ქართველები VOGUE MODEL FASHION WEEK-ზე - გზაპრესი

ქართველები VOGUE MODEL FASHION WEEK-ზე

ქართველი მოდელები და დიზაინერები Vogue Model Fashion Week-ში (პარიზში) მონაწილეობდნენ. როგორც სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელმა - ეკატერინე მგალობლიშვილმა გვითხრა, "ფეშენ ვიკის" ორგანიზატორებისგან ოფიციალური წერილი მიიღეს, რომელშიც სურვილს გამოთქვამდნენ, რომ ქართველ მოდელებს - ბავშვებსაც და ზრდასრულებსაც მოდის კვირეულში მონაწილეობა მიეღოთ. საქართველოდან Vogue Model Fashion Week-ზე 2 ზრდასრული მოდელი - მარია მამუჩაშვილი, მარიამ ჩიტორელიძე, 4 ბავშვი - ანასტასია ბაკურაძე, მარიამ ბერძენიშვილი, მარიამ ოდოსაშვილი, ლუსი ოქოპირიძე, დიზაინერები - თეო თავდგირიძე და პარიზში, შესაბამის წრეებში უკვე კარგად ცნობილი ფატუნა ბუშიჰედი (ამჯერად - საბავშვო კოლექციით) გაემგზავრნენ. როგორც შევიტყვეთ, ქართველმა პროფესიონალმა ბავშვმა მოდელებმა ე.წ. Catwalk-ით (პოდიუმზე სიარულის მანერა) "ფეშენ ვიკზე" საზოგადოების ყურადღება მიიპყრეს, მარია მამუჩაშვილმა კი ფურორი მოახდინა - თითქმის ყველა დიზაინერს სურდა, მისი ჩვენება სწორედ მარიას გაეხსნა და დაეხურა. "კატრინმა" ფრანგულ სამოდელო სააგენტოსთან - შტუდიოფდო მეგობრული შეთანხმება გააფორმა... ჩვენ პარიზიდან დაბრუნებულ მარია მამუჩაშვილს ვესაუბრეთ...

- სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელმა - ეკა მგალობლიშვილმა დამირეკა და მითხრა: პარიზში, შანზ-ელიზეზე Vogue Model Fashion Week-ი ტარდება, სადაც საფრანგეთში (და არა მხოლოდ) ცნობილი დიზაინერები მონაწილეობენ. ბლოგერები, ჟურნალისტები, ტელევიზიების წარმომადგენლები იქნებიანო. რა თქმა უნდა, ასეთ წინადადებაზე მოდელი უარს ვერ იტყვი - როცა შანსი გეძლევა, უნდა გამოიყენო (იღიმის). Vogue Model Fashion Week-ი ორი დღე მიმდინარეობდა, სადაც ფრანგი დიზაინერების (Georges Bedran, Shaleva…) გარდა, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ფატუნა ბუშიჰედიც მონაწილეობდა - საბავშვო კოლექცია წარადგინა... ყველაზე ეფექტური, გიჟური, დასამახსოვრებელი "ფეშენ ვიკის" მეორე დღე იყო: პირველ დღეს ერთ-ერთი დიზაინერის ჩვენება გავხსენი და დავხურე. სხვა დიზაინერებმა ჩემი გამოსვლა რომ ნახეს, მეორე დღეს ყველა ჩემთან მოდიოდა - ჩემს ჩვენებას შენ გახსნი და დახურავო. ოთხ-ოთხი კოლექცია გავხსენი და დავხურე - ვიხდიდი, ვიცვამდი, ვიხდიდი... საგიჟეთი იყო (იცინის)!.. ჩვენებები რომ დასრულდა და გასახდელიდან გამოვედი, დაღლილობისგან ვეღარ ვსუნთქავდი. მერე ფოტოგრაფები დამესივნენ. ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა "გამარჯობა" და "მადლობა" ქართულად რომ მითხრა, გავოცდი. აღმოჩნდა, რომ 2015 წელს საქართველოში "ფეშენ ვიკზე" ყოფილა... მოკლედ, წარმოუდგენლად დატვირთული, ემოციური დღეები მქონდა. დიზაინერებმა თავიანთი კოლექციებისთვის გადაღებები შემომთავაზეს, მიმიწვიეს... არ ვიცი, ამ შემოთავაზებების მიღებას როგორ მოვახერხებ, მაგრამ მათზე ისეთი შთაბეჭდილება დავტოვე, რომ ალბათ, ყოველთვის ვემახსოვრები.

GzaPress

- როგორ ფიქრობ, ასე რატომ მიიქციე მათი ყურადღება? - საერთოდ, როცა ევროპის ქვეყნებში, კონკურსში ან მოდის კვირეულში ვმონაწილეობ, ყოველთვის ყურადღებას ვიქცევ. ჩემს შესაძლებლობებს იქ უფრო ვხედავ - საქართველოში მოდელის პროფესია მაინც არ ფასდება. ალბათ, უცხოეთში უფრო მისაღები ვარ, მათ სტანდარტებს შევესაბამები.

- Vogue Model Fashion Week-ში მონაწილე დიზაინერთა სამოსს როგორ აფასებ? მათი ნამუშევრები შენს გემოვნებას შეესაბამება?

- ქსოვილი, ჩანაფიქრი, სამოსისა და ფეხსაცმლის კომბინაცია მართლა ძალიან ლამაზი იყო. სამოსს ხელით ეხებოდნენ, ყველა დეტალს ამოწმებდნენ - გიჟდებოდნენ, ისე მოსწონდათ. მეტ-ნაკლებად ჩემთვისაც მოსაწონი იყო. განსაკუთრებულად ერთი ფრანგი დიზაინერის სამოსი მომეწონა - დახვეწილი იყო.

- სერიოზული, საქმიანი შემოთავაზებები მიიღე?

- ბუნებრივია. პარიზში გადაღებებზე მეპატიჟებიან, საკუთარი ხარჯებით. ჩემ შესახებ ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა ეკას მისწერა: წლის განმავლობაში სად არ ვყოფილვარ, რა ჩვენებას არ დავსწრებივარ, როგორი გოგონები არ მინახავს, მაგრამ მარიამი ჩემი აღმოჩენააო... საერთოდ, ამ "ფეშენ ვიკის" შემდეგ ძალიან გულთბილ ტექსტებს გვწერენ.

- მოდელობის გარდა, რას საქმიანობ?

- საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვსწავლობ - მესამე კურსის სტუდენტი ვარ და დაცვის კომპანიაში ვმუშაობ.

- მახსოვს, სწავლის გადასახადთან დაკავშირებული პრობლემა გქონდა. მოაგვარე?

- კი, სწავლის საფასურს საკუთარი შრომით უზრუნველვყოფ.

- სწავლას, მოდელობას, სამსახურს ერთმანეთს ისე როგორ უთავსებ, რომ დაღლილობა შენს გარეგნობაზე უარყოფითად არ აისახოს?

- მიმაჩნია, რომ ქალს დროის სწორად განაწილება უნდა შეგეძლოს და ყოველთვის ფორმაში იყო, იღიმოდე...

GzaPress

- ზოგჯერ სტუდენტებს, იმის გამო, რომ სწავლის საფასურის გამომუშავებისთვის შრომა თავად უწევთ, ხარისხიანი განათლების მიღების დრო და ენერგია აღარ რჩებათ. სწავლასთან დაკავშირებით, თავად თუ გაქვს უკმარისობის განცდა? - კი, ეს თავისთავად ასე ხდება. ვერ ვიტყვი, საოცრად ვსწავლობ-მეთქი - დროში შეზღუდული ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ვახერხებ, ყველა საკითხში გარკვეული და კომპეტენტური ვიყო.

- თავს როგორ უვლი?

- ჩემი დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, მაქსიმალურად ვცდილობ, ვივარჯიშო, ახლა - უფრო მეტად, რადგან მიმაჩნია, რომ მაქსიმალური მომეთხოვება - სადაც მივდივარ, ყველგან თვალში მოსახვედრი ვარ. ასეთ დროს, როცა ადამიანს რაღაც დეტალი წესრიგში არ გაქვს, არ გსიამოვნებს.

- ყოველდღიურად როგორ იმოსები?

- ვარჯიშის გარდა, ნებისმიერ დროს დახვეწილ, კლასიკურ სამოსს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან ეს სტილი ჩემს ქალურობას უსვამს ხაზს. საერთოდ, ქალისთვის კლასიკური, სადა სამოსი უფრო მისაღებად მიმაჩნია.

- ყოფილა შემთხვევა, როცა სარკეში ჩაგიხედავს და საკუთარი თავი არ მოგწონებია?

- ამპარტავნებაში გადაზრდილი ზედმეტი თავდაჯერება არ მახასიათებს, მაგრამ ასეთი შემთხვევა არ მქონია. ჩემს გარეგნობაში ყველაფერი მომწონს და მადლობელი ვარ.

- თაყვანისმცემლების შესახებ რას გვეტყვი?

- იმდენად ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, რომ ამ თემას სამეგობროშიც არ განვიხილავ.

- გყავს რჩეული?

- კი, 5 წელია. მაქსიმალურად მხარში მიდგას. ალბათ, მისი დამსახურებაცაა, რომ სამოდელო სფეროში ასე შორს წავედი. ვისთვის - შორს, ვისთვის - "ახლოს", მაგრამ ჩემს პირველ ნაბიჯებთან შედარებით, სამოდელო სფეროში დღეს უფრო მეტად განვითარებული ვარ და ჩემი შეყვარებულიც მხარში მიდგას.

- ზაფხული როგორ გაატარე?

- ზაფხული რომ დაიწყო, ერთი კვირით ბულგარეთში, კონკურსზე გავემგზავრე და "მის ტურიზმი" გავხდი. კონკურსი ისეთ ქალაქში ტარდებოდა, სადაც ვერ მოიწყენდი. შემდეგ ბათუმში ჩავედი, მერე კი - პარიზში გავემგზავრე... სასიამოვნოდ დატვირთული ზაფხული მქონდა. რა თქმა უნდა, დასვენებაც მოვასწარი.

- შეგიძლია გვითხრა, რომელი პროფესიონალი მოდელი ან მოდელები მოგწონს განსაკუთრებულად?

- შესაძლოა, ძალიან ცნობილი არ არის, მაგრამ რატომღაც, ბოლო დროს საფრანგეთში მოღვაწე მოდელი - კლარა ბერი მომწონს. შეიძლება იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვამსგავსებ. ამგვარად განწყობილი ცხოვრებაში არავის მიმართ არ ვყოფილვარ: არც - მსახიობის, არც - თუნდაც Victoria"s Secret-ის რომელიმე მოდელის მიმართ. კლარა ბერის აქტიურობას "ინსტაგრამის" მეშვეობით თვალ-ყურს ვადევნებ.

GzaPress

- როგორც ვიცი, "საერთაშორისო მოდელის" სტატუსი გაქვს. ხანგრძლივი დროით, უცხოეთში გამგზავრებას ხომ არ აპირებ? - ბოლო დროს ამ საკითხზე ვფიქრობ. მინდა, მილანში წავიდე. უნივერსიტეტში სწავლის გამოც ვორჭოფობ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე: სწავლა დავასრულო და მერე წავიდე, თუ ჯერ წავიდე და სწავლას შემდეგ მივხედო? მიმაჩნია, რომ სამოდელო სფერო "ჩემია". როცა სცენაზე გავდივარ, ხალხისგან წამოსულ ემოციებს მთლიანად ვგრძნობ...

- დიპლომატისთვის საჭირო უნარებს პირად ურთიერთობებში თუ იყენებ?

- ცოტათი მძიმე ხასიათი მაქვს, მაგრამ ვცდილობ, ჩემი ემოციები დავთრგუნო, რადგან ეს ცხოვრებაში არ გამომადგება. ჩემი რთული ხასიათის კონტროლი შემიძლია და სხვებისგანაც იმავეს ვითხოვ. ნებისმიერ ადგილას დასაქმებულმა ადამიანმა საკუთარი პრობლემა, მძიმე ხასიათი თავს არ უნდა მოგახვიოს, ერთმანეთს მხოლოდ კარგი უნდა გავუზიაროთ - ასეთი დამოკიდებულება მაქვს. არ ვიცი, სწორად ვიქცევი თუ არა.

- სწავლის დასრულების შემდეგ, შენს ცოდნას როგორ გამოიყენებ? რას შეცვლი შენი პროფესიით დასაქმებისას?

- სიმართლე გითხრა, როცა სწავლა დავიწყე, ნებისმიერ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების საქმის კურსში ვიყავი. ბოლო დროს უკვე ნაკლებად ვადევნებ თვალყურს, რადგან სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ყველა ყველაფერს ერთი კონკრეტული ადამიანისთვის აკეთებს. პროცესები ისე ჯაჭვურად მიმდინარეობს, რომ უბრალოდ, აზრს ვერ ვხედავ: მე რომ პოლიტიკაში მოვიდე, ვიღაცის მარიონეტი უნდა გავხდე ან სამსახურიდან წამოვიდე, სხვაგვარად შეუძლებელია. ამიტომ არ ვიცი, ჩემი პროფესიით როგორ განვვითარდები - პოლიტიკა ძალიან რთული და ბინძურია.

- შენი უახლოესი სამომავლო გეგმები როგორია?

- ეკამ გადაწყვიტა, მსოფლიო კონკურსში მონაწილეობა ისევ მივიღო, ამჟამად - საქართველოში: ოქტომბერში "მის და მისტერ პლანეტა" იმართება...

P.S. ინტერვიუში გამოყენებულია Laurent Thouvenin-ის ფოტოები.

ეთო ყორღანაშვილი