გიორგი პაპკიაურმა საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა - გზაპრესი

გიორგი პაპკიაურმა საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა

მღერის, ხატავს, წერს - ეს ყველაფერი კი მასში ბავშვობიდან დაიწყო... "ხელოვნების სიყვარული და მისით აღფრთოვანება ისე გვეპარება, ვერც ვხვდებით. პატარაობიდანვე მქონდა ხატვის, მუსიკისა და თითქმის ყველაფრის ინტერესი, რაც ხელოვნებას უკავშირდება", - გვეუბნება გიორგი პაპკიაური - ადამიანი, რომელსაც ძირითადად სიმღერით იცნობენ.

"ვწერ მაშინ, როცა რაღაც ახალ საფეხურზე გადავდივარ ან ჩემს ცხოვრებაში რაიმე გარდატეხა ხდება. ვწერ ცხოვრებაზე, გრძნობებსა და რეალობაზე, რისთვისაც ჩემი ემოციების მოზღვავებაა მთავარი და არა ვინმე კონკრეტული... შემფასებელი ხალხია და მთავარი ჯერ კიდევ წინაა - უნდა დაიწეროს", - ამბობს გიორგი.

- არ აქვს მნიშვნელობა, რას ვაკეთებ - ვწერ, ვხატავ, ვმღერი თუ ვძერწავ, ყველაფერი ჩემი ემოციებისა და კონკრეტული განწყობის მიხედვით ხდება და იმ მომენტისთვის არსებულ რეალობას გამოვხატავ. ემოციური ადამიანი ვარ და უბრალოდ, კარტოფილიც რომ შევწვა, აუცილებლად მიხვდებით ჩემს განწყობას...

- ნამუშევრების გამოფენა თუ მიგიძღვნია რაიმესთვის, ანუ თემატური თუ ყოფილა ის?

- გამოფენა სახელწოდებით "არა ტერორიზმს" 11 სექტემბერს მივუძღვენი. ეს იყო გამოფენა-აქცია თავისი პერფორმანსით. გარდა ამისა, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულებისთვის საქველმოქმედო გამოფენაც მოვაწყე. ასევე მქონდა ემიგრანტებისთვის მიძღვნილი გამოფენა და ლტოლვილთა განსახლების სამინისტრომ სერტიფიკატიც გადმომცა. გარდა ამისა, კიდევ მქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა. ჩემს ნამუშევრებს უმეტესად, უცხოელები ყიდულობენ.

- მიუხედავად იმისა, რომ ხატავ და წერ, მასობრივად მუსიკითა და სიმღერით გაგიცნეს. მომღერალი ხარ... როდის ამღერდი?

- ბავშვობიდან ვგალობდი ეკლესიაში, რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩემს სიყვარულს მუსიკისადმი...

GzaPress

- ყველაზე მეტად, რომელი ჟანრი მოგწონს? - ჩემთვის მუსიკა თავისუფლებაა და შესაბამისად, თავს ყველაზე კარგად ჯაზური იმპროვიზაციის დროს ვგრძნობ...

- სად მღერი და როგორ ახდენ საკუთარი თავის რეალიზებას ამ მიმართულებით?

- ადრე კლუბებში, ბარებში ვმღეროდი, შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს მოსაბეზრებელი გახდა, რადგან ჭეშმარიტი ხელოვნება ემოციების ფონზე უნდა შეიქმნას და ახლა მხოლოდ დახურულ ღონისძიებებზე ვმღერი, უფრო მეტი დროც მრჩება სხვა გატაცებებისთვის.

- საკუთარ თავს რას უწოდებ - მხატვარს თუ მომღერალს?

- საკუთარ თავს ხელოვანს ვუწოდებ, ჩემ შესახებ კი დრო იტყვის თავის სათქმელს, თუ ასეთი პატივი მერგო... ხომ ვამბობ, ჯერ ყველაფერი წინაა და ამ ეტაპზე ძალიან დიდი გეგმებით ქვეყანას ვტოვებ... იმედია, ვიდრე მიზანს მივაღწევ, ამ ქვეყანაში მდგომარეობა გამოსწორდება.

- რატომ გადაწყვიტე საქართველოდან წასვლა?

- მივდივარ იმიტომ, რომ ქვეყანაში გაუსაძლისი პირობებია, როგორც რიგითი მოქალაქეებისთვის, ასევე ხელოვანი ადამიანებისთვის, არ გვეძლევა სუნთქვის საშუალება. ვერ ვიტყოდი, რომ მახარებს ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. მიუხედავად იმისა, ცხოვრება ნულიდან არაერთხელ დამიწყია, რისგანაც დაღლილი ვარ, ახლა ისევ მიწევს თავიდან დაწყება, მაგრამ უკვე სხვა ქვეყანაში... დიახ, იქ უნდა შევქმნა საკუთარი თავის საბოლოო ვერსია.

ლალი ფაცია