რატომ გაანადგურა პირადი ჩანაწერები ზურაბ ანთელავამ - გზაპრესი

რატომ გაანადგურა პირადი ჩანაწერები ზურაბ ანთელავამ

მსახიობი ზურაბ ანთელავა კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ვაკანსიით დაინტერესდა და ზუგდიდის კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობს. ასევე, ბატონი ზურაბი ფოთის თეატრში, სპექტაკლში - "ერთხელ საქართველოში" მონაწილეობის მისაღებად რამაზ იოსელიანმა მიიწვია... მსახიობს წიგნების შესახებ სწორედ რეპეტიციამდე ვესაუბრეთ. გვითხრა, - წიგნი ყველაზე კარგი, ადამიანზე მეტად უღალატო მეგობარია: შეიძლება, ადამიანს ენა ან ხელი წაუცდეს, წიგნი კი არასოდეს გიღალატებთ, სწორ გზაზე დაგაყენებთო...

- წიგნების კითხვა ზღაპრებით დავიწყე. ჩემ მიერ წაკითხული პირველი წიგნი "ხალხური სიბრძნე" იყო, მანამდე სხვები მიკითხავდნენ. მაშინ საბავშვო ბაღებში რუსული სისტემით სწავლა ჭარბობდა. ძირითადად, ილუსტრირებული წიგნები იყო... "ხალხური სიბრძნის" შემდეგ, "ჩეხური ზღაპრები", "გულადი თერძის ამბები" წავიკითხე... პირველი სერიოზული ლიტერატურული ნაწარმოები, რომელსაც ხელი მოვკიდე, "გმირთა ვარამი" იყო. ვიდრე ოთხივე წიგნი არ წავიკითხე, მანამდე სკოლას ვაცდენდი (მეხუთე კლასში ვიყავი). არ ვაზვიადებ, მართლა ასე იყო.

- კი, მაგრამ სკოლას რამდენ ხანს აცდენდით?

- არა, მთლად ასეც არ იყო საქმე: პირველი გაკვეთილი ქართული ენის გვქონდა. მასწავლებელი ბრწყინვალე ადამიანი იყო და ხელს მიწყობდა. "გმირთა ვარამის" კითხვა რომ დავიწყე, თავი ვერ დავანებე - გამოუძინებელი დავრჩი. მეორე დღეს ქართულის მასწავლებელმა მკითხა: - რა დაგემართაო? მიზეზი ვუთხარი. მას მერე, უფლება მომცა, პირველ გაკვეთილზე დამეგვიანებინა, თორემ ვუნდერკინდი კი არ ვიყავი (იღიმის)?! ჩემს საქციელს მთლად "გაცდენაც" არ ერქვა.

- რატომ გადაწყვიტეთ "გმირთა ვარამის" წაკითხვა?

- ზღაპრების შემდეგ, სათავგადასავლო წიგნებს ვკითხულობდი კოვბოების, გაუჩოების შესახებ ("კაპიტანი გრანტის შვილები" ჯერ წაკითხული არ მქონდა). მამიდაჩემმა რომ ნახა, ნელ-ნელა წიგნებისკენ "მივდიოდი", "გმირთა ვარამი" მირჩია - აბა, ეს ნახე, უკვე დრო არის, სერიოზულ ლიტერატურას გაეცნოო. დავინტერესდი... შემდეგ უკვე საკუთარი სურვილით, 20-ტომეულის - "ჩვენი საუნჯე" კითხვა დავიწყე, რომელშიც ბევრი რუსული კლასიკური ნაწარმოები შედიოდა. მერე უკვე "წავიდა და წავიდა" - ევროპულ ლიტერატურაზე "გადავედი"...

- გაგვიზიარეთ მაშინდელი შთაბეჭდილებები, თუნდაც - "გმირთა ვარამის" შესახებ...

- ისევ ისეთი რომანტიკული, რაინდული სულის ადამიანად დავრჩი. შინაგანად მეზღაპრე, მეოცნებე ვარ (იცინის). ეს მეხმარება ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში.

- შეგიძლიათ დაგვისახელოთ ლიტერატურული პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავს ყველაზე მეტად ამსგავსებთ?

- თუკი რაინდული სულის რაღაც დეტალები მაქვს, სწორედ პერსონაჟებისგან შევიძინე, რომელსაც ახლაც ვთხზავ, ახლაც ვიგონებ, ვიღაცას ან რაღაც მოვლენას მივაწერ ხოლმე. მინდა, ასე წარმოვიდგინო... საერთოდ, ფანტაზიის უნარის გარეშე, ადამიანი მსახიობი ვერ გახდები. სწორედ ლიტერატურამ, რომანტიზმმა, ჰეროიკულმა პერსონაჟებმა მიბიძგეს, ის საქმე მეკეთებინა, რასაც ახლა ვაკეთებ.

GzaPress

- და მაინც, რომელიმე პერსონაჟს ხომ არ დაგვისახელებთ? - მაშინ პერსონაჟების დასახელება ჩემ მიერ წაკითხული პირველი ზღაპრიდან უნდა დავიწყო... ბავშვობაში ყველაზე მეტად "ფასკუნჯი" მაგიჟებდა: იმდენ რამეს როგორ იტანდა და მაინც სიკეთეს თესავდა!.. ყაზბეგის ნაწარმოებებმა გადამრია, ასევე - ვაჟას, ჯავახიშვილის!.. მცირე დეტალებიც კი შევისისხლხორცე და მერე, მეათე კლასში, სკოლაში მისვლას უკვე ნამდვილად ვაგვიანებდი. ხანდახან ქალბატონი რუსუდანის გაკვეთილზე კარზე კაკუნით შევდიოდი. - აა, ანთელევა, მობრძანდი? აბა, რა წაიკითხე, ბატონო ზურაბო? - მეკითხებოდა. ვეუბნებოდი, რაც წავიკითხე. - კეთილი, მაგრამ ეს საქმე არ გამოვა, თუ ბარათაშვილის ნაწარმოებს არ წაიკითხავო, - მეტყოდა ხოლმე. მეც მხატვრულად წავიკითხავდი და ყველაფერს მპატიობდნენ... კონკრეტულად, რომელიმე პერსონაჟს ვერ დაგისახელებთ, რადგან პატარ-პატარა დეტალი ბევრი გმირისგან მაქვს "აღებული". ახლაც კი ასეთი მეოცნებე ვარ. კეთილი ოცნებები მაქვს. სხვათა შორის, ამ ოცნებების ნაწილს ნელ-ნელა ვისრულებ. იცი, რა ოცნება მაქვს? ვიღაცას სიკეთე გავუკეთო, ოღონდ ისე, ვერ მიხვდეს, რომ ჩემგანაა. ეს ხომ იმ ჰეროიკული გმირების რაინდული თვისებების დეტალებია, არა?..

- ყველაზე მეტად, რომელი ავტორის წერის მანერა გხიბლავთ?

- ადამიანის ფსიქოლოგიური, შინაგანი მდგომარეობა - ამა თუ იმ მოვლენაში პერსონაჟი როგორ "შედის", იქიდან "გამოსვლას" როგორ ცდილობს, როგორ იბრძვის არსებობისთვის, რომ თავის საქმეში კვალი დატოვოს, ჩემზე დადებითად "მუშაობს". მაგალითად, "საბრალონის" კითხვა ოთხჯერ დავიწყე. მეათე კლასში რომ გადავედი, წასაკითხად პირველად მაშინ ავიღე: მამიდამ მითხრა, - მგონი, ამისთვის უკვე მზად ხარო. კითხვა დავიწყე, მაგრამ ვერ განვაგრძე, რადგან დასაწყისი ძალზე რთულია, ბევრი "მრავალპლანიანი" მონაკვეთია, რომ მკითხველი ცენტრალურ პერსონაჟთან "მიხვიდე", მის "ხაზს" გაჰყვე... ეგ კი არა, მერე, ინსტიტუტში მიხეილ თუმანიშვილი გვეუბნებოდა, - ერთ კვირაში ესა და ეს ნაწარმოები უნდა წაიკითხოთო. შემდეგ ანგარიშს ვაბარებდით, რა წავიკითხეთ, რატომ მოგვეწონა ან არ მოგვეწონა, როგორ მოვიქცეოდით, როგორ არ მოვიქცეოდით და ა.შ. 4 კურსის განმავლობაში, ინსტიტუტში ასეთი ანალიზებით ვსაზრდოობდით. პირველ კურსზე რომ ვიყავი, გვითხრა, "საბრალონი" წაგვეკითხა. ვერა და ვერ დავაყენე საშველი. კურსი რომ დავასრულეთ, ყველა ფეხზე წამოაყენა და ჩემთვის ტაში დააკვრევინა - როგორც იქნა, ანთელავამ "საბრალონი" წაიკითხაო (იღიმის)... ძალიან ძლიერი ნაწარმოებია. მისმა წაკითხვამ ხელი შემიწყო, უფრო სერიოზულ, ფსიქოლოგიურ ნაწარმოებებს ჩავწვდომოდი, განსაკუთრებით მერე, როცა ინსტიტუტში სწავლა დავასრულე და თელავში ჩავედი. საბჭოთა რეჟიმის გამო, მაშინ ამერიკული ლიტერატურა მიუწვდომელი იყო. ჟურნალი - "ინასტრანნაია ლიტერატურა" გამოდიოდა, რომელსაც ბიბლიოთეკაში ყოველთვის მინახავდნენ. თუკი რამე დაიბეჭდებოდა, მირეკავდნენ, - ბატონო ზურაბ, აი, ეს მივიღეთ და როდის მოხვალთ, რომ წაიღოთ? არ გვინდა, სხვამ წაიღოს, თორემ თუ ჟურნალი ბიბლიოთეკიდან "გავა", გვიანობამდე ვერ "მოვაო". აი, ასე "მკვებავდნენ". სასწაულ რაღაცებს ვკითხულობდი...

- დღესდღეობით, თქვენს ცხოვრებაში წიგნს რა ადგილი უჭირავს?

- დღეს წიგნი ძვირი სიამოვნებაა. ერთ-ერთ კომპანიას დავუმეგობრდი, საიდანაც წიგნებს ვიძენდი. ვფიქრობდი, თვეში 2 კარგ წიგნს ვიყიდი-მეთქი. ფასები 25 ლარიდან დაიწყეს, მერე ნელ-ნელა "ზევით ავიდნენ". ჩემი ბიუჯეტი ხელს არ მიწყობს. კი, ბიბლიოთეკა არსებობს და წახვალ ადამიანი ან ინტერნეტში "დააწკაპებ" და წაიკითხავ, მაგრამ იცი, მე როდის ვკითხულობ? ყველა რომ დაიძინებს და ქალაქი გაჩუმდება. არ შემიძლია ტრანსპორტში მჯდომმა ან ოთახში, სადაც ჩემ გარდა კიდევ ვიღაც არის (თუნდაც არაფერს აკეთებდეს), ვიკითხო. სიჩუმეში, აბსოლუტურ ვაკუუმში უნდა ვიყო... წიგნების ფასი ისეთი აწეულია, რომ შეძენაზე ბევრჯერ უარი ვთქვი. თანამედროვე უცხოურ ლიტერატურას "ვერ ვეწევი", ხელიდან მეცლება, მაგრამ ალბათ, ნელ-ნელა ჩემს ფინანსურ საკითხებს დავალაგებ და წიგნების ყიდვას და კითხვას დავუბრუნდები. კი, წიგნებს მთავაზობენ, ვკითხულობ და ვუბრუნებ, მაგრამ კარგი წიგნი რომ არის, მინდა მქონდეს, რომ მერე შვილს დავუტოვო, შვილიშვილმაც წაიკითხოს და იცოდეს - ამ პერიოდში რა წიგნები შემოვიდა და რას კითხულობდა ბაბუა...

- თუ ზრუნავდით, რომ თქვენს შვილებს კითხვა შეჰყვარებოდათ?

- კი და სხვათა შორის, ახლაც ასე ვიქცევი: როცა წიგნს წავიკითხავ, მერე ვეუბნები - გამონახეთ დრო და წაიკითხეთ-მეთქი. წიგნის კითხვამ, ისევე, როგორც ნებისმიერმა საქმემ, მიჩვევა და გადაჩვევა იცის. ამიტომ საკუთარ თავსაც და სხვასაც ხშირად უნდა შეახსენო, უბიძგო, მიაწოდო... მაგალითად, ამას წინათ, ჩემმა შალვამ (რომელიც მსახიობია) მეგრული "ზახოდი" გამიკეთა: სახლში 2 იაპონელი თანამედროვე ავტორის წიგნი მომიტანა. - რა არის-მეთქი? - ვკითხე. - მირჩიესო, - მიპასუხა. თან, წიგნი ისეთ ადგილას დამიდო, რომ დამენახა (როგორც მე ვექცევი ხოლმე). მერე წიგნი ავიღე, წავიკითხე, მომეწონა. ვუთხარი, - ვინ მოგცა? კიდევ გამოართვი იაპონურები-მეთქი (იღიმის)... როგორც მე ვცდილობდი, შვილებისთვის ლიტერატურული ნაწარმოებები მიმეწოდებინა, ახლა ისინი ცდილობენ, მეხმარებიან.

- როგორც ვიცი, ავტობიოგრაფიული წიგნი გაქვთ დაწერილი. ასეა?

- არა. უბრალოდ, ავტობიოგრაფიული რომანი ბაბუაჩემს ჰქონდა დაწერილი, ორ 100-ფურცლიან რვეულში - ჩვენი გვარის, მისი ცხოვრების შესახებ. სამწუხაროდ, შემდეგ ნაწერი დაიკარგა. მამიდა რომ გარდაიცვალა, ჯარში ვმსახურობდი. ნათესავებმა, თუკი რამე სახსოვარი იყო, წაიღეს ისე, რომ არც უკითხავთ. რომანი რვეულში ფანქრით იყო ნაწერი და სამეგრელოში გაოხრდა, დაიკარგა... მასში მთელი ჩვენი გენის, წარმომავლობის შესახებ იყო მოთხრობილი. 50-40-იანი წლების ომის ამბები და განცდები გახლდათ ჩაწერილი... მე რა მაქვს გაკეთებული, რომ ავტობიოგრაფიული რომანის წერა დავიწყო?!

- საინტერესო ცხოვრება გაქვთ...

- კი. მაგალითად, უცხოეთში რომ მივდიოდი, ნუკრი ქანთარიამ მითხრა: ახლა ისეთ ამბებში მოხვდები, რომ რაღაც-რაღაცები ჩაინიშნეო. განსაკუთრებით, მგზავრობისას ისეთი რაღაცები გადავიტანე, ვინიშნავდი, მერე - თავი დავანებე. ერთ დღესაც ესპანეთიდან (სადაც 11 წელი ვიცხოვრე) გერმანიაში რომ გადავედი, ჩანაწერი გადავშალე და აღმოჩნდა, რომ საშინელი რაღაცები განმიცდია... არის რაღაც, რომელიც არ უნდა "გახსნა"... ძალზე ტრავმული, მძიმე იყო... კი, შეიძლება, ლიტერატურულად "გაშალო", "შეფუთო", მაგრამ არ მინდა, ვინმემ გაიგოს, როგორი განცდები მქონდა, რა გადავიტანე. არა უშავს, ჩაიარა... წიგნის დაწერას ვაპირებდი, ჩანაწერები ბლომად ჩამოვიტანე, მაგრამ გადავიფიქრე. მერე ნუკრი მელაპარაკა კიდეც - რა ქენი, ჩანაწერები ჩამოიტანე? გამოქვეყნებას როდის აპირებო? არა, გავანადგურე-მეთქი...

ეთო ყორღანაშვილი