"ჩემი არც ერთი ნაბიჯი პოლიტიკური არ არის" - გზაპრესი

"ჩემი არც ერთი ნაბიჯი პოლიტიკური არ არის"

"ჩემი გულშემატკივრები, მაყურებლები ისინი არიან, ვინც ისეთ მომგებიან და წარმატებულ ადამიანად მქმნიან, რომელთანაც დღეს ინტერვიუს წერთ. მათ გარეშე არაფერი ვიქნებოდი. გულშემატკივრობისთვის ამ ადამიანებს, მათ შორის - მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს მადლობას ვუხდი", - გვითხრა ამიკო ჩოხარაძემ, რომელიც "რუსთავი 2"-ს დაუბრუნდა: როგორც 7 წლის წინ, ის ახლაც "კომედი ჯგუფის" წევრი გახლავთ. ასევე, იუმორისტული გადაცემის - "გვიანი შოუ" წამყვანის ამპლუაშიც ვიხილეთ...

- "მშობლიურ" ტელეარხზე დაბრუნებული თავს როგორ გრძნობ?

- ძალიან კომფორტულად. ბედნიერი ვარ, რომ საერთოდ, ტელევიზიაში დავბრუნდი, ტელემაყურებლებს დავუბრუნდი. ეს უფრო მიხარია, თორემ რომელი ტელევიზიის "ლოგოს ქვეშ" ვიქნები, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მაყურებელი კმაყოფილი იყოს და კონკრეტულმა ტელევიზიამ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს.

- გუნდის წევრებმა როგორ მიგიღეს? საერთოდ, "გვიანი შოუს" წამყვანობის შესახებ შემოთავაზება როგორ მიიღე?

- გუნდში ჩემთვის ახალი არავინ არის - ნაცნობ თანამშრომლებთან ვმუშაობ. რამდენიმე ადამიანს, ვინც გუნდში "რუსთავი 2"-დან ჩემი წასვლის შემდეგ მივიდა, სამსახურის გარეთ ვიცნობდი და ვმეგობრობდი. ამიტომ უცხო გარემოში ნამდვილად არ ვარ. ეს საშუალებას გვაძლევს, კარგი პროდუქტი "დავდოთ"... შემოთავაზება ალეკო მალხაზიშვილისგან მივიღე.

- წლების წინ, "რუსთავი 2"-დან წასვლის შესახებ შენს გადაწყვეტილებას ალეკო მალხაზიშვილი როგორ შეხვდა?

- "კომედი ჯგუფიდან" სკანდალით არ წავსულვარ. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომელსაც დაეთანხმნენ, რადგან "შიდა სამზარეულოში" რაღაცები დასალაგებელი იყო. მაშინ ვერ "დავლაგდით". ამიტომ წავედი, თორემ ამ ადამიანებთან ურთიერთობა და მეგობრობა არ შემიწყვეტია. "რუსთავი 2"-დან 2012 წლის 6 აპრილს რომ წავედი, იმ დღის შემდეგ, ამ ტელევიზიაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი. "კომედი ჯგუფის" ბიჭების მუშაობის პროცესსაც დავსწრებივარ, ეს ადამიანები მომიკითხავს... მოკლედ, დაძაბული და ცუდი ურთიერთობა არ გვქონია. შესაბამისად, ახლა ტელევიზიაში ჩემი დაბრუნება ამ ადამიანებისთვისაც კომფორტულია და ჩემთვისაც, რადგან არავის მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს.

- ემოციური თვალსაზრისით, "გვიანი შოუს" პირველ გადაცემაზე მუშაობა როგორი იყო?

- სიმართლე გითხრა, ადამიანების მოსალოდნელი კრიტიკის გამო ვღელავდი. შეიძლება, ბევრს რაღაცები სხვაგვარად გაეგო. ძალიან არ მომწონს, როცა ჩემს ნაბიჯებს პოლიტიკას უკავშირებენ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკის გაგებაში არ ვარ და ჩემი არც ერთი ნაბიჯი პოლიტიკური არ არის... ამ ეტაპზე, რეალური სამსახური მხოლოდ "რუსთავი 2"-მა შემომთავაზა. რატომაც არა? დავთანხმდი იმ ტელევიზიის შემოთავაზებას, რომელსაც ძლიერი იუმორისტები - "კომედი ჯგუფი" ჰყავს. როცა ადამიანს ტელესივრცეში არაფერი გაქვს გაკეთებული, ამ ადამიანებისგან შემოთავაზება დიდ წარმატებას ნიშნავს. ამ შემთხვევაში, პირადად მე, დაბრუნება მომიხდა, მაგრამ ამ შემოთავაზებით მაინც ბედნიერი ვიყავი, რადგან ის გულთბილი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რასაც წლების წინ ვგრძნობდი.

GzaPress

- როგორც ჩანს, "გვიან შოუში" ცეკვა-სიმღერასთან დაკავშირებულ შენს ნიჭსაც ხშირად გამოავლენ - მუსიკალური ნომრები უკვე ვიხილეთ... - ამ გადაცემაში მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ჩემი უნარები: ცეკვა, სიმღერა, იუმორი, პანტომიმა და ა.შ. მოკლედ, გადაცემის ფორმატი ჩემი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას მაძლევს. მგონი, ერთადერთი წამყვანი ვიქნები, რომელიც თან იმღერებს, თან - იცეკვებს და თან - იხუმრებს (იღიმის).

- წამყვანობის გარდა, შემოქმედებითი ჯგუფის მუშაობაშიც ჩართული ხარ?

- რა თქმა უნდა. "რუსთავი 2"-ზე არ დავბრუნებულვარ, როგორც წამყვანი. წინათ "კომედი ჯგუფში" მსახიობად, სცენარისტად ვმუშაობდი და დღესაც ასეა. ასევე, პროექტის წამყვანიც ვარ.

- "კომედი შოუშიც" გიხილავთ?

- რადგან გადაცემის წამყვანობას მეტი სოლიდურობა სჭირდება, შეიძლება, "კომედი შოუში" ნაკლები დატვირთვით ვიყო.

- შენს თანაწამყვანზე რას გვეტყვი?

- სოფო გორდაძე არაჩვეულებრივი გოგოა. წინათ მასთან არასოდეს მიმუშავია. ჩვენი თანამშრომლობით კარგი შედეგი მივიღეთ. კმაყოფილი ვარ სოფოს მონდომებით და ენერგეტიკით - კარგი, კეთილი, დადებითი ადამიანი გახლავთ. მიხარია, რომ ასეთი სანდო და ნიჭიერი ადამიანი ჩემი თანაწამყვანია, მით უმეტეს, შეიძლება, ქალისა და კაცის მიერ წაყვანილი იუმორისტული გადაცემა ქართულ ტელესივრცეში ახალი სიტყვა იყოს.

- ბენდში გოგონები შევნიშნე...

- კი, ყველა გოგოა (იცინის). გადაცემაში მანდილოსნების გარემოცვაში ვარ, რაც კიდევ უფრო კომფორტულად მაგრძნობინებს თავს.

- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ბენდში მხოლოდ გოგონები გყავდეთ?

- შეიძლება, გოგონებმა თვითონ გადაწყვიტეს, მე რა შუაში ვარ (იცინის)?.. გადაცემის ფორმატი ბიჭებმა ჩემს მოსვლამდე ჩამოაყალიბეს. რატომაც არა? გოგონების ბენდი არავის ჰყავს - განსხვავებულია. თან, ეს იმაზეც მიანიშნებს, რომ გენდერული თანასწორობისკენ გვაქვს გეზი აღებული.

- გენდერული თვალსაზრისით, აშკარა უმცირესობაში ხარ - მოცეკვავეებიც გოგონები გყავთ...

- ეტყობა, ისეთი ძლიერი სქესი ვარ, რომ ამდენ ქალთან გენდერული თანასწორობა გამომდის (იცინის).

- "გვიან შოუს" მაშინ თუ უყურებდი, როცა სხვა წამყვანები ჰყავდა? მოგწონდა?

- "რუსთავი 2"-ზე "გვიანი შოუ" ახალი პროექტია. თუ არ ვცდები, 4-5 გადაცემა იყო ეთერში გასული. წამყვანები ნიკა გრიგოლია და ილო ბეროშვილი იყვნენ. სიმართლე გითხრა, ტელეეკრანზე არ მინახავს, ინტერნეტში 1-2 გადაცემას თვალი გადავავლე, რომ მცოდნოდა, რასთან მქონდა საქმე... ახლა ეს გადაცემა აუცილებლად შეიცვლება, რადგან წამყვანი მე გავხდი. შესაბამისად, ის ჩემს მონაცემებს უნდა მოვარგოთ. დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა ფორმატიც შეიცვლება. საბოლოო ჯამში, შეიძლება, სრულიად განსხვავებული გადაცემა მივიღოთ, ვიდრე ახლახან ნახეთ.

- როგორც ვიცი, "გვიანი შოუს" ტიპის გადაცემის წამყვანები ნიკა გრიგოლია და ილო ბეროშვილი ისევ იქნებიან. მათ სერიოზულ კონკურენტებად აღიქვამ?

- თუკი რომელიმე არხზე რამე პროექტი გაკეთდება, რაც შეიძლება, ჩემი გადაცემის კონკურენტად აღიქმებოდეს, ეს მაიძულებს, ჩემი პროექტი უფრო ძლიერი გავხადო, რომ სხვა აჯობოს. ნიკა გრიგოლიასთან ვძმაკაცობ. ის ჩემი შვილის - ემილის ნათლიაა. მე და ილო ბეროშვილმა "იმედზე", შალვა რამიშვილთან ერთად დიდხანს ვიმუშავეთ. ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. როგორც ადამიანებს, კონკურენტებად ერთმანეთის ვერ აღვიქვამთ. ძალიან კარგი იქნება, თუ ბევრი იუმორისტული გადაცემა დაიწყება, რადგან საერთოდ, როდესაც კონკურენცია დიდია, ეს იუმორისტებს დიდ სტიმულს გვაძლევს, რომ ჩვენს პროდუქტზე უფრო ძლიერად ვიმუშაოთ. ყოველ შემთხვევაში, თუ ნიკა გრიგოლია და ილო ბეროშვილი მსგავს გადაცემას გააკეთებენ, ამას მივესალმები. აუცილებლად შევეცდებით, ერთმანეთს ვაჯობოთ. ჯანსაღი კონკურენცია ძალიან კარგია - მომწონს და მიხარია...

GzaPress

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვების შემდეგ რას საქმიანობდი? - პროექტში გამარჯვების შემდეგ, ბათუმში, ჩემს ოჯახთან ერთად ვიყავი.

- ამჟამად თბილისში უფრო ხშირად ხარ. ოჯახთან განშორება გიწევს თუ?..

- 2-3 თვე შეიძლება, თბილისში მათ გარეშე ყოფნამ მომიწიოს, სანამ "დავლაგდები". მერე "დალაგებულზე", მეუღლეს და ბავშვებსაც წამოვიყვან, რადგან ჯერჯერობით, მაინც რთულია: ვიდრე ელემენტარულ რაღაცებს არ მოვაწესრიგებ, მანამდე ოჯახის ჩამოყვანა არ მინდა - არ მსურს, გაწვალდნენ.

- იუმორისტული გადაცემის წამყვანის ამპლუაში შვილები როგორ გაფასებენ?

- ფაქტობრივად, ჩემი შვილები დაბადებიდან დღემდე ტელევიზორში მიყურებენ. მათთვის ცოტათი რთულია, ემოციები გამოხატონ იმის გამო, რომ მაგალითად, მამა "რუსთავი 2"-ზე დაბრუნდა და ახალ გადაცემაზე მუშაობა დაიწყო. ბავშვებს ეკრანზე ჩემი გამოჩენა (ინტერნეტში თუ ტელეეკრანზე) ყოველთვის უხარიათ. ყოველ შემთხვევაში, ახლა მიხვდნენ, რომ ეს გადაცემა რაღაც ახალი იყო (იცინის). ჯერჯერობით, დანარჩენს ვერ ხვდებიან, რადგან მაინც პატარები არიან.

- მეუღლე იუმორს როგორ გიფასებს?

- ჩემი მეუღლე ძალიან კარგი იუმორის პატრონია. ქუთაისელი სვანი გახლავთ. შესაბამისად, იუმორიც კარგი აქვს. ჩემი იუმორი ძალიან უყვარს.

ეთო ყორღანაშვილი