ირაკლი ნასიძე მეუღლეზე, დედასა და მაღალ მოდაზე - გზაპრესი

ირაკლი ნასიძე მეუღლეზე, დედასა და მაღალ მოდაზე

"ირაკლი ნასიძის შემოქმედების ფანკლუბი სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს, რომლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ჩემ მიერ შექმნილი სამოსი არის ზეციერიც და მიწიერიც. ჰარმონიულობას პოულობენ სამოსში. არაერთს უთქვამს, - როდესაც ირაკლის ნამუშევარს ვატარებთ, განწყობა, დამოკიდებულება, არისტოკრატულობა იგრძნობაო... არისტოკრატულობა არა და არ გადადის, არც გადავა არასოდეს მოდიდან!" - გვეუბნება ირაკლი ნასიძე, რომელიც საქართველოდან 25 წლის წინ წავიდა, სულ მალე მსოფლიოს მაღალი მოდის წარმომადგენელი გახდა და მწვერვალები დაიპყრო...

- თქვენი დაკვირვებით, რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ადამიანის მაღალი გემოვნების ჩამოყალიბებაში?

- გადამწყვეტია ადამიანი როგორ ანტურაჟში, გარემოში ვითარდება. დიდი მნიშვნელობა აქვს სულიერებას - სულიერად ამაღლებული ადამიანი ყოველთვის სწორ არჩევანს გააკეთებს. ჩემ მიერ შექმნილი სამოსის მომხმარებლებს რომ ვაკვირდები, მამაკაცები არიან თუ ქალბატონები, უზომო დახვეწილობით გამოირჩევიან, ინდივიდუალურობას ეძებენ! ამიტომაც არასოდეს მქონია სურვილი, რასაც ვქმნიდი, ტრენდული ყოფილიყო...

- ძალიან საინტერესოა თქვენი ახალი ხაზი - საბავშვო სამოსი...

- დიახ, ეს ჩვენი ახალი მიმართულებაა და უკვე შეიქმნა საჩვენებელი კოლექციის ნიმუშები. საბავშვო სამოსის ნახატები ჩემი მეუღლის მიერ არის შესრულებული და ჩვენი მუზა ვაჟი - გიორგი ნასიძეა!

GzaPress

- სამოგზაუროდ რომელ ქვეყნებს ანიჭებთ უპირატესობას - მეგაპოლისებს თუ მდიდარი ისტორიული წარსულის მქონეს? - მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე ქვეყნებს... სამწუხაროდ, ჩინეთზე ძალიან ცოტა ინფორმაცია მქონდა, სანამ ჩემი სულის მეგობარს, მომავალ მეუღლეს გავიცნობდი. მოგეხსენებათ, ის ჩინელია და მისი წყალობით ახლოს გავეცანი საოცარ ქვეყანას, რომელსაც უდიდესი კულტურა აქვს! ძალიან გამიტაცა მისმა წარსულმა, დღევანდელობამ, რაც ჩემს შემოქმედებაში გარკვეულწილად აისახა კიდეც... ულამაზესია, ენით აღუწერელი ჩინეთის საიმპერატორო ქალაქი... ჩანს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც იმ ეპოქაში მუშაობდნენ, უდიდესი სულიერება ჩადეს! იქ დახვეწილობის ზენიტია!.. რასაკვირველია, ჩემი ფავორიტია საფრანგეთიც!

- გამორჩეულად მოგწონთ ჩინეთი, საფრანგეთი... როგორ შეერწყა თქვენს შემოქმედებაში ერთმანეთს ევროპა და აზია?

- ჩვენი ქვეყანა - საქართველო ევროპისა და აზიის გავლენას ისტორიულად ყოველთვის განიცდიდა, ისეთი ადგილმდებარეობა აქვს! ეს ჩემშიც გენეტიკურად ყოველთვის იდო... თუმცა, ქვეცნობიერად ყოველთვის უფრო მეტად აზიით ვიყავი გატაცებული, ვიდრე ევროპით! ყოველთვის ნაკლებად მაინტერესებდა ამერიკა და დღესაც ასეა, მიუხედავად იმისა, რომ იქ კომერციული თვალსაზრისით ძალიან დიდი ბაზარია... ძალიან მიყვარს ლიეტუვა. 12 წელია იქ ვმუშაობ და დიდი მეგობრობა მაკავშირებს ამ ქვეყანასთან. ლიეტუვაში განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მოდის კვირეულები ტარდება, სახელწოდებით "მოდის ინფექცია" და ყოველთვის ძალიან კარგად არის ორგანიზებული! ამისთვის ბევრს შრომობენ და კარგი დიზაინერებიც ჰყავთ, რომლებიც უფრო მინიმალისტურ სტილში მუშაობენ. სკანდინავიური ელემენტები ჭარბობს მათ ნამუშევრებში... ძალიან თბილი, გახსნილი ხალხია. ვილნიუსი ულამაზესი ქალაქია, ევროპაში ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული! სულ ვამბობ, რომ სამი სამშობლო მაქვს: საქართველო, საფრანგეთი და ლიეტუვა...

შარშან ასოციაციის - "ლამაზი გული" - თხოვნით ჩვენება მოვაწყვეთ, სოციალურად დაუცველ ბავშვებს ეხმარებიან... ჯერ კოლექციის ჩვენება იყო, შემდეგ საქველმოქმედო ვახშამი. ჩემი მეუღლე ფერმწერია და მისი ნახატების გამოფენა მოეწყო... ღონისძიებაში ჩართული იყო საქართველოს, ჩინეთის საელჩო... ყოფილი ელჩი, ქალბატონი ხათუნა სალუქვაძე მხარში ამოგვიდგა... დაახლოებით 35 ათას ევროზე მეტი შევაგროვეთ მხოლოდ ერთ საღამოს. მთელი ლიეტუვას ტელევიზიების მიერ იქნა ღონისძიება გაშუქებული. შემდეგ ბავშვები ოპერაში "მაკნატუნაზე" წავიყვანეთ, საჩუქრები გადავეცით... ხატვის "ვორკშოფი" ჩავატარე და ვაპირებ, ამ ბავშვების ნახატებს მიქსი გავუკეთო, რამდენიმე მოდელს შევქმნი და ისევ აუქციონს მოვაწყობთ...

დედაჩემი დაესწრო საქველმოქმედო ღონისძიებას. პაჟაისჯუს მონასტერში იმ ოთახში იმყოფებოდა, სადაც კარლ მეოთხეს ეძინა, მე კი ნაპოლეონი რომელ ოთახშიც იყო, იქ გახლდით... ასეთ ისტორიულ ადგილზე ყოფნა განწყობაზე ძალიან მოქმედებს, ინსპირაციის წყაროა, სულიერად მაღლდები და თითქოს იმ დროში "გადადიხარ"...

- სად არის დღეს მოდის ცენტრი? აზია ბოლო დროს უფრო საინტერესო ხდება?

- აზია ყოველთვის საინტერესო იყო. ის კარნახობდა მსოფლიოს მოდის ძირითად ტენდენციებს... ბევრი იაპონური ბრენდი პრეზენტაციას ევროპაში, საფრანგეთში აწყობდა და ევროპა უფრო ფართოდ იცნობდა მათ შემოქმედებას. საბჭოთა ქვეყნებში ნაკლები ინფორმაცია იყო. რაც შეეხება მოდის ცენტრს, დღესდღეობით ვეღარ ვიტყვი, სად არის... ათი წლის წინ დარწმუნებით გეტყოდით, რომ ეს პარიზია!.. მართალია, პარიზი ისევ რჩება ცენტრად და ამას ვერ წაართმევ, მაგრამ დღეს მილანი, ნიუ-იორკი, ლონდონი მოდის წამყვანი დედაქალაქებია.

პირველი ქართველი დიზაინერი ვარ, რომელმაც ამ სფეროში მოღვაწეობა ევროპაში დავიწყე... ჩემთვის საამაყოა, რომ როცა თბილისის პირველი მოდის კვირეული მოეწყო, მისი ერთ-ერთ ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი გახლდით... მოხარული ვარ, დღეს მოდის სფეროში რომ არის ისეთი წარმატებული ქართველების სახელები, როგორებიც არიან: დემნა გვასალია, დევიდ კომა... ეს მთელი ჩვენი ქვეყნის საგანძურია და ქართველებისთვის საამაყო! ასევე, მინდა აღვნიშნო ერთ ძალიან ნიჭიერ დიზაინერზე - ლაშა დევდარიანზე, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით ნაკლებად არის აღიარებული. მე მისი ნამუშევრების ფოტოებში ინდივიდუალურობა დავინახე, რაც დასაფასებელია! მასში დიდი პოტენციალია - ქართული, ევროპული და აზიური ელემენტები საინტერესოდ არის შერწყმული მის ნამუშევრებში.

GzaPress

- თქვენთვის რომელი ცნობილი ქალბატონები არიან მისაბაძად გემოვნებიანი? - ერთადერთი, ვინც მახსენდება, ეს დედაჩემია - ანილი ნასიძე... თავს ვიკავებდი მეთქვა, რადგან დედაა, მაგრამ ის ყოველთვის ჩემი ინსპირაციის წყარო გახლდათ... მან დიდი როლი ითამაშა ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაში. თანდაყოლილი აქვს დიდი სულიერება და ინტელექტი! მე ვიტყოდი, რომ ესთეტიკურობის პიკია მასში... არ აქვს მნიშვნელობა, რას ჩაიცვამს, როგორ მაკიაჟს გაიკეთებს, მუდამ გამორჩეულია... იმდენად მდიდარია სულიერად, მასზე ყველა სამოსი სხვანაირად ჩანს.

ჩვენი მხარე, ანუ ნასიძეები გამორჩეული გვარია, კახეთის მთავრები იყვნენ და თავისი გერბიც ჰქონდათ. ბებია დედით ჭავჭავაძის ქალი იყო, თავად ვაჩნაძე... რაც შეეხება დედის მხარეს, ბაბუა სამეგრელოში კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო, შეძლებული და გამორჩეული ოჯახი ჰქონდა... ბევრს უთქვამს დედაზე, რომ სკოლის ფორმაშიც გამოირჩეოდაო... თურმე უკვირდათ, საიდან ჰქონდა ამდენად განსხვავებული ხედვა. ვფიქრობ ეს ყველაფერი კოდირებულია ჩემში... მამა ძალიან დიდი ესთეტი იყო, ულამაზეს ნივთებს აკეთებდა, ჭაღების ესკიზებს ხატავდა. დას - ნინო ნასიძეს სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და საინტერესო მიღწევები აქვს...

- სად და როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე, რომელიც დღეს თქვენი მუზაა?

- ჩემი მეუღლე წარმოშობით ჩინელია და პარიზში სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა... კოლექციის პრეზენტაცია მქონდა და განაცხადი გავაკეთე სააგენტოში, რომ გოგოები გამოეგზავნათ კასტინგის გასავლელად... როდესაც ვმუშაობ, მკაცრად მაქვს განსაზღვრული და ემოციურ ხიბლში არავის გარეგნობით ვვარდები. მუშაობის პროცესში ის ხედვა არ მაქვს, რომელიც კაცს შეიძლება ქალის მიმართ ჰქონდეს... თუმცა, როდესაც ციაო ცი კასტინგზე შემოვიდა, თავში ყველაფერი ისე დატრიალდა, თითქოს სული ამომიბრუნდა. ჩვენი სულიერი შეხვედრა მოხდა და ამიტომაც ვუწოდებ ჩემს სულიერ მეგობარს. ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური შეხვედრა!..

დრო გადიოდა და ციაო ციზე იმდენად ბევრს ვფიქრობდი, თითქოს იდეფიქსი გამიჩნდა მის მიმართ... ერთხელაც შენობიდან გარეთ გამოვედი სიგარეტის მოსაწევად და ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო... ავიხედე და პირველი შეხვედრიდან სამი თვის შემდეგ, ციაო ცის შევხედე. ეს ნამდვილი სასწაული იყო! იმწუთას შენობიდან რომ არ გამოვსულიყავი, ციაო ცი იქ არ შემოვიდოდა და ერთმანეთს ვერასოდეს ვნახავდით. ამით მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი კანონზომიერად ხდება! თუ შინაგანად მზად ხარ, შენთან მოდის ბედნიერება!

- რას ურჩევთ მამაკაცებს და ქალბატონებს, ყოველთვის გემოვნებიანად რომ გამოიყურებოდნენ?

- პირველ რიგში, გემოვნებიანი ჩაცმა და დიდი ფინანსები ერთმანეთთან კავშირში არ არის! ეფექტურად რომ გამოიყურებოდნენ, საჭიროა საკუთარ თავებს მეტად ჩაუღრმავდნენ, მეტი დრო დაუთმონ თავის შესწავლას, ინტელექტის ამაღლება ყოველთვის შეიძლება...

ადამიანი შინაგან სამყაროსთან თუ არ არის ჰარმონიაში, ნებისმიერი სამოსი აცდენილი იქნება მის სხეულზე და ხელოვნურობა ადვილად წასაკითხია... ტანსაცმელმა არ უნდა დათრგუნოს არც სული და არც ხორცი, ხაზი უნდა გაუსვას ადამიანის ბუნებას, ხასიათს... არ მიყვარს სამოსი, სადაც ძალიან ბევრი ინფორმაციაა, გადატვირთულია და აღარც ქალი იკითხება, აღარც კაცი! თუ სამოსში ბევრ ინფორმაციას დებ, მაშინ ფარაჯანოვის შემოქმედებასავით დახვეწილი უნდა იყოს, რათა ჰარმონიაში გახლდეთ ყველაფერი...

- როგორი ამინდია დღეს ქართული მოდის სფეროში?

- საქართველოდან 25 წლის წინ წავედი და მინდა სიხარულით გითხრათ, რომ იმის შემდეგ ძალიან დიდი პროგრესია მოდის სფეროში! ეს მისასალმებელია! ამაზე დიდი გავლენა მოახდინა მოდის კვირეულებმა, მაგრამ პირადად მე ვთვლი, რომ ორი მოდის კვირეული ერთ ქალაქში ცოტა გადამეტებულია... რომ გაერთიანდეს, ერთი და უფრო ძლიერი ჩატარდეს, უფრო საინტერესო იქნებოდა. აუცილებლად უნდა იყოს რეგიონებშიც მოდის ფესტივალი... საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის!

ვფიქრობ, მთელ საქართველოში ხალხი ცოტა არ იყოს, დათრგუნვილია და ეს გულს მტკენს! ქართველ ხალხს მეტი სილაღე, იმედი სჭირდება... ქართველი ხალხი გენეტიკურად ლაღია და არ გვიხდება დათრგუნვა. ხვალინდელი დღის არ უნდა გვეშინოდეს! როცა ერთმანეთი უფრო მეტად გვეყვარება, ყველაფერი კარგად იქნება!

მანანა გაბრიჭიძე