"დაგვიანებული" და ნაადრევი ქორწინების პლუს-მინუსები - გზაპრესი

"დაგვიანებული" და ნაადრევი ქორწინების პლუს-მინუსები

ჩვენში 17-18 წლის ასაკში ქორწინება არავის უკვირს, თუმცა, ბოლო წლებში სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა და ქორწინების ასაკმა გადაიწია. თუ ადრე 30-35 წლის ასაკში ქორწინებას დაგვიანებულად მიიჩნევდნენ, დღეს ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ზოგიერთები უფრო გვიანაც ქმნიან ოჯახს და ამას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან. ალბათ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ცნობილი ქართველები.

"როცა სიყვარულისგან "დაბრმავდები", ოჯახი მაშინ უნდა შექმნა"

GzaPress რატი დურგლიშვილი, მომღერალი: - ზოგიერთი ფიქრობს, რომ ადამიანები ფინანსური პრობლემების გამო არ ქორწინდებიან, მაგრამ მე ეს ფაქტორი მეორეხარისხოვანი მგონია. ძალიან ბევრი ოჯახი ვიცი, რომელსაც მატერიალურად არ ულხინს, მაგრამ მისი წევრები მაინც შეხმატკბილებულად ცხოვრობენ. ამიტომ, მთავარია მიხვდე, არის თუ არა ეს ადამიანი შენი ცხოვრების თანამგზავრი. ოჯახიც გაცნობიერებულად უნდა შექმნა და არა - ემოციების კარნახით. ჩემი აზრით, ის, ვინც ოჯახს ზრდასრულ ასაკში ქმნის, ცხოვრებისეული გამოცდებისთვის უფრო მზად არის და ოჯახსაც ინარჩუნებს, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები არ ამართლებს - მე მყავს მეგობრები, რომლებმაც ასე ვთქვათ ნაადრევად იქორწინეს, მაგრამ უკვე წლებია, ერთად არიან და ბედნიერად ცხოვრობენ. ადამიანს გააჩნია, - ვინ რაში პოულობს ბედნიერებას. ამიტომ, როცა სიყვარული გეწვევა და ამ გრძნობისგან "დაბრმავდები", ოჯახიც სწორედ მაშინ უნდა შექმნა. მნიშვნელობა არა აქვს, 15 წლის იქნები, 30-ის, 60-ის თუ 35-ის, მთავარია, გიყვარდეს.

"ვნანობ, რომ მესამე შვილი არ გავაჩინე - ამქვეყნად ერთით მეტი, უკეთილშობილესიგოგიჩა ივლიდა!" GzaPress ნათია ბანძელაძე, ჟურნალისტი: - მეც ასე ვფიქრობ: ხშირად ძნელია იპოვო ადამიანი, ვინც შენი ცხოვრების მთავარი ნავსაყუდელი, იმედი და მამოძრავებელი ძალა იქნება. მნიშვნელობა არა აქვს, ადრე იპოვი თუ გვიან, მთავარია, იპოვო. მე და გოგიჩა (გიორგი გოგიჩაიშვილი) ძალიან ადრე დავქორწინდით: მე 18 წლისა ვიყავი, ის კი - 20-ის. 23 წლისა, უკვე ორი შვილის დედა ვიყავი და არ მიჭირდა, რადგან გოგიჩა ყოველთვის მხარში მედგა. ის ხშირად ხუმრობდა: ბავშვებს დედაც მე ვგონივარო. სწორედ მისგან ვისწავლე, რომ ოჯახი ჩვენი ცხოვრების საზრისი და მთავარი ფასეულობაა. გოგიჩა იმდენად მოსიყვარულე და კარგი მამა იყო, ახლა ძალიან ვნანობ, მესამე შვილი რომ არ გავაჩინე - ამქვეყნად ერთით მეტი, უკეთილშობილესი გოგიჩა ივლიდა და ამაზე უკეთესი რა იქნებოდა?! ჩემს აზრს არავის ვახვევ, მაგრამ მგონია, რომ ბოლო დროს ოჯახის ინსტიტუტი არათუ გაუფასურდა, გაითელა კიდეც. თუ ოჯახების ნგრევის სტატისტიკას გავითვალისწინებთ, ქორწინება ბევრისთვის ტრავმის მომტანი უფროა, ვიდრე ბედნიერებისა და ეს ძალიან საწყენია. რატომ აგვიანებენ ოჯახის შექმნას? - ამის მიზეზი ალბათ შიშია: შიში იმისა, რომ შვილებს სათანადო განათლებას ვერ მისცემენ და ღირსეულ მომავალს ვერ შეუქმნიან. ალბათ, ვიღაცისთვის ეს პასუხისმგებლობისგან გაქცევაცაა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია.

"დღევანდელი ახალგაზრდები შედარებით გვიან ოჯახდებიან და ეს კარგია" GzaPress ნუკრი კაპანაძე, მომღერალი: - თითქოს მარტივი თემაა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან რთული და ფაქიზი. ალბათ, ყველას თავისი არჩევანი აქვს. მე მომწონს და პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ მეტი ისწავლონ, განათლება მიიღონ და თავიანთი საქმის პროფესიონალები გახდნენ. ისინი ცდილობენ არ იყონ დამოკიდებული მშობლებზე, როგორც ეს ადრე ხდებოდა. წლების წინ, ახალგაზრდებს ბოლომდე არც კი ჰქონდათ გააზრებული ეს დიდი პასუხისმგებლობა და ადრეულ ასაკში ქორწინდებოდნენ. ასეთ წყვილს ერთმანეთი თანდათან ბეზრდებოდა და მათი ურთიერთობა მხოლოდ გარეგნულად ჩანდა ბედნიერი. მე მიმაჩნია, რომ ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა უფრო ჰორმონების დამსახურებაა. როცა ზრდასრულ ადამიანს არა აქვს სამსახური, არა აქვს შემოსავალი, ბუნებრივია, ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდება. ეს ადამიანები ფიქრობენ - როგორ უნდა იცხოვრონ ქვეყანაში, რომელიც ასაწყობი და დასალაგებელია? შვილის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა და ხომ უნდა დაფიქრდე - შეძლებ კი მის მოვლასა და სათანადო აღზრდას? საბედნიეროდ, დღეს სულ სხვა თაობა მოდის - დღევანდელი ახალგაზრდები შედარებით გვიან ოჯახდებიან და ეს კარგია. ამ თაობამ ზუსტად იცის, რომ მშობლებზე ან მეუღლეზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და საკუთარი შემოსავალი უნდა ჰქონდეს. გამოგიტყდებით, რომ მათი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი ძალიან მომწონს.

"ყველა მრავალშვილიანი ოჯახი უნდა დავაფასოთ" GzaPress ნიკა წულუკიძე, ხელოვნებათმცოდნე: - მე პირველ რიგში, დემოგრაფიულ პრობლემებს შევეხები, რომელიც საქართველოში ძალზე მწვავედ დგას, განსაკუთრებით, რეგიონებში, სადაც თეატრი არა აქვთ, კინო არა აქვთ და ახალგაზრდებს ერთმანეთთან დაახლოება უჭირთ. თუმცა, ამ პრობლემას ძალიან უშველა უწმინდესის მიმართვამ, რომ ყველა მსურველს მესამე შვილს მოუნათლავდა. მე ვიცი ოჯახები, რომლებმაც სწორედ იმიტომ გააჩინეს შვილები, რომ უწმინდესს მოენათლა. სამწუხაროდ, გაერომ ჩვენი ერი ოფიციალურად შეიყვანა გადაშენების გზაზე მყოფი ერების სიაში, ამიტომ, დემოგრაფიას სერიოზული ყურადღება უნდა მივაქციოთ და ყველა მრავალშვილიანი ოჯახი განსაკუთრებით დავაფასოთ. რაც შეეხება დაგვიანებულ ქორწინებებს, ეს უფრო სოციალური პრობლემებით არის განპირობებული, თუმცა, ტენდენცია ევროპულმა სიომაც მოიტანა. მე ვფიქრობ, ადამიანს როცა სურს, მაშინ უნდა დაოჯახდეს, მთავარია, ბედნიერი იყოს.

"როგორ შეიძლება შვილები სახელმწიფოს იმედად გააჩინო?"

ქეთი დოლიძე, რეჟისორი: - ამჟამად საქართველოში ისეთი სიტუაციაა, რომ მშობლების ხარჯზე ოჯახის შექმნა არ შეიძლება. თუ ქართველი კაცები იმ აზრამდე მივიდნენ, რომ საკუთარი შემოსავალი უნდა ჰქონდეთ და ამის შემდეგ დაქორწინდნენ, მე მხოლოდ მივესალმები. უცხოეთში, ყველაზე მოწინავე ქვეყნებში, 30-35 წლამდე ოჯახებს აღარ ქმნიან და ისეთ სერიოზულ ნაბიჯს, როგორიც შვილის გაჩენაა, გააზრებულად დგამენ. მე არ მომწონს, როცა ოჯახს ძალიან ადრეულ ასაკში ქმნიან. ჩემი შვილის მეგობრებს, ვინც 18-20 წლის ასაკში დაქორწინდა, ოჯახი თითქმის ყველას დაენგრა. მე იმ ხალხისა მიკვირს, ვისაც ძალიან უჭირს, პურის ფული არა აქვს, ბინა არა აქვს და მაინც 9-10 შვილს აჩენს. რისთვის სწირავენ საკუთარ შვილებს - გაჭირვებისა და უმწეოებისთვის? როგორ შეიძლება შვილები სახელმწიფოს იმედად გააჩინო? ადამიანმა იმდენი შვილი უნდა იყოლიოს, რამდენსაც სრულფასოვნად აღზრდის. როდესაც ცნობილი ბიზნესმენი ან შეძლებული ადამიანი აჩენს 5-6 შვილს, მე ამას პირიქით, მივესალმები, მაგრამ ადამიანი, რომელიც ვაგონში ცხოვრობს და ელემენტარული პირობები არა აქვს, მრავალშვილიანობაზე არ უნდა ფიქრობდეს.

"ოჯახი 54 წლის ასაკში შევქმენი და ამას არ ვნანობ" GzaPress გრიგოლ ჩიგოგიძე, სტუდია "პიონერფილმის" ხელმძღვანელი: - 54 წლის ასაკში დავქორწინდი და ძალიან გამიმართლა. ჩემი მეუღლე მაშინ 33 წლისა იყო. ორი ვაჟკაცი გავზარდეთ და დღემდე შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი ჯერ ფეხზე უნდა დადგეს, რაღაც უნდა ჰქონდეს, მატერიალურად მოძლიერდეს, რათა ცოლი მოიყვანოს. რა თქმა უნდა, სიყვარული მთავარია, მაგრამ ამ სიყვარულს შენარჩუნება ხომ უნდა? მე ძალიან მებრალებიან ის ქალები, რომლებიც სულ ფიქრობენ, როგორ გაუძლონ გაჭირვებას, როგორ არჩინონ ოჯახი, გაზის ან შუქის ფული სად იშოვონ, ან უცხოეთში ცხოვრობენ და იქიდან ინახავენ ოჯახებს. ყველა ცოდოა საამისოდ, რადგან ქალი ყვავილივითაა - სულ სხვანაირი მოვლა, სითბო და ყურადღება სჭირდება. კაცს ცოლის მოვლა-პატრონობა უნდა შეეძლოს.

"ზოგი ადრე ქორწინდება, ზოგიც - გვიან და ეს ძალიან ინდივიდუალურია" GzaPress ნინო თარხან-მოურავი, მსახიობი: - ქორწინების ასაკმა გადაიწია იმის გამო, რომ დრო შეიცვალა, წყობა შეიცვალა და ადამიანები მშობლების კმაყოფაზე აღარ ცხოვრობენ. საბოლოოდ კი, მაინც ყველაფერი მატერიალურ მდგომარეობამდე მიდის. ჩვენს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემების მიზეზიც სოციალური სიდუხჭირეა. ამიტომ, ბევრი ცდილობს, ოჯახი დაუფიქრებლად არ შექმნას და ამ ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობს. ისეთი ხალხიც არსებობს, ვისაც მარტო ყოფნა ურჩევნია და ეს მისი არჩევანია. ზოგიერთი ადრე ქორწინდება, ზოგი კი - გვიან, როცა საამისოდ მზად არის და ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია.

"თუ ოჯახში სიყვარულია, ასეთი ოჯახი ყველაფერს უძლებს"

გია მაჭარაშვილი, მუსიკოსი: - როგორც ყველა, მეც ვიცნობ რამდენიმე მშვენიერ ქალბატონს, რომლებსაც ყველაფერი აქვთ, გარეგნობაც არ დაეწუნებათ, მაგრამ ოჯახი არასოდეს ჰქონიათ. კაცია და გუნება: ზოგი 16-17 წლის ასაკში ქორწინდება, ზოგი კი სულ არ ჩქარობს ამ ნაბიჯის გადადგმას და კარიერაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე პირადულზე. ჩემი აზრით, ოჯახმა შვილი ისე უნდა აღზარდოს, რომ მან მთელი ახალგაზრდობა უაზროდ და უმიზნოდ არ გაატაროს. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა საიმისოდ, რომ ბედნიერება ხვალისთვის გადავდოთ. ბევრი ადამიანი ოჯახის ტვირთს თავს არიდებს და ვერ აცნობიერებს, რომ ყველაზე ლამაზ წლებს უმიზნოდ ატარებს. მე ძალიან მომწონს ისეთი ოჯახები, სადაც მშობლები შვილებს უხსნიან, თუ რა პრიორიტეტები უნდა ჰქონდეთ ცხოვრებაში. ასეთ ოჯახებში აღზრდილი ბავშვები სწავლობენ, მუშაობენ, მერე ოჯახსაც ქმნიან და თავიანთი ცხოვრება სწორი გზით მიჰყავთ. ზოგიერთი ადამიანი კი, მთელი ცხოვრება პატარა ბავშვად რჩება. ჩემი აზრით, უფულობის და უსახსრობის გამო დაოჯახებისგან თავი არ უნდა შეიკავო, რადგან თუ ოჯახში სიყვარულია, ასეთი ოჯახი ყველაფერს გაუძლებს.

ხათუნა ჩიგოგიძე