"ეს იყო ქარიშხალი ჭიქაში" - გზაპრესი

"ეს იყო ქარიშხალი ჭიქაში"

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მოსაზრებამ საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რასმუსენის თქმით, შესაძლოა, საქართველო ნატოში ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე შევიდეს და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე მერე იზრუნოს. თავისი იდეის გასამყარებლად, რასმუსენმა გერმანიის მაგალითი მოიყვანა, რომელიც "ცივი ომის" დროს ორად იყო გაყოფილი და მოგვიანებით გაერთიანდა...

მის ნათქვამს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და სოციალურ ქსელებში მწვავე დებატები მოჰყვა. ჩვენ დავინტერესდით, როგორ აფასებენ რასმუსენის მოსაზრებას ცნობილი ქართველები - პოლიტიკოსები თუ არაპოლიტიკოსები.

"ევროპის ქვეყნები რუსეთის განაწყენებას ერიდებიან"

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი: GzaPress- ჯერ უნდა გავარკვიოთ, რამდენად სიცოცხლისუნარიანია რასმუსენის იდეა. ის ხომ უკვე აღარ არის ნატოს გენერალური მდივანი. მეეჭვება, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე ნატოში შესვლაზე ამ ორგანიზაციის ყველა წევრი დათანხმდეს. იოლი გამოსაცნობია, რომ იტალია და საფრანგეთი არ დათანხმდება, რადგან რუსეთთან ახალი ალიანსის შექმნის მომხრეა. საეჭვოა თურქეთის პოზიციაც - მოგეხსენებათ, ერდოღანს რუსეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს. გარანტირებულად ვიცით მხოლოდ ის, რომ ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი დაგვიჭერენ მხარს, დასავლეთ ევროპის ქვეყნები კი რუსეთის განაწყენებას მოერიდებიან. რა თქმა უნდა, ნატოში შესვლა ახალი ტერიტორიების დაკარგვისგან დაგვიცავდა, მაგრამ ეს ამჟამად მხოლოდ იდეაა. ამ ორგანიზაციაში შესვლა მარტივი არ არის - ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც მომზადება სჭირდება. კარგი იქნება, ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის აზრი გაირკვეს. არ შეიძლება ერთ დღეს დედაქალაქში ნატოს საწინააღმდეგო აქცია იმართებოდეს და მეორე დღეს - ნატოს მხარდამჭერები იკრიბებოდნენ - ასე არაფერი გამოვა. თუ იმის გარანტია გვექნება, რომ მთელი ჩვენი ტერიტორია ნატოს ქოლგის ქვეშ მოექცევა, კარგია.

"რასმუსენმა გზა გვიჩვენა..."

კოტე ყუბანეიშვილი, პოეტი: GzaPress- არ მიკვირს, რომ რასმუსენის სიტყვებს დიდი რეზონანსი მოჰყვა: ადამიანმა გზა გვიჩვენა, ყველაფერს პირდაპირ ხომ არ გვეტყოდა? თუმცა, ჩვენც უნდა ვეცადოთ, თორემ შეიძლება ერთ დილით გავიღვიძოთ და საბჭოთა კავშირში აღმოვჩნდეთ. ამას ხომ ჯობია, რა ტერიტორიაც დაგვრჩა, ის მაინც გადავარჩინოთ? დაკარგული რეგიონების შემოერთებაზე მერე უნდა ვიფიქროთ, ჯერ შევაღწიოთ ნატოში. როგორ და რანაირად, ეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა დასავლეთის დახმარებით უნდა გადაწყვიტონ. ეს ხალხი ცდილობს დაგვეხმაროს და ჩვენც ხელი უნდა შევუწყოთ. როცა იხრჩობი, უნდა ეცადო, გაცურო და მერე ვიღაც გიშველის, მაგრამ თუ ხელებს ჩამოუშვებ და დინებას მიჰყვები, ჩაიძირები, ჩაძირულს კი უკვე ვეღარავინ დაგეხმარება. დღეს ჩვენი საზღვრებიც არ არის დაცული. რუსეთი ნელ-ნელა მოცოცავს და ყოველ კვირაში თითო სოფელს ვკარგავთ. ამ სოფლებში მცხოვრები ხალხი დილით რომ იღვიძებს, უკვე სხვა სახელმწიფოში ცხოვრობს. როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?! ამ სიტუაციაში ძალიან მტკიცე და გავლენიანი მოკავშირე გვჭირდება.

"საზოგადოებამ მისი სიტყვები ხელოვნურად გააზვიადა"

მანანა ნაჭყებია, პოლიტიკოსი: GzaPress- ეს ერთი ადამიანის განცხადება იყო, რომელიც უკვე აღარ არის ნატოს გენერალური მდივანი. როგორც ჩანს, მან ბევრი იფიქრა, როგორ მოევლო საქართველოს პრობლემებისთვის და ყველაზე მართებულად ეს გზა მიიჩნია. ჩვენმა საზოგადოებამ მისი სიტყვები ხელოვნურად გააზვიადა და ისე გამოვიდა, რომ ნატოში შესვლის სანაცვლოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარს ვამბობთ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. თუ ნატოში შევალთ, ეს ორგანიზაცია საქართველოს უსაფრთხოებასა და მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზეც იზრუნებს.

ძალიან სამწუხარო გახლდათ მმართველი გუნდის იმ წევრების უარყოფითი კომენტარების წაკითხვა, რომლებიც მე დასავლეთის მომხრეებად მიმაჩნია. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" ეშინია მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის, რომ რუსეთი არ გააღიზიანოს. პრორუსული პოლიტიკური ძალების ფუთფუთი და აღელვებაც გასაგებია, რადგან ნატოში შესვლა ნიშნავს, რომ რუსეთი ვეღარ შეძლებს ჩვენი ტერიტორიების მიტაცებას. რასაკვირველია, ეს სულაც არ შედის მოსკოვის მომხრეთა გეგმებში.

რასმუსენის განცხადება სულაც არ ნიშნავს, რომ ალიანსი ამ გეგმის განხორციელებას ხვალვე შეუდგება, მაგრამ ამ განცხადებით ნატოს ყოფილმა ხელმძღვანელმა დაგვიდასტურა, რომ საქართველოზე ფიქრობს და მზად არის თავისი გავლენა გამოიყენოს. ამხელა აჟიოტაჟის აგორება მის სიტყვებზე ნამდვილად არ ღირდა. საქართველოს მთავრობამ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს დასავლეთთან და ამ ორგანიზაციასთან, რადგან ნატოს წევრობა ნიშნავს, რომ საქართველოში ომი აღარ იქნება, ქართულ მიწებს დაუკითხავად ვერავინ მიითვისებს.

"შიშის გამო ღირსებასა და თავისუფლებაზე უარი არ უნდა ვთქვათ"

კახა გოგიძე, მსახიობი: GzaPress- რასმუსენმა გერმანიის მაგალითი შემთხვევით როდი მოიყვანა. საქართველო აუცილებლად სჭირდება ევროპას, ნატოს და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებს, მაგრამ ჩვენ გამო ომს მაინც ვერავინ წამოიწყებს. ამიტომ, ახლა რა მდგომარეობაშიც ვართ, ნატოში ისე უნდა შევიდეთ, დაკარგულ ტერიტორიებს კი მერე დავიბრუნებთ. ჩვენ უნდა შევთავაზოთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ მოსახლეობას, რომ ჩვენთან ერთად იცხოვრონ. რუსეთი დიდი ქვეყანაა, მისი ევროპელებსაც ეშინიათ, ჩვენც გვეშინია, მაგრამ შიშის გამო ღირსებასა და თავისუფლებაზე უარი არ უნდა ვთქვათ. გავიხსენოთ "ჯაყოს ხიზნები": ჯაყომ ბრინკას (თეიმურაზ ხევისთავს) ყველაფერი წაართვა - ღირსების ჩათვლით; წაართვა იმიტომ, რომ ბრინკა ხმას არ იღებდა და არ იბრძოდა. ჩვენც თუ არ ვიბრძოლებთ, იგივე დაგვემართება. იმას კი არ ვამბობ, რომ რუსეთთან ომი უნდა დავიწყოთ - ჭკუა უნდა დავუპირისპიროთ და რაც შეგვიძლია, ის მაინც ვაკეთოთ. ბოლოს და ბოლოს, რესტორნებში რუსული მუსიკა არ უნდა ჩავრთოთ... სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: დღეს ჩვენს ქვეყანაში უცხო ქვეყნის ჯარისკაცები დგანან და ისინი უნდა წავიდნენ - ამას ნებისმიერი გზით უნდა მივაღწიოთ, ყველაზე გონივრული გზა საამისოდ, ნატოში შესვლაა.

"ნატოს კარი მუდმივად ღიაა, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ შევდივართ"

კობა დავითაშვილი, პოლიტიკოსი: GzaPress- ეს მხოლოდ განცხადება იყო. როგორც ვიცი, ჯეიმს აპატურაიმ და ნატოს ახლანდელმა ხელმძღვანელებმა სრულიად საპირისპირო რამ თქვეს. მარტო რასმუსენის პირადი მოსაზრებები კი ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, ამიტომ, ეს იყო ქარიშხალი ჭიქაში. სულ ტყუილად მოჰყვა მის სიტყვებს ცხარე კამათი და ტყუილად დახოცა ხალხმა ერთმანეთი სოციალურ ქსელებში. მე არც ერთი მხარის პოზიციას ვიზიარებ - არც იმათი, ვინც ამტკიცებს, რომ ნატოში აუცილებლად უნდა შევიდეთ და არც იმათ პოზიციას, ვინც ამტკიცებს, რომ არ უნდა შევიდეთ. ჩემთვის პროგრამა-მაქსიმუმი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაა, თუმცა, რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე ეს არ გამოვა. რუსეთი კი მაშინ დაგველაპარაკება, როცა ჩვენი ნატოში შესვლის საფრთხეს დაინახავს. სამწუხარო ის არის, რომ ნატოში მიღებას არავინ გვთავაზობს, მისი კარი მუდმივად ღიაა, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ შევდივართ, რადგან არავის სურს სხვის გამო თავი აიტკივოს. ამ სიტუაციას თავს მაშინ დავაღწევდით, ქვეყნის სათავეში პროქართული პოლიტიკური ძალა რომ იყოს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ძალები პრორუსულად და პროამერიკულად არის გაყოფილი. ჩვენი მოსახლეობაც, ნაწილი ერთს უჭერს მხარს, ნაწილი კი - მეორეს. პროქართული ძალა საქართველოში არ არსებობს და ეს ამ ქვეყნის ტრაგედიაა.

"როდემდე შეიძლება ვუყუროთ შუაზე გახლეჩილ საქართველოს?!"

ნატო გელაშვილი, მუსიკოსი: - უკვე იმდენი წელია ნატოში შესვლაზე ვლაპარაკობთ, რომ ეს ყველაფერი ილუზიის დონეზე რჩება. რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე ნატოში შესვლა ნებისმიერი ქართველისთვის წარმოუდგენელია. მათ გარეშე საქართველო იგივეა, რაც სამეგრელოს, იმერეთის ან სვანეთის გარეშე, მაგრამ თუ გარანტია გვექნება, რომ დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, უნდა გავრისკოთ. აბა, როდემდე შეიძლება გახლეჩილ საქართველოს ვუყუროთ?! მართალია, მე პოლიტიკაში ღრმად ჩახედული არ ვარ, მაგრამ თუ პოლიტიკოსები მოინდომებენ, ყველაფერს შეძლებენ. ფაქტია, ჩვენი ქვეყნის დაკარგული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ - რა ფორმით და როგორ მოხდება ეს - არ ვიცი. ეს დიდი პოლიტიკაა, სადაც ჩვენ - ჩვეულებრივი მოკვდავები ვერაფერს გადავწყვეტთ. მიუხედავად რთული სიტუაციისა, მე მაინც უფლის იმედი მაქვს და ვიცი, რომ მისი დახმარებით საქართველო ყველა განსაცდელს გადალახავს და აუცილებლად გადარჩება!

ხათუნა ჩიგოგიძე