"არსად მსოფლიოში ასეთი სუფთა წვიმა არ მინახავს, როგორიც ბათუმშია" - გზაპრესი

"არსად მსოფლიოში ასეთი სუფთა წვიმა არ მინახავს, როგორიც ბათუმშია"

ანსამბლ "ალილოს" წელს 20 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 24 ნოემბერს სოლო კონცერტით აღნიშნავენ, სადაც მონაწილეობას მიიღებს არა მარტო დღევანდელი შემადგენლობა, არამედ ყველა, ვისაც კი ოდესმე ანსამბლში უმღერია.

შეგახსენებთ, "ალილო" ჩამოაყალიბა გურამ თამაზაშვილმა და გარდაცვალებამდე ხელმძღვანელი იყო. ანსამბლის დაარსების დღიდან მისი წევრია ლაშა ღლონტი, რომლის არაერთი სიმღერა იქცა ჰიტად.

- ბატონო ლაშა, როგორ გაიცანით გურამ თამაზაშვილი?

- "ქართული ხმების" მომღერლებთან ვმეგობრობდი. როცა გურამ თამაზაშვილმა ანსამბლის შექმნა გადაწყვიტა, გადმომცეს მისი თხოვნა, მივსულიყავი ახალ ანსამბლში. ერთ დღესაც მივედი ბატონ გურამთან, რომელმაც ასე ვთქვათ, გვერდში დგომა მთხოვა. სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ის იყო გენიალური მომღერალი და არაჩვეულებრივი პიროვნება. მე ვფიქრობ, საქართველო ჯერ ვერ აფასებს სათანადოდ ბატონი გურამის ნიჭსა და ღვაწლს ქართული სიმღერის განვითარების საქმეში. მის კეთილშობილებაზე ასეთი ფაქტიც მიუთითებს: ერთხელ არავითარი საშუალება რომ არ ჰქონდა, ნასესხები თანხით ნაყიდი პროდუქტებით სატვირთო მანქანა დატვირთა, წაიღო თავის სოფელში და მეზობლებს დაურიგა. საოცარი ადამიანი იყო... არიან მომღერლები, რომლებიც კარგად მღერიან, მაგრამ არიან მომღერლები, ვისაც სიმღერის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ - ასეთი იყო ბატონი გურამი, დიდი ხელოვანი და თავიდან ბოლომდე მუსიკოსი.

- თქვენი მუსიკალური გზა სკოლის გუნდში სიმღერით დაიწყო?

- დედაჩემის დამსახურებაა, რომ ვმღერი. მთელი ბავშვობა ჩემს სახლში ისმოდა სიმღერები ნანი ბრეგვაძის, "ცისფერი ტრიოს", ჰამლეტ გონაშვილის, ანსამბლ "რუსთავის" და სხვათა შესრულებით. ასე შემიყვარდა ქართული სიმღერა. მაგრამ მაშინ ცუდ ტონად ითვლებოდა ბიჭების ხალხურ ანსამბლში სიმღერა, ამისი კომპლექსი იყო. სხვათა შორის, "მართვემ" გაარღვია ეს კომპლექსი, როცა ანზორ ერქომაიშვილმა არაჩვეულებრივი ანსამბლი შექმნა. თუმცა, მე ბათუმში დავიბადე, იქ ვსწავლობდი და კომპლექსი მაინც მქონდა. სკოლის გუნდში შესარჩევად რომ მომისმინეს, სპეციალურად სხვა ხმა ვიმღერე. არ მინდოდა გუნდში ყოფნა, მაგრამ არ გამომივიდა, მაინც ჩამწერეს. მერე ისე შემიყვარდა სიმღერა, სკოლის დამთავრების შემდეგ, პირველ-მეორე კურსზე სწავლისას, ხანდახან ბათუმში იმისთვის ჩავდიოდი, რომ ჩემი სკოლის გუნდს დავხმარებოდი.

- ბათუმი ყველაზე მეტად რის გამო გიყვართ?

- დავიწყოთ იმით, რომ წვიმიანი ბათუმი მიყვარს. არსად მსოფლიოში ასეთი სუფთა წვიმა არ მინახავს. ბათუმი იანვარში უფრო მიყვარს, როცა არაა ბევრი ხალხი და ქალაქი არის მშვიდი, წყნარი. ამ ქალაქში სხვა ურთიერთობებია. იქ ძალიან წესიერი ხალხი ცხოვრობს - ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბათუმელი ვარ. ამ მხრივ განსაკუთრებით ძველი ხალხი გამოირჩეოდა. როდესაც სადმე წასვლა არ მინდოდა და მშობლებს ვეტყოდი: თუ ვინმე ტელეფონზე დარეკავს, უთხარით, რომ სახლში არა ვარ-მეთქი, ტყუილს ვერაფრით ვათქმევინებდი. იქაური კოლორიტები და ინტელიგენციის წარმომადგენლები ერთ კაფეში იკრიბებოდნენ, რომელსაც აკადემიას ეძახდნენ. იმ აკადემიის წევრი რომ გამხდარიყავი (ეს ძალიან დიდი პატივი იყო), პირველ რიგში, ქალაქელი უნდა ყოფილიყავი. ირჩევდნენ აკადემიის პრეზიდენტსაც, რომელიც უფრო მაღალი იყო, ვიდრე ნებისმიერი დიდი თანამდებობა. ზოგადად, პრეზიდენტობა იმდენად ავტორიტეტული იყო, რომ მის სიტყვას ქალაქში ყველაზე დიდი წონა ჰქონდა. მერე სამწუხაროდ, ეს ტრადიცია მოიშალა. ასეთი იყო ჩემი ბათუმი.

GzaPress

- გიტარაზე დაკვრა ბავშვობაში ისწავლეთ? - გიტარაზე ბებიამ შემიყვანა, როცა პატარა ვიყავი და ასე მითხრა: ბებია, თუ არაფერი გამევიდა შენგან, გიტარაზე დაკვრა მაინც გეცოდინება და ცხოვრებაში გამოგადგებაო. ყველაზე უფრო ეგ გამომადგა ცხოვრებაში! კარგად მახსოვს, ბებია თავისი პენსიიდან მიხდიდა ფულს გიტარის მასწავლებლისთვის. პირველი გიტარაც მან მიყიდა. გიტარაზე დიდხანს არ მივლია, შემდეგ ჩემით დავიწყე დაკვრა.

- რა იყო მერე?

- მერე ჩამოვედი თბილისში, ვცხოვრობდი ბიძასთან - რევაზ ღლონტთან, რომელიც ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მასთან იკრიბებოდნენ მწერლები, მხატვრები, მომღერლები... ძალიან გამიმართლა, გავიცანი ბევრი საინტერესო ხელოვანი და უამრავი ცნობილი ადამიანი. ესენი იყვნენ: გოგი დოლიძე, გურამ თამაზაშვილი, ზაურ ბოლქვაძე, მაცაცო სებისკვერაძე, მარიკა კვალიაშვილი... ვატო კახიძე ჩემი მეგობარია და ბატონი ჯანოს დაბადების დღეებზე ხშირად ვყოფილვარ, სადაც შევხვედრივარ გია ყანჩელს, ბიძინა კვერნაძეს, ომარ მხეიძეს, ნიკო ლეკიშვილსა და სხვებს. ბიძინა კვერნაძეს ძალიან უყვარდა "ალილოს" სიმღერები და პატივს გვცემდა. უკვე 10 წელია, ჰიტია სიმღერა "მონატრებიხარ ფიქრებს", დიდი მადლობა ნანა ცინცაძეს და დათო არჩვაძეს, რომლებმაც რადიკალურად შეცვალეს ჩემი ცხოვრება.

- როგორც ვიცი, სტუდენტობის დროსაც მღეროდით.

- სამედიცინო ინსტიტუტში ტრიოში ვმღეროდით დღეს უკვე ცნობილი ექიმები: სოსო ბურდულაძე, კახა იშხნელი (იშხნელების შთამომავალი) და მე. ტრიოს ბევრი თავგადასავალი გადახდენია. ერთხელ იტალიაში მოვხვდით, ძვირად ღირებულ რესტორანში დაგვპატიჟეს. ჰოდა, ისე მაგრად ვიმღერეთ, რომ ვიღაცებმა ფული შეგვიგროვეს და დაახლოებით 5.000 ევრო მოგვიტანეს. ხომ არ გამოვართმევდით, იქაურ მუსიკოსებს ვაჩუქეთ და დიდი აპლოდისმენტები დავიმსახურეთ.

- საზღვარგარეთ ხშირად დადიხართ კონცერტებით, რომელს გაიხსენებთ?

- შარშან ამერიკაში მეგობრებმა დაბადების დღე ორჯერ გადამიხადეს. ჯერ ფილადელფიაში, 8 დეკემბერი ამერიკის დროით როცა დადგა და მერე ნიუ-იორკში, საქართველოს დროით. ამას დაემთხვა ჩემი და ჩემი მეუღლის ქორწინების 25 წლისთავი. ასე აღვნიშნეთ ეს დღე და დაბადების დღეც. ამერიკაში გამართულ საღამოს კონცერტს ვერ დავარქმევდი, ეს იყო შეხვედრა ემიგრაციასთან. ამ ზაფხულს საბერძნეთში ვიყავით მთელი ოჯახი, ჯერ კონცერტი გავმართეთ ათენში და შემდეგ დასასვენებლად კუნძულ სანტორინზე წავედით.

- საქართველოში სად გქონდათ კონცერტები?

- წელს ერთი კომპანიის დახმარებით 65 კონცერტი გავმართე საქართველოს რაიონებში. ხშირად გამოვდივარ ბატონ მურმან ჯინორიასთან ერთად. მახარებს სავსე დარბაზები და ხალხის სიყვარული.

- როგორც ექიმი, ისევ ეწევით პრაქტიკულ საქმიანობას?

- ქირურგად ვმუშაობდი, მაგრამ თვალის პრობლემების გამო, სამედიცინო მენეჯმენტის კუთხით წავედი. ახლაც, ერთ-ერთ სამედიცინო კომპანიაში ამ საკითხებს ვკურირებ და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვარ.

- ახალ სიმღერებსა და გეგმებზე გვიამბეთ.

- ვფიქრობ საავტორო გადაცემის გაკეთებას. უამრავ ცნობილ ადამიანთან ვმეგობრობ, მინდა ისინი მოვიწვიო გადაცემაში და ზუსტად იმაზე ვესაუბრო, რაც არსად უთქვამთ. ამ იდეის შესახებ კონკრეტულ ტელევიზიასთან ჯერ არ მისაუბრია. ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მაქვს, რომელიც მინდა გადავცე მომავალ თაობას. შეიძლება პატარა ბროშურაც გამოვუშვა, უკვე მაქვს მონახაზები, რაც უნდა დავწერო. 5 და 6 ოქტომბერს ჩემი სოლო კონცერტები ჰააგასა და ამსტერდამში გაიმართება. ყველასთვის ნაცნობი სიმღერების გარდა, იმ სიმღერებს ვასრულებ, რომლებსაც ჩემთვის წერენ. ბოლოს თეა ჯინორიამ დამიწერა "ისევ განშორება", ნატო გელაშვილის ტექსტზე. ჩემი მიზანია ქართული სიმღერის გარშემო გავაერთიანო სხვადასხვა შეხედულების ადამიანები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებასაც.

ნანული ზოტიკიშვილი