ეპიზოდი ბავშვობიდან, რომელმაც ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა... - გზაპრესი

ეპიზოდი ბავშვობიდან, რომელმაც ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა...

ბავშვობაში მომხდარი მოვლენები ან მშობლის, მასწავლებლის თუ უბრალოდ, გარშემო მყოფთა საქციელი ჩვენს ცხოვრებაზე ზეგავლენას ახდენს. ცხადია, არა მხოლოდ დადებითს: შეიძლება, ვინმეს მიერ დაუდევრად ან მიზანმიმართულად ნათქვამმა ფრაზამ ან საქციელმა უკურნებელი ჭრილობაც მოგვაყენოს, რაც მოზრდილ ასაკში კიდევ უფრო მწვავდება... ამჯერად მსახიობებს: გიორგი სურმავასა და მარინა კახიანს ვთხოვეთ გაეხსენებინათ ბავშვობის დროინდელი ეპიზოდი, რამაც მათ ცხოვრებაზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა...

"ისე არ ვცხოვრობდით, როგორც ყველა ნორმალური ოჯახი უნდა ცხოვრობდეს"

გიორგი სურმავა: - მთელმა ჩემმა ცხოვრებამ ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა: მე და ჩემი და დედასთან, ბებოსა და ბაბუსთან ერთად ვცხოვრობდით. მამა ჩვენ გვერდით არ იყო. ისე არ ვცხოვრობდით, როგორც ყველა ნორმალური ოჯახი უნდა ცხოვრობდეს. ბევრი რამ გვაკლდა, თუმცა დანაკლისის შევსებას ბებოც, ბაბუც და ბიძაც ცდილობდნენ, მაგრამ მამის სითბო სულ სხვაა - ეს ბავშვს სჭირდება. სიცარიელის ეს განცდა მთელი ცხოვრება თან მდევდა. ეს მერე, მოზრდილ ასაკში უფრო გავაცნობიერე... თან, ჩუმად, ნელ-ნელა ვხვდებოდი რაღაცებს... ვცდილობ, ეს დანაკლისი ჩემს შვილებს ორმაგად, სამმაგად ავუნაზღაურო და მათთან ერთად ბევრი დრო გავატარო, მაგრამ სამწუხაროდ, ქართული თეატრი ამის საშუალებას არ იძლევა (იღიმის)...

- მამას აღარ შეხვედრიხართ?

- მამასთან ხშირი შეხვედრები არ გვქონია: ის საქართველოში მაშინ ჩამოვიდა, როცა დედა გარდაეცვალა, შემდეგ - მამა, მერე - ძმა... სამწუხაროდ, თავადაც გარდაიცვალა დიდ რუსეთში. მისი გარდაცვალებიდან ჯერ 1 წელიც არ არის გასული... მამის დაკრძალვას ვერ დავესწარი.

GzaPress

"ისეთი ემოციური დატვირთვა მივიღე, სიცხემ ამიწია"

მარინა კახიანი: - ძალიან ბევრი ეპიზოდი იყო, რამაც ჩემს ცხოვრებასა და პროფესიაზეც ძლიერი ზეგავლენა მოახდინა. მაგალითად, როცა ბაბუაჩემი გარდაიცვალა, ჩემთვის ეს პირველი ძლიერი დარტყმა იყო. მაშინ 11 წლის ვიყავი. დიდი გულისტკივილი განვიცადე... 18 წლის ვიყავი, როცა ბებიაც გამოგვეცალა ხელიდან... უცებ შევეჯახე რეალობას, რომ ადამიანები, რომლებიც გიყვარს, შენთვის ძვირფასნი არიან, შესაძლოა, ერთ დღეს შენ გვერდით აღარ იყვნენ... ის პერიოდი მძიმედ გადავიტანე...

ჩემზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა იმ ეპიზოდმა, როცა ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტის ("კონკია") სანახავად პირველად წამიყვანეს. თავად არ მახსოვს, 3-4 წლის ვიყავი, მაგრამ როგორც მიყვებიან, ისეთი ემოციური დატვირთვა მივიღე, რომ სიცხემ ამიწია... როდესაც "კავკასიური ცარცის წრე" ვნახე, მსახიობობა უკვე მინდოდა, მაგრამ მაშინ მყარად გადავწყვიტე. შემდეგ უკვე ბატონი რობიკოს დადგმული "რიჩარდ III" ვნახე. მაშინ სტუდენტი ვიყავი. ემოციებით სავსეს მართლა მთელი ღამე არ მიძინია. დღემდე მივიჩნევ, რომ ჩემ მიერ ნანახი სპექტაკლებიდან ალბათ, "რიჩარდ III"-მ ჩემზე ყველაზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა. "კავკასიური ცარცის წრე" საუკუნის სპექტაკლია, მაგრამ ალბათ, როცა "რიჩარდ III" ვნახე, უფრო მოზრდილი ასაკის ვიყავი. გარდა ამისა, ამ სპექტაკლიდან კიდევ ბევრი სხვა რაღაც "მოდიოდა": ეს უფრო ფარსი იყო, მაგრამ მასში დიდი ტრაგედია და ტკივილი "იდო"... ვამბობდი ხოლმე: - "რიჩარდ III" სიმფონიასავით იყო აწყობილი-მეთქი. გენიალური კომპოზიტორის ქმნილებიდან ერთი ნოტიც რომ ამოვარდეს, ის აღარ იქნება, რაც უნდა იყოს. ასეთი იყო ბატონი რობიკოს მიერ დადგმული ეს სპექტაკლიც, რომელშიც ფანტასტიკური მსახიობები თამაშობდნენ...

ეთო ყორღანაშვილი