გიორგი მახარაძე თავგადასავლების ძიებაში - გზაპრესი

გიორგი მახარაძე თავგადასავლების ძიებაში

"გაორებული, არაორგანიზებული, ზედაპირული და მოუთმენელია. მასში ყოველთვის ორი ადამიანი ცხოვრობს და ხასიათიც ელვის სისწრაფით ეცვლება, ასეთივე სისწრაფით იცვლის სამსახურს, გადაწყვეტილებებს და საცხოვრებელ ადგილს. ხშირად ცინიკოსია, არაკეთილსინდისიერი მეთოდებით თამაშსაც არ ერიდება. ტემპერამენტიანი და ფეთქებადია, კონფლიქტურ სიტუაციაში წონასწორობას მარტივად კარგავს, მაგრამ მისი რისხვა ხანმოკლეა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ ტყუპს, ეს მსახიობ გიორგი მახარაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია ძალიან მაინტერესებს. ჩემი ნიშნის დახასიათებიდან ჩემს ხასიათს ბევრი რამ ემთხვევა. სულსწრაფი ვარ, ამ შემთხვევაში, ტყუპის მოუთმენლობას გურულობაც ემატება და მერწმუნე, ეს უკვე სხვა ხარისხია (იცინის).

- თუ იცი, შენი ნიშნის თილისმა რა არის?

- არა.

- ნიღაბი.

- მსახიობობა ამიტომ ავირჩიე? ვა! ეს მართლა არ ვიცოდი. ვიცი, რომ ჰაერის სტიქია ვარ.

- გაორებული ადამიანი ხარ?

- მაგაზე სულ ვფიქრობ და ვერ გავიგე. ხანდახან მგონია, რომ გაორებული ვარ, ხანდახან საპირისპიროს ვფიქრობ.

- გაორებულობაც ეს არის.

- ხასიათი ძალიან სწრაფად მეცვლება. ერთმა სიტყვამ, ერთმა გამოხედვამ, რაღაც უმნიშვნელო დეტალმა შესაძლოა, რადიკალურად განსხვავებულ ხასიათზე დამაყენოს.

- ეს დამღლელია?

- რთულია, საკუთარ თავთან ჭიდაობა გიწევს.

- "არაორგანიზებული, ზედაპირული და მოუთმენელია".

- ძალიან მოუთმენელი ვარ. თუ ვიცი, რაღაც უნდა მაჩუქონ, რაღაც უნდა მომიტანონ, რაღაც უნდა შევიძინო ან გავაკეთო, ის ამბავი ხვალისთვის თუ გადაიდო, ძალიან ცუდად ვხდები, ვგიჟდები.

- სულსწრაფობა და მოუთმენლობა საქმის კეთების დროსაც გჩვევია?

- კი. ერთდროულად შეიძლება 7 საქმე დავიწყო, მერე დროს სწორად ვეღარ ვანაწილებ. ზოგიერთ საქმეს შუა გზაში ვტოვებ, ზოგიერთი ბოლომდე მიმყავს. საფუძვლიანად ვერ ვეკიდები, ეს ჩემი მინუსია და ამის გამოსწორებაზე აუცილებლად უნდა ვიმუშაო.

- "მას უყვარს ტყუილების თქმა".

- (იცინის) ბოროტი ტყუილები არასდროს მითქვამს. ჩემს სიტყვას არასდროს არავინ დაუზარალებია, ვინმესთვის გული არასდროს მიტკენია. უმნიშვნელო ტყუილს კი ყველა ჩვენგანი ვამბობთ.

- ბოლოს რა მოიტყუე?

- არ მახსოვს, ალბათ რაღაც უმნიშვნელო იყო.

GzaPress

- ფანტაზიორი ხარ? - კი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, რეალობას არ მოვწყდე.

- "არ უყვარს ერთ რამეზე ან ერთ ვინმეზე მიჯაჭვა, ხასიათის ადამიანია".

- ეს ტყუპისთვის დამახასიათებელი და მე ვფიქრობ, მკვეთრად გამოკვეთილი თვისებაა. ერთფეროვნება მკლავს, ძალიან მალე მბეზრდება. სულ ვცდილობ, რაღაც სიახლე მოვძებნო. ვერ ვუძლებ რუტინას, სულ თავგადასავალს ვეძებ. ზოგჯერ სიახლისკენ სწრაფვის სურვილი მცირე დეტალითაც შეიძლება დავიკმაყოფილო.

- "უჭირს მეორეხარისხოვნის პირველისგან გარჩევა".

- ვერ დავეთანხმები. პრიორიტეტების დალაგებაში შეიძლება რაღაც შეცდომა გამეპაროს, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება.

- "მასში ყოველთვის 2 ადამიანი ცხოვრობს და ხასიათი ელვის სისწრაფით ეცვლება. ასეთივე სისწრაფით იცვლის სამსახურს, გადაწყვეტილებებს და საცხოვრებელ ადგილსაც კი".

- საცხოვრებელ ადგილს ვიცვლი, მაგრამ სულ ჩემს უბანში ვტრიალებ.

- "ადამიანებს სხარტი გონებით აოცებს".

- აქაც გურულობა ემატება. ხომ გითხარი, გურული ტყუპი სხვა ფენომენია. გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან ადვილად და სწრაფად ვპოულობ. შეიძლება ეს გონების სისხარტედ ჩავთვალოთ.

- "მისი გადარწმუნება შეუძლებელია".

- ასე არ არის. დამაჯერებელ არგუმენტს თუ მოვისმენ, აუცილებლად დავფიქრდები, გავაანალიზებ და შესაძლოა, აზრიც შემეცვალოს. ეს ნორმალურია, არ "მიტყდება". არ ვთვლი, რომ ეს ჩამოუყალიბებლობის ნიშანია. განსხვავებული აზრის მოსმენა არ მაღიზიანებს.

- "ხშირად ცინიკოსია".

- ცინიკოსი საერთოდ არ ვარ და არც ასეთი ადამიანები მიყვარს.

- სხვისი ცინიზმის ობიექტი ყოფილხარ? ამ დროს როგორ იქცევი?

- შეიძლება სურვილი ჰქონიათ, მაგრამ მგონია, როცა ადამიანი იუმორთან კარგად ხარ, ვიღაცის ცინიზმს იუმორით უნდა უპასუხო და არა - ცინიზმით. ამით უნდა მიახვედრო, რომ არაფერი გამოუვა.

- "სხვებში ბევრ უარყოფითს პოულობს და არ პატიობს".

- ასე ნამდვილად არ არის. ჩემზე ყველაზე ნაკლებად შეიძლება ითქვას რომ ვინმეს რამეს არ ვპატიობ. იმ მომენტში შეიძლება, ძალიან მეწყინოს, ავფეთქდე, გულთან ახლოს მივიტანო, მაგრამ ბრაზი ერთ საათში გადამივლის. ადამიანებში დადებითს უფრო ხშირად ვეძებ და მერე იმედგაცრუებული ვრჩები. ყველას ადვილად ვუმეგობრდები.

- "არაპუნქტუალურია, გამუდმებით ყველგან აგვიანებს".

- (იცინის) რა ვქნა, ვაღიარებ, ასეა და ვცდილობ, ჩემში ამ თვისებას მოვერიო. ხანდახან არ გამომდის, ხანდახან ისე გამოდის, ლოდინი თავად მიწევს.

- "ის გამუდმებით დახვეწას და იდეალთან მიახლოებას ცდილობს".

- ნეტავ ეს თვისება მართლა მქონდეს. მსახიობი რომ განვითარდეს, ყოველთვის საკუთარ თავზე უნდა მუშაობდეს. ამ მხრივ, ჩემს თავს ნაკლებ ყურადღებას ვუთმობ. მომავალში ეს უნარი აუცილებლად უნდა გამოვიმუშაო.

- "მფლანგველია".

- მფლანგველი რომ ვიყო, შესაძლებლობაც უნდა მქონდეს. ალბათ მაინც ასე ითქმის, რადგან თანხა 2 დღე არ მიჩერდება.

- "ტყუპის ბუნებაში არსებობს ბუნებრივი სიცივე".

- ბევრ მეგობარს უთქვამს, სანამ დავმეგობრდებოდით და ახლოს გაგიცნობდი, შენზე უარყოფითი წარმოდგენა მქონდაო, მერე შეხედულება ეცვლებათ. არ ვიცი, ასეთ შთაბეჭდილებას რატომ ვტოვებ.

- "განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქათინაურების მიმართ. უთხარით უმნიშვნელო კომპლიმენტი და მისი გული საბოლოოდ მოგებული გექნებათ".

- ყველაზე უხერხულ მდგომარეობაში მაშინ ვარ, როცა საჯაროდ მაქებენ. მინდა გავიქცე, იქაურობას გავეცალო. გულის სიღრმეში, სასიამოვნოც არის, მაგრამ იმასაც გრძნობ, ვინ გეუბნება სიმართლეს, ვინ აჭარბებს, ვინ არის გულწრფელი, ვისი შექებაა ყალბი.

- "ტემპერამენტიანი და ფეთქებადი ცხენი კონფლიქტურ სიტუაციაში წონასწორობას ადვილად კარგავს, მაგრამ მისი რისხვა ხანმოკლეა".

- ვცდილობ და გამომდის კიდეც, რომ თავი მაქსიმალურად შევიკავო. წონასწორობა თუ დავკარგე, მერე შეიძლება რაღაც გავტეხო, ვიყვირო... რაც მთავარია, ზიანს არავის ვაყენებ. ნერვები ყველას გვაქვს და დღეს კარგ დღეში - არავის. ტემპერამენტიანი და ძალიან ემოციური ვარ, მაგრამ ადვილად ფეთქებადი - არა.

- "ხშირად არაკეთილსინდისიერი მეთოდებით თამაშსაც არ ერიდება".

- ჩემთვის ძალიან მიუღებელი და დისკომფორტის შემქმნელია როლისთვის "ჩალიჩი". მე არ შემიძლია საკუთარი თავის პიარი, ვინმესთვის შეთავაზება. არადა, ათასი გზა არსებობს, რომელსაც არასდროს მივმართავ. შეიძლება ეს უარყოფითი თვისებაც არის.

- "მიუხედავად გამოკვეთილი ეგოიზმისა, სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა უყვარს".

- ეგოისტი ვარ, მაგრამ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ მჩვევია. ხომ ამბობენ, დედისერთა ბავშვები ეგოისტები არიანო, დღემდე ვერ მივხვდი, ეს რას ნიშნავს. ეგოისტი მხოლოდ ურთიერთობაში ვარ. ვინც მიყვარს, მარტო ჩემი მინდა იყოს, სულ ესაა ჩემი ეგოიზმი.

- "თავად სხვის აზრს იშვიათად ითვალისწინებს".

- ალბათ ასეა, რადგან იშვიათად არის გასათვალისწინებელი. ვთვლი, რომ ჩამოყალიბებული ადამიანი ვარ, ჩემი შეხედულებები, პრიორიტეტები და მიზანი მაქვს ცხოვრებაში. სხვას ყოველთვის ვუსმენ. მოწოდებული აზრი გასათვალისწინებელი თუ იქნება, გავითვალისწინებ, მაგრამ არის რაღაც, რაშიც ჩემი აზრები უფრო მნიშვნელოვანია და წინ ვაყენებ.

- "შეყვარებული ცხენი გულის სწორის გამო, ბევრ დათმობაზე წამსვლელია. ამ ადამიანის ვნება ძლიერია. ამას ემატება პრინციპული ხასიათი. აქედან გამომდინარე, მისთვის სასიყვარულო ფრონტზე წაგება, იშვიათი მოვლენაა".

- კი, იშვიათი მოვლენაა. 7 წელია, ამ "ფრონტზე" სულ მოგებული ვარ (იცინის). მე და მარიამი (მსახიობი მარიამ ნადირაძე) ახლა ურთიერთობის სხვა ეტაპზე ვართ. უკვე სერიოზულად ვფიქრობთ, ბავშვი გავაჩინოთ. აქამდე ასე არასდროს გნდომებია.

- ოჯახის დანგრევა "წაგება" არ იყო? იმდროინდელ მდგომარეობას რას დაარქმევ?

- ძალიან პატარები ვიყავით. არავის ვურჩევ, 19 წლის ასაკში იქორწინოს, ძალიან ადრეა. 9 წლის შვილი მყავს. ელენე არის ადამიანი, რომელიც დედამიწის ზურგზე, ყველაზე მეტად მიყვარს. დრედებით რომ მნახა, მანაც მოინდომა. ავუხსენი, გაკეთების პროცესი ძალიან მტკივნეულია, თმა დამეწიწკნა, ლამის გავგიჟდი. ამ ტკივილს თუ გადაიტან, წავიდეთ-მეთქი, ფიქრობს.

- დრედების გაკეთება რატომ მოინდომე?

- ამაზე დიდხანს არ მიფიქრია, არ დამიგეგმავს, უბრალოდ, ერთ დღეს მომინდა და სალონში წავედი. "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებები რომ დამეწყება, სავარაუდოდ, შეჭრა მომიწევს. არა მგონია, მაქსიმეს ეს გადაწყვეტილება მიეღო. მის ხასიათში დრედები არ ჯდება.

- დაბოლოს, უხერხული თუ არ არის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გკითხავ.

- ახლა კარგად ვარ. რამდენიმე დღის წინ გამოკვლევა ჩავიტარე და პასუხები დამაკმაყოფილებელია. ყველაფერი ნორმალურად არის. 5 წლის განმავლობაში, გამოკვლევა ყოველ წელს უნდა ჩავიტარო.

- ჯანმრთელობას და ბევრ წარმატებას გისურვებ. მადლობა ინტერვიუსთვის!

- გმადლობ.

თამუნა კვინიკაძე