ფილმი იბერიელ ამორძალებზე, დამსხვრეული სტერეოტიპი და მსხიობების მიერ დაძლეული სირთულეები - გზაპრესი

ფილმი იბერიელ ამორძალებზე, დამსხვრეული სტერეოტიპი და მსხიობების მიერ დაძლეული სირთულეები

"ასეთი დახვეწილი, დინამიკური და მძაფრსიუჟეტიანი ქართული ფილმი ჯერ არ გინახავთ", - ასეთი თამამია ფილმის შემქმნელების განაცხადი ვიდეონოველაზე "იბერიელი ამორძალები". მძაფრსიუჟეტიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი კინოსატელევიზიო სტუდიამ Action Production Georgia გადაიღო. ეს არის ფილმი, რომელზეც ქართველმა კასკადიორებმა პროფესიონალ მსახიობებთან ერთად იმუშავეს და დაამსხვრიეს სტერეოტიპი, თითქოს საქართველოში, მძაფრსიუჟეტიანი ფილმების გადაღება არ შეუძლიათ.

დავით ხუბუა, იდეის ავტორი და რეჟისორი:

- მე და ჩემი სტუდიის ბიჭებს, რომლებიც ძალიან კარგი კასკადიორები არიან, ხშირად გვიწევს უცხოურ ფილმებში მონაწილეობა. წლებთან ერთად გამოცდილება დაგვიგროვდა. ამერიკაში არსებობს ასეთი კულტურა: მძაფრსიუჟეტიან მონაკვეთებს, სადაც არის ტრიუკები, ბრძოლის ეპიზოდები მძაფრი ელემენტებით, სპეციალური ჯგუფი იღებს. ამაში შედის, როგორც კასკადიორის თამაში, ასევე ოპერატორის მომსახურება, გადაღება, დამონტაჟება... კინომწარმოებლებს უკვე დასრულებულ ეპიზოდს აწვდიან. გვინდა ეს კულტურა საქართველოშიც დაინერგოს.

ჩვენ ამ მხრივ დიდი გამოცდილება გვაქვს. უმეტესად უცხოურ პროექტებში ვართ დაკავებული... ვეცადე ექსპერიმენტის სახით, მძაფრსიუჟეტიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი თავად გადამეღო, ჩვენი ძალები მოვსინჯეთ. საინტერესო ნამუშევარი გამოგვივიდა.

- ეს თემა რატომ შეარჩიეთ, აქცენტი ამორძალებზე რატომ გაკეთდა?

- ბევრი დეტალის გამო. ფილმში მოქმედება პომპეუსის ლაშქრობის დროს ხდება. ერეკლე მეფის და დავით აღმაშენებლის ბრძოლებიც საინტერესო იყო, მაგრამ ეს ძალიან მისტიკური პერიოდია. ცნობილია, რომ ძლევამოსილ რომის იმპერიას მრავალგზის ჰქონდა მცდელობა, საქართველოში შემოსულიყო. ბევრმა სარდალმა ეს ვერ შეძლო. მხოლოდ სასტიკი პომპეუსი შემოვიდა. მისი თანამედროვე ისტორიკოსი წერს: პომპეუსი ირონიულად ამბობს, იბერიაში ამორძალებს ვებრძვიო. ეს ისტორიული ციტატა ჩემი ინსპირაცია გახდა. მაშინ ბრძოლის ველზე, ქართველ მეომარ ვაჟკაცებთან ერთად, გმირულად ბევრი ქალიც დაეცა.

ბექა სონღულაშვილი, ფილმის პროდიუსერი:

- წარსულს რომ გადავხედოთ, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეში ქალების როლი ძალიან დიდია. ეს თემა წინ წამოვწიეთ. ამ ქვეყანაში ქალები მხოლოდ შვილებს კი არ აჩენდნენ, როცა საჭირო იყო, მამაკაცების გვერდით, მათსავით იბრძოდნენ.

დავითი:

- ფილმი უფრო მოქმედებაზეა აგებული, ვიდრე პერსონაჟთა შორის დიალოგზე. დიალოგი მოქმედების პროცესში არც არის, მაგრამ კადრს მიღმა გვყავს მთხრობელი, რომელიც მაყურებელს აწვდის კონკრეტულ ამბავს, რომელიც იმ ეპიზოდში ხდება. მაყურებლისთვის კარგად გასაგები ფილმია. "იბერიელი ამორძალები" ფილმის სამუშაო სახელია. შესაძლოა სახელწოდება შევცვალოთ.

GzaPress

ბექა: - ეს ფილმი ყოველგვარი დაფინანსების გარეშე გადავიღეთ. თითოეულმა ჩვენგანმა დავდეთ გარკვეული თანხა, რომ სამოძრაო ფული გვქონოდა. ხმის დიზაინსა და მუსიკაზე Post Red Audio მუშაობს, ხოლო მონტაჟსა და ფერის კორექციაზე ბექა მიქაძე.

10-წუთიანი მძაფრსიუჟეტიანი მონაკვეთი რომ გადაიღო, 100 ათას ლარზე ბევრად მეტია საჭირო. ჩვენ მხოლოდ ენთუზიაზმი გვქონდა და დავანგრიეთ სტერეოტიპი, თითქოს ქართველებს მძაფრსიუჟეტიანი ისტორიული ფილმების გადაღება არ შეგვიძლია.

- ამორძალების როლებზე მსახიობები რა ნიშნით შეარჩიეთ?

დავითი:

- თანამშრომლობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, მსახიობი რამდენად პუნქტუალურია, დისციპლინა რამდენად კარგად აქვს განვითარებული. ჩვენს ამორძალებს ისეთი გამოცდები ჩავუტარეთ, თავად ვერც მიხვდნენ. შეგნებულად ისეთ დავალებებს ვაძლევდი ამ საქმის საკეთებლად, გულით მოწადინებულები თუ არ იქნებოდნენ, თავად უნდა წასულიყვნენ. მსახიობებმა: ქეთი სვანიძემ და ანა საბომ ყველა დავალებას თავი შესანიშნავად გაართვეს. ამასთან, ძალიან ლამაზები და ნიჭიერები არიან. თავდაპირველად, ცოტათი ეშინოდათ, მაგრამ ჩვენმა კასკადიორებმა ძალიან შეუწყვეს ხელი. ერთი და ორი დუბლიდან კადრი რომ ვერ გამოდის, შეიძლება კასკადიორი გაბრაზდეს, ჩვენს შემთხვევაში მსგავსი რამ არ ყოფილა.

- ამ ფილმთან დაკავშირებით, რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

ბექა:

- 27 ნოემბერი ჩვენი სტუდიის საიუბილეო თარიღია. ამ დღეს გვექნება პრემიერა, ძალიან ბევრი ქართველი და უცხოელი პროდიუსერი ნახავს. ჩვენ გვაქვს კარგი კონტაქტები ბრიტანელ, ჩინელ, ამერიკელ, ფრანგ პროდიუსერებთან და აგენტებთან.

შემდეგ სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას ვგეგმავთ, ესეც მძაფრსიუჟეტიანი ისტორიული ფილმი იქნება, ეპოქაც შერჩეული გვაქვს.

- ამორძალების ჩაცმულობა საინტერესო და შთამბეჭდავია. მათ კოსტიუმებზე ვინ იზრუნა?

დავითი:

- ზაზა დოლიძემ. ზაზა ჩემი ასისტენტი და ამ ფილმის თანარეჟისორია. მას დიზაინთან შეხება არასდროს ჰქონია, მაგრამ არაჩვეულებრივი კოსტიუმები შექმნა.

ქალი ამორძალების როლები მსახიობებმა ქეთი სვანიძემ და ანა საბომ განასახიერეს. სანამ გადაღება დაიწყებოდა, რთული ილეთების შესასრულებლად, მათ კასკადიორები ავარჯიშებდნენ.

ქეთი:

- ცხოვრებაშიც მებრძოლი ადამიანი ვარ. ეს შემოთავაზება რომ მივიღე, სიამოვნებით დავთანხმდი. კასკადიორები 2 თვეს გვამეცადინებდნენ. მათ მეტად მებრძოლი გოგონები გაგვხადეს.

ანა:

- ეს ადვილი სულაც არ იყო, მაგრამ როცა საქმე პროფესიონალებთან გაქვს, სირთულეც შედარებით გიმარტივდება. ალღო ადვილად ავუღეთ. ჩვენს ყველა ტრიუკსა და ვარჯიშში აქტიურად იყვნენ ჩართულები.

- სიცოცხლისთვის საშიში ილეთების შესრულებაც მოგიხდათ?

- როცა ეს საქმე არ იცი, ყველა ილეთი სიცოცხლისთვის საშიშია. პროფესიონალიზმს დიდი მნიშვნელობა ამიტომაც აქვს.

- სირთულე როგორ დასძლიეთ?

- ამაში ბიჭები ძალიან დაგვეხმარნენ. შევისწავლეთ საბრძოლო ხელოვნების ილეთები, ჰაერში ტრიალი, ბაგირზე სიარული, ვისწავლეთ ჩხუბი შუბით, ხანჯლით, ნაჯახით... საკმაოდ კარგი შედეგი ვაჩვენეთ. საქართველოში ეს დარგი დიდად განვითარებული არ არის. რა თქმა უნდა, დასაწყისში გვქონდა ფორიაქი, დაკისრებულ მოვალეობას თავს რამდენად კარგად გავართმევდით, მაგრამ ეს დაძაბულობა თანდათან მოგვეხსნა.

GzaPress

- გადაღების პროცესში თქვენთვის ყველაზე დიდი სირთულე რა იყო? ქეთი:

- ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა. მცირე უზუსტობასაც კი შეიძლებოდა მძიმე შედეგი მოჰყოლოდა, მიგვეღო დაზიანება. ჩხუბის სცენა წინასწარ იდგმებოდა. შეიძლებოდა საკუთარი შეცდომის გამო, არასწორად მომხვედროდა შუბი ან ხმალი, მაგრამ გადავრჩი.

- დაზიანებები მიიღეთ?

- პატარ-პატარა, უმნიშვნელო დაზიანებები გვქონდა. ზოგჯერ იმპროვიზაციაც იყო საჭირო. ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ მე და ანა თავდაცვას უკვე ასეთ დროსაც ვახერხებდით.

ანა:

- იმ წუთში ვერ ვგრძნობდით, მერე თანდათან გავაცნობიერეთ, რა შევძელით და როგორ გავაკეთეთ, რა გზა გავიარეთ.

ქეთი:

- ასეთი სიმძაფრე მე არც ერთ ქართულ ფილმში არ მინახავს. ფილმის ყველა სცენა საბადურის ტყეში გადავიღეთ.

- გარდა იმისა, რომ ამორძალები ხართ, დამატებით თქვენს პერსონაჟებზე რას გვეტყვით?

- ამორძალების დედოფლის როლს ვთამაშობ. მთელი ამბავი დედოფლის გვირგვინის დახსნაზე ხდება.

ანა:

- მეც ამორძალი ვარ და დატყვევებული დედოფლის დასახსნელად ვიბრძვი.

- თქვენ გარდა, ამ ფილმში ბიჭებიც მონაწილეობენ, ისინი ვინ არიან?

- ჩემი პარტნიორები კასკადიორები: გიორგი უსტარიშვილი და აკაკი ღუღუნიშვილი არიან. მათ გარდა ფილმში ბევრი კასკადიორი ბიჭი მონაწილეობს, ოღონდ ეს არ არის "მასოვკა". ყველას თავისი ბრძოლის სცენა აქვს.

- სოციალურ ქსელში ატვირთულ თქვენს ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ქეთი:

- გეთანხმები და ეს ძალიან მახარებს. მსოფლიოში ისტორიული ჟანრის ფილმები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს ფუფუნება, მსგავს პროექტებში ვითამაშოთ. არც ერთ მსახიობს არ ეზარება, დიდი შრომა გასწიოს.

- ემოციურად ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი რა იყო?

ქეთი:

- როდესაც შრომობ, შედეგზე ყოველთვის ნერვიულობ. შუა ნაწილში მივხვდით, რომ ჩვენი როლები შედგა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური იყო, რადგან მარტივ საქმეს არ ვიყავით შეჭიდებულები. არც ერთ ეპიზოდში ჩანაცვლება არ დაგვჭირვებია. ყველა სცენას თავად ვთამაშობთ.

გრიმი კასკადიორმა აკაკი ღუღუნიშვილმა გაგვიკეთა. ძალიან ყოჩაღია, ბევრი საქმე ხელეწიფება. ჩვენს სხეულზე იარებიც აკაკის ნამუშევარია.

ანა:

- ფილმში კოსტიუმს დიდი დატვირთვა აქვს, ზაზა დოლიძე საკუთარი ხელით გვარგებდა, დეტალებს იქვე ასწორებდა, ჩვენს ტანზე კერავდა.

- თქვენი აზრით, ამ ფილმს მაყურებელი როგორ მიიღებს?

- მსგავსი ფილმი საქართველოში აქამდე არასდროს გადაღებულა. მეც ძალიან მაინტერესებს, როგორ მიიღებს საზოგადოება. მგონია, დადებითი შეფასებები იქნება. ეს ქვეყნის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი ფილმი იქნება.

თამუნა კვინიკაძე