ვიტირე...

- ...ფილმის ნახვის დროს. ხშირად ვტირი, მათ შორის - წიგნის კითხვის დროსაც.

- საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ...

- ...როცა მაბრაზებენ. ასეთ დროს საშინელი სანახავი ვარ. შეიძლება რამე გავტეხო კიდეც. ამ დროს ვეღარ ვფიქრობ, მარტო ვლაპარაკობ. ნერვიული ვარ. სხვას ფიზიკურად არაფერს ვუშავებ, მაგრამ შეიძლება ისეთი რამე ვთქვა ან ისე ვუყვირო, იმან დამიშავოს რამე.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ის, რომ ეგოისტი ვარ და საკუთარი თავი ძალიან მიყვარს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ის, რომ ეგოისტი ვარ და საკუთარი თავი ძალიან მიყვარს (იცინის). ეს ბევრ რამეში ხელს მიწყობს და ხელს მიშლის. ვიცი, ბევრ ადამიანს ნერვებს ვუშლი და ზოგი მეუბნება, კარგი ხარო.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ჰალკი. ის ძლიერია და მინდა, მეც ყოვლისშემძლე ვიყო, ენერგია მაკლია. ბევრი რამის გაკეთება მსურს და ძალა რომ არ მყოფნის, ვბრაზდები.

- მე ვარ შეუმდგარი...

GzaPress - ...ჟურნალისტი, მსახიობი... - ვნანობ, რომ...

- თეატრალურში არ ჩავაბარე, თუმცა მომავალში ვაპირებ.

- სიყვარული...

- ...არის ქიმია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ქიმიურ ცდას ვატარებდი (იცინის). რომ ამბობენ, ადამიანი დავინახე და ვიგრძენი, რომ ის ის იყო და მე მე ვიყავიო, მსგავსი რამ არასდროს დამმართნია.

- მეუღლე გავიცანი...

- ...ჩემს თამაშზე. იმ დღეს ვთქვი, თამაშს ვამთავრებ-მეთქი და სცენაზე ძალიან ბევრი ხალხის თანდასწრებით ვიტირე. ცხარე ცრემლით ვტიროდი. მერე აღმოჩნდა, რომ ტყუილად ვიტირე, მას შემდეგ კიდევ 3 სეზონი ვითამაშე. მაშინ მნახა პირველად და ეს ატირებული ბიჭი რამ მოაწონა, არ ვიცი (იცინის). მერე 2-3 წელი გავიდა, ერთმანეთს სხვა სიტუაციებშიც შევხვდით, გაცინებულიც მნახა. დავმეგობრდით და ერთმანეთი ნელ-ნელა შეგვიყვარდა.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ნუ ჭამ, გახდი, წონას მიხედე, მხოლოდ ნიჭი და ლამაზი თვალები არ გიშველისო, - ყველა ამას მეუბნება: მეუღლე, მშობლები მეგობრები...

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...წონაში როგორ დავიკლო.

- თავისუფლება...

- ...ჩემთვის არის სიგამხდრე, ახლა შებოჭილი ვარ, რაღაცები მაწუხებს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ქველმოქმედებაში დავხარჯავდი და ჩემს მოფიქრებულ პროექტებს დავაფინანსებდი, რომელსაც არავინ მიფინანსებს. საკუთარ ტელევიზიას გავხსნიდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...კამერების წინ არ გავიხდი, ვერ გავშიშვლდები.

- პატიება შემიძლია თუ...

- ...საპატიებელი მსუბუქი დანაშაულია. სერიოზულ დანაშაულს ვერავის ვაპატიებ ან ვაპატიებ, მაგრამ ვერ დავივიწყებ, მასთან დისტანცია აუცილებლად მექნება და 2-3 თვეში, ჩემ გვერდით აღარ იქნება.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ არაფერს უნდა გადაამეტო. ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ზომიერების დაცვაა. სულ რომ კარგ საქმეს აკეთებდე, იმის ზღვარსაც არ უნდა გადააჭარბო. მერე სიკეთეც წყალში იყრება.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მაგრად მომწონს, მიხარია, ვგიჟდები. როცა ამბობენ, კაკია, ის როლი რა კარგად ითამაშეო, "პაკლონზე" გამოვდივარ.

- მრცხვენია...

- ...არაფრის, სიშიშვლის გარდა.

- ვიბნევი...

- ...როცა ისეთ თემებზე მელაპარაკებიან, რაც არ მესმის. ვიბნევი, როცა უცხოელი მელაპარაკება. რუსული არ ვიცი და ამ დროს რაღაც ბგერებს წარმოვთქვამ, ბოლოს ბოდიშს ვუხდი და ვშორდები.

- მეზარება...

- ...თითქმის ყველაფერი. ზარმაცი ვარ, მაგრამ საჭირო თუ არის, სიზარმაცეს ვძლევ.

- ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ...მოსმენით ბევრ ადამიანს ვუსმენ, მაგრამ მხოლოდ იმის აზრს ვითვალისწინებ, ვინც იმ კონკრეტულ საქმეში კომპეტენტურია. თუ პირადს ეხება, მეუღლის რჩევას ვითვალისწინებ. საქმეს თუ ეხება - მეგობრების რჩევებს. ასეთი სულ 2-3 მეგობარი მყავს.

- როცა ეკრანზე საკუთარ თავს ვხედავ...

- ...კრიტიკულად ვუყურებ. ყოველთვის ვნახულობ ჩემს გამოსვლას და ვცდილობ გავაანალიზო, რა გავაფუჭე, რა შეცდომა დავუშვი, რომელ მონაკვეთში ვიყავი კარგი...

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთხელ "ტაქსისტმა" მითხრა: შვილო, დაიმახსოვრე, ძუძუს ძალა აქვსო. შუქნიშანზე ჩვენ გვერდით ძვირად ღირებული მანქანა დადგა, რომელშიც ძალიან მაგარი გოგო და გარეგნულად მასზე ბევრად ნაკლები, სავარაუდოდ, ბევრად მდიდარი კაცი ისხდნენ.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...სხვებსაც უთხარით, რომ ეს ინტერვიუ წაიკითხონ!

თამუნა კვინიკაძე