"ერთი გოგო მიყვარდა, რომელსაც საკუთარი ხელით ვაჭმევდი..." - გზაპრესი

"ერთი გოგო მიყვარდა, რომელსაც საკუთარი ხელით ვაჭმევდი..."

რამდენიმე წლის წინ ბათუმში, ჩემთვის ნაკლებად ცნობილი მომღერლის კონცერტს დავესწარი. დარბაზი სავსე იყო, რაც შოუბიზნესის სწორ მენეჯმენტს მივაწერე, თუმცა შემსრულებლის ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა. კონცერტის ყველაზე ამაღელვებელ მონაკვეთად მსმენელმა ბექა ბროლაძის დუეტი შშმ პირთან აღიარა...

ოჯახი...

- ჩემი ოჯახი არის ადგილი, სადაც ყველაზე ბედნიერი ვარ. ოჯახური გარემოცვა, დედა, მამა და და მაბედნიერებენ...

საბავშვო ბაღი და ყველაზე მძაფრი მოგონება...

- ძალიან საინტერესო და უზრუნველი ბავშვობა მქონდა. ჩემი პირველი სიყვარულიც ბაღს უკავშირდება. მახსოვს, ერთი გოგო მიყვარდა, რომელსაც საკუთარი ხელით ვაჭმევდი საჭმელს (იცინის).

სკოლა... - ძალიან ბეჯითი მოსწავლე ვიყავი. კარგად ვსწავლობდი განსაკუთრებით ჰუმანიტარულ საგნებს. მოწესრიგებული გახლდით. მოსწავლეობის დრო ერთ-ერთი საუკეთესო წლებია ჩემს ცხოვრებაში.

უნივერსიტეტი... - უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი გამორჩეულად საუკეთესოა. განათლება მივიღე ბიზნესის განხრით, სამაგისტრო აკადემიური ხარისხით.

მუსიკალური განათლება და ოჯახური ტრადიციები...

- ძალიან პატარა ასაკიდან შემამჩნიეს, რომ მქონდა ეს ნიჭი. ხელოვანი ადამიანების გვერდით გავიზარდე. მამა სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავეა, დედა - მუსიკოსი, ბებია კი აზმაიფარაშვილის ქალბატონი იყო. როგორც ამბობენ, გენეტიკა მუშაობს. დავამთავრე ნიჭიერთა ათწლედი ფორტეპიანოს განხრით. შემდგომ იყო მუსიკალური სასწავლებელი საგუნდო-სადირიჟოროს სპეციალობით, პარალელურად ვმღეროდი ჯანსუღ კახიძის ბიჭუნათა კაპელაში. ეს ფაქტი ჩემთვის საამაყოა და ეს ის წლებია, როდესაც მსოფლიო დონის მომღერლების გვერდით მიწევდა სიმღერა! ჯანო კახიძის გვერდით ყოფნა ყველაზე დიდი გამოცდილება და ბედნიერება იყო შემოქმედებითი თვალსაზრისით. ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის მქონდა პოპ-მუსიკის ძალიან დიდი სიყვარული და ჩემი ოცნება იყო, ვყოფილიყავი ესტრადის ცნობილი მომღერალი. ოცნება ამისრულდა და დღეს ამ საქმეს სიყვარულით ვემსახურები...

GzaPress პირველი ნაბიჯები შოუბიზნესში... - ცხოვრებაში ძალიან ბევრი წარმატება მქონია და ასე გრძელდება დღემდე. ამის საფუძველი ისაა, რომ დიდ ძალისხმევას ვდებ ყველა პროექტში. გამოვარჩევდი "ვარსკვლავების აკადემიას", რომლიდანაც დაიწყო ჩემი კარიერის ყველაზე დიდი ნაბიჯები. ამ პროექტმა უდიდესი გამოცდილება მომცა არა მარტო მუსიკალური კუთხით. "აკადემიაში" პროფესიონალების გვერდით მუშაობა მიწევდა, გავიცანი ჩემთვის დასაფასებელი ბევრი მუსიკოსი, რომლებიც ყველანაირად მხარს მიჭერდნენ.

ყველაზე დიდი იმედგაცრუება...

- იმედგაცრუება ბევრჯერ მქონია, თუნდაც პირადში. მიყვარდა ადამიანი, რომლისთვისაც ყველაფერს ვაკეთებდი. ის რამდენიმე წელი იყო ყველაზე ბედნიერი ჩემს ცხოვრებაში, თუმცა დასრულდა... გულის სიღრმეში ის ადამიანი ყოველთვის ცოცხლობს ჩემში და ეს თავადაც იცის!

საყვარელი ბრენდი - საყვარელი ბრენდი "არმანი"...

საყვარელი კომპოზიტორი...

- ბევრი საყვარელი კომპოზიტორი მყავს, რომლებთანაც ვთანამშრომლობ. ჩემი წარმატებული ნაბიჯები სასიმღერო კარიერაში სწორედ მათ ეკუთვნით: მაიკო კაჭკაჭიშვილი, ლილიკო ნემსაძე ... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს და გული დავწყვიტო. გია ყანჩელი გენიოსია...

საყვარელი სიმღერა რეპერტუარიდან... - ყველა ჩემს სიმღერაში იმდენი შრომა მაქვს ჩადებული, რომ ვერც ერთს ვერ გამოვყოფ. ჩემი სიმღერები შვილებივით არიან და იმასაც ვიტყვი, რომ ეს ნამუშევრები ქმნიან ზუსტად ბექა ბროლაძეს!

ყველაზე დრამატული ამბავი შემოქმედებითი ცხოვრებიდან... - იყო პერიოდი, როდესაც არავინ მცნობდა... მახსოვს, ერთ რადიოში მივიტანე სიმღერა და ისე მიყურებდნენ, რომ... თუმცა, გავიდა წლები და შემდგომ ბევრი რადიოდან თავად იჩენდნენ ინიციატივას, რომ ჩემი ნამუშევრები მათ საეთერო ბადეში მოხვედრილიყო. ეს ბუნებრივიც არის.

სკანდალი... - უამრავი სკანდალური ამბავი მომისმენია ჩემს თავზე. ყველაზე მეტად კი იმან გამაოცა, რომ თურმე, შვილი მყავს და ვმალავ. დანარჩენი ჭორების აფიშირებისგან თავს შევიკავებ.

განსაკუთრებული კონცერტი... - ყველა კონცერტი, სადაც კი მიმღერია და დღემდე მიწვეული ვყოფილვარ, ყოველთვის განსაკუთრებულად მამახსოვრდება. დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩემს თითოეულ გამოსვლას, რადგან გააზრებული მაქვს: ადამიანები, რომლებიც მოდიან იმისთვის, რომ მოგისმინონ და გამოხატავენ შენდამი სიყვარულს, ეს ფასდაუდებელია. გამოვყოფდი ჩემს სოლო კონცერტს ბათუმის საზაფხულო თეატრში, რომელსაც 1500 მაყურებელი ესწრებოდა. აბსოლუტურად ყველა ბილეთი გაიყიდა...

- რომ არა საბანკო სექტორში მუშაობა, გეყოფოდა შოუბიზნესიდან მიღებული შემოსავალი სახელოვნებო კარიერის გასაგრძელებლად?

- რომ არა ჩემი სამსახური, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებდი იმ ხარისხის და იმ ნამუშევრების ვიდეოკლიპების გაკეთებას, რაც მაქვს...

უცხოეთში წასვლის შანსები... - მაქვს შემოთავაზება უცხოეთიდან და ვმუშაობ ამ თემაზე, თუმცა დეტალების გახმაურებისგან ამჯერად თავს შევიკავებ.

წარმატებული ქართულ შოუბიზნესში... - იმისათვის, რომ ქართულ შოუბიზნესში იყო წარმატებული, ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდე. ეს არის: კარგი რეპერტუარი, კარგი სიმღერა, ხარისხიანი არანჟირება, ვიზუალი, მაგრამ პირველ რიგში, უნდა იყო ადამიანი და მერე სხვა დანარჩენი, ამის გარეშე აზრი არაფერს აქვს...

ქველმოქმედება... - ეს ის თემაა, რაშიც ყოველთვის ვცდილობ გავაკეთო მაქსიმუმი. თუმცა, მეტს არ დავკონკრეტდები...

საყვარელი ადგილი... - ეს არის სცენა, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვიღებ ადრენალინს...

როლანდ ხოჯანაშვილი