ქეთი ხუციშვილის წინათგრძნობა და ფიქრები, რომლებიც რეალობად იქცა - გზაპრესი

ქეთი ხუციშვილის წინათგრძნობა და ფიქრები, რომლებიც რეალობად იქცა

ქეთი ხუციშვილი ფართო საზოგადოებამ სერიალით "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო. ახლა მის ცხოვრებაში სიახლეა: ქეთი "კომედი ჯგუფის" წევრი გახდა. ვისგან მიიღო შემოთავაზება, როგორ მოირგო ახალი როლები, რომელ დღეებს ამოშლიდა საკუთარი მეხსიერებიდან, ვის მოაქვს პრობლემები მის ცხოვრებაში და რა შემთხვევაში დათანხმდება ეროტიკულ ფილმში თამაშს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1978 წლის 9 თებერვალი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...არც ერთ პროფესიაზე არ მიოცნებია. სულ მიყვარდა ცეკვა, სიმღერა და ტექნიკური საგნების მიმართ არანაირი ინტერესი არ მქონდა. მსახიობობაზე არ მიოცნებია, თუმცა ეს სურვილი ჩემს ქვეცნობიერში ალბათ სულ იყო.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს შვილი. უკვე 18 წლის არის და კულინარიის აკადემიაში სწავლობს. ეს ექვსთვიანი პროგრამაა. მომავალში სწავლის გაგრძელებას ამ განხრით აპირებს. უცხოეთში წასვლა და იქ სწავლის სურვილიც აქვს. მეექვსე კლასიდან ამას ფიქრობს, ენებს სწავლობს.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მხიარული და ლაღი გოგოაო. კომუნიკაბელური ნამდვილად ვარ. არავის უთქვამს, როგორი უჟმური ხარო, მაგრამ ხომ ვიცი, ზოგჯერ ასეთიც გახლავართ. როცა უხასიათოდ ვარ, არავის ვაწუხებ, შეიძლება შემამჩნიონ და მკითხონ, რა გჭირსო?

- "რუსთავი 2"-იდან შეთავაზება...

- რამდენიმე დღის წინ მივიღე. ალეკო მალხაზიშვილმა დამირეკა და მითხრა, ტელევიზიაში მივსულიყავი. მკითხა, სურვილი თუ გაქვს, ჩვენთან ითანამშრომლოო? მოვიფიქრებ-მეთქი და წამოვედი. მერე ყველაფერი ავწონ-დავწონე და დავთანხმდი. "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერსაც ველაპარაკე, ულტიმატუმი არც ერთ მხარეს არ წამოუყენებია.

რამდენიმე სცენა უკვე გადავიღეთ. ვერ ვიტყვი, რომ ადვილი საქმეა. ვიღაცას შეიძლება იოლი ეგონოს - მიხვედი, გაიცინე და გამოიქეცი. პერსონაჟი უნდა მოირგო, ხასიათი უნდა გაითავისო. თან მხოლოდ ერთ პერსონაჟს ხომ არ ვთამაშობ, ეს ყველაფერი დროში სწრაფად ხდება. მართალია, ბიჭებს მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სიახლოვეს, ურთიერთობებს. ძალიან კარგები არიან, მეგობრული გარემოა. ხაზგასმით ვიტყვი, რომ უშუალოები არიან და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია როგორ მიმიღებს საზოგადოება. მაშინაც ასე ვფიქრობდი, როცა ლუნას როლში გამოვჩნდი. ბედნიერი ვარ, რომ ყველა თაობის ადამიანმა კარგად მიმიღო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ძალიან გახსნილი და "გამჭვირვალე" ვარ, არაფერს ვმალავ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ზედმეტად ემოციური ვარ. ემოციის დაბალანსება მინდა ვისწავლო. ამით პირველ რიგში, საკუთარ თავს ვვნებ.

- ვრისკავ...

- ...როცა ინტუიცია მკარნახობს. გაუაზრებელ სულელურ რისკებზე არ მივდივარ. ყველაფერს რომ თავი დავანებო, შვილის და ოჯახის წევრების მიმართ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო ლუნას როლი სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები".

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს დას. ვიდეო რომ არ გადაეღო და სოციალურ ქსელში არ აეტვირთა, ალბათ სერიალში ვერც მოვხვდებოდი. იმ ვიდეოს თავად არასდროს ავტვირთავდი. მაშინ არც პოპულარობა მინდოდა, ამ სერიალში თამაშს ხომ ვერც წარმოვიდგენდი. ეს ვიდეო ქეთი დევდარიანმა ნახა და ამის შემდეგ დამიკავშირდნენ.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ყოველ ნაბიჯზე სიკეთე ვაკეთო.

GzaPress - მეშინია... - ...არაჯანსაღი ცხოვრების. ვფიქრობ, კარგად ვერ ვიქნები, რომ არ ვივარჯიშო, სწორად არ ვიკვებო... ყველა ადამიანს თავისი ფიქრები აქვს.

- როცა წონასწორობას ვკარგავ...

- ...ტონს ვუწევ, ვყვირი. ის ემოცია ამოხეთქავს და მერე მალე ვმშვიდდები. ჩემს გაბრაზებაზე ჩემი შვილი იცინის. ბრაზის დიდი ხნით ტარება არ შემიძლია, მერე გული ცუდად მიხდება.

- ვნანობ...

- ...არაფერს. სინანულები ადრე უფრო მქონდა. რომ დავუკვირდი, მივხვდი, ის ხომ უკვე ჩავლილი ამბავია, ვეღარ შეცვლი. ძველი სტრესები რომ არ გავიხსენო, დღევანდელიც მეყოფა, რატომ მივუმატო? სახე თუ ჩამოგტირის, არავის სჭირდები.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...იურისტი. ამ პროფესიით 3 წელი ვიმუშავე, მაგრამ მივხვდი, ჩემი საქმე არ იყო და სამსახურიდან საკუთარი ნებით წამოვედი. იქ საშინელ დისკომფორტს განვიცდიდი.

- სიყვარული...

- ...არის ცხოვრების მოტივაცია.

- ახლა შეყვარებული...

- ...არ ვარ. ვერ გავიგე, მარტო ყოფნა კარგია თუ ცუდი? მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში იყო სიყვარული, მაგრამ თავი კარგად მაინც ვერ ვიგრძენი. ლტოლვა მალე გადის და მერე პრობლემებთან რჩები. ახლა მარტო ვარ და თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ. მამაკაცის სახით პრობლემა აღარ მაქვს.

- მამაკაცს ვუწოდებ "პრობლემას", რადგან...

- ...ჩემს ცხოვრებაში ასე მოხდა. ალბათ უპრობლემო მამაკაცებიც არსებობენ, მაგრამ ასეთი ჯერ არ შემხვედრია. მამაკაცმა პრობლემები კი არ უნდა მოგიტანოს, უნდა მოგიგვაროს. ჩემს ცხოვრებაში ასე არ მომხდარა, სულ დიდი პრობლემები მოჰქონდათ. დავრწმუნდი, მამაკაცის გარეშეც შეიძლება კარგად და ბედნიერად იცხოვრო.

- უცნაურობა, რომელიც საყვარელი მამაკაცის გამო ჩამიდენია...

- ...მოულოდნელი საჩუქრები გამიკეთებია და გაოცებული დამიტოვებია. სამწუხაროდ, მსგავსი სიხარულები მისი მხრიდან არ მქონია.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...რომ ყველას არ ვენდო. ერთ სიტყვაში, ერთ მოქმედებაში ვგრძნობ, ვინ არის ჩემ მიმართ კეთილგანწყობილი.

- ადამიანი, ვისაც ბოლომდე ვენდობი...

- ...არის ჩემი და. ბედნიერი ვარ, რომ ის მყავს.

- დღე, რომელსაც ჩემი ცხოვრებიდან ამოვშლიდი...

- ...ასეთი არაერთია. ჩემი პირველი შვილის გარდაცვალება, მერე ჩემი დის დაკარგვა... იმდენად რეალისტი ვარ, ეს გონებიდან როგორ შეიძლება ამოვშალო? ჩემი შვილი ვირუსის გამო გარდაიცვალა.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ძალიან ბევრ სიკეთეს გავაკეთებდი. მოხუცები, მზრუნველობა მოკლებული ბავშვები უზრუნველად იცხოვრებდნენ და მე ამ სიკეთის მადლით, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ჩემთვის სასახლეს არ ავიშენებდი, პატარა კომფორტული სახლი მექნებოდა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ვერც ერთ შემთხვევაში, ბოროტებას ვერ ჩავიდენ.

- ეროტიკულ ფილმში თამაშს...

- ...ალბათ დავთანხმდები. მით უმეტეს, თუ იქნება კარგი რეჟისორი, ფილმი მაღალი დონის და ჰონორარიც შესაბამისი.

- თავისუფლებაა...

- ...დილით რომ ვდგები, ახლობლის კაფეში შევდივარ, კაპუჩინოს ვსვამ, 15-20 წუთი მარტო სრულ ნირვანაში ვარ და სახლში მოვდივარ. ჩემთვის ეს არის თავისუფლება.

- ინტუიცია...

- ...მაქვს საოცრად განვითარებული. ქმედებით, გაფიქრებით, სხეულით, გონებით ვგრძნობ, რომ ის ისე იქნება. შეიძლება იმ წუთში არა, მაგრამ 2 ან 3 წლის შემდეგ მაინც. ერთ მაგალითს გეტყვი, "კომედი შოუ" ახალი გამოსული იყო. მიშა ანდღულაძე განსაკუთრებით მიყვარდა. ერთ დღეს ვიჯექი, ვუყურებდი და ვფიქრობდი, მასთან თამაში რა ბედნიერებაა, ნეტავ ოდესმე თუ მეღირსება-მეთქი? გავიდა წლები და ის ფიქრი რეალობად იქცა. ეს ამბავი მიშა ანდღულაძემ არ იცის, ჯერ არ მითქვამს.

- ბედისწერის...

- ...რა თქმა უნდა, მჯერა. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა მომენტები, რამაც ბედისწერის არსებობა დამაჯერა. ალბათ ჩემი გარდაცვლილი დის ამბავიც ბედისწერა იყო. გოგოს საქმრო ჰყავდა, ის ბიჭი ოჯახშიც მოვიდა, მერე ერთად წავიდნენ, ფაქტობრივად ცოლად გაჰყვა და გომბროზე ავარია მოხდა, ჩემს დას ღვედი არ ეკეთა, დაიღუპა. ის ბიჭი გადარჩა. მასთან წლების განმავლობაში ურთიერთობა გვქონდა, ძალიან დასტრესილი იყო. აქაურობას ვერ მოერგო და ამერიკაში წავიდა.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ყველაფრის პატიება შემიძლია, "თუ" ზედმეტია.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...არც არაფერი. მტკივნეული შეცდომები არ დამიშვია.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მომწონს, მიყვარს და ცოტათი უხერხულობაშიც ვვარდები.

- მრცხვენია...

- ...აფერისტობის. შეიძლება ადამიანმა ბევრი რამ მომატყუოს, რაღაცას ვერ მივხვდე, მაგრამ აფერისტობას ყველაზე მეტად ვგრძნობ, სხეულზე მბურძგლავს.

- ვიბნევი...

- ...როცა სადღაც მივდივარ. მაგალითად, კლინიკაში და ფულს არ იღებენ. რა გავაკეთო, რა ვთქვა, აღარ ვიცი.

- მეზარება...

- ...არაფერი.

- ვუფრთხილდები...

- ...ჩემს შვილს.

- საკუთარ გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...უკვე აღარაფერს, კბილები და ცხვირი გავიკეთე.

- ვოცნებობ...

- ...რეალისტი ვარ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მაშინ, როცა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ ვიყავი, ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა დამარიგა. ქეთი, მიდი, იცოდე, შენ ყველაფერს შეძლებ! ეს ამბავი 15 წლის წინ იყო. როცა მისი სიტყვები გამართლდა, დავურეკე, მოვიკითხე, დიდი მადლობა ვუთხარი.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...თითოეული თქვენგანის მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს. ყველას ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე