"ადამიანის დახვეწილი გემოვნება თანდაყოლილი ნიჭია" - გზაპრესი

"ადამიანის დახვეწილი გემოვნება თანდაყოლილი ნიჭია"

"...ახლა მოდელების ძალიან კარგი თაობა გვყავს, უფრო ბევრი სააგენტოა და მოდელებიც მეტია... ჩემი თაობის მოდელები ძალიან პოპულარულები ვიყავით, რაც ჩემი აზრით, იმან განაპირობა, რომ ცოტანი ვიყავით და ბევრგან ვჩანდით. ურთულესი წლები იყო, განსაკუთრებით ჩემი კარიერის დასაწყისში. ჩვენებაზე მაკიაჟს თავად ვიკეთებდით, სალონშიც თმის მოწესრიგებას თავად ვცდილობდით და ხშირად, ფეხსაცმელზეც თავად ვზრუნავდით", - ამბობს მოდის სფეროს წარმომადგენელი ლალი ტოტიკაშვილი, რომელიც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება და სასარგებლო რჩევებს სხვა ქალბატონებსაც უზიარებს...

- თქვენი დაკვირვებით, რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ადამიანის მაღალი გემოვნების ჩამოყალიბებაში?

- ვფიქრობ, ადამიანის დახვეწილი გემოვნება თანდაყოლილი ნიჭია... თუმცა, ხდება გემოვნების განვითარება, დახვეწაც... ამას მნიშვნელოვნად განაპირობებს ცხოვრების წესი და იმ ადამიანების გავლენა, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ მოდის სფეროში. თუ ადამიანი დაინტერესებულია, მას დახვეწილი გემოვნება ჩამოუყალიბდება!

- როგორ შეიძლება გამოვარჩიოთ დახვეწილი გემოვნების ადამიანი?

- ალბათ გემოვნება ყველასთვის სხვადასხვა რამეა და გემოვნებაზე ნამდვილად დაობენ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ არ უნდა ვიდავოთ... ჩემთვის დახვეწილი გემოვნება სისადავე და ელეგანტურობაა...

GzaPress

- სამოგზაუროდ რომელ ქვეყნებს ამჯობინებთ - თანამედროვე მეგაპოლისებს თუ ისტორიული წარსულის მქონეს? - მოგზაურობის დიდი მოყვარული არ გახლავართ... თუმცა, განსაკუთრებულად ისტორიული წარსულის მქონე ქვეყნები მაინტერესებს. მეგაპოლისებიც მომწონს, მაგრამ უპირატესობას ვანიჭებ იმ ქვეყნებს და ქალაქებს, რომელთაც მდიდარი ისტორიული წარსული აქვთ... განსაკუთრებულად პარიზი მომწონს! ხშირად ვამბობ, რომ პარიზს ჩემთვის თავისი სურნელი აქვს. არქიტექტურით, ისტორიული მუზეუმებით, ღირსშესანიშნაობებით - პარიზი საოცრად მხიბლავს. ახლო მომავალში ისევ ვაპირებ საფრანგეთში წასვლას და ამ დღეს სიხარულით ველი... არის ქვეყნები, სადაც ძალიან დიდი ინტერესი მაქვს ვიმოგზაურო. მაგალითად, იტალიის და საბერძნეთის კონკრეტული ადგილები.

- სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნის დროს რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე საუკეთესო შთაბეჭდილება ყველაზე გემოვნებიანი მოსახლეობის მიხედვით?

- ალბათ, ისევ პარიზს დავასახელებ... მართალია, დღეს იქ ძალიან ბევრი ტურისტია და რთულია მათგან ადგილობრივების გამორჩევა, მაგრამ პარიზი მოდის ცენტრია!

- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან ვის გამოარჩევდით, როგორც მისაბაძად გემოვნებიანს?

- ყოველთვის თავს ვარიდებ ადამიანების გამორჩევას... რასაკვირველია გვყავს გემოვნებიანი ქალბატონები და საბედნიეროდ, არც თუ ისე ცოტა...

- ამბობენ, რომ თბილისში თბილისური მოდა დაიკარგა... ეთანხმებით?

- რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები... ქართველები საკმაოდ გემოვნებიანი ერი ვართ და სხვა ქვეყნების მოსახლეობასთან შედარებით, ძალიან დახვეწილები. თბილისში ქუჩის მოდაც მშვენიერი გვაქვს. მოკლედ, დაიკარგა კი არა, პირიქით - შესანიშნავად ვითარდება... ამ მხრივ ახალგაზრდები ძალიან კარგ ამინდს ქმნიან.

- როდესაც აქტიურ სამოდელო საქმიანობას ეწეოდით, ურთულესი წლები დაგემთხვათ... თუმცა, იმ თაობის მოდელები გამორჩეულად წარმატებულები იყავით და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობთ... რამ განაპირობა ეს, გამორჩეულად კარგმა გარეგნობამ თუ სხვა ფაქტორებმაც?

- მაშინ ინფორმაციის საშუალებები ბევრად ნაკლები იყო, სოციალური ქსელები არ არსებობდა, მაგრამ მოდის სფერო ძალიან პოპულარული იყო და საინტერესო ჩვენებებიც იმართებოდა! ის დიზაინერები, რომლებიც დღეს წამყვანი ძალაა მოდის ინდუსტრიაში, მაშინ იდგამდნენ ფეხს... ყველა სირთულე ძალიან სასიამოვნოდ გავიარეთ და ვფიქრობ, მოდის სფეროს წყალობით ნამდვილად ძალიან ფერადი იყო ბნელი წლები.

GzaPress

- როგორია დღეს თქვენი ჩაცმის სტილი?.. - ყოველდღიურად ძალიან მომწონს თავისუფალი სტილი, არ ვიკეთებ მაკიაჟს და აქსესუარებიდან რასაც ვიყენებ, ეს არის: საათი, სათვალე, ბეჭედი... მთავარია, მოხერხებულად და კომფორტულად ვიყო... ძალიან მიყვარს ფერადი ზედები, განსაკუთრებით - ზაფხულის პერიოდში. მომწონს ყვითელი, მწვანე, ჟოლოსფერი, წითელი, თეთრი... ჩემს გარდერობში მგონი, ყველა ფერთა გამაა...

- როგორია წელს მოდის ტენდენციები და რამდენად კომფორტულია ის ქალბატონებისთვის?

- ალბათ ყველაფერია მოდაში, რაც ქალს უხდება. შეიძლება რაღაც მოდაში შემოვიდეს, მაგრამ კონკრეტულად ვინმეს არ უხდებოდეს და აქედან გამომდინარე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მხოლოდ მოდის ტენდენციებზე დაყრდნობა... ადამიანმა თავად ყველაზე კარგად იცის, რა უხდება და რა არა! ინდივიდუალური სტილი და დახვეწილი გემოვნება ადამიანს გამოარჩევს მასისგან...

- რა რჩევებს მისცემთ ქალბატონებს, ყოველთვის რომ გემოვნებიანად გამოიყურებოდნენ?

- ვინაიდან ჩემთვის მაღალი გემოვნება სისადავეშია და გადაჭარბებული არაფერი მიყვარს, სისადავეს ვურჩევდი... პერიოდულად ცვლილებებიც არის. მაგალითად, მოდაში შემოდის ბევრი სამკაული ან პირიქით. იყო პერიოდი, როცა არანაირ სამკაულს აღარ ვატარებდი მხოლოდ იმიტომ, რომ არ მომწონდა, ზედმეტად მიმაჩნდა... თუმცა ზოგჯერ აუცილებელია კაბას აქსესუარი შეუხამო, გამომდინარე იქიდან, თუ სად მიდიხარ. არ არის სასურველი, ყოველდღიურ საქმეზე გადიოდე მძიმე მაკიაჟით და დიდი საყურეებით - ეს ჩემთვის უგემოვნების ნიშანია!

- უფროსი თაობის წარმომადგენლებს ჰქონდათ ფუფუნება, განსაკუთრებულ საზოგადოებაში ეტრიალათ: ოპერა, თეატრი, კინო და ამისთვის საგანგებოდ კაბებსაც იკერავდნენ... დღეს ასეთი შეხვედრის ადგილები აღარ არსებობს...

- დიახ, ეს ტრადიცია დაიკარგა, რაც ძალიან სამწუხაროა! თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც, არის ღონისძიებები, სადაც აუცილებელია საღამოს კაბა გეცვას. რასაკვირველია, არ აქვს ძველებურად ხშირი ხასიათი და დღეს ოპერაში საღამოს კაბით აღარავინ დადის! რას ვიზამთ, თანამედროვე ტენდენციებს უნდა მივყვეთ...

- დღეს ქართველი დიზაინერები მსოფლიოს მასშტაბით დიდ წარმატებებს აღწევენ, რამ განაპირობა ეს?

- დიახ, მთელ მსოფლიოში დიდია ინტერესი ქართველი დიზაინერების მიმართ. ძალიან ბევრი ნიჭიერი და წარმატებული ადამიანი გვყავს, განსაკუთრებით დემნა გვასალიას და დევიდ კომას გამოვარჩევდი. მათ ფაქტობრივად, მსოფლიოს მოდის ინდუსტრია დაიპყრეს. ძალიან კარგი დიზაინერები გვყავს საქართველოშიც, როგორც დამწყები, ასევე უკვე ცნობილები.

- ქართველი მამაკაცების ჩაცმულობაზე რას იტყოდით? ამბობენ, რომ წინა თაობა გაცილებით თამამი იყო სიახლეების დანერგვაში...

- დღესაც არის განსხვავებული სტილი და ვერ ვიტყოდი, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირად შემოსილი დადის... თუმცა, ნაკლებად ჩანს მამაკაცებში ინდივიდუალური სტილი, მაგრამ ქართველების ბუნებაა მგონი ასეთი...

- როგორი უნდა იყოს სახლი, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ?

- სახლს რაც შეეხება, აქაც სისადავე და მინიმალიზმი მიყვარს... თუმცა მომწონს, როდესაც კლასიკა და თანამედროვეობა კარგად არის ერთმანეთთან შეხამებული. ეს გავითვალისწინე და ახლა ჩემს სახლში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ!

- როგორც ვიცი, თეთრი სახლი გაქვთ...

- დიახ, უმეტესად ღია ფერებშია გადაწყვეტილი კედლებიც და ავეჯიც... არ მიყვარს სახლში სიძველეები, თუმცა მცირე დოზით, მისაღებია.

- დასასვენებლად მთას ამჯობინებთ თუ ზღვას?

- ორივეგან გადასარევად ვგრძნობ თავს, თუმცა ზღვა მაინც უფრო მეტადაა ჩემი... ძალიან მიყვარს ნამზეური, მზე... სულ ვამბობ, რომ ჩემი საყვარელი სეზონი ზაფხულია. მთის კურორტები და თოვლიც მიყვარს, მაგრამ ზღვაზე უფრო დიდხანს შემიძლია დავყო და დრო სიამოვნებით გავატარო.

მანანა გაბრიჭიძე