"ჩვენს ცხოვრებაში სულ რომანტიზმია" - გზაპრესი

"ჩვენს ცხოვრებაში სულ რომანტიზმია"

"მისამართის გარეშე" ჰქვია, მაგრამ მისი მისამართი "იმედზეა". სერიალს "შუა ქალაქში" შემქმნელები გვთავაზობენ და დასძენენ, რომ იქნება ძალიან სახალისო, საინტერესო და ზოგჯერ - სევდიანიც. მსახიობი ანა ჯავახიშვილი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. როგორ იქცევა კრიტიკულ სიტუაციებში კარგად აღზრდილი, განათლებული, ზრდილობიანი და თავაზიანი გოგო (მოკლედ, ბედნიერია ოჯახი, სადაც ის შევა), ამას ეკრანზე ვნახავთ. მსახიობი ამბობს, რომ მისთვის ეს გამოწვევაა, რომელსაც სიამოვნებით დათანხმდა.

- სტუდენტი ვარ, თეატრალურ უნივერსიტეტს წელს ვამთავებ. რაც თავი მახსოვს, სულ სცენისკენ ვილტვოდი. 5 წლიდან ბალეტზე დავდიოდი. საბალეტო სკოლა დავამთავრე. როცა საქმე პროფესიულ არჩევანზე დადგა, სამსახიობო ფაკულტეტი უალტერნატივო იყო. სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. თეატრალურში პირველ წელსვე ჩავაბარე, გიორგი შალუტაშვილის ჯგუფში მოვხვდი.

- მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სტუდენტი ხარ, შენი სამსახიობო ბიოგრაფია შთამბეჭდავია.

- როგორც კი ჩავაბარე, იმავე წელს ერთ-ერთი რუსული პროექტიდან შემოთავაზება მივიღე. მოსკოვში კომედიური ჟანრის ფილმს იღებდნენ, აგენტის მეშვეობით დამიკავშირდნენ. ჩემი ტიპაჟი იმ როლისთვის სასურველი აღმოჩნდა. როდესაც ვიზუალური მხარე ეწყობა, შემდეგ მიდის გადაღება, დაკისრებულ როლს თავს რამდენად გაართმევ და შემდეგ - დამტკიცება. სანამ ამ ფილმში გადამიღებდნენ, ბევრი ეტაპი გავიარე. ამის შემდეგ რუსეთში კიდევ ორ მხატვრულ ფილმში და ერთ სერიალში გადამიღეს. ჯერ არც ერთი არ გამოსულა. შემდეგ იყო არაერთი ეპიზოდური როლი, სარეკლამო რგოლებში გადაღება და სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები", რომელშიც მდიდარი ბიზნესმენის შვილის როლს ვასრულებ.

GzaPress

- როგორ ფიქრობ, როგორც მსახიობი, იღბლიანი ხარ? - ალბათ იღბლიანი ვარ. მხოლოდ დაუღალავი შრომა არაფერია. შრომით ბევრი შრომობს. საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობის პარალელურად, აუცილებელია სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდე. ამ მხრივ გამიმართლა. "ჩემი ცოლის დაქალებში" კასტინგზე სამჯერ მივედი. ხან ასაკი მიშლიდა ხელს, ხან ტიპაჟი არ ერგებოდა. შემდეგ, როგორც იქნა, ჩემი გარეგნობისა და ასაკის გოგო დასჭირდათ და როლზე დამამტკიცეს. მე და ჩემი ჯგუფელი გიორგი ტაბიძე (სანის როლის შემსრულებელი) ამ როლებს კარგად მოვერგეთ. ორივეს გაგვიმართლა. არ ვიცი, მომავალში ამ პერსონაჟის ცხოვრება როგორ განვითარდება. ჩვენი ხაზი შეიძლება გაგრძელდეს.

- ახლახან შვედეთში, სტოკჰოლმში იყავი. იმ ფილმზე მიამბე, რომელშიც შენ ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებ. ფილმმა უკვე ბევრი აღიარება და ჯილდო მოიპოვა.

- "და ჩვენ ვიცეკვეთ" - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც შვედურ-ფრანგულ-ქართული კორპროდუქციაა. ფილმი ქართული წარმომავლობის შვედმა რეჟისორმა ლევან აკინიმ გადაიღო. ცოტა ხანია, რაც გამოვიდა და უკვე არაერთ ფესტივალზე გავიდა. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ბევრი დადებითი რეცენზია დაიწერა. ეს არის დრამა. ჩემს პერსონაჟს მარი ჰქვია, მოცეკვავეა. ფილმის მთავარ გმირს - მერაბს მარი უყვარს. მერაბის როლს მსახიობი და მოცეკვავე ლევან გელბახიანი თამაშობს. შვედეთმა ეს ფილმი "ოსკარზე" წარადგინა, კანის ფესტივალზე კი "საუკეთესო ათეულში" მოხვდა. როგორც ვიცი, საქართველოში ჩვენება წლის ბოლოს იგეგმება. სარაევოს კინოფესტივალზე ლევანი მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად დასახელდა.

- ახლა რაზე მუშაობ?

- სერიალზე "მისამართის გარეშე". ეს სერიალი არის მეგობრებზე, მათ ამბებსა და თავგადასავლებზე. გასართობი, სახალისო, მსუბუქი სერიალი იქნება. რეალობას ვერ გავექცევით და ყურადღება გამახვილდება პრობლემებზეც, განსაკუთრებით - ახალგაზრდების პრობლემებზე. ამ ასაკში ხომ ყველა ადამიანი თავის გზას ეძებს. დიდი ინტერესით ველოდები, ჩემი პერსონაჟის ცხოვრება როგორ განვითარდება. ჯერ მხოლოდ რამდენიმე სერიაა გადაღებული. კვირაში 2 სერია გავა. ჩემს პერსონაჟს ნინი ჰქვია.

- ნინი ვინ არის, რას საქმიანობს?

- გზააბნეული გოგოა, ხან ერთ საქმეს აკეთებს, ხან - მეორეს, ათას რამეს ედება. სხვადასხვაგვარი ინტერესი აქვს. ძალიან მოწესრიგებული, საყვარელი გოგოა, მაგრამ მისგან მოულოდნელობებსაც უნდა ელოდოთ.

GzaPress

- მაგალითად? - ფეთქებადი ხასიათი აქვს. ადამიანი კრიტიკულ სიტუაციაში ხომ ყველაზე კარგად ჩანს. კომედიურ ჟანრში ჯერ არ მითამაშია. ეს ჩემთვის გამოწვევაა, რომელსაც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.

- გადაღებების პროცესი როგორია?

- ძალიან საინტერესოა. სხვა სტილის თამაში გვიწევს. მსახიობების ახალგაზრდა თაობიდან თითქმის ყველა ჩემი მეგობარია და მუშაობა სახალისოა. სერიები თანდათან იწერება. ჯერ ჩემი პერსონაჟის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი.

- როგორ ფიქრობ, იმის გამო, რომ თამაშობ სერიალში, რომელიც "იმედზე" გავა, "ჩემი ცოლის დაქალებში" შენი პერსონაჟის ხაზის განვითარება ხომ არ შეფერხდება?

- ამაზე, რა თქმა უნდა, ვიფიქრე. "ჩემი ცოლის დაქალებში" 16-17 წლის გოგოს ვთამაშობ, ახალ სერიალში კი ჩემი პერსონაჟი მისგან სრულიად განსხვავებულია. ეს ორი გმირი ერთმანეთს არაფრით ჰგავს და რატომ უნდა შეაფერხოს? მიხარია, რომ განსხვავებულ ტიპაჟებს ვთამაშობ. "ჩემი ცოლის დაქალებში" განსახიერებულმა პერსონაჟმა პოპულარობა მომიტანა. ქუჩაში მცნობენ, მაჩერებენ, ბავშვები განსაკუთრებით გულწრფელები არიან. ჩემი პერსონაჟის თანატოლები ემოციებს გამოხატავენ. დიდებიც მცნობენ, მაგრამ ნაკლებად იმჩნევენ.

- საოცნებო როლი გაქვს?

- ყოველ წელს სურვილები იცვლება. ძალიან მინდა ფსიქოლოგიურ დრამაში ვითამაშო. ზოგიერთ როლს ასაკი სჭირდება. როლისთვის რაც უფრო მეტი გარდასახვა გჭირდება, სათამაშოდ რაც უფრო რთულია, უფრო საინტერესოა. არ მინდა, ისეთ პერსონაჟებს ვასახიერებდე, რომლებიც მე მგვანან. საკუთარი თავის თამაში უინტერესო და თან ძალიან მარტივია.

- კასტინგებზე ხშირად დადიხარ?

- კი, ყოველთვის დავდივარ. კასტინგზე გასვლაც გამოცდილებაა. შეიძლება ფილმში არ დაგაკავონ, მაგრამ გარკვეულ გამოცდილებას მაინც იღებ.

- პირად ცხოვრებაზეც გკითხავ: შეყვარებული ხარ. შენი და ლუკას (მსახიობი ლუკა თარხან-მოურავი) სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- ლუკა თეატრალურში გავიცანი, ჯგუფელები ვართ. ერთმანეთი პირველი კურსიდან გვიყვარს. ერთ პროექტზე, ერთ რეკლამაზე ხშირად გვიმუშავია. ერთმანეთს რჩევებს ხშირად ვაძლევთ და პროფესიულ განვითარებაში ვეხმარებით.

- როგორი შეყვარებულები ხართ, რომანტიზმი თქვენს ურთიერთობაში დიდი დოზით არის?

- ჩვენი ურთიერთობა სულ რომანტიზმია. ამ მდგომარეობას იმდენად მივეჩვიე, იმდენად ყოველდღიური ფორმა მიიღო, განსაკუთრებულ ამბად ვეღარც ვთვლი.

- დაოჯახების თემა განიხილება?

- ჯერ "ფეხზე ვდგებით", ვმუშაობთ, ვსწავლობთ. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ორივეს გვინდა ამერიკაში წავიდეთ და სწავლა იქ გავაგრძელოთ. ახლა ჩვენი პირველი მიზანი ეს არის.

GzaPress

- შენს ოჯახზეც მიამბე. - მყავს მშობლები: მამა ექიმია, დედა - იურისტი. მათგან სრულიად განსხვავებული პროფესია ავირჩიე. მყავს 2 უფროსი ძმა და შეიძლება ითქვას, მათი გაზრდილი ვარ. ხან ბალეტზე მატარებდნენ, ხან სამსახიობო სფეროში ვცდიდი ბედს. ძალიან მიხარია, რომ ბავშვობაში არ შემბოჭეს. 5 წლის ასაკიდან, სადაც მინდოდა, იქ დავდიოდი, რაც მაინტერესებდა, იმას ვსწავლობდი და ოჯახისგან ყოველთვის დიდი მხარდაჭერა და თავისუფლება მქონდა. ძალიან ბევრი ისე ირჩევს პროფესიას, ყურს არა საკუთარ სურვილებს, არამედ სხვის რჩევებს უგდებს და მერე ამ ადამიანებს საკუთარი თავის რეალიზება უჭირთ. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თავად მიმეღო და შეცდომას თუ დავუშვებდი, პასუხისმგებლობაც თავად ამეღო.

- შეცდომების დაშვების გეშინია?

- კი, ფრთხილი ადამიანი ვარ. რისკზე ხშირად არ მივდივარ. ვფრთხილობ, რომ მერე არ მეტკინოს. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას როცა ვიღებ, თან ვფიქრობ, როგორც მე მსურს, ისე რომ არ გამოვიდეს, მერე რა იქნება? ჩემთვის მეორე ვარიანტსაც განვიხილავ.

- მაყურებლის აზრი შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია? კრიტიკაზე, შექებაზე როგორ რეაგირებ?

- ნებისმიერ შემთხვევაში სიმშვიდეს ვინარჩუნებ. ძალიან კარგი შეფასებებიც მომისმენია და ცუდი შეფასებებიც წამიკითხავს. დადებითი შეფასებები ისე არ მახარებს, რომ თავში ამივარდეს და განვითარებაზე ფიქრი, შრომა შევწყვიტო. უარყოფით შეფასებებსაც მშვიდად ვუდგები, არ მინდა დამთრგუნოს. შექებასა და კრიტიკას შორის ყოველთვის ვცდილობ, შუალედი ვიპოვო.

თამუნა კვინიკაძე