"მამაჩემს უკვე გამოვუცხადე, ჩემი რჩეული აუცილებლად ქართველი იქნება-მეთქი" - გზაპრესი

"მამაჩემს უკვე გამოვუცხადე, ჩემი რჩეული აუცილებლად ქართველი იქნება-მეთქი"

თბილისში ჩამოსული, ერთი დაბნეული აზერბაიჯანელი გოგონა, რომელმაც ქართული ენა არ იცოდა, დღეს ქართულსაც კარგად ფლობს და გადაცემის - "ნაშუადღევს" ერთ-ერთი თანაწამყვანიც გახლავთ. თანაწამყვანობა ერთადერთი საქმე არ არის, რასაც რამილია ალიევა "საზოგადოებრივ მაუწყებელში" აკეთებს...

ქართულ ენაზე შეყვარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა.

- გადაცემა - "ნაშუადღევს" ჩემთვის ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რადგან წინათ უფრო პოლიტიკურ, ახალი ამბების თემატიკაზე ვმუშაობდი, ეს გადაცემა კი გასართობი, ლაღი და ხალისით სავსეა. თანაწამყვანის ამპლუაში თავს კარგად ვგრძნობ, რაც პირველ რიგში, გადაცემაზე მომუშავე გუნდის დამსახურება გახლავთ. არ შემიძლია, გადაცემის პროდიუსერის - ქალბატონი ეკა გამცემლიძის დადებითი თვისებები არ აღვნიშნო - როგორც პროფესიონალი პროდიუსერის, ასევე კარგი ადამიანის. თანაწამყვანებს რაც შეეხება, უშუალო ადამიანები არიან და ერთობლივად კარგ ატმოსფეროს ქმნიან იმისთვის, რომ ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

- როგორ ფიქრობთ, თანაწამყვანობა რატომ შემოგთავაზეს? ეს თქვენთვის მოულოდნელი იყო?

- მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან სატელევიზიო სეზონის დაწყებამდე 2-3 თვით ადრე შემომთავაზეს. ალბათ იცით, ისედაც "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ვმუშაობ, სადაც სხვა მიმართულებითაც ბევრ რამეს ვაკეთებ - ჯგუფ "მრავალფეროვანი საქართველოს" ხელმძღვანელი ვარ. თანაწამყვანად რატომ შემარჩიეს, ეს ალბათ პროდიუსინგის ჯგუფს უნდა ჰკითხოთ...

- გვიამბეთ, ჟურნალისტის პროფესია როგორ აირჩიეთ?

- უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი არ დამიმთავრებია. პროფესიით ფილოლოგი (აზერბაიჯანული ენის ფილოლოგი) ვარ. საკმაოდ მცირე ასაკიდან, ჟურნალისტიკა ჩემი ცხოვრების თანამგზავრია. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი პროფესიაა, რომელზეც ბავშვობის ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ვოცნებობდი, როდესაც გოგონები დედიკოების მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდით ხოლმე (იცინის). თბილისში "საზოგადოებრივი მაუწყებელი" რომ იქმნებოდა, პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. აზერბაიჯანული "მოამბის" გუნდს შევუერთდი, როგორც ტელეწამყვანი - "მოამბე" აზერბაიჯანულ ენაზე მიმყავდა. ვფიქრობ, ჟურნალისტის უნარ-ჩვევების შესაძენად, 4-5 წელი მაინცდამაინც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლა აუცილებელი არ არის. პირადად მე, მივესალმები, რომ ადამიანი რომელიმე დარგის სპეციალისტი იყოს, შემდეგ კი უკვე ჟურნალისტობა აირჩიოს. მაგალითად, როდესაც მუდმივად ბიზნესის შესახებ ამზადებ სიუჟეტებს, ეს დარგი კარგად უნდა იცოდე, ამ თემის შესახებ მეტი ინფორმაცია გქონდეს. პირადად მე, ჟურნალისტობა პრაქტიკაში ვისწავლე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბევრი ტრენინგი, ჟურნალისტიკის ბევრი საერთაშორისო კურსი გავიარე, ანუ პრაქტიკის გარდა, თეორიულადაც ვსწავლობდი.

GzaPress

- როგორ გარემოში იზრდებოდით? როგორ შეისწავლეთ ქართული ენა, თან - ასე კარგად? - სრულიად აზერბაიჯანულ გარემოში ვიზრდებოდი. ქართული საერთოდ არ ვიცოდი. თბილისში რომ ჩამოვედი, ერთი დაბნეული აზერბაიჯანელი გოგო ვიყავი. მახსოვს, ტრანსპორტში ასული სიტყვას - "გამიჩერეთ" გულში ხშირად ვიმეორებდი, რომ არ დამვიწყებოდა. ასეთი კურიოზული სიტუაციაც შემექმნა: ერთხელ სიტყვა - "გამიჩერეთ" დამავიწყდა და ტრანსპორტს ბოლო გაჩერებამდე გავყევი. შემდეგ იმავე ტრანსპორტით იმ ადგილზე დავბრუნდი, სადაც უნდა ჩავსულიყავი (იღიმის)... ქართული ენა რთულია - სპეციფიკურია, ინდივიდუალური გრამატიკა აქვს, ჟღერადობის კანონზომიერება - განსხვავებული. როცა ჩემი კურსელები გასართობად მიდიოდნენ, მე შინ ყოფნა და ქართულად ბევრის კითხვა მიწევდა. ენის გასატეხებს ვსწავლობდი, რომ კარგი მეტყველება მქონოდა. ისეთი სპეციფიკური ბგერების წარმოთქმა მიჭირდა, როგორიცაა: "ჭ", "ყ" და ა.შ. მაგალითად, ამ ენის გასატეხის - "ბაყაყი წყალში ყიყინებს" - ნაცვლად, ვამბობდი: ბახახი ცხალში ხიხინებს-მეთქი (იცინის). ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, სიტყვები: "პური" და "ფური" რატომ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რადგან ორივე ერთნაირად მესმოდა. ამიტომ ხშირად, "პურის" ნაცვლად, "ფურს" ვამბობდი, რაც სასაცილოდ ჟღერდა. საუბრისას ბევრ შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ მეგობრებს ყოველთვის ვეუბნებოდი, - როცა მეტყველებისას შეცდომას დავუშვებ, აუცილებლად შემისწორეთ-მეთქი.

დედა ქართველი მყავს. ამიტომ ხშირად ვურეკავდი და მაგალითად, ვეკითხებოდი: - დედა, სიტყვა "ჭიქაში" პირველი ასო-ბგერა ბაფთით არის თუ ჯოხით-მეთქი (იცინის)?.. ვცდილობდი, კარგად მესწავლა, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ აქ ვცხოვრობ და ელემენტარულად, საჭიროა, უბრალოდ, ქართული ენა მართლა შემიყვარდა! ქართული ანბანი ულამაზესია. ყველაზე კარგი კალიგრაფია ქართულში მაქვს, რადგან როცა ვწერ, თითოეულ ასო-ბგერაში დიდ სიყვარულს "ვდებ"... შემეძლო, საცხოვრებლად ბაქოში დავრჩენილიყავი ან სტამბოლი ამერჩია, რადგან ენაც უკეთ ვიცოდი და ნაცნობ გარემოში შეიძლება ბევრად უკეთაც ვიქნებოდი, მაგრამ "ჩემს ქალაქად" თბილისი ავირჩიე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც საზღვარგარეთ მივდივარ, მაქსიმუმ მეხუთე დღეს უკვე თბილისის ნოსტალგია მეწყება - თბილისში დაბრუნება მინდა, სხვა აღარაფერი მახარებს...

- აღნიშნეთ, დედა ქართველი მყავსო. როგორ მოხდა, რომ 16 წლამდე ქართული ენა არ იცოდით?

- დიახ, დედა ქართველია, მამა - აზერბაიჯანელი. მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მაგრამ იმ პერიოდში, შეიძლება, მამაჩემის აზერბაიჯანული ოჯახისთვის განსხვავებული რძალი მიუღებელი იყო, ისევე, როგორც დედაჩემის ქართული ოჯახისთვის - აზერბაიჯანელი სიძე, მაგრამ ჩემმა მშობლებმა იბრძოლეს და ოჯახი შექმნეს. ალბათ, მამაჩემის მიმართ დედაჩემის სიყვარულის გამო, ჩვენს ოჯახში სალაპარაკო ენა აზერბაიჯანული იყო (აზერბაიჯანული დედამაც კარგად ისწავლა). 16 წლამდე ქართულ ენასთან მჭიდრო კავშირი არ მქონია. ქართველ ნათესავებთან ვურთიერთობდი, მაგრამ დღის უმეტეს ნაწილს ისეთ გარემოში ვატარებდი, სადაც აზერბაიჯანულად საუბრობდნენ.

- საქართველოში გაიზარდეთ?

- რადგან ჩემი მშობლები განსხვავებული ეთნოსის წარმომადგენლები იყვნენ, ცხოვრების ნაწილი აზერბაიჯანში გავატარეთ, შემდეგ საქართველოში ვიცხოვრეთ, მერე - ისევ აზერბაიჯანში... ბოლო 19 წელია, რაც ჩემი ოჯახი მუდმივად საქართველოშია.

- როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, ჟურნალისტობასთან დაკავშირებული თქვენი პროფესიული არჩევანი, ასევე - ავტომობილის მართვა თქვენი სანათესავოსთვის "რევოლუცია" იყო. დღესდღეობით, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებიდან, თქვენთვის განსაკუთრებულად მიუღებელი რომელია?

- მიმაჩნია, რომ საზოგადოება საკმაოდ მოძალადეა, ჩარჩოები, კლიშეები, სტერეოტიპები გვაქვს შექმნილი, რომლებსაც ადამიანებს ვუკავშირებთ. ვფიქრობთ, რაღაც აუცილებლად ქალმა უნდა გააკეთოს, რაღაც - კაცმა. ადამიანები უაზროდ შექმნილ ჩარჩოებში გვყავს ჩასმული და ამოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევთ. ჩვენ მანქანას იმიტომ ვყიდულობთ, რომ მეზობელმა ბინის ფანჯრიდან გადმოხედოს და დაიბოღმოს, შეშურდეს... საზოგადოებისთვის ვცხოვრობთ და არა - საკუთარი თავისთვის. რაღაცის იმიტომ გვეშინია, რომ ვიღაცამ ჩვენზე რამე არ თქვას. აზერბაიჯანელ საზოგადოებაში, სადაც მე ვიზრდებოდი, თავის დროზე საკმაოდ ბევრი სტერეოტიპი იყო. დღესაც იგივე სიტუაციაა ბევრგან. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ეთნოსის წარმომადგენელი ხარ? ეს სტერეოტიპები ქვეყანაში გვაქვს, რომ მაგალითად, ქალი ვერ იქნება კარგი მძღოლი. მიმაჩნია, რომ ავტომობილს ძალიან მაგრად ვმართავ. კარგი მძღოლი ვარ. ვამაყობ, რომ ეს შევძელი. ტაბუდადებული თემები არსებობს. ბევრი პრობლემა ამიტომაც გვაქვს, რომ იმ თემებზე არ ვსაუბრობთ, რაც რეალურად პრობლემაა. ამ ყველაფერზე ერთმანეთთან უნდა ვილაპარაკოთ. სტერეოტიპებით სავსე დიდი "ბუშტი" არ უნდა შევქმნათ და ერთმანეთი არ დავახრჩოთ...

- თქვენი ცხოვრების სტილი როგორია?

- ვარჯიში ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. უკვე 4 წელია, ინტენსიურად ვვარჯიშობ. ჯანსაღად ვიკვებები, მაგრამ ტყუილი იქნება, რომ გითხრათ, - თავს განებივრების უფლებასაც არ ვაძლევ-მეთქი. კვირის დღეებში კვების რეჟიმი ასე გადავანაწილე: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ჯანსაღად ვიკვებები, კვირადღეს კი თავს უფლებას ვაძლევ, რაღაც "აკრძალული" მივირთვა. თავის მოვლა, ჯანსაღი სხეული, ჯანსაღი ფსიქიკა ფსიქოლოგიას მნიშვნელოვნად უკავშირდება. არ შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს ფსიქოლოგიური სტრესი მიაყენო და ეს კვებასაც ეხება. ამიტომ შეიძლება, კვირაში ერთხელ რაღაცები გასინჯო. მით უმეტეს, ქართული სამზარეულო ისეთია, გვერდს ვერ აუვლი...

- ცოტა რამ პირად ცხოვრებაზეც გვითხარით. გყავთ რჩეული?

- თითქმის 24 საათი ვმუშაობ, ამიტომ პირადი ცხოვრებისთვის ვერ ვიცლი, მაგრამ მამაჩემს უკვე გამოვუცხადე, - ჩემი რჩეული აუცილებლად ქართველი იქნება-მეთქი, რომ ამ აზრს შეეგუოს (იცინის). ცხადია, ამაზე წინასწარ საუბარი ცოტათი სასაცილოა, მაგრამ რატომაც არა? ქართველები ძალიან მომწონს. მიმაჩნია, რომ როცა საქართველო გიყვარს და ქალი ხარ, ყველაზე კარგი, რაც შეგიძლია გააკეთო, ქართველთან ერთად ოჯახის შექმნაა. ასე ვფიქრობ, მაგრამ ჯერჯერობით, ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება - მხოლოდ ვმუშაობ და დოქტორანტურის თემაზე სერიოზულად ვფიქრობ. ახლა ქართულს კიდევ უფრო მაღალ დონეზე ვსწავლობ. მინდა ქართული ენა იდეალურად ვიცოდე.

- გართობისთვის დრო გრჩებათ?

- ვცდილობ, დროის მენეჯმენტი ისე დავგეგმო, რომ გართობისთვისაც მოვიცალო, მაგრამ ისეთი რეჟიმის მქონე ადამიანისთვის, როგორიც მე მაქვს, ეს რთულია. სახლის საქმეებსაც თავად ვაკეთებ. მგონია, ქალად ყოფნა ყველაზე კარგი რამ არის, რადგან ყოვლისშემძლე ხარ - ყველაფერს თავად აკეთებ. კაცებს ეწყინებათ, მაგრამ გოგონები უფრო მაგრები ვართ, ვიდრე ბიჭები არიან, რადგან ცხოვრებაში მათზე მეტ საქმეს ვასწრებთ... ვცდილობ, თვეში ერთხელ, მეგობრებთან ერთად სადმე წავიდე... ჩემი მშობლების სახლში კატა - ტომასი გვყავს, რომელიც ძალიან გვიყვარს. ფაქტობრივად, ის ჩვენი ოჯახის წევრია. სხვათა შორის, მამაჩემს კატები არ უყვარდა, მაგრამ ეს კატა სახლში რომ მივუყვანეთ, შეუყვარდა და მგონი, ახლა ჩვენზე მეტადაც ტომასი უყვარს (იცინის)... რადგან მარტო ვცხოვრობ და სამსახურის გამო, ძირითადად, შინიდან გასული ვარ, ძაღლის ყოლის ფუფუნება არ მაქვს. არადა, ჩემი დიდი ოცნებაა, რომ ძაღლი მყავდეს და მოვუარო...

ეთო ყორღანაშვილი