მშობლებისგან დამოუკიდებლად გატარებული პირველი არდადეგები - გზაპრესი

მშობლებისგან დამოუკიდებლად გატარებული პირველი არდადეგები

სექტემბერში ბევრი ადამიანი შვებულების შემდგომი სტრესის დაძლევას, სამუშაო რეჟიმში დაბრუნებას ცდილობს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩვენს რესპონდენტებს ენერგია, სამუშაო შემართება არ აკლიათ და პირველი არდადეგებიც სიამოვნებით გაიხსენეს...

"საკუთარი თავის პატრონი თავად ვიყავი"

ბუბა მირცხულავა: - მშობლების გარეშე გატარებული პირველი არდადეგები ძალიან კარგი, მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი იყო. დასასვენებლად ძმაკაცებთან ერთად წავედი. ჩემი ასაკი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ სკოლის მოსწავლე ვიყავი. ძირითადად, როგორც ხდება ხოლმე, სამეგობრო წავედით და დრო სასიამოვნოდ გავატარეთ.

- მშობლები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას, რომ არდადეგები დამოუკიდებლად გაგეტარებინა? წინააღმდეგობა არ გაუწევიათ?

- არა, რა თქმა უნდა, რადგან უკვე ამის დრო იყო: 17-18 წლის რომ ხარ, რაღაცები უნდა გააკეთო - შინ ვერ დაჯდები და მუდმივად კედლებს ვერ დაუწყებ ყურებას.

- როგორი განცდა დაგეუფლა, როცა მშობლების მეთვალყურეობის გარეშე ისვენებდი?

- ეგ დიდად არ მიგრძნია, რადგან ძირითადად, ყველაფერს მარტო ვაკეთებდი ხოლმე. თეატრშიც რომ ვიყავი დაკავებული, იქ მარტო დავდიოდი. შესაბამისად, მშობლების მეთვალყურეობის გარეშე გატარებული პირველი არდადეგების გამო განცდილი დამოუკიდებლობა ჩემთვის სიახლე არ ყოფილა. ძირითადად, საკუთარი თავის პატრონი ვიყავი, ანუ ძალიან მცირე ასაკის მერე, მშობლები უკვე აღარ დამყვებოდნენ - ყველგან მარტო დავდიოდი. შესაბამისად, გარკვეულ დონეზე, ეს დამოუკიდებლობა ყოველთვის მქონდა. ამიტომ პირველი არდადეგები, ამ მხრივ, რაღაც განსაკუთრებული არ ყოფილა...

- გახსოვს, სამეგობრო სად წახვედით, როგორ ერთობოდით?

- ადგილი ზუსტად არ მახსოვს. ძირითადად ალბათ, ვსვამდით (იცინის). საძმაკაცოში როგორც ერთობიან, ჩვენც ისე ვერთობოდით...

"ეგ დრო ძალიან "სვეტსკად" მახსენდება" GzaPress გიორგი გილიგაშვილი: - ბავშვობაში გაცვლითი პროგრამით ინგლისში გავემგზავრე. 13 წლისა ლონდონში ყველა ახლობლის გარეშე აღმოვჩნდი. წარმოიდგინეთ, ინგლისური იმ დონეზე არ ვიცოდი, რომ მესაუბრა. ეგ დრო ძალიან "სვეტსკად" მახსენდება (იღიმის)... მოგეხსენებათ, თვითმფრინავში ზოგი ცუდად ხდება, ზოგი კარგადაა. მე არ ვიცოდი, რა დამემართებოდა. ამის გამო, ძალიან ვღელავდი. იმ ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, რომლითაც ვსარგებლობდი, ჩვენი ოჯახის ახლობელი იყო. ბიჭებს უთხრა, - გიორგი წინ დასვითო (საიდანაც თვითმფრინავი იმართება). წარმოიდგინეთ, იმდენი ციფერბლატი, ისარი და წამმზომი დავინახე, თვალები ამიჭრელდა. თან დაძაბული ვიყავი, ცუდად არ გავმხდარიყავი. თვითმფრინავი აფრინდა. ვერ წარმოიდგენთ, ისე გამიხარდა, რომ არაფერი მომივიდა!.. შემდეგ მკითხეს, - გინდა, თვითმფრინავის სამართავთან დაჯდეო? - კი, მინდა-მეთქი. დავჯექი, ბედნიერი ვიყავი, გვერდით პილოტი მეჯდა. უცებ ეს ბიჭიც (პილოტი) ადგა და გავიდა. ლამის გული გამისკდა: მეგონა, უკან მსხდომ მთელ ეკიპაჟს ვხოცავდი! - ბიჭებო, მოდით, მოდით-მეთქი, - ვეძახდი. თურმე, ავტოპილოტი ყოფილა ჩართული, მე არაფერ შუაში ვყოფილვარ. ასე გამეხუმრნენ (იცინის)... ინგლისში რომ ჩავედი, იქ ერთი-ორმა მოსწავლემ თავი გამალახვინა. "მაგარი ბიჭების" ჯგუფები დამხვდა. ალბათ არ იცოდნენ, რომ საქართველოში ბავშვები დღე და ღამე ჩხუბობდნენ. ისე მოხდა, რომ რამდენიმე მათგანთან შეჯახება მომიხდა, მაგრამ ორთაბრძოლა საქართველოს წარმომადგენლის გამარჯვებით დასრულდა (იცინის). მას შემდეგ, ჩემ შესახებ ყველა იძახდა, - ვან დამის შვილიაო. ბავშვობაში ვან დამს რაღაცით მართლა ვგავდი. თან, თმა უკან მქონდა გადავარცხნილი. ბუნებრივია, მაშინ წვერიც არ მექნებოდა... მოკლედ, სამშობლოში გამარჯვებული დავბრუნდი (იღიმის).

"ჩიფსების თაობამდე"გატარებული არდადეგები GzaPress ნათია წიწილაშვილი: - მახსოვს, იმ ზაფხულს 17-18 წლის ვიყავი. სექტემბრიდან "ჩიფსების თაობა" იწყებოდა: ზუსტად იმ წელს კასტინგზე ვიყავი და სერიალში როლზე დამამტკიცეს. სექტემბრიდან გადაღებები უნდა დაგვეწყო. მანამდე მე და ჩემი მეგობრები ქობულეთში წავედით. მგონი, ქვიშის რაგბის თამაშები იმართებოდა, სადაც შემხვდნენ შონზო, დრუპი... 1-2 დღე მათთან ერთადაც დავყავი. ეს არდადეგები კარგად მახსოვს, რადგან ფაქტობრივად, ჩემი კარიერა სწორედ იმ წელს დაიწყო (იღიმის)...

"ორმაგი სტანდარტით" დასვენება GzaPress გიორგი გაგლოევი: - სიმართლე გითხრა, პირველად სად დავისვენე დამოუკიდებლად, აღარ მახსოვს, მაგრამ პირველი კარგი დასვენების შესახებ მოგიყვებით, როცა მეგობრებთან ერთად, ზღვაზე "გავილაშქრე" - მთელი 2 თვით გავემგზავრე. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ "ორმაგი სტანდარტი" მქონდა: უნდა დამესვენა და თან, მემუშავა. 12-14 წლის წინანდელი ამბის შესახებ ვსაუბრობ, როცა ცივილიზაცია ახალი შემოსული იყო. ზღვის პირას ლაუნჯ-კლუბი იყო, პუფიანი შეზლონგები იდგა... იქ, ბარში უნდა მემუშავა, რაც ძალიან მარტივი იყო: ვისვენებდი, ზღვაში ვცურავდი, მერე მუშაობას განვაგრძობდი... საკმაოდ ბევრი ფულიც ვიშოვე. დამოუკიდებლობის განცდაც ორმაგად მქონდა, რადგან დასვენების პარალელურად ვმუშაობდი. სასაცილოა, არდადეგების გასატარებლად ფული კი არ დავხარჯე, პირიქით - ვიშოვე. კარგად დავისვენე და თბილისში ბედნიერი დავბრუნდი. იმ ფულით ბევრი "ზმანიც" ვიყიდე.

- როგორ გარემოში იზრდებოდი, დასასვენებლად მარტოს იოლად გიშვებდნენ?

- არა, რას ლაპარაკობ, სახლში "900" კაცი მეხვია თავს. დიდ ოჯახში ვცხოვრობდი. გარეთ 15 წუთითაც რომ გავსულიყავი, ოჯახის უფროსი წევრები მაშინვე ინტერესდებოდნენ, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან საკუთარი თავის დამოუკიდებლად რჩენა დავიწყე. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, ფაქტობრივად სულ ვმუშაობ - 12-14 წელია, არავის კისერზე არ ვარ ჩამოკიდებული. ამაყად შემიძლია, ვთქვა, რომ დამოუკიდებლად ვიზრდები ფინანსურად, თორემ ისე, პატრონობა მჭირდება ხოლმე - თუ ვინმემ არ მომიარა, არ შემიძლია.

- რას გულისხმობ?

- მაგალითად, როცა რაღაც გასარეცხია, გასაკეთებელია ან საჭმელია მოსამზადებელი, ამაში აუცილებლად ვიღაცების დახმარება მჭირდება, თორემ მარტო კვერცხსაც ვერ შევიწვავ. განა იმიტომ, რომ არ ვიცი? სულ მეზარება, "გადარბენები" მაქვს და ვერ ვახერხებ. ამიტომ მჭირდება, ვიღაც მივლიდეს.

- დასასვენებლად და სამუშაოდ როცა იყავი წასული, იქ ვინ გივლიდა?

- მთელი სამეგობრო ვიყავით წასულები. მე და ჩემი მეგობარი - ნათია ერთმანეთს ვეხმარებოდით და ვუვლიდით. წარმოიდგინეთ, ახლობლებისგან ზრუნვას მიჩვეული უცებ, ოჯახის წევრების გარეშე აღმოვჩნდი. ამ სიტუაციას მარტივად გავართვი თავი, მაგრამ მეგობრები ჩემზე მაინც ზრუნავდნენ - ყავის მოდუღება მჭირდებოდა თუ საჭმლის მომზადება, გვერდით მედგნენ - იცოდნენ, როგორი კომფორტის მოყვარული კაცი ვარ და მეხმარებოდნენ. მეგობარი მეგობრისთვისო, ხომ გაგიგონია (იცინის)?..

საფრანგეთში მოგზაურობის მძაფრი და ხალასი ემოციები GzaPress სოფია სებისკვერაძე: - ეს მოგზაურობა უფრო იყო, ვიდრე დასვენება, როცა ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საბალეტო დასში ვცეკვავდი. მშობლების გარეშე პირველად საფრანგეთში გავემგზავრე. 15 წლის ვიყავი. ეს მოგზაურობა იმ მხრივ იყო საინტერესო, რომ ჩემი მეგობარიც წამოვიდა. დანარჩენი მოცეკვავეები უფროსი თაობის წარმომადგენლები იყვნენ, მცირე ასაკის მხოლოდ ჩვენ ვიყავით. ცალ-ცალკე ოთახებში გვეძინა, ვსეირნობდით... ფესტივალი მიმდინარეობდა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ვხვდებოდით, ერთმანეთს ინფორმაციებს ვუზიარებდით. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო იყო. მას მერე ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე, მაგრამ ქვეყნიდან ის პირველი გასვლა უფრო მახსოვს, ვიდრე თუნდაც - 1 წლის წინანდელი. იმ დროს ემოციები უფრო ხალასი, მძაფრია და მთელი ცხოვრება გამახსოვრდება...

ეთო ყორღანაშვილი