"სიგიჟეების მისაღებად ყოველთვის მზად ვარ"
font-large font-small
"სიგიჟეების მისაღებად ყოველთვის მზად ვარ"
ნუკრი კაპანაძის თავისუფლება და საკუთარი თავისთვის დაწესებული აკრძალვები

"გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება ეს პასუხები შეიცვალოს, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ, ესეც ცხოვრებაა", - ამბობს მომღერალი ნუკრი კაპანაძე. ახლა მის ცხოვრებაში აქტიური შემოქმედებითი პერიოდია. მუშაობს ჯაზ-სექსტეტ თჰე Qუინტესსენცე-სთან ერთად. ამბობს, რომ კარგი კოლაბორაცია გამოვიდა და ორივე მხარისთვის ეს საინტერესო სიახლეა. მსმენელი კი მათ ერთობლივ ნამუშევარს თბილისობის დღესასწაულზე მოისმენს. იგეგმება ალბომის გამოცემაც.
რას უფრთხილდება ყველაზე მეტად მომღერალი, რას არ გააკეთებს არანაირი თანხის სანაცვლოდ, რის გამო იღებს საყვედურებს და რა ეზარება ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს, მისი დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...
- ...19 სექტემბერი (იღიმის).
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...გერმანული ენის მასწავლებელი, მაგრამ როცა პროფესიას ვირჩევდი, სხვა გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი გერმანულის მასწავლებელი ძალიან მიყვარდა. საბჭოთა პერიოდში უცხო ენების ცოდნა პრიორიტეტული და მოთხოვნადი არ იყო. მაშინ პრესტიჟულად სხვა ფაკულტეტები მიიჩნეოდა. მერე ცხოვრება შეიცვალა და ახლა სხვა რეალობაა. სიმღერამ განაპირობა ის, რომ ქიმიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემი ნამღერი "გეპეის" რექტორმა მოისმინა და მითხრა, რომ მის ინსტიტუტში უნდა მესწავლა. იქ საუკეთესო და საინტერესო მუსიკოსები გაიზარდნენ, შემოქმედებითი ცხოვრება ჩქეფდა. "გეპეიში" მომისმინეს კომპოზიტორებმა და ჩემთვის სიმღერები დაწერეს. ასე იქცა სიმღერა ჩემს პროფესიად, ძალიან მიყვარს და შრომა მსიამოვნებს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს. ამ პროფესიაში საკუთარი თავი ვიპოვე.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ზოგი რას ამბობს და ზოგი - რას. მეუბნებიან, ცოტათი გიჟი ხარო, ეს სულაც არ მწყინს, ძალიან კარგია.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...სოლფეჯიოს ვისწავლიდი.
GzaPress
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ჩემს პროფესიაში ძიებისა და აღმოჩენების დაუოკებელი სურვილი მაქვს. ამ თვისების გარეშე, ერთ ადგილზე იყინები. სიმღერაში საინტერესო აღმოჩენები გავაკეთე. ნებისმიერ პროფესიაში ასეა, მიღწეულით თუ დაკმაყოფილდი, დამთავრებულია შენი წინსვლა.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ემოციურად გაუწონასწორებელი ვარ, რაც პირველ რიგში, მე მაზარალებს. წლების მატებასთან ერთად, მეტად მგრძნობიარე, ფეთქებადი და ნაკლებად მომთმენი გავხდი. ხანდახან სიმშვიდეს ისეთ დროს ვინარჩუნებ, თავადაც მიკვირს. საკუთარი თავი მაკვირვებს ხოლმე.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...არც მახსოვს. ადრეულ ასაკში იყო პირველი აპლოდისმენტები, დარბაზიდან წამოსული ემოციის მუხტი - მაშინ ამას სათანადოდ ვერ ვაცნობიერებდი. თითქოს მეკუთვნოდა და ვიღებდი. სინამდვილეში, არავის არაფერი ეკუთვნის. ეს ყველაფერი რომ მიიღო, ძალიან ბევრი უნდა იშრომო.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...ჩემს ცხოვრებას, - ძალიან რთულსა და საინტერესოს.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ვიყო საინტერესო ჩემს პროფესიაში.
- მეშინია...
- ...დროის, რომელიც სადღაც მიმაქანებს, თან - ჩქარა. მეშინია სარკეში ჩახედვის. მიზიდულობის ძალას შეუძლია დაანგრიოს შენი სხეულის ფორმები და სადღაც მიწისკენ წაიღოს. უყურებ საკუთარ თავს და აბსოლუტურად სხვა ხარ. ხიბლიც აქვს ნაოჭებს, მაგრამ ჯერ არ მინდა. მიმაჩნია, რომ ჯერ ბევრი მაქვს სათქმელი და გასაკეთებელი, ბევრი რამ უნდა მოვასწრო. პლასტიკურ ოპერაციებზე არ ვგიჟდები. არ მომწონს "ხელოვნური თოჯინები". დრო კი ძალიან ჩქარა გადის.
- ბოლოს ვიტირე...
- ...გუშინ, ბევრი ვიტირე. საერთოდ ხშირად ვტირი.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...უტიფრობას. ამ დროს ჩუმად ყოფნა არ შემიძლია, უნდა გადავიწვა, ბოლომდე უნდა დავიცალო, რომ იმ ენერგიისგან გავთავისუფლდე.
- ვნანობ, რომ...
- ...დიდი დრო უაზროდ მაქვს გაფლანგული. როცა ახალგაზრდა ხარ, ამას ვერ გრძნობ. 5-6 წელია, როცა არაფერს ვაკეთებ, ყოველ წუთს მძაფრად განვიცდი.
- მე ვარ შეუმდგარი...
- ...ქიმიკოსი.
- სიყვარული ეს...
- ...არის ბედნიერება და უბედურება ერთად.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...მეორედაც შემიყვარდა.
- ახლა შეყვარებული...
- ...არ ვარ. ამ თემაზე ლაპარაკი ცოტათი მერიდება. ეს კიდევ ცალკე თემაა, ჩემს ასაკში ჩვენს ქვეყანაში სიყვარულზე ლაპარაკი უხერხულად მიიჩნევა, როცა უცხოეთში საამისოდ მზაობა ყოველთვის არის. იქ ადამიანი ყოველთვის ღიაა სიყვარულის მისაღებად. არ ვარ თავისუფალი ადამიანი, როგორც მინდა ისე რომ ვცხოვრობდე. ბევრი რამის მერიდება, საკუთარ თავს გარკვეულ აკრძალვებს ვუწესებ, მაგრამ სიგიჟისთვის ყოველთვის მზად ვარ.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...ჯიუტი და ეგოისტი ხარო.
- ჩვევად მაქვს, სცენაზე ყოველი გასვლის წინ...
- ...რამე რიტუალს ვატარებ თუ არა? არა, კულისებში შეიძლება ვინმე მელაპარაკებოდეს და მე არაფერი მესმოდეს. სიმღერაზე ფიქრი სცენაზე დადგომისას კი არა, წინადღეს იწყება.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...რომ დღევანდელი დღით ვიცხოვრო. ბოლო პერიოდში სიმშვიდე აღარ მაქვს, საყრდენი დავკარგე, ფსიქოლოგიურად, ღრმად დავიწყე ფიქრი. საკუთარ თავს ვეკითხები, რისთვის მოვედი, რატომ მოვედი, რა მრჩება? სულ ვკითხულობ, სტატიებს ვეცნობი, მაინტერესებს ასეთ რთულ პერიოდებს ვინ როგორ გაუმკლავდა.
GzaPress
- თავისუფლება...
- ...ძალიან რთული და დიდი თემაა, ბევრი წახნაგი აქვს. ეს არის მთავარი ღირებულება, რომლისკენაც სულ უნდა ისწრაფოდეს ადამიანი. თავისუფლებაა მთავარი, მერეა ყველაფერი დანარჩენი.
- ბედისწერა...
- ...არ ვიცი, არსებობს? არ არსებობს? მე ზუსტ დროს, ზუსტ ადგილზე მოვხვდი. ამას არ ვიცი, რა დავარქვა, ეს არის ბედისწერა?
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...სტუდიიდან არ გამოვიდოდი და ამ ქვეყანაში არც ერთი "მშიერთვალება" ბავშვი არ იქნებოდა.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...პროფესიას არ შევიცვლი.
- პატიება შემიძლია თუ...
- ...ის ადამიანი ძალიან მიყვარს.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...ისევ ვიმეორებ.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ვისწავლე? ადამიანს სულ ჰგონია, რომ მართალია. არ უნდა სიმართლეს თვალებში ჩახედოს. თუ ჩახედავს, მერე გაურბის.
- დღე, რომელსაც საკუთარი ცხოვრებიდან ამოვშლიდი...
- ...არაერთია, მაგრამ ამ დღეებმა "შექმნა" ჩემი დღევანდელი სათქმელი. ალბათ ის დღეებიც უნდა ყოფილიყო.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...თავს უხერხულად ვგრძნობ. სასიხარულოც არის, მაგრამ ბევრი შექება დისკომფორტს მიქმნის.
- ვიბნევი...
- ...როცა თავზე ძალიან ბევრი საქმე მაყრია და აღარ ვიცი, საიდან დავიწყო. ვიბნევი, როცა ინტერვიუს დროს კამერა ირთვება.
- მეზარება...
- ...საწოლის გასწორება.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...35 წლის.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...რეპეტიციაზე ყოფნამ.
- ვრისკავ...
- ...ხშირად და არ ვნანობ. რისკზე წასვლა მიყვარს.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...წონას (დაიკლებდა კაცი).
- ვუფრთხილდები...
- ...დამლაგებლის შრომას.
- ყოველთვის მრცხვენია, როცა...
- ...ვერ ვეხმარები ადამიანს, რომელსაც დახმარება სჭირდება.
- როცა მარტო ვარ...
- ...ვფიქრობ.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ვცდილობ, ყველას გავერიდო.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...მაშინ, როცა სიმღერა პროფესიად ვაქციე და სცენაზე ახალი ფეხადგმული ვიყავი, ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა: ნუკრი, როცა მღერი, ეცადე ადამიანებს თვალებში ჩახედო და ისე იმღეროო. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სიმღერის დროს თვალები დახუჭო, მაგრამ იმ დახუჭული თვალებითაც ადამიანებს უნდა უყურებდე. ეს სიტყვები მეხსიერებაში ჩამრჩა, თუმცა მაშინ ბოლომდე ვერ გავიაზრე, რას ნიშნავდა.
- ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ...ზოგჯერ შეიძლება პატარა ბავშვის აზრიც კი მნიშვნელოვანი იყოს და მისგან კარგი მესიჯი მიიღო.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...გარკვეული დროის შემდეგ, ეს პასუხები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ, ესეც ცხოვრებაა.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
როგორი ლიტერატურა დაეხმარა თემო დადიანს ცხოვრების რთულ პერიოდში
რა შემთხვევაში გადავა ამერიკაში საცხოვრებლად ნინო შავგულიძე
თათა ჯაშის წარმატება "მსოფლიო დედოფლის" კონკურსზე
"თუ შინაგანად მზად ხარ, შენთან მოდის ბედნიერება!"
უცნაური ზარი ვახო ბიჭიკაშვილთან
როგორ აღმოჩნდა ქალების გარემოცვაში "რუსთავი 2"-ზე დაბრუნებული ამიკო ჩოხარაძე
რა კურიოზები ემართებოდა რამილია ალიევას ქართულად საუბრისას
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
984 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი