"გაგიჟება" თავიდან დავიწყე"
მომღერალმა მაგდა ვასაძემ იმიჯი მკვეთრად შეიცვალა: ვარცხნილობის და თმის ფერის ცვლილებასთან ერთად, მისი სხეულის ფორმებიც უფრო მეტად მომხიბვლელი და ეფექტურია... მაგდას ცხოვრების სტილის შესახებ ვესაუბრეთ...
"ცხოვრების ჯანსაღ რეჟიმს ვინარჩუნებ"
- 16 წლისა სტუდენტი გავხდი, 19-ის - გავთხოვდი და სავარაუდოდ, გაპრანჭვაც მაშინ დავიწყე. არ მომწონს, რომ დღეს 16-17 წლის მოზარდები უფროსი ასაკის ქალებს ჰგვანან. ბავშვმა ბავშვობა უნდა შეირგოს - მე ასეთი ბავშვობა მქონდა... საკუთარ მომხიბვლელობას ყოველთვის ვაცნობიერებდი - ვიცოდი, როგორიც ვიყავი. ერთადერთი, ვარჯიში მინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. თავდაპირველად, ვარჯიშის დაწყებას ყოველთვის სიზარმაცე ახლავს, ადამიანმა ეს ეტაპი უნდა გადალახო. 3 თვე თავს ვაიძულებდი, დარბაზში მევლო. მწვრთნელიც ავიყვანე, რომ ეთქვა, - ამა და ამ საათზე მოდიო, რადგან პასუხისმგებლიანი ვარ - როცა სხვა მავალებს, უნდა გავაკეთო. ასე რომ, ვარჯიში უკვე შემიყვარდა, თუმცა ზაფხულში დარბაზში სიარული ვერ მოვახერხე, რადგან საქმით მაქსიმალურად დაკავებული ვიყავი. სექტემბრისთვის აბონემენტი უკვე ავიღე - ვარჯიშს ვაგრძელებ.
- ვარჯიშის გარდა, კიდევ რას აკეთებ, რომ ფორმაში იყო?
- რა თქმა უნდა, სწორად ვიკვებები. ჩემი კვების რაციონში მაქსიმალურადაა ხილი, ბოსტნეული, ნახშირწყლები... ხანდახან ორგანიზმს სჭირდება, რომ თუნდაც კვირაში ერთხელ ბურგერიც მიიღოს. ყოფილა შემთხვევა, წავსულვარ და ბურგერი მიჭამია, თუმცა თავდაპირველად, დაახლოებით 3 თვე სრულიად ჯანსაღ კვებას მივდევდი. ცხოვრების ჯანსაღ რეჟიმს დღესაც ვინარჩუნებ: ბევრ წყალს ვსვამ, მეგობრებთან ერთად ფეხით დავდივარ - დავწყვილდებით და მთელ თბილისს ფეხით მოვივლით ხოლმე...
ექსპერიმენტები -
ვარცხნილობა და თმის ფერი - ბუნებრივად მუქი წაბლისფერი თმა მაქვს, ცოტათი - ტალღოვანი. სულ ვამბობდი ან სწორი თმა მქონოდა, ან - ხვეული-მეთქი. ხვეულ თმაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ, არასდროს მქონია. სხვათა შორის, პირველად დაახლოებით 17 წლისამ, შავად შევიღებე. გარკვეული პერიოდის მერე, მოკლედ შევიჭერი, გვერდები ავიპარსე... ვარცხნილობასთან დაკავშირებით, ბევრ რამეს ვიკეთებდი. ერთფეროვნება არასოდეს მიყვარდა. როცა გავთხოვდი, თმა გავიზარდე - თითქოს უფრო ქალურობისკენ "წავედი". მგონი, 30 წელს რომ გადააბიჯებ, ცხოვრების სხვა ეტაპი დგება - "გაგიჟება" თავიდან დავიწყე, თუმცა მანამდე თმა წითლადაც შევიღებე: დაახლოებით 4 წელი წითელი თმა მქონდა. ამჟამინდელ ფერს რაც შეეხება, მინდოდა, თეთრი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ პირდაპირ თეთრზე "გადავსულიყავი", მაგრამ ძალიან მაგარი სტილისტი - თაზო მყავს, რომელმაც მითხრა: - ჯერ თმა "გავტესტოთო". ასეც მოვიქეცით და ვთქვით, რომ თმა ძალიან არ დაიწვებოდა. შემდეგ "კარე" შევიჭერი. მერე უბრალოდ გადავწყვიტე, მოკლედ შემეჭრა. სალონში წავედი, თაზოს დავურეკე და ვუთხარი, - თმა უნდა შევიჭრა-მეთქი. - მოდი, ვილაპარაკოთ, იქნებ ფერებზე შევჯერდეთო, - მეუბნებოდა, ანუ მაქსიმალურად ეცადა, არ შემეჭრა, მაგრამ მაინც მაინც შევიჭერი (იცინის).
- იმიჯის ცვლილებამ შენს ხასიათზე იმოქმედა?
- არა, ცვლილება მსიამოვნებს და ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ, რაც უნდა მოხდეს. ძალიან მაგარია, როცა სიახლეები გაქვს. თუნდაც წითელი თმიდან თეთრზე რომ "გადავდიოდი", ვფიქრობდი, - იქნებ არ მომიხდეს-მეთქი? თუმცა გავრისკე. საკუთარ თავს ვიცნობ - ვიცი, რა როგორ შეიძლება, მოვიხდინო. ამიტომ, ძირითადად, მსგავს გადაწყვეტილებებს მარტივად ვიღებ.
- ასეთი გადაწყვეტილება არასოდეს გინანია?
- ახლა, როცა თმა მოკლედ შევიჭერი, ცოტა არ იყოს ვინანე, მაგრამ მიხდება. ვამბობ, - გაიზრდება, სად წავა-მეთქი? თან, ჩემი ეს საქციელი იმით "გავაპრავე", თითქოს დამწვარი თმა მოვიჭერი და გავაჯანსაღე, თუმცა დამწვარი არ მქონია (იცინის)... მოკლედ, ყველაფერში პოზიტივი უნდა ეძებო, სხვაგვარად არ გამოდის.
- თმას როგორ უვლი?
- სალონში დავდივარ, ნიღბებს ვიკეთებ... თუ სალონში წასვლა ვერ მოვახერხე, საღამოს აბუსალათინის ზეთში ვიტამინებს ვურევ და თმის ძირებში ვიზელ, თმის ბოლოებში კი - ქოქოსის კარაქს მთელი ღამე ვიჩერებ, მეორე დღეს ჩამოვიბან. სველ თმაზე ისევ ნიღაბს ვიკეთებ, ხელით ვიმუშავებ... თმას მოვლა სჭირდება, მით უმეტეს, რომ ხშირი ღებვის შედეგად ძალიან ფუჭდება, მშრალი და გამოფიტული ხდება. თავისთავად, ქათმის ბუდესავით მაქვს ხოლმე (იცინის), მაგრამ მოვლის საშუალებებით, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა თმას ემსგავსება. ვისაც ჯანსაღი თმა აქვს და არც ჭაღარა აწუხებს, არ უნდა შეიღებოს.
"ნემსის ძალიან მეშინია" - სახის კანის მოვლა უკვე მჭირდება, მაგრამ არც ბოტოქსის ინიექცია გამიკეთებია, არც - ღრმა დატენიანება. უბრალოდ, არის შემთხვევები, როდესაც კლინიკაში მივდივარ და კანს ზედაპირულად ვიტენიანებ, მეზოთერაპიას ვიკეთებ, ოღონდ - ნემსის გარეშე (ზედაპირულად), რადგან ნემსის ძალიან მეშინია. ვერასდროს გადავდგი ეს ნაბიჯი, რომ შიშს გადავაბიჯო, თუმცა ძალიან მშრალი კანი მაქვს და ვფიქრობ, უკვე შესაბამისი პროცედურა სჭირდება. ალბათ, გავრისკავ და კოსმეტოლოგს მივაკითხავ...
მაკიაჟს რაც შეეხება, ვცდილობ, ყოველდღიურად არ გავიკეთო (ცხადია, თუ კონცერტი არ მაქვს და სხვა გზა არ მრჩება). ზაფხული ძალიან კარგია, ნამზეურის მიღების საშუალება გაქვს და გარუჯულ კანზე მაკიაჟს აღარ იკეთებ. თან, სიცხეში კანის ფორები გახსნილია და ჯობს, ტონალური კრემი ყოველდღიურად არ წაისვა. ზაფხულში ძირითადად, წამწამებს ვიკეთებ, ტუჩსაცხს ვისვამ და მორჩა - სულ ეს არის.
"თავისუფალი სტილის სამოსი ჩემთვის იდეალურია" - შოპინგი ძალიან მიყვარს. შემიძლია, მთელი დღე მაღაზიებში ვიარო. ვარცხნილობისა და თმის ფერის ცვლილებას ჩემთვის ჩაცმის სტილი არ შეუცვლია, მაგრამ დაკლებულმა 16-მა კილოგრამმა კი შემიცვალა. მსუქანი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ვარჯიშმა ჩემი სხეული "დააკორექტირა". საერთოდ, მიყვარს, როცა ჯინსი, მაისური და ბოტასები მაცვია. თავისუფალი სტილი ჩემთვის იდეალურია. სხვათა შორის, წლების წინ ნაყიდი პატარა ზომის სამოსი ამოვჩხრიკე და აღმოვაჩინე, რომ კარგი რაღაცები მაქვს - მათი არსებობა არც მახსოვდა...
სასცენო სამოსს რაც შეეხება, მაგალითად, როცა კლუბში მივდივარ, კედებს ვიცვამ, რომ უფრო თავისუფლად ვიყო; თუ კორპორატიული საღამოა, ვცდილობ, კლასიკური სამოსი მოვირგო, მაგრამ ზედმეტად კლასიკური - არა: ჩვენი მუსიკა მაინც დრაივია და არ მინდა, შებოჭილი ვიყო...
ძირითადი მოვალეობები - ჩემი ძირითადი საქმიანობა, რა თქმა უნდა, მომღერლობა და შვილზე ზრუნვაა. ვარჯიში საქმე არ არის, მაგრამ ბევრ დროს ვუთმობ. დარბაზში სავარჯიშოდ კვირაში 4-5-ჯერ დავდივარ. სარეპეტიციო ოთახი ჩემს სახლში მოვაწყვეთ. კვირაში რამდენჯერმე ბენდის წევრები მოდიან და აქტიური რეპეტიციები გვაქვს...
ამჟამად, ჩემი შვილი დასასვენებლად არის, მაგრამ სექტემბრიდან უკვე ბავშვის ამბებშიც ჩავერთვები... მოკლედ, ჩემი ძირითადი მოვალეობები ეს არის, რასაც ყოველთვის აუცილებლად ვასრულებ.
დედის ამპლუაში - სახლში მხოლოდ მე და ჩემი შვილი - ლუკა ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, ძირითადად პარასკევს, შაბათს და კვირას ვმუშაობ, როცა ლუკა ისვენებს, მაგრამ კინოაფიშას მაინც ყოველთვის გადავხედავთ ხოლმე - ვარკვევთ, რომელი ფილმები გადის და მივდივართ, ხან ზოოპარკს ვსტუმრობთ და ა.შ. მაქსიმალურად ვცდილობ, ბავშვს ბევრი დრო დავუთმო. ჩემი გადატვირული გრაფიკის მიუხედავად, ასე თუ ისე, ამას მაინც ვახერხებ. თან, ლუკა უკვე დიდი ბიჭია - 13 წლისაა და თავადაც ხელს მიწყობს.
თავდაპირველად, როცა "ვოისში" მონაწილეობისათვის თბილისში წამოვედი, ლუკა მშობლებთან დავტოვე. მათ ჩემი შვილის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვით, რისთვისაც მადლობას ვუხდი, რადგან ლუკა მართლაც სანიმუშო ბიჭია: დინჯი, მშვიდი, გაწონასწორებული. შეგიძლია, ისე დაელაპარაკო, როგორც უფროს ადამიანს. დაახლოებით 4 წელია, რაც ერთად ვცხოვრობთ, თბილისში. თუ რამე პრობლემა გვქონია, დავმსხდარვართ და ამაზე გულახდილად გვისაუბრია. საერთოდ, მეგობრული დამოკიდებულება ყველაფერში მნიშვნელოვანია. არ ვიცი, სამომავლოდ რა როგორ იქნება, მაგრამ ჯერჯერობით, მშვიდი ბავშვია და მაქსიმალურად ცდილობს, ჩემი მეგობარი იყოს.
"ცხოვრებაში მამაკაცი ბევრ პრობლემას ქმნის" - მომღერალი ვარ და რა თქმა უნდა, თაყვანისმცემლები მყავს, მაგრამ პირად ურთიერთობაში ერთგვარი ზღვარი მაქვს გავლებული. მე და ჩემი შვილი ბედნიერად, მშვიდად ვცხოვრობთ. ვფიქრობ, ცხოვრებაში მამაკაცი ბევრ პრობლემას ქმნის (იცინის). ამ ეტაპზე, ჩემს პირად ცხოვრებაში საერთოდ არაფერი ხდება. ალბათ, მოხდება - არასდროს არაფერს გამოვრიცხავ. თაყვანისმცემლებისგან არც ყურადღება მაკლია, არც - საჩუქრები და ა.შ. თუმცა, სერიოზული არაფერია.
"მეგობრებით ვამაყობ" - ბათუმში ვიყავი, ვცურავდი - ჩემი დასვენება ეგ იყო და კიდევ - ვარჯიში, რადგან დარბაზიდან გამოსულს მგონია, რომ საერთოდ, დედამიწაზე არ დავდივარ - დავფრინავ (იღიმის). მგონი, ვარჯიშზე ძლიერი განტვირთვა არაფერია: ბევრი ენდორფინი გამოიყოფა, ადამიანი ბედნიერი ხარ, არანაირ პრობლემაზე არ ფიქრობ და მაქსიმალურად იმ აზრზე ხარ გადართული, რომ ჯანსაღად იცხოვრო, ბედნიერი იყო, მიხედო ოჯახს, საქმეს და ა.შ.
სხვათა შორის, ბევრი მეგობარი არ მყავს. რა თქმა უნდა, ხალხთან კომუნიკაცია არ მიჭირს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ის ადამიანები ძალიან ახლოს არ მოვუშვა, ვინც მეგობრობას ვერ გამიწევენ. ამიტომ გამორჩეულად კარგი მეგობრები მყავს. როცა ლუკა შედარებით პატარა იყო და თბილისში კონცერტები მქონდა, ყოფილა შემთხვევა, ჩემი სამეგობრო იჯდა და ჩემს შვილს უვლიდა. მეგობრები ხშირად მსტუმრობენ. ყავას ვსვამთ და უამრავ თემაზე ვსაუბრობთ. სხვათა შორის, ლუკას აღზრდაში მეხმარებიან, რადგან საკმაოდ განათლებულები, კარგი ტიპები არიან. ჩემს შვილს რაღაცებს ასწავლიან, დეტალურად უხსნიან. მე ჩემი მეგობრებით ვამაყობ.
ეთო ყორღანაშვილი