სოფელი მიწის არქიტექტურით - სიახლე არქიტექტურაში
font-large font-small
სოფელი მიწის არქიტექტურით - სიახლე არქიტექტურაში
"მიწის სახლი სუნთქავს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით"

დაახლოებით 150 წლის წინ, ლუი ვიკამ ცემენტი გამოიგონა, რამაც მკვეთრი ინდუსტრიული პროგრესი გამოიწვია მშენებლობაში. მანამდე აშენებდნენ ქვით, მიწით ან მიწა-კირით (შემაკავშირებლად კირქვას იყენებდნენ). პირველი თიხის აგური ჩვ.წ. 8.000 წლის წინ იორდანიაში იპოვეს - მესოპოტამიის ქალაქი მარი მეოთხე ათასწლეულში მთლიანად მიწით არის ნაშენები. ყველაზე დიდი მიწის არქიტექტურის ძეგლია ჩინეთის კედელი. კერძოდ, განსუს პროვინციაში, სადაც არ იყო ქვა, მხოლოდ ტკეპნილ მიწას იყენებდნენ. ანდალუზიაში არის ალჰამბრა - XVI საუკუნეში მიწით აგებული კომპლექსი. მიწის არქიტექტურის ტრადიცია დღესაც გრძელდება აფრიკის, აზიისა და არაბულ სახელმწიფოებში. საქართველოში ვინ დაინტერესდა ამ მეთოდით, რა ააშენეს და რა პერსპექტივები არსებობს, ამის შესახებ ლევან ჩოლოყაშვილი გვესაუბრება.


- მსოფლიოში მიწით მშენებლობის 12 მეთოდია ცნობილი. ამჟამად, ხუთია განახლებული და აქტუალური. ესენია: კომპრესირებული ბლოკი, ე.წ. ბტს; ტკეპნილი მიწა ყალიბში (აპალოვკა) თავსდება, ამ მეთოდს ფრანგები პიზეს უწოდებენ; ბოჟე - თიხის გუნდები კეთდება, მერე კიდეებს აჭრიან და იურტის ტიპის, მომრგვალებულ შენობებს აგებენ (აფრიკაშია გავრცელებული); ადობიე არის იგივე, რაც ჩვენთან ცნობილია ალიზის სახელით, როცა ნამჯანარევი აგური მზეზე შრება თერმული დამუშავების გარეშე. მეხუთე მეთოდია ტორში, ჩვენში ბაღდათკას ეძახიან. აქაც ნამჯა გამოიყენება, რომელსაც აქუცმაცებენ და ისე ურევენ თიხა-მიწაში. ნამჯა დრეკადობას აძლევს. ახლა, ცელულოზას, დაქუცმაცებულ ქაღალდს და სხვა საშუალებებს იყენებენ, იგივე ეფექტი აქვს.
GzaPress
- როგორ გაჩნდა იდეა, რომ საქართველოში დაგეწყოთ ამ სახის მშენებლობები?
- ჩემი ბავშვობის მეგობარი არქიტექტორი გივი ჯაყელი საფრანგეთში ცხოვრობდა. ის კონგოში დაიბადა, სადაც მამამისი, არქიტექტორი ბატონი ოთარი სახლებს აშენებდა. ეს ოჯახი საქართველოში 60-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა. მე და გივი კლასელები ვიყავით. ბატონი ოთარი სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა და ჯერ კიდევ მაშინ იყო შეპყრობილი მიწის არქიტექტურის იდეით და ამბობდა, მომავალი ამას ეკუთვნისო. მას ჰქონდა ორგანიზაცია "კრატერის" მიერ საფრანგეთში გამოცემული ყველა - ათივე წიგნი, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში ევროპული ლიტერატურა ჩვენთან ძნელად შემოდიოდა. ეს წიგნები ოჯახში შესწავლილი ჰქონდათ. გივიმ მამისგან იცოდა ამ ყველაფრის შესახებ. გავიდა წლები და სულ ახლახან, ოთხი წლის წინ მოვახერხეთ მე, გივიმ და გია კონტრიძემ იდეის ხორცშესხმა.
- რას წარმოადგენდა ორგანიზაცია "კრატერი"?
- იყო ასეთი არაბი არქიტექტორი, ჰასან ფატი, რომელმაც მიწის არქიტექტურას სული ახლიდან შთაბერა. მოგეხსენებათ, არქიტექტურაში ნობელის პრემიას არ იძლევიან. მას ალტერნატიული ნობელის პრემია მისცეს, რადგან თავისი პროექტებით სოციალური პრობლემები გადაჭრა და უამრავი უსახლკარო დაასახლა. არქიტექტორს 80-იანი წლების დასაწყისში დაუმეგობრდნენ სხვადასხვა პროფესიის სტუდენტები (არქიტექტორი, ინჟინერი, ეთნოგრაფი) და მისი მოსწავლეები გახდნენ. 5 სტუდენტიდან სამი ფრანგი იყო, ერთი ბელგიელი და ერთი პერუელი. მათ დააფუძნეს ორგანიზაცია "კრატერი", რომელიც დღეს უზარმაზარი ორგანიზაციაა და თავის თავში აერთიანებს საფრანგეთის ფიზიკა-ქიმიის პროფილის ყველა ინსტიტუტს და ბევრ საინტერესო საქმეს ახორციელებს მიწის არქიტექტურის მიმართულებით.
- საქართველოში სახლებს აშენებდნენ ამ მეთოდით?
- ჩვენთან ალიზის ტრადიცია მოდის ნეოლითის პერიოდიდან, მოყოლებული არუხლოს გორადან, ეს გამოჩნდა გრაკლიანის გათხრების დროსაც. ნამარხების კონსერვაციისას ბეტონის, ბლოკის ან ცემენტის გამოყენება ყოვლად დაუშვებელია და ამ შემთხვევაში, საუკეთესო მეთოდია სწორედ მიწის არქიტექტურა. არქეოლოგიური გათხრების კონსერვაცია დღეს მიწის არქიტექტურაში ერთ-ერთი მიმდინარეობაა. საქართველოში ალიზით აშენებული სახლების ტრადიცია ჰქონდათ დუხობორებს მაღაროში და რუისში ქართველებს. 90-იან წლებში ბევრი წავიდა ქვეყნიდან და ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიძინა მათი სახლები. ამ ტიპის სახლები ხმაგაუმტარი და ენერგოეფექტურია, ზამთარში ძალიან თბილია, ხოლო ზაფხულში - გრილი.
- მიწის რომელი ფენა გამოიყენება?
- მიწის ზედა ფენა - ჰუმუსი გამოუსადეგარია, ის ძალიან კარგია მცენარეთა კვებისთვის. სიღრმეში არის დედა კლდე. ამ ორ ფენას შორის რაც არის, ის კარგია მიწით მშენებლობისთვის. თუმცა, სინჯები და ტესტები აუცილებელია. საველე ტესტირების დროს ადგილზე კეთდება გუნდისა და ე.წ. სიგარის ტესტები. ლაბორატორიულ სინჯებში შედის გრანულომეტრიული ანალიზი და თიხის შემცველობის განსაზღვრა. ანალიზების მიუხედავად, აუცილებელია და საერთოდ მიღებულია, რომ მშენებლობის წინ სასინჯი კედელი აშენდეს. აგრეთვე ანგარიშგასაწევი ფაქტორია სეისმომედეგობა. ხის სახლების შემდეგ, სეისმურად ყველაზე მდგრადია მიწის კონსტრუქციებით აშენებული შენობები. ჩვეულებრივი გამომწვარი აგური ან ცემენტის ბლოკი რომ გადმოაგდოთ ერთი მეტრის სიმაღლიდან, აუცილებლად გადატყდება, ხოლო ნამჯის ანუ ალიზის აგური ცოტა ახტება-გადახტება და არაფერი ემართება. როგორც გითხარით, მას ელასტიკურობას ნამჯა აძლევს. გარდა ამისა, ის მსუბუქია და კონსტრუქციას არ ამძიმებს. იმის მიხედვით, როგორი მიწაა და სად გვინდა ავაშენოთ, სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. შესაძლებელია სხვადასხვა ფერის მიწების შერევაც - ლამაზი გამოდის. დიზაინი უკვე ცალკე მიმართულებაა. პიზეს მეთოდის (ჩატკეპნილი მიწა) ორი სკოლა არსებობს, ფრანგული და ავსტრიულ-გერმანული. ორივე მტკიცეა და ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან. ამ დარგის ლიდერი ავსტრიულ სკოლაში მარტინ რაუხია, რომელიც ცემენტს საერთოდ არ იყენებს. საკუთარი სახლიც ცემენტის გარეშე ააშენა. მთელ ევროპაში ძველი სახლები ტკეპნილი მიწით არის აშენებული. ამ მეთოდის შესახებ ევროპელებს ასეთი გამოთქმა ჰქონდათ: "მიწის სახლს უნდა ჰქონდეს კარგი "ჩექმა", რომ ნესტი არ აიღოს ქვევიდან და კარგი "ქუდი", წვიმამ რომ არ ჩამორეცხოს". ეროზიები პირველი ორი წელი გრძელდება, მაგრამ ყველაფერს უძლებს. საფრანგეთში XVIII საუკუნეში აშენებული მიწის შენობები დღესაც მყარად დგას და ერთ ბზარსაც ვერ ნახავთ.
GzaPress
- ევროპაში სად ნახეთ ამ ტიპის სახლები?
- ჩვენ რამდენჯერმე ვიყავით საფრანგეთში - ლიონსა და გრენობლში დავათვალიერეთ სახლები. ლიონთანაა ახლოს დასახლება ილდაბო, სადაც 69 სახლი აშენდა სხვადასხვა მეთოდით და იმ სოფელშიც გახლდით. ის იდეა, რომ ნესტს ვერ იტანს მიწა, ფრანგებმა საერთოდ გააქარწყლეს და ააშენეს საცურაო აუზი, სადაც ქვევით კერამიკული ფილებია, კედლები კი მიწისაა. ეს პრობლემას არ ქმნის, ზედმეტ ტენს ისრუტავს და გარეთ გადის. მიწის სახლი სუნთქავს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ძალიან ჯანმრთელია. ამიტომ საბავშვო ბაღები და სკოლები ამ მეთოდით შენდება, რათა ბავშვები ჯანსაღ გარემოში იზრდებოდნენ. საფრანგეთში მოსახლეობის დაახლოებით 15% მიწის სახლებში ცხოვრობს. ყველა ამ სიკეთის გათვალისწინებით, პარიზის ცენტრში, 13 ჰექტარზე ახალი მეტროს მშენებლობა იგეგმება. ეს საქმე მიანდვეს "კრატერს" და ყველაფერს ხელმძღვანელობს ჩინელი არქიტექტორი, ვანგ შუ, რომელიც სასწაულებს ქმნის. მშენებლობას 2020 წელს იწყებენ.
- თქვენ რა შეძელით ოთხი წლის მანძილზე?
- ფრანგი კოლეგების მიერ მოწოდებული ნახაზების მიხედვით, ჩვენ დავამზადეთ სპეციალური დაზგა სინვარამი, რომლითაც ბლოკები დავბეჭდეთ. მათივე რეკომენდაციით, 40 სმ-ზე მეტი სიგანის ყალიბები გავაკეთეთ, სადაც ადამიანი დგება და სპეციალური სატკეპნით დარტყმებს ახდენს. 7 კგ-იანი დარტყმა უნდა იყოს, დიდ დარტყმას ვერ იტანს. პირველად ერთსართულიანი შენობა ახალუბანში ავაშენეთ, ნატახტართან ახლოს. ეს არის საჩვენებელი შენობა. დამკვეთები მას ნიმუშის გასაცნობად ნახულობენ. სამი წლის წინ აშენებული მშვენივრად დგას. ფრანგი ექსპერტები ჩვენი პირველი ნაგებობის მშენებლობას ესწრებოდნენ და რეკომენდაციებს გვიწევდნენ.
ახლა ვასრულებთ სოფელ ალექსეევკაში, ალექსანდრე კვერნაძის ოჯახში 45 კვმ მარნის მშენებლობას, მხოლოდ გადახურვა დარჩა. ის გამომგონებელი იყო და ქვევრში ვისკის ხდიდა. სამწუხაროდ, შარშან გარდაიცვალა. მისი მეუღლე, ქალბატონი ნია ნაცვლიშვილი აგრძელებს მის დაწყებულ საქმეს. მშენებლობას ევროკავშირის წარმომადგენლები უწევდნენ კონტროლს, რადგან ოჯახმა ევროკავშირის გრანტი მიიღო. ვგეგმავთ ნატახტართან ახლოს სააგარაკე სახლის, ხოლო მომავალ წელს, თელავის რაიონის სოფელ ართანაში მარნის მშენებლობას. აქამდე თითქმის ყველაფერს კუსტარულად (ხელით) ვაკეთებდით, ახლა ჩამოვიტანეთ ხელსაწყო-დანადგარები - შემრევი, კომპრესორი, სატკეპნი და ა.შ.
ამჟამად ასეთი პროექტი მუშავდება: გერმანიის საელჩო აღმაშენებლის გამზირიდან კრწანისში გადადის. გერმანიის მთავრობამ მარტინ რაუხს დაუკვეთა მისი აშენება. გერმანელი და ქართველი არქიტექტორები ერთად ასრულებენ არქიტექტურულ ნაწილს, ხოლო ჩვენი კომპანია ქართული მხრიდან რაუხის ქვეკონტრაქტორია.
GzaPress
- როგორ ფიქრობთ, ამ წამოწყებას რა პერსპექტივა აქვს?
- გარკვეული სტერეოტიპები არსებობს და ახალი თავს ძნელად იმკვიდრებს, თუმცა ეს უძველესი მეთოდია. თვითონ ის ფაქტი, რომ გერმანიის საელჩოს სამი შენობა აშენდება მიწის არქიტექტურით, ბევრ რამეზე მეტყველებს. როგორც პროფესიით ექიმმა, შემიძლია გითხრათ, ეს ამიხსნეს ფრანგებმა და გერმანელებმაც იციან, რომ ასეთი შენობის შიგნით არის ბაქტერიოციდული თვისების მქონე ჰაერი, დაახლოებით იგივე, რაც საოპერაციოს აქვს. ანუ აბსოლუტურად ჯანმრთელი გარემოა საცხოვრებლად. ბეტონის ჯუნგლები თბილისში უსიამოვნო სანახავია, მაგრამ პარიზის მსგავსად, თბილისის ცენტრში ვერაფერს ავაშენებთ. ჩვენ რეგიონებიდან დავიწყეთ, ამგვარი მშენებლობა ძირითადად მარნებისთვისაა საინტერესო. მოსახერხებელია, რადგან მარანს სქელი კედლები აქვს და მუდმივ, ერთნაირ ტემპერატურას ინარჩუნებს. ეს კი ღვინისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
შერჩეული გვყავს ერთი ქართველი არქიტექტორი, რომელიც მომავალ წელს საფრანგეთში ორწლიან სამაგისტრო პროგრამას გაივლის ამ სპეციალობის შესასწავლად და საერთაშორისო დონის მიწის არქიტექტორი გვეყოლება. დიპლომს იუნესკო გასცემს.
დაბოლოს, ერთ მნიშვნელოვან ამბავზე გეტყვით: კასპის რაიონში იყო ნასოფლარი ვარჯაანი, რომელიც ახლა აღდგენის პროცესშია და იქიდან წასული ადამიანების შთამომავლებმა გადაწყვიტეს, რომ მამაპაპისეულ ადგილს დაუბრუნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში მისასვლელი გზის ბოლო 2 კმ ძალიან ცუდია და არც ელექტროენერგიაა, ვაკეთებთ სოფლის განვითარების კონცეფციას. ამაში ჩართული არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია და "ილიაუნი". ამ უნივერსიტეტების სტუდენტები მთელი ზაფხულის მანძილზე ვარჯაანში საზაფხულო ბანაკში მუშაობდნენ. სტუ-ის გეოდეზია-კარტოგრაფიის კათედრის პროფესორი ბატონი გიორგი ჭიაურელი სოფლის აზომვითი ნახაზის შედგენაში გვეხმარება. დაგეგმილია, რომ შენობების 2/3 მიწის არქიტექტურით აშენდეს, მიწაც ზუსტად მიესადაგება. მზაობაა როგორც მოსახლეობის, ასევე რეგიონის ხელმძღვანელობის მხრიდან. ასე რომ, ვარჯაანი იქნება ერთადერთი სოფელი, სადაც სახლები მიწის არქიტექტურის რამდენიმე მეთოდით აიგება.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"თუ შინაგანად მზად ხარ, შენთან მოდის ბედნიერება!"
უცნაური ზარი ვახო ბიჭიკაშვილთან
როგორ აღმოჩნდა ქალების გარემოცვაში "რუსთავი 2"-ზე დაბრუნებული ამიკო ჩოხარაძე
რა კურიოზები ემართებოდა რამილია ალიევას ქართულად საუბრისას
ამბავი, რომელსაც მიშა ანდღულაძე ჟურნალიდან შეიტყობს
"ზედმეტი წონა ნებისმიერ შემთხვევაში დისკომფორტია"
ვნებათაღელვა რასმუსენის სიტყვების გამო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
869 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი